საქმე № ას-515-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
კასატორი - ნ.ხ–ი (მოსარჩელე);
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ა–ძე და ნ.ხ–ი (მოპასუხეები);
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
დავის საგანი - სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა;
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგენილ იქნა მოსარჩელე ნ.ხ–ის (პ/ნ ......) მიერ მამის - 2016 წლის 16 იანვარს გარდაცვლილი გ.ხ–ის (პ/ნ ......) სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ს.ხ–მა და ნ.ა–ძემ გაასაჩივრეს და მოითხოვეს მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით: 1. ს.ხ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; 2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება; 3. ნ.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ.ხ–ის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით ნ.ხ–ის შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების და გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ნ. ხ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 1183.3 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);
6. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს (ნ.დ–ძეს) ჩაბარდა 2021 წლის 02 აგვისტოს (ტ. 1, ს. ფ. 375).
7. 2021 წლის 13 აგვისტოს ნ.ხ–ის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მომართა სასამართლოს და კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლება, ან მისი გადავადება მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კასატორს ხარვეზის შესავსებად 2021 წლის 31 მაისის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა; ნ.ხ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 1183.3 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);
9. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს (გ.ნ–ძეს) ჩაბარდა, 2021 წლის 29 სექტემბერს, განცხადებში მითითებულ სამუშაო მისამართზე (ტ. 1, ს. ფ. 383).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს (გ.ნ–ძეს) ჩაბარდა, 2021 წლის 29 სექტემბერს, განცხადებში მითითებულ სამუშაო მისამართზე (ტ. 1, ს. ფ. 383).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 30 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის ოთხ ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის ოთხი ოქტომბრის ჩათვლით შეევსო.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე