Facebook Twitter

საქმე №ას-3-2022 4 თებერვალი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები - გ.ლ–ა, დ.მ–ძე (საარბიტრაჟო მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "მ.ო.კ–ი " (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით სს „მ.ო.კ–ი“ -ის (შემდეგში: განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე, საწარმო ან კრედიტორი) იმავე წლის 21 იანვრის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა;

2. საარბიტრაჟო მოპასუხეების (მოვალეების) ქონებაზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება:

2.1. გ.ლ–ას (პირადი N .....) აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის, მდებარე: ზუგდიდის რაიონი, სოფ. ....., საკადასტრო კოდი ......, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

2.2. დ.მ–ძეს (პირადი N .....) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ზუგდიდის რაიონი, სოფ. ....., საკადასტრო კოდი ......, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. სააპელაციო სასამართლო კრედიტორის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 193-ე მუხლის საფუძველზე, შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.

4. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, ამასთან, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

5. სსსკ-ის 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

6. სსსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს 191-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია. სსსკ-ის 198-ე მუხლი ადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალს, ხოლო საკითხს იმის შესახებ, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო და აღნიშნული სარჩელის შინაარსის მიხედვით განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის ის საპროცესო ინსტიტუტი, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქმნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ შესაძლებლობას და ხელს უწყობს მოსარჩელის მოთხოვნის რეალიზაციას. ამ თვალსაზრისით იგი წარმოადგენს მოსარჩელე მხარის უფლების დაცვის გარანტიას, ვინაიდან ემსახურება დარღვეული ან სადავოდ ქცეული ქონებრივი უფლების აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, საბოლოო ჯამში, მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა მიიღწევა იმ რეალობის ან მოსალოდენლი საფრთხის არიდებით, რომ მოპასუხე შეიძლება არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს.

8. სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიების სახეს არჩევს სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

9. სააპელაციო სასამართლო კრედიტორი საწარმოს განცხადებაზე მსჯელობისას საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერებს დაეყრდნო, რომელთა მიხედვით დასტურდება, რომ ქონება, რომლის განკარგვის აკრძალვას ითხოვს საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხეების: მოვალე გ.ლ–ას (პირადი N .....) თანასაკუთრებას და მოვალე დ.მ–ძის (პირადი N .....) საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ მოვალეთა ქონებაზე უნდა გამოყენებულიყო უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვარს მიღებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს საარბიტრაჟო მოპასუხეებმა (მოვალეებმა), რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს იმ დასაბუთებით, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით უზრუნველყოფის საგანი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს; მოვალეთა ქონების მდებარეობა, მდგომარეობა და სხვა მახასიათებელები, რაც ქონების ღირებულებას განსაზღვრავს, მაღალ სტანდარტებს შეესაბამება და ბევრად აღემატება კრედიტორის წინაშე მოვალეთა დავალიანებას. საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ მცირე ბიზნეს კრედიტის ხელშეკრულებით N 5703842 განსაზღვრულია თანხის ოდენობა- 30 000 ლარი, საიდანაც 9 603 ლარი მოვალეს გადახდილი აქვს.

11. საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული განჩინება ხელყოფს მათ კონსტიტუციურ უფლებას საკუთრებაზე, ამასთან, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საკმარისად მიაჩნიათ მოვალეთაგან გ.ლ–ას თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) გასხვისებისა იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა (იხ. მოპასუხეთა საჩივარი - ს.ფ.39-42).

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხეების (მოვალეების) საჩივარი იმავე სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა და საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა (სსსკ-ის 197-ე პრიმა მუხლი).

13. სააპელაციო სასამართლომ მოვალეთა საჩივრის შესწავლისას საქმის მასალებში კრედიტორის მიერ 2021 წლის 21 იანვარს წარდგენილი მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „ს.ს–ის“ 2021 წლის 18 იანვრის (საქმე N 27-21) განჩინებაზე მიუთითა, რომლითაც დასტურდება, რომ კრედიტორი საწარმოს საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხეების: ზ.ფ–ას, გ.წ–ას, გ.ლ–ასა და დ.მ–ძის წინააღმდეგ, დავალიანების თანხის დაკისრების მოთხოვნით, მიღებულ იქნა წარმოებაში, ე.ი. აღძრულია მიკუთვნებითი სარჩელი, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის (მიზანი) დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტიელბის კანონიერ ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედებები თანხის გადასახდელად. ასეთი ნების არარსებობის პირობებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ასეთ შემთხვევაში კი უნდა არსებობდეს საშუალება, საიდანაც (იძულებითი რეალიზაციით) გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება. სწორედ ამ საშუალების არარსებობისა და შენარჩუნებისათვის გარანტიებს ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს საკუთრება.

14. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საჩივრის ავტორის იმ არგუმენტებზეც, რომ მათ დავალიანების ნაწილი გადახდილი აქვთ და ყურადღება გაამახვილა, რომ საქმის მასალებში წარდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით კრედიტორისათვის 29 456, 64 ლარია გადასახდელი. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მართებულად არის გამოყენებული სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიება, რადგან ასეთ საპროცესო საშუალებას სასამართლო მაშინ იყენებს, როდესაც დავის საგანს დაცვა სჭირდება. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ თუ საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

15. საჩივრის ავტორების პრეტენზია და არგუმენტაცია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი) დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რადგან მოვალეებს მათ საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება უძრავი ქონების ღირებულების თაობაზე არ წარუდგენიათ, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც კრედიტორის განცხადების მიხედვით მოპასუხეთა დავალიანება 29 456, 64 ლარს შეადგენს, ხოლო ქონება, რომელიც მხარეს საკმარისად მიაჩნია სარჩელის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფ. .... (საკადასტრო კოდი .....) მოპასუხე გ.ლ–ას გარდა, კიდევ ორი სხვა პირის თანასაკუთრებად ირიცხება; რაც შეეხება მეორე მოპასუხეს - დ.მ–ძეს, მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფ. ..... (საკადასტრო კოდი ......) სს „თ. ბ–ის“ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკის საგანს წამოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოპასუხეთა საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები (მოვალეები) სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებას მოითხოვენ მე-10 პუნქტში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, ხოლო დასახელებული ნორმის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას სსსკ-ის 35618 -ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზურნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საარბიტრაჟო სარჩელის უზურნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით სავსებით დასაბუთებულად იქნა უარყოფილი საარბიტრაჟო მოპასუხეთა საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.

19. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კრედიტორმა საწარმომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრა მოვალეების (საჩივრის ავტორები; იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი) წინააღმდეგ, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებისათვის მცირე ბიზნეს კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, ხოლო ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რაც დასაბუთებულად და კანონიერად დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით.

20. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინების 4-8 პუნქტებში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებშია ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ დავის შემთხვევაში საარბიტრაჟო ინსტიტუტის გამოყენებაზე, რაც სადავო არ არის (იხ. ხელშეკრულება - ს.ფ.10).

21. მოპასუხეთა საჩივრის ავტორის არგუმენტების დაუსაბუთებლობის გამო უარყოფილია საჩივრის დაკმაყოფილება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვებისა და შესაბამისად, იმავე სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ლ–ასა და დ.მ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

მ. ერემაძე