№ას-63-2022
28 იანვარი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ.კ.ბ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ა–ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების, საშვებულებო ანაზღაურების დავალიანების, დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის ანაზღაურების და ვადაგადაცილებისთვის ყოველ დღეზე 0,07%-ს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ბ.ა–ლის სარჩელი მოპასუხე - შპს ,,გ.კ.ბ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა; შპს ,,გ.კ.ბ–ს“ დაეკისრა მოსარჩელე ბ.ა–ლის სასარგებლოდ 4000 ლარის გადახდა (სახელფასო დავალიანება - 2000 ლარი, საშვებულობო - 1000 ლარი და დამატებითი ნამუშევარი დღეებისათვის - 1000 ლარი). შპს. ,,გ.კ.ბ–ს“ ასევე დაეკისრა 4000 ლარის გადახდა ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით, 2019 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,8 ლარს. შპს ,,გ.კ.ბ–ის“ შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს „გ.კ.ბ–ის" სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „გ.კ.ბ–ის" წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.კ.ბ–ის" კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო პუნქტით კი განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება კასატორის - შპს „გ.კ.ბ–ის" წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, კასატორის ერთ-ერთ წარმომადგენელს - ნ.მ–ძეს (ს.ფ. 96) ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს (ს.ფ. 181).
სსსკ-ის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის კერძო საჩივრის წარმოდგენის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო კასატორის წარმომადგენლისთვის განჩინების ჩაბარების - 2021 წლის 20 დეკემბრის მეორე დღეს - 2021 წლის 21 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 10 იანვარს (10 იანვარი იყო უქმე დღეების შემდეგ პირველი სამუშაო დღე, რადგან კერძო საჩივრის შეტანისთვის განსაზღვრული 12 დღის მე-12 დღე დაემთხვა 2022 წლის 01 იანვარს, ხოლო 2022 წლის 01 იანვრიდან - 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის N608 დადგენილებით, გამოცხადებული იყო უქმე დღეებად), რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო კერძო საჩივარი წარმოედგინა 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს კერძო საჩივარი არ წარმოუდგენია და კერძო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2022 წლის 11 იანვარს (ს.ფ. 202), მისთვის განჩინების ჩაბარებიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „გ.კ.ბ–ის" კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ.კ.ბ–ის" კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „გ.კ.ბ–ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 11.01.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია