საქმე №ას-603-2021 14 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.ჯ–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“ ან „სამინისტრო“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ–ის“ (ამჟამინდელი საფირმო სახელწოდება - შპს „ტ.ჯ–ო“, შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს - 10 431 ლარის ლარის, დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 02.10.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №653 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ნარდობის ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, მოპასუხეს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა სახის სამზარეულო ინვენტარი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 01.12.2018 წლისა.
2.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, სახელდობრ, კონვექციური ელექტრო ღუმელები შემსყიდველს 01.12.2018 წლის ნაცვლად მიაწოდა 31.01.2019 წელს, 61 კალენდარული დღის დაგვიანებით.
2.3. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულების 8.3. მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 114 000 ლარის 0.15% -ის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი იყო, შესაბამისად, არსებობდა მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოპასუხეს შეკვეთილი პროდუქტი თავად მიაწოდეს დაგვიანებით და სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.01.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 2 000 ლარი, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. 02.10.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა სახის სამზარეულო ინვენტარი.
4.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღით.
4.3. ხელშეკრულების 8.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს გადახდაზე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
4.4. მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული - კონვექციური ელექტრო ღუმელი მოსარჩელეს მიაწოდა 31.01.2019 წელს, 61 დღის დაგვიანებით.
4.5. მოსარჩელის 06.02.2019წ. მიმართვით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს - 10 431 ლარის დაკისრების თაობაზე.
4.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება, შესაბამისად, ის უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
4.7. სასამართლოს დასკვნით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 10 431 ლარი, იყო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, შესაბამისად, არსებობდა მისი 2 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლომ ყურადღება მიაქცია შესაგებელში აღნიშნულ მითითებას მასზე, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულება დროულად ვერ შეძლო მისი კონტრაჰენტი კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. სსკ-ის 397-ე მუხლის თანახმად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისთვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. აღნიშნული დანაწესის თანახმად, მითითება მესამე პირის მიერ ვალდებულების დარღვევაზე, არ წარმოადგენდა მოპასუხის პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების საფუძველს.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნა შემდეგი :
5.1. იმ პირობებში, როდესაც ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხით სრულდება, სახეზე არაა ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი და ვადაგადაცილებამ შეადგინა 61 დღე, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ხელშეკრულების სრული ღირებულების 0,15%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოს მიერ მართებულად შემცირდა. მოპასუხეს მოსარჩელისათვის მთლიანად უნდა მიეწოდებინა 114 000 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მან ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის დაცვით მიაწოდა უმეტესი - 94 200 ლარის საქონელი, ხოლო 61 დღიანი ვადაგადაცილებით მიაწოდა მხოლოდ 19 800 ლარის პროდუქტი (2 ცალი კონვექციური ელექტრო ღუმელი, ერთეულის ფასი 9 900 ლარი). შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის სიმძიმის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი იყო, ამ ფაქტის გათვალისწინება და იმის აღნიშვნა, რომ მოსარჩელის პოზიცია, სრულიად მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე 61 - დღიანი ვადაგადაცილებით დააგვიანებდა მთლიანი - 114 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. უდავოა, რომ მოპასუხემ დააგვიანა მხოლოდ 19 800 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, შესაბამისად, პირგასამტეხლო, მოცემულ შემთხვევაში, უნდა განსაზღვრულიყო არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან (114 000 ლარი), არამედ ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულებიდან (19 800 ლარი) (19800ლ.*0,15/100= 29.7ლ 29,7*61= 1811,7).
5.2. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და მიმწოდებელს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია, სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პირგასამტეხლოს მეტად შემცირებაზე ვერ იმსჯელებდა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე 2000 ლარზე მეტი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იქნებოდა დარღვეული ვალდებულების არათანაზომიერი და არაგონივრული.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.
11. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
13. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალ–ის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ№ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებელმა 94 200 ლარის ღირებულების პროდუქცია შემსყიდველს მიაწოდა შეთანხმებული ვადის დაცვით, ხოლო 19 800 ლარის პროდუქტი (2 ერთეული კონვექციური ელექტრო ღუმელი) 61 დღის დაგვიანებით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა ხელშეკრულების სრული ღირებულების (114 000 ლარის) 0,15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლომ მართებულად შეამცირა იგი.
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია