საქმე №ას-586-2021 24 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ხ.ვ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ც–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ.ც–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა:
2.1. ხ.ვ–ნს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მხარდაჭერის მიმღები ან კასატორი) ლ.ნ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე) ი.ვ–ს (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან პირველი მოპასუხის მხარდამჭერი) და ნ.გ–ძეს (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე ან შემდეგში: ერთობლივად მოპასუხეები) სოლიდარულად დაეკისრათ - 21 200 ლარის, ასევე სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, სულ - 1518 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.
3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:
3.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, 2014 წლის 8 იანვარს, უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, .........., ბინა 31, საკადასტრო კოდი N ......., მესაკუთრე თ.ც–ი (შემდეგში: მოსარჩელის მამკვიდრებელი) გახდა.
3.2. მოსარჩელის მამკვიდრებელმა 2014 წლის 17 მარტს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას პირველი მოპასუხის უძრავი ქონებიდან (ს/კ N ......) გამოსახლების თაობაზე.
3.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს საფოსტო გზავნილი პირველ მოპასუხეს 2014 წლის 26 აგვისტოს მისამართზე: თბილისი, ....., ბინა 31-ში ჩაჰბარდა. 2014 წლის 10 ივნისს და 2015 წლის 26 აგვისტოს პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა - მესამე მოპასუხემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა, სადაც საცხოვრებელ მისამართად სადავო უძრავი ქონების მისამართი მიუთითა. იგივე მისამართი მიეთითა პირველი მოპასუხის მიერ მესამე მოპასუხისთვის 2014 წლის 16 იანვარს გაცემულ რწმუნებულებაში. აგრეთვე მესამე მოპასუხის მიერ ა.შ–თვის 2015 წლის 29 აპრილს გაცემულ რწმუნებულებაში.
3.4. პირველი მოპასუხის (მხარდაჭერის მიმღების) კანონიერმა წარმომადგენელმა - მესამე მოპასუხემ (მხარდამჭერმა) 2014 წლის 30 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კი, სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 აგვისტოს განჩინებით აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდა. 2017 წლის 8 თებერვალს მოსარჩელის მიერ სარჩელის გახმობის გამო, სარჩელი დარჩა განუხილველი.
3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით აღსრულება სამი თვით გადაიდო. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანებით აღსრულება სამი თვით შეჩერდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 27 მაისის ბრძანებით აღსრულება 2015 წლის 27 აგვისტომდე შეჩერდა. აღსრულების ეროვნული ბიუროში მიმდინარე აღსრულება 2014- 2018 წლებში, რომლითაც მოსარჩელის მამკვიდრებელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას ითხოვდა, ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში შეჩერებული იყო.
3.6. მოსარჩელემ, როგორც თ.ც–ის შვილმა და მისმა უფლებამონაცვლემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა. დავის ფარგლებში დადგინდა, რომ მოპასუხეები სადაო ბინას ფლობდნენ. კერძოდ, სასამართლო გზავნილები მათ სწორედ აღნიშნულ მისამართზე ჩაჰბარდათ, ამასთან, მათ მიერ წარდგენილ შესაგებელში საცხოვრებელ მისამართად სადავო უძრავი ქონებაა მითითებული.
3.7. პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილ შესაგებელში მათ საცხოვრებელ მისამართად, ფაქტობრივ ადგილსამყოფელად კვლავ სადავო უძრავი ქონება მიუთითეს და ამ ქონებაზე ფაქტობრივი მფლობელობა სადავოდ არ გაუხდიათ. მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სესხისა და იპოთკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე დავა ოთხი წელი მიმდინარეობდა, რაც ბოლოს განუხილველად დარჩა. ამასთანავე აღნიშნეს, რომ თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის ბრძანებით პირველი მოპასუხის მხარდამჭერის - მესამე მოპასუხის განცხადებით სააღსრულებო წარმოება სამჯერ შეჩერდა, საბოლოოდ სააღსრულებო წარმოება შეწყდა.
3.8. შპს „v.c”-ის 2018 წლის 16 სექტემბრის შეფასების ანგარიშის მიხედვით, სადავო უძრავი ქონების საიჯარო ქირა თვეში 500 ლარს შეადგენს.
3.9. უძრავი ქონების დამოუკიდებელი შემფასებლის გ.გ–ვას 2017 წლის 12 მარტის შეფასების ანგარიშის თანახმად, უძრავი ქონების საიჯარო ქირა თვეში 400- 450 ლარს შეადგენს.
3.10. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე მოსარჩელეა.
3.11. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და მოპასუხეებისთვის 2014 წლის 17 მარტიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე - 2018 წლის 22 აგვისტომდე მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში - 400 ლარის, ჯამში 21 800 ლარის ნაცვლად, 21 200 ლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოდავე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა; მოსარჩელე უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეა; ამ ქონებით 2014 წლის 17 მარტიდან - 2018 წლის 22 აგვისტომდე მოპასუხეები სარგებლობდნენ; მოპასუხეებს არც მესაკუთრისაგან და არც კანონის საფუძველზე არ ჰქონდათ მინიჭებული შესაბამისი უფლება; მათ დაზოგეს საკუთარი ფულადი სახსრები, რადგანაც არ იხდიდნენ უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურს და მოსარჩელის ხარჯზე გამდიდრდნენ.
5. სააპელაციო სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას კი, ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 982-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება, რომლისგან გამომდინარე შედეგები კავშირშია სსკ-ის 164-ე მუხლთან. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, სსკ-ის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობის მიხედვით.
6. საქმეში წარდგენილი შეფასების ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 31 იანვრიდან 2018 წლის 22 აგვისტომდე, უძრავი ქონების ყოველთვიურმა ქირის თანხამ სხვადასხვა პერიოდში საშუალოდ 400, 450 და 500 ლარი შეადგინა. აღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ, მოპასუხე მხარეს რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი ჩარევის შედეგად მიღებული სარგებლის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ - 21 200 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მეორე და მესამე მოპასუხეების საკასაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად, ხოლო პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
12. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ; არასწორად გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები (982-ე, 979-ე მუხლები); არ გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და, მოსარჩელის სასარგებლოდ,ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
13. საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ: ა) მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან; ბ) მოპასუხეები სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ; გ) მოდავე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს.
15. საკასაცო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სსკ-ის 982-ე მუხლის (ხელყოფის კონდიქცია) მითითებას და დამატებით განმარტავს: იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები სამართლებრივ ურთიერთობაში არმყოფი პირები არიან და მოპასუხე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია კონდიქციური ვალდებულების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, კერძოდ კი, ხელყოფის კონდიქციის ნორმების შესაბამისად. სასამართლოსთვის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას (მითითებას) სუბსიდიური ხასიათი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძველი. სხვადასხვა საქმეებზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება და იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა (იხ. სუსგ-ები: Nას-1266-2019, 29.05.2020წ; Nას-1671-2018, Nას-774-723-2017, 11.10.2017წ: Nას-664-635-2016წ; 2.03.2017წ).
16. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა (იხ. სუსგ Nას-1507-1427-2017, 3.04.2017წ). საგულისხმოა, რომ ხელყოფის კონდიქციიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წინაპირობად არ აყენებს ბრალეულობას. მართალია, დოქტრინაში განვითარებულია მოსაზრება, რომ ხელყოფის კონდიქცია დელიქტური სამართლის განვრცობას წარმოადგენს, თუმცა, ხელყოფის კონდიქციას დელიქტისგან არსებითად განასხვავებს ის, რომ მისგან (ხელყოფის კონდიქციისგან) წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელ წინაპირობას ბრალეულობა არ წარმოადგენს.
17. სსკ-ის 982-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება და მისგან გამომდინარე შედეგები კავშირშია სსკ-ის 164-ე მუხლთან და მასში განმტკიცებულ სანივთო უფლებასთან: ნივთის მფლობელობისას მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მფლობელობა წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების აუცილებლობას სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე. „არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად“. სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“... ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.“ ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებულის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან, ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. სუსგ - ები: N ას-1399-2020, 08.04.2021წ; ას-519-2020, 17.03.2021წ; N ას-1100-2020, 23.12.2020წ; N ას-852-796-2017, 22.09.2017წ; N ას-308-293-2013, 30.05.2017წ; N ას-197-186-2017 -30.05.2017წ; N ას-472-448-2013, 5.12.2013წ).
18. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ N ას-504-2019, 13.03.2020წ).
19. საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეფასების ანგარიშიდან დგინდება, რომ 2014 წლის 31 იანვრიდან 2018 წლის 22 აგვისტომდე უძრავი ქონების ყოველთვიურმა ქირის თანხამ სხვადასხვა პერიოდში საშუალოდ 400, 450 და 500 ლარი შეადგინა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გამაქარწყლებელი მტკიცებულება წარადგინა, რომლითაც მოსარჩელის მიერ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდა სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერად გამოყენების შედეგად მიღებული სარგებლის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრებული 21 200 ლარი სამართლიანი და კანონიერია, ხოლო კასატორის პრეტენზიები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზიანის ანაზღაურების დაკისრების მიზაშეუწონლობის თაობაზე, არ არის გაზიარებული უსაფუძვლობისა და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირის არარსებობის გამო.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი, სწორად გამოიყენა მატერიალური (სსკ-ის 979-ე, 982-ე) ნორმები და მართებულად შეასრულა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება (იხ. სუსგ-ები N ას-1043-1004-2016, 12.12.2016წ; N ას-901-867-2016, 9.12.2016წ; N ას-3-3-2016, 9.03.2016წ; N ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ; N ას-292-276-2017, 31.03.2017წ; N ას-358-334-2017, 13.04.2017წ; N ას-638-2020, 28.10.2020წ; Nა ს-479 2021, 15.10.2021წ.).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
24. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.ვ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური