საქმე №ას-826-2020 24 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სააქციო საზოგადოება „ფ.ბ. ს–ოს“ უფლებამონაცვლე სს „ფ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.მ–მა (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) სს „ფ.ბ–ი“ (შემდეგში: სს ,,ფ.ბ.ს–ოს“ უფლებამონაცვლე, მოსარჩელე, გამსესხებელი, კომპანია) 2017 წლის 16 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, მიიღო 10 000 ლარი 1 105 დღის ვადით, წლიური 29%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 1.00%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, მხოლოდ 60 დღის ვადაში.
2. ლ.ა–ი (შემდეგში: მოპასუხე) წარმოადგენდა სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს მსესხებლის ხელშეკრულებაზე. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გადახდის გრაფიკი.
3. სარჩელის მოთხოვნა
3.1. კომპანიამ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონული სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ: მოსარჩელის სასარგებლოდ 13 189 ლარი და 55 თეთრი, საიდანაც 8 926 ლარი და 97 თეთრი სესხის ძირი თანხაა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - სარგებელი, 363 ლარი და 85 თეთრი - პირგასამტეხლო, 18 ლარი და 15 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 150 ლარი - ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების საფასური.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხემ მთავარ სხდომამდე, სარჩელი 7 000 ლარის ნაწილში ცნო. მისივე განმარტებით, მიღებული სესხიდან ნაწილი დაფარა, ამასთან, არ უნდა დაკისრებოდა გამარტივებული წარმოების საფასური და სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ასევე, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე მიუთითა.
5. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
5.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრათ 13 021 ლარისა და 40 თეთრის გადახდა, საიდანაც, 8 926 ლარი და 97 თეთრი ძირი თანხა, 3 730 ლარი და 58 თეთრი - პროცენტი, ხოლო, 363.85 ლარი პირგასამტეხლო იყო. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
6. მსესხებლის სააპელაციო მოთხოვნა
6.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).
7.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი, წარდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას ძირითად ნაწილში, ასევე, სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს ოდენობას.
7.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დაუსაბუთებელი იყო აპელანტის პრეტენზია, რომ მოპასუხეების მიერ 6 თვის განმავლობაში გადახდილი 2 556 ლარით არ შეამცირა სასამართლომ მოთხოვნა, ამასთან, არ შეუმცირებია პირგასამტეხლო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დასახელებული თანხა გრაფიკში ასახულია, რაც მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს.
7.5. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება რომ გადახდილი თანხები გრაფიკის შესაბამისად არ ნაწილდებოდა, შესაბამისად, დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა.
7.6. პირგასამტეხლოს თაობაზე მხარის პრეტენზიის პასუხად კასატორმა განმარტა, რომ ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი ხანგრძლივი იყო, სესხი მოვალეს უნდა დაებრუნებინა 2020 წლის 25 დეკემბერს, თუმცა 2018 წლის 25 ივლისიდან ვალდებულება შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო სესხის ძირ თანხაზე 8 926. 97 ლარზე ჯარიმა - 363.85 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი.
8. აპელანტის საკასაციო მოთხოვნა
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
8.2. კასატორის განმარტებით, მის მიერ გადახდილი 2 556 ლარის შესახებ მისი პრეტენზიები არ გაიზიარა სასამართლომ, აგრეთვე, არ გაითვალისწინეს მორიგების შესახებ მისი მოთხოვნები, ამასთან, არ გამოიყენა უფლება შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.
15. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
16. განსახილველ შემთხვევაში საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს სსკ-ის 867-ე მუხლი „საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით“, 868-ე მუხლის პირველი ნაწილი „მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი“, 873-ე მუხლი „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.“ 417-ე მუხლი „პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“ მუხლები წარმოადგენს.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების არსებობა, აგრეთვე, ამავე ხელშეკრულებით გაცემული სესხის ოდენობა. მეტიც, კასატორი პირველ ინსტანციაში სარჩელის მოთხოვნას ნაწილობრივ დაეთანხმა კიდეც. ამდენად, მისი საკასაციო პრეტენზიები ძირითად მიმართულია სესხის ძირი თანხის ნაწილის დაუსაბუთებლად დაკისრებაზე, ასევე, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმისა და დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო თანხა, რომელიც კასატორის მტკიცებით გადახდილია 6 თვის განმავლობაში დადასტურებულია მოსარჩელის მიერაც, თუმცა, დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა არაა გადახდილი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესით, ხოლო, აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის. ამდენად, ძირი თანხის მოპასუხის მიერ აღიარებული ოდენობის გარდა, დამატებით აქვს მოსარჩელე კომპანიის მიმართ მსესხებელს დავალიანება.
19. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო ექვემდებარება შემცირებას, თუმცა, სასამართლოს შეფასების საგანია, თითოეულ შემთხვევაში თუ რა ჩაითვლება შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. განსახილველ შემთხვევაში სესხის ძირ თანხასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 363.85 ლარი, სავსებით გონივრული ოდენობაა, მით უფრო მაშინ, როდესაც, მოვალეს სესხის ძირი თანხის დიდი ნაწილი დავის განხილვის დროსაც კი არ შეუმცირებია.
20. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიმართ არ დარღვეულა მორიგებით დავის დასრულების უფლება, რამდენადაც მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც, შესაბამისად, აღნიშნული კუთხით კასატორის კანონიერი ინტერესი არ დარღვეულა.
22. კასატორის პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისი დათქმის გათვალისწინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულად მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ლ. მიქაბერიძე