Facebook Twitter

საქმე № ას-481-2021 18 იანვარი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

კასატორი - ნ.ჯ–ი (მოსარჩელე);

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ი (მოპასუხე);

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

დავის საგანი - იპოთეკის უფლების გაუქმება;

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1) გაუქმდა 2015 წლის 20 აგვისტოს ნ.ჯ–სა და ვ.მ–ს შორის დადებული N150898072 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა უძრავ ქონებაზე მდებარე: დუშეთის რაიონში, .......... დაზუსტებული ფართობით 1319 კვ.მ. საკადასტრო კოდით N ..... 2) არ დაკმაყოფილდა ნ.ჯ–ის მოთხოვნა 2013 წლის 13 აგვისტოს ნ.ჯ–სა და ნ.მ–ს შორის დადებული N130825794 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე: დუშეთის რაიონი, ....... დაზუსტებული ფართობით 1319 კვ.მ. საკადასტრო კოდით N .......

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ჯ–მა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით: 1. ნ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; 2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება;

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ.ჯ–ის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით ნ.ჯ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: ა) დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, კასაციის საფუძვლების მითითებით და ბ) 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

6. ზემოთხსენებეული განჩინება 2021 წლის 10 სექტემბერს კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატის მისამართზე არ ყოფნის გამო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა (ტ. 2, ს. ფ. 65-66).

7. აღნიშნული განჩინება 2021 წლის 22 ნოემბერს განმეორებით გაეგზავნა კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატის მისამართზე არ ყოფნის გამო გზავნილის ჩაბარება კიდევ ერთხელ ვერ მოხერხდა (ტ. 2, ს. ფ. 66-67).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება უშუალოდ კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, თუმცა ადრესატის არ ყოფნის გამო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამავდროულად, როგორც უკუგზავნილებიდან ირკვევა სახლი დაკეტილი იყო (ტ. 2, ს. ფ. 65-68).

10. სსსკ-ის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა განჩინების ასლი. აქედან გამომდინარე, გზავნილი ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 28 ნოემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 1 დეკემბერს, ორშაბათს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით შეევსო.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე