საქმე №ას-671-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ ვ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ ვ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მიმწოდებელი) სარჩელი:
1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი), მოსარჩელის სასარგებლოდ - 26 040 ლარი და პირგასამტეხლო - 200 ლარი დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:
3.1. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2018 წლის 6 მარტს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.09.01/30-133 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანი (შესყიდვის ობიექტი) ქ. თბილისში, „მ.ხ–ის“ მოვლა-პატრონობის მომსხურების შესყიდვა იყო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით, 380 000 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით იყო ძალაში. მომსახურების გაწევის ვადა ეტაპობრივად, 2018 წლის 19 აპრილიდან - 12 თვის მანძილზე შეთანხმდა. ხელშეკრულების 6.1 პუნქტით, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით უნდა მომხდარიყო.
3.2. ხელშეკრულების 7.2 პუნქტით, ანგარიშსწორება 2018-2019 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით (2018 წელს - 60%; 2019 წელს - 40%), ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ან/და მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შესრულდებოდა.
3.3. ხელშეკრულების 8.8 პუნქტით, თუ შემსყიდველი წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო დაერიცხებოდა.
3.4. სს „ს.ბ–მა“ 2018 წლის 5 მარტს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია NPE42110-18 გასცა, სადაც პრინციპალი - მოსარჩელე (მიმწოდებელი), ბენეფიციარი კი, - მოპასუხე (შემსყიდველი) იყო, საგარანტიო თანხა 19 000 ლარით განისაზღვრა.
3.5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 16 მარტს N02.09.01/30-147 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანი (შესყიდვის ობიექტი) ქ. თბილისში, გმირთა მოედანზე, მემორიალური სვეტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა იყო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით 233 000 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. მომსახურების გაწევის ვადა ეტაპობრივად, 2018 წლის 19 აპრილიდან 12 თვეს შეადგენდა.
3.6. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით შესრულდებოდა. ანგარიშსწორება 2018-2019 წლების ბიუჯეტის სახსრებით (2018 წელს - 60 %; 2019 წელს - 40 %), ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების ან/და მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, უნდა მომხდარიყო. ხელშეკრულების 8.8 პუნქტის მიხედვით, თუ შემსყიდველი წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო დაეკისრებოდა.
3.7. სს „ს.ბ–მა“ 2018 წლის 16 მარტს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია NPE42125-18 გასცა, სადაც პრინციპალი - მოსარჩელე (მიმწოდებელი), ბენეფიციარი კი - მოპასუხე (შემსყიდველი) იყო, საგარანტიო თანხა 23 300 ლარით განისაზღვრა.
3.8. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 6 მარტს შედგენილი მიღება-ჩაბარების N4 აქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ ამ აქტიტ დადასტურებულია „მიმწოდებლის“ მიერ შესრულებული სამუშაოები, კერძოდ, ქ. თბილისში, „მ.ხ–ის“ მოვლა-პატრონობის მომსახურების სამუშაოები 2018 წლის 6 მარტის სახელმწიფო შესყიდვის N02.09.01/30/133 ხელშეკრულების პირობების საფუძველზეა შესრულებული. სამუშაოების შესრულების პერიოდი 2018 წლის 1 ივლისიდან - 2018 წლის 31 ივლისამდე განისაზღვრა. შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით, 18 574.92 ლარს შეადგენდა.
3.9. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 16 მარტს შედგენილი მიღება-ჩაბარების N4 აქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ „მიმწოდებლის“ მიერ შესრულებულია სამუშაოები, კერძოდ, ქ. თბილისში, „გმირთა მოედნის“ მემორიალური სვეტის მოვლა-პატრონობის მომსახურების სამუშაოები შესრულებულია 2018 წლის 16 მარტის სახელმწიფო შესყიდვის N02.09.01/30/147 ხელშეკრულების პირობების საფუძველზე. სამუშაოების შესრულების პერიოდია 2018 წლის 1 ივლისი - 2018 წლის 31 ივლისი. შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება დღგ-ის ჩათვლით 18 397.94 ლარს შეადგენდა.
3.10. სს „ს.ბ–ის“ N2838 საგადახდო დავალებით, 2018 წლის 21 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე 10 932.66 ლარი გადაირიცხა, გადახდის დანიშნულებად - გმირთა მოედანზე მემორიალური სვეტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა მიეთითა.
3.11. მხარეებს შორის 2017 წლის 18 აპრილს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02.09.01/30/247 დაიდო, რომლის საგანი (შესყიდვის ობიექტი) ქ. თბილისში, „მ.ხ–ის“ მოვლა-პატრონობის მომსახურების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა იყო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით 465 000 ლარით განისაზღვრა. მომსახურების გაწევის ვადა - ეტაპობრივად, ჯერადობების გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე იყო. მომსახურების გაწევის ჯერადობების გრაფიკს (და აღნიშნული ჯერადობის ცვლილებას საჭიროებისამებრ) შემსყიდველის უფლებამოსილი პირი - ზედამხდველი, განსაზღვრავდა. ანგარიშსწორება 2017-2018 წლის ბიუჯეტის სახსრებით (2017 წელი - 60 %, 2018 წელი - 40 %), ეტაპობროვად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდებოდა.
3.12. სს „ს.ბ–მა“ 2017 წლის 18 აპრილს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია NPE38822-17 გასცა, სადაც პრინციპალი - მოსარჩელე (მიმწოდებელი), ბენეფიციარი კი, - მოპასუხე (შემსყიდველი) იყო, საგარანტიო თანხა 23 250 ლარით განისაზღვრა.
3.13. მხარეებს შორის 2017 წლის 18 აპრილს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02.09.01/30/248 დაიდო, რომლის საგანი (შესყიდვის ობიექტი) ქ. თბილისში, გმირთა მოედანზე, მემორიალური სვეტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობის მომსახურების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა იყო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება, ყველა გადასახადის ჩათვლით, 329 000 ლარით განისაზღვრა. მომსახურების გაწევის ვადა - ეტაპობრივად, ჯერადობების გათვალისწინებით, 2017 წლის 19 აპრილიდან 12 თვე შეთანხმდა. მომსახურების გაწევის ჯერადობების გრაფიკს (და აღნიშნული ჯერადობების ცვლილებას საჭიროებისამებრ) შემსყიდველის უფლებამოსილი პირი, ზედამხედველი, განსაზღვრავდა. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება 2017-2018 წლის ბიუჯეტის სახსრებით (2017 წელი - 60 %, 2018 წელი - 40 %), ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდებოდა.
3.14. სს „ს.ბ–მა“ 2017 წლის 18 აპრილს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია NPE38821-17 გასცა, სადაც პრინციპალი - მოსარჩელე (მიმწოდებელი), ბენეფიციარი კი, - მოპასუხე (შემსყიდველი) იყო, საგარანტიო თანხა 16 450 ლარით განისაზღვრა.
3.15. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 23 მარტს ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე „მ.ხ–ის“ შემადგენელი ელექტროპროგრამული და ტექნიკური კომპონენტების მდგომარეობის შესახებ დეფექტური აქტი N3 შედგა. დაზიანებულ კომპონენტად კიბის მოაჯირის მინის პანელი (ნაწრთობი ლამექსირებული) 1მ 2800 ლარის ღირებულებით განისაზღვრა.
3.16. მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის წერილით მოსარჩელეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.09.01/30/247 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (112 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (465 000 ლარი) 0.05 %-ის ოდენობით ჯამურად - 26 040 ლარი დაეკისრა.
3.17. მოსარჩელემ მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 16 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით 2018 წლის 25 ივნისის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა.
3.18. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ვინაიდან საჩივარში დასახელებული საკითხი სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმე იყო, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში განეხილა, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელეს მის მიერ წარდგენილი საჩივარი მასალებთან ერთად უკან დაუბრუნდა.
3.19. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02.09.01/30/247 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მოსარჩელეს (მიმწოდებელს) პირგასამტეხლო - 26 040 ლარი დაეკისრა. ამის შესახებ კომპანიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 ივნისის N12-01181762054 წერილით ეცნობა. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურში 2018 წლის 6 მარტის N02.09.01/30/133 ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული N4 მიღება-ჩაბარების აქტი და 2018 წლის 16 მარტის N02.09.01/30/147 ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული N4 მიღება-ჩაბარების აქტია წარდგენილი. ხსენებული დოკუმენტაციის საფუძველზე კომპანიისთვის ასანაზღაურებელი სამუშაოების საერთო ღირებულება 36 972.66 ლარს შეადგენდა. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო არ დაფარა, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვადამოსული ვალდებულება გააჩნდა. შესაბამისად, შემსყიდველმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 442-ე და 444-ე მუხლებით მინიჭებული უფლება გამოიყენა და ვალდებულებათა გაქვითვის გზით მოსარჩელეს ხსენებულ თანხებს შორის სხვაობა ჩაურიცხა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებათა შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ მხარეებს შორის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წარმოშობის საფუძვლები არ არსებობდა.
5. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტის მიერ გაქვითული ფულადი ვალდებულება შემხვედრი ვალდებულების წარმოშობამდე და მის გაქვითვამდე შედავებული იყო, მიუთითა წინამდებარე განჩინების 3.16, 3.17, 3.18, 3.19 ქვეპუნქტებში ასახულ მსჯელობებზეც და აღნიშნა, რომ გაქვითვის მიზანი ურთიერთმოთხოვნების მქონე პირებისათვის ვალდებულების შესრულების გაიოლება ან ვალდებულების შეწყვეტაა, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ვალდებულების არსებობის ფაქტს, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნათა გაქვითვის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელემ სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ჯეროვნად შეასრულა, რაც მოპასუხისთვის (შემსყიდველისთვის) 26 040 ლარის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივ წანამძღვრებს ქმნიდა.
7. აპელანტი უთითებდა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს წერილით მიმართა და ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემა მოითხოვა. 2017 წლის 26 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელეს მოთხოვნილი ინვენტარი გადაეცა. 2018 წლის 24 აპრილის N14 მიღება-ჩაბარების აქტით და ფორმა N2-ით დასტურდება, რომ მოსარჩელემ დაზიანებული მინა 2018 წლის 17 აპრილს, 112 დღის ვადის გადაცილებით შეცვალა, რაც მიმწოდებლისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მიუთითა, რომ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მხარეს პირგასამტეხლო დაეკისრა 2017 წლის 18 აპრილს - 12 თვის ვადით დაიდო, ანუ მისი მოქმედების ვადა 2018 წლის 18 აპრილს იწურებოდა. ამასთან, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება და თავად აპელანტიც მიუთითებს, რომ დაზიანებული მინა 2018 წლის 17 აპრილს შეიცვალა. ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი „მოვლა-პატრონობის“ ცნებაში ნაგულისხმები შესასრულებელი მოქმედებების შესრულების ვადები გაწერილი არ არის, მეტიც მასში მითითებულია, რომ მომსახურების გაწევის ვადა ეტაპობრივი იყო, რომელიც მისი ჯერადობის გათვალისწინებით უნდა შესრულებულიყო. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მხარეს ისეთი ვადის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება ვერ დაეკისრებოდა, რომელი ვადაც რეალურად ხელშეკრულებით შეთანხმებული არ ყოფილა. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ 2018 წლის 18 აპრილის შემდგომ, მხარეებს შორის არაერთი გარიგება დაიდო, რაც იმგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ქმნის, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა და აპელანტისთვის სასურველი კონტრაქტორი იყო.
9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან აპელანტი მოსარჩელის მოთხოვნას თანხის ოდენობის - 26 040 ლარის ნაწილში არსებითად არ შედავებია, ხოლო სასამართლომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველის არსებობა გამორიცხა და სსკ-ის 976-ე და 991-ე მუხლების საფუძველზე აპელანტ მხარეს თანხა მართებულად დააკისრა.
10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) ვალდებული იყო, ვადამოსული მოთხოვნის არარსებობა, ფულადი ვალდებულების სადავოობა და ვალდებულების დარღვევის არარსებობის ფაქტი დაედასტურებინა. მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დასადასტურებლად მხარემ სასამართლოს წინაშე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N 2, წერილები, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საჩივარი და მის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარადგინა. მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით დადგინდა, რომ გასაქვითი ვალდებულების წარმოშობამდე, დარიცხული პირგასამტეხლოს ფაქტი მოსარჩელეს უკვე შედავებული ჰქონდა, ანუ მოთხოვნა ურთიერთგაქვითვის დროს ვერ აკმაყოფილებდა ამ ინსტიტუტის გამოსაყენებლად უმთავრეს პირობას - ფულადი მოთხოვნის უდავო ხასიათს. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, მისი შესრულების ბოლო ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, საბოლოოდ, აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარი შესრულება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განხორციელდა, რაც სასამართლოს უქმნიდა რწმენას, რომ ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, აპელანტს, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის ყველა სამართლებრივი წინამძღვრის არსებობის ფაქტი უნდა დაედასტურებინა, რაც სააპელაციო საჩივრითა და ზეპირ სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტების შედეგად ვერ შესრულდა.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1 მოპასუხემ (შემსყიდველმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (შემსყიდველის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
16. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისთვის (შემსყიდველისათვის) შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილის - 26 040 ლარის მოსარჩელის (მიმწოდებლის) სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება.
17. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი - ქ. თბილისში, „მ.ხ–ისა“ და გმირთა მოედანზე, მემორიალური სვეტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა იყო, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო.
18. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
19. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020წ).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ) .
21. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო საკითხი ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდება. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის 25 დეკემბერს წერილობით მიმართა და ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო ინვენტარი მოითხოვა, რაც მეორე დღეს, 26 დეკემბერს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა; 2018 წლის 24 აპრილის N14 მიღება-ჩაბარების აქტითა და ფორმა N2-ით კი დასტურდება, რომ მიმწოდებელმა დაზიანებული მინა 2018 წლის 17 აპრილს, 112 დღის ვადაგადაცილებით შეცვალა, რის გამოც მოსარჩელეს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05% - 26 040 ლარი პირგასამტეხლო დაეკისრა. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ვადამოსული ვალდებულება ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. ვინაიდან, მოსარჩელემ დაკისრებული პირგასამტეხლო არ გადაიხადა დათქმულ ვადაში მოპასუხემ გამოიყენა ვალდებულებათა გაქვითვის თაობაზე სსკ-ის 442-444-ე მუხლებით მინიჭებული უფლება. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელეს სამუშაოების კონკრეტული ვადა არ განუსაზღვრავს და, შესაბამისად, პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა. ვინაიდან შესყიდვის ობიექტი ტურისტული აქტივობის ზონაა, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაზიანებული მინა გონივრულ ვადაში შეეცვალა, რაც არ შესრულდა.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. უდავოა, რომ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მხარეს პირგასამტეხლო დაეკისრა 2017 წლის 18 აპრილს - 12 თვის ვადით დაიდო და მისი მოქმედების ვადა 2018 წლის 18 აპრილს იწურებოდა. ამასთან, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ დაზიანებული მინა 2018 წლის 17 აპრილს შეიცვალა. საქმის მასალებით დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი „მოვლა-პატრონობის“ ცნებაში ნაგულისხმები შესასრულებელი მოქმედებების შესრულების ვადები გაწერილი არ იყო და მომსახურების გაწევის ვადა ეტაპობრივად განისაზღვრა, რომელიც მისი ჯერადობის გათვალისწინებით უნდა შესრულებულიყო. შესაბამისად, მართებულია მსჯელობა, რომ მხარეს ისეთი ვადის დარღვევისთვის, რომელიც ხელშეკრულებით არ შეთანხმებულა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ვერ დაეკისრებოდა.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა მხარის მატერიალურსამართლებრივ მოთხოვნაა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით რეგულირდება. სსკ-ის 442-ე მუხლის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის წინაპირობები შემდეგია: ორ პირს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთმოთხოვნები და დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მოთხოვნის ვადა არ დამდგარა, ურთიერთმოთხოვნათა გასაქვითად უნდა არსებობდეს ორმხრივი თანხმობა, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით ვადამოსულ მოთხოვნაში შეიძლება გაიქვითოს ის მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადაც არ არის დამდგარი, თუმცა ამ მოთხოვნის უფლების მქონე პირი მხარს უჭერს გაქვითვას. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 447-ე მუხლით დადგენილია მოთხოვნათა გაქვითვის გამომრიცხველი წინაპირობები, კერძოდ, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული; ბ) თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო; გ) თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (იხ. სუსგ-ები: Nას-1632-2019, 12.02.2021წ; Nას-739-2019, 5.03.2021წ).
24. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2, წერილები, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საჩივარი და მის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარადგინა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით მართებულად დაადგინა, რომ გასაქვითი ვალდებულების წარმოშობამდე, დარიცხული პირგასამტეხლოს ფაქტი მოსარჩელეს უკვე შედავებული ჰქონდა, ე.ი მოთხოვნა ურთიერთგაქვითვის დროს ამ ინსტიტუტის გამოსაყენებლად უმთავრეს პირობას - ფულადი მოთხოვნის უდავო ხასიათს ვერ აკმაყოფილებდა. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე მისი შესრულების ბოლო ვადა არ განსაზღვრულა, საბოლოოდ, კასატორმა სადავოდ ქცეული შესრულება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განხორციელა.
25. საკასაციო სასამართლო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ (სსკ-ის 442-ე და შემდეგომი მუხლები) სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა კასატორის (შემსყიდველის) მტკიცების გაზიარების საფუძველი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხისთვის დაკისრებული 26 040 ლარი და პირგასამტეხლო 200 ლარი, სამართლიანი და კანონიერია, ხოლო კასატორის პრეტენზიები (იხ. 21-ე პუნქტი) არ არის გაზიარებული მათი უსაფუძვლობის გამო.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
30. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური