საქმე №ას-528-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ზ.ჯ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ზ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ.ჯ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი:
1.1. გაუქმდა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, რომლის მისამართია: თბილისი, .........., სადარბაზო 2, სართული 8, ბინა N71 ,,ა“ ბლოკი, საკადასტრო კოდით: ......., ნ.თ–ას (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ნ.ბ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ნ.პ–სა (შემდეგში - მესამე მოპასუხე) და ო.ო–ის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე, მ.ო–ის უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ რეგისტრირებული შემდეგი იპოთეკები: ა) განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - 882008028413, საფუძველი - იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N1-155, დამოწმების თარიღი 05/02/2008, ნოტარიუსი ლ. გ–ნი; ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - 882008176454, საფუძველი - იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N1-1205, დამოწმების თარიღი 23/05/2008 ნოტარიუსი ლ. გ–ნი.
1.2. დ.ზ–ის (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე, ან შემდეგში: ერთობლივად მოპასუხეები) მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. ერთი მხრივ, გ.გ–ძეს, როგორც შპს ,,ი.ს–ის“ (შემდეგში: მსესხებელი) დირექტორსა და, მეორე მხრივ, პირველ მოპასუხეს, მეორე მოპასუხეს, მეხუთე მოპასუხესა და თ.ჯ–ს შორის 2008 წლის 5 თებერვალს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება - ქ.თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ...... (ს/კ .......).
3.2. ერთი მხრივ, გ.გ–ძეს, როგორც მსესხებლის დირექტორსა და, მეორე მხრივ, მესამე მოპასუხესა და მეოთხე მოპასუხეს შორის 2008 წლის 23 მაისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება - ქ.თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ....... (ს/კ N .....).
3.3. მსესხებელმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, რის გამოც მოპასუხეებმა 2009 წლის 18 თებერვალს შპს ,,ჯ.მ–ის“ მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართეს და ვალდებულების შესრულება მოითხოვეს. შპს ,,ჯ.მ–ის“ 2009 წლის 20 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო პრეტენზია, რომლითაც მსესხებელს დაეკისრა: ა) მეორე მოპასუხის სასარგებლოდ 22 000 ევრო ძირითადი თანხა, 66 ევრო პირგასამტეხლოს სახით 2008 წლის 5 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბ) პირველი მოპასუხის სასარგებლოდ 33 000 აშშ დოლარი, 99 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით 2008 წლის 5 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ) მეხუთე მოპასუხის სასარგებლოდ 16500 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 49,50 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით 2008 წლის 5 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დ) მესამე მოპასუხის სასარგებლოდ 27 500 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 82,50 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით 2008 წლის 5 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ე) მეოთხე მოპასუხის სასარგებლოდ 14 800 აშშ დოლარი და 11 550 ევრო ძირითადი თანხა, 44,40 აშშ დოლარი და 34,65 ევრო პირგასამტეხლოს სახით 2008 წლის 23 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით იპოთეკის საგნის - ს/კ N ..... იძულებით აუქციონზე რეალიზაცია დადგინდა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 27 აპრილს სააღსრულებო ფურცელი გაიცა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში - 2009 წლის 20 მარტს შევიდა.
3.4. მეხუთე მოპასუხემ 2016 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს კერძო არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების თაობაზე განცხადებით მიმართა.
3.5. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 30 აგვისტოს №A16126222-015/001 წერილით მეხუთე მოპასუხეს სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების თაობაზე ეცნობა და ხარვეზის აღმოფხვრა დაევალა, რადგან იპოთეკის საგნის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა.
4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ხანდაზმულობის საფუძვლით მეხუთე მოპასუხის მოთხოვნის ნაწილში იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე აპელანტის პრეტენზია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 138-ე, 140-ე და 142-ე მუხლებიდან გამომდინარე უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე (იხ. სუსგ-ები: Nას-7-7-2017, 13.04.2017წ; Nას-960-909-2015, 4.12.2015წ) მიუთითა და აღნიშნა, რომ მეხუთე მოპასუხემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში (უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში) სსკ-ის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის დადგენილი ხანდაზმულობის - 10 - წლიან ვადაში, 2016 წლის 6 დეკემბერს წარადგინა. მართალია, კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა, თუმცა 2017 წლის 12 დეკემბერს მან ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა სასამართლოს სააღსრულებო ბიუროს მიმართ და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყების დავალება მოითხოვა. მეხუთე მოპასუხის სარჩელი 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვა, დავის საგნის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო წინამდებარე საქმეზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოება სსკ-ის 138-ე მუხლის (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა, სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები) დანაწესის მიხედვით, საფუძველს აცლის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას ხანდაზმულობის საფუძვლით იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მეხუთე მოპასუხის მოთხოვნის ნაწილში. ამასთან, ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის პირობებში, ხანდაზმულობასთან დაკავშირებული სააპელაციო საჩივრის პრეტენზია უსაფუძვლოა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის (სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე) დანაწესის შესაბამისად.
6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას არ ეხებოდა, რადგან 2008 წლის 5 თებერვალს მსესხებლის ქონება ს/კოდით: ...... იპოთეკით დაიტვირთა, ხოლო მოსარჩელის საკუთრება არის ს/კოდით: ...... სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 აგვისტოს წერილით) დგინდება, რომ უძრავი ქონება ს/კოდით ......, პირველადი საკუთრების უფლებით 2017 წლის 21 თებერვალს შპს „რ.....ის“ (შემდეგში შპს „ი.ს–ი“ ეწოდა) სახელზე დარეგისტრირდა. დავის განხილვის დროისათვის უძრავი ქონება ს/კოდით ...... აქტიური საკადასტრო ერთეული არ არის და მის საფუძველზე ორი საკადასტრო ერთეულია - ს/კ 01..... და ........ წარმოქმნილი. სწორედ .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე, რაც სააპელაციო საჩივრის გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
13. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის საკასაციო განაცხადზე, რომლის მიხედვით, მისი პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოების შეჩერებაზე უარის თქმას უკავშირდება, კერძოდ კასატორმა იშუამდგომლა წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერება ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, რაც, თავის მხრივ, ადმინისტრაციული წარმოების განახლების საფუძველი გახდებოდა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სარჩელი არ დაკმაყოფილდება და დადგინდება, რომ სააღსრულებო ბიურომ სააღსრულებო ფურცელი კანონიერად დააბრუნა, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად/შეჩერებულად აღარ მიიჩნევა და 2019 წლის მარტში ამოწურულად ჩაითვლება. ადმინისტრაციული წარმოების თავდაპირველად დასრულებით შესაძლებელი გახდება სამოქალაქო საქმის ხანდაზმულობის ვადებზე მსჯელობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინამდებარე სამოქალაქო საქმის დასრულება არსებითი მნიშვნელობის მქონე არაა ადმინისტრაციული წარმოებისთვის, ხოლო პირიქით, ადმინისტრაციულ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღება გადამწყვეტია სამოქალაქო საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოსატანად.
14. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
15. აღნიშნული ნორმა საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ N ას-415-415-2018, 4.05.2018წ).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის გასარკვევად ყურადღება უნდა მიექცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განჩინებას, რომლითაც მეხუთე მოპასუხის ადმინისტრაციული საქმისწარმოება - თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირების - მსესხებლის, მოსარჩელისა და ლ.მ–ძის მიმართ სააღსრულებო წარმოების განახლების დავალების მოთხოვნით, შეჩერდა წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნია, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეუძლებელი იყო სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ წინამდებარე საქმისწარმოების შეჩერებისა და ადმინისტრაციული წარმოების განახლების გარეშე შეუძლებელი იქნება სამოქალაქო საქმის ხანდაზმულობის ვადებზე მსჯელობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე სამოქალაქო საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე კასატორის შუამდგომლობა, ვინაიდან წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვისათვის ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დასტურდება. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი განჩინებიდან ნათლად დგინდება, რომ მოცემული დავის თავდაპირველად გადაწყვეტა არსებითი მნიშვნელობის მქონეა ადმინისტრაციული საქმისწარმოებისთვის, რაც მეხუთე მოპასუხის მიერ წარდგენილი ადმინისტრაცული სარჩელის შეჩერებას დაედო საფუძვლად.
18. სსკ-ის 142-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ათი წელია მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. სსკ-ის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება, გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ (იხ. სუსგ Nას-559-534-2016, 14.07.2017წ). ამდენად, „სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობაში“ იგულისხმება არა სარჩელის წარდგენის გზით უფლების რეალიზაცია, არამედ - გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებული მოთხოვნის უფლების განხორციელება.
19. საკასაციო სასამართლოს განსჯით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ხანდაზმულობის საფუძვლით მეხუთე მოპასუხის მოთხოვნის ნაწილში იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე აპელანტის პრეტენზია.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ჯ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ნ.ზ–ას (პ/ნ .......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1628862228, გადახდის თარიღი 2021 წლის 13 აგვისტო), 70% –210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური