Facebook Twitter

საქმე №ას-884-2020 24 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხე ს.მ–ძის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ..... მისამართზე მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ .......) თ.მ–ძის კუთვნილი ½ ნაწილის გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში თ.მ–ძისთვის გადაცემა. თ.მ–ძის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით, ს.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 დეკმებრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, ს.მ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2021 წლის 23 სექტემბერს კასატორი ს.მ–ძის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა ს.მ–ძის გარდაცვალების მოწმობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ე“ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის 23 სექტემბრის ს.მ–ძის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ კასატორი, ს.მ–ძე, 2020 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა.

საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე. (სუსგ. №ას-835-2019 19.07.2019წ.)

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს დავის საგნის არსებობას (მაგ: ვალდებულების შეწყვეტის წესები, იხ. სკ-ის 427-ე და შემდგომი ნორმები) (სუსგ. №ას-1299-2018 29.11.2019წ.)

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოცემულ საქმეში დავის საგნის სპეციფიკას, კერძოდ წინამდებარე დავაში სასამართლოს განსახილველია მოპასუხისგან უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ს.მ–ძის გარდაცვალების პირობებში, შეუძლებელია მის მიმართ ვინდიკაციური ხასიათის მოთხოვნის რეალიზაცია, ამდენად პალატის მოსაზრებით, საქმეში აღარ არ არსებობს დავის საგანი.

მოცემულ საქმეში შესაძლო უფლებამონაცვლეობის საკითხთან მიმართებით, პალატა მიუთითებს შემდეგს: მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვდა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, რაც თავისთავად გულისხმობს ისეთი ხასიათის ვალდებულებას, რომელსაც სხვა პირი, გარდა მოთხოვნის ადრესატისა, ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, რადგან მოპასუხე გარდაიცვალა და, ამდენად მის მიმართ წაყენებული მოთხოვნის შესრულება სხვა პირის მიერ შეუძლებელია, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლებით, 372-ე, 399-ე, 273-ე, 272-ე, მუხლის ,,ა1'' და „ე“ ქვეპუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებაზე ს.მ–ძის წარმომადგენლის, ქ.ჯ–ას, წარდგენილ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე