საქმე№ა-3272-შ-78-2020 20 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
თარჯიმანი - მ.ჯ–ძე (ინგლისური ენის), დ.გ–ძე (რუსული ენის)
შუამდგომლობის ავტორი – ბ.ჰ. მ.ვ.გ. (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ს. ვ.გ. (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ.გ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელგიის, ანტვერპენის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო და მოზარდების საქმეთა განყოფილების 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელგიის, საოჯახო საქმეთა სასამართლოს ტურნჰაუტის განყოფილების 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებითა და ანტვერპენის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრისა და 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებებით განისაზღვრა, რომ ა. ვ.გ–ის (შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი) ძირითადი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი იქნებოდა დედასთან ტ.ს. ვ.გ–თან (შემდეგში: მოპასუხე, არასრულწლოვნის დედა ან მოწინააღმდეგე მხარე), ხოლო მამასთან ბ.ჰ. მ.ვ.გ–თან (შემდეგში: მოსარჩელე, არასრულწლოვნის მამა ან შუამდგომლობის ავტორი) ბავშვი იქნებოდა კენტ კვირებში, ოთხშაბათიდან, გაკვეთილების დასრულებიდან (გაკვეთილების არქონის შემთხვევაში 12:00 საათიდან) შაბათის 18:00 საათამდე. არდადეგებზე კი ბავშვი თანაბარ დროს გაატარებდა თითოეულ მშობელთან.
2. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანიდან ექვსი თვის შემდეგ მამამ მოითხოვა ზემოხსენებული გრაფიკის შეცვლა. მოსარჩელე ითხოვდა თანაბარი გრაფიკის დადგენას კვირიდან კვირამდე.
3. მოსარჩელემ (არასრულწლოვანის მამამ), 2018 წლის 23 ივლისს, უცხო ქვეყნის სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. უცხო ქვეყნის სასამართლომ, 2018 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე მოსარჩელის პოზიცია მოისმინა.
4. მოპასუხე (არასრულწლოვანის დედა) სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა და არც წარმომადგენლით ყოფილა წარმოდგენილი.
5. მოსარჩელის განმარტებით დედამ ბავშვი გაიტაცა და მასთან ერთად რუსეთში იმყოფებოდა.
6. მოსარჩელე მოითხოვდა ერთპიროვნულად მინიჭებოდა მშობლის უფლება შვილზე, ბავშვის ძირითად საცხოვრებელ და რეგისტრაციის ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულიყო.
7. ბელგიის, ანტვერპენის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო და მოზარდების საქმეთა განყოფილების 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; ბავშვზე მშობლის უფლება ერთპიროვნულად მიენიჭა მამას; მამას მიეცა უფლება, დაერეგისტრირებინა შვილი ტურნჰაუტში წმინდა პეტრეს სასწავლებელში; მოპასუხეს უნდა ჩამორთმეოდა და მოსარჩელეს გადასცემოდა ბავშვის საერთაშორისო პასპორტი, პირადობის მოწმობა და რუსეთში ბინადრობის დოკუმენტები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრებოდა ჯარიმა 500 ევრო. ბავშვის ძირითადი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი განისაზღვრა მამასთან, ასევე, განისაზღვრა ალიმენტის გადახდევინების საკითხი.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე არასრულწლოვან შვილთან ერთად „გაუჩინარდა“ 2018 წლის ივლისის თვეში. სასამართლოს 13.08.2018 წლის გადაწყვეტილების მიუხედავად მოპასუხეს მხარეთა საერთო შვილი - ა. მამასთან არ დაუბრუნებია, რის გამოც მათზე გამოცხადდა ძებნა, თუმცა უშედეგოდ. მხარემ არასრულწლოვანი შვილი ჯერ რუსეთის ფედერაციაში გადამალა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მათი ადგილსამყოფელი შეიტყო, მოპასუხემ ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოპასუხემ საქართველოში მეორე ოჯახი შექმნა და მეორე ქორწინებიდან მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ა–მ არ იცის ქართული ენა, რის გამოც მისთვის ძნელია კომუნიკაცია როგორც მასწავლებლებთან, ასევე -კლასელებთან და გარშემომყოფებთან.
9. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე სრულად იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ წარმოებული სამოქალაქო საქმის თაობაზე, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც რაიმე მოსაზრებით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დასტურდება.
10. მამის მოთხოვნით ბავშვის მეორადი საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრის შემთხვევაში დედას უნდა აკრძალვოდა ბავშვთან ერთად ქვეყნიდან გასვლა; დედას უნდა ჩამორთმეოდა ბავშვის საერთაშორისო პასპორტი, პირადობის მოწმობა და გადაცემოდა მამას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მოპასუხეს დღეში 500 ევროს ჯარიმის გადახდის ვალდებულება დაკისრებოდა. მოსარჩელის მოთხოვნით ბავშვის დედას უნდა ჩამორთმეოდა შვილის რუსეთში ბინადრობის დოკუმენტები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც დღეში 500 ევროს ოდენობით ჯარიმა დაკისრებოდა. მოსარჩელემ მოითხოვა ა. ვ.გ–ის რეგისტრაცია წმ. პეტრეს სასწავლებელში და დედისათვის ალიმენტის, თვეში - 150 ევროს დაკისრება.
11. მოსარჩელის წარმომადგენელმა ხ.კ–მა, 2020 წლის 17 სექტემბერს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც 2010 წლის 22 მარტს დაბადებულ ა. ვ.გ–ზე მშობლის უფლებები მიენიჭა მამას, მასვე უფლება მიეცა, რომ შვილი ტურნჰაუტის წმინდა პეტრეს სასწავლებელში დაერეგისტრირებინა, დედას ჩამოერთვა და მამას გადაეცა ბავშვის საერთაშორისო პასპორტი, პირადობის მოწმობა და რუსეთში ბინადრობის დოკუმენტები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეს ჯარიმის - თვეში 500 ევროს გადახდა დაეკისრებოდა.
12. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია ცნობა, რომ ის არის ბელგიის მოქალაქე და რეგისტრირებულია ტურნჰაუტში, ხოლო ოჯახის შემადგენლობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელის შვილი ა. ვ.გ–ი დაბადებულია ტურნჰაუტში.
13. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე (ბავშვის დედა) კანონის მოთხოვნათა დაცვით ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარე სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა და არც წარმომადგენლით ყოფილა წარმოდგენილი.
14. სასამართლო აღმასრულებელთა ბიუროს უწყების ჩაბარების 2018 წლის 31 აგვისტოს აქტის მიხედვით უწყება 13.08.2018 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსრულების შესახებ მხარეს ბელგიის საპროცესო კოდექსის 33-35 მუხლების თანახმად პირადად ვერ ჩაბარდა. უწყების ასლი მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის ნაცვლად, საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დაცვით ჩაბარდა მიმღებ მხარეს 17:45 საათზე. აღნიშნული უწყებითვე ირკვევა, რომ უწყება მხარეს ჩაბარდა კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით.
15. ამავე უწყების ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ანტვერპენის საოჯახო საქმეთა სასამართლოს AFV1 პალატის 13.08.2018 წლის გადაწყვეტილება საქმეზე #18/3672/A აღსრულებას ექვემდებარება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში და, საქმის მასალებთან ერთად, მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრების წარმოსადგენად გაეგზავნა.
17. არასრულწლოვნის დედის განმარტებით გამოკვეთილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68.2-ე „ბ“ და „დ“ მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან მხარე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლო განხილვაზე არ იქნა მიწვეული და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბელგიის სასამართლო არ ითვლება კომპეტენტურ სასამართლოდ. მოპასუხის განმარტებით, ბავშვი სწავლობს საქართველოში, ქართულ სკოლაში, იგი ადაპტირებულია, არ ფლობს ჰოლანდიურ ენას, მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებს ფლობს, ცხოვრობს დედასთან, მამობილთან და 4 წლის ძმასთან - დ.გ–თან ერთად.
18. მოპასუხის განმარტებით იგი ბელგიიდან რუსეთში დედასთან გაემგზავრა, რადგან ბელგიაში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაუუქმდა, რაც მოსარჩელემ (შუამდგომლობის ავტორმა) იცოდა, შემდეგ კი საქართველოში ბინადრობის უფლება მოიპოვა და მეუღლესთან, ლ.გ–თან ერთად ცხოვრობს.
19. მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ) ბავშვის უფლებათა კონვენციასა და მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის კონვენციაზე მიუთითა და იშუამდგომლა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არასრულწლოვანს მოუსმინოს.
20. მოპასუხემ, 2021 წლის 18 მაისს, არასრულწლოვანის მდგომარეობის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა წარმოადგინა.
21. არასრულწლოვანის დედამ 2021 წლის 28 ივნისის შუამდგომლობით მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის საქმეში ჩართვა.
22. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ნ.ჩ–ას ფსიქოლოგიური ცენტრის 2021 წლის 9 ივლისის დასკვნა წარმოადგინა.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.
24. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის 25 ნოემბერს გამართულ სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ადვოკატებით და უზრუნველყოფილი იყვნენ, სასამართლოს მიერ დანიშნული თარჯიმნებით. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყანაში კანონის სრული დაცვით იქნა საქმე განხილული, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ბავშვის მამამ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ თანახმაა, რაღაც პერიოდი განსაზღვრონ, რომ ბავშვი ნახოს, ჩამოვიდეს საქართველოში, ან დედამ ჩაიყვანოს ბავშვი ბელგიაში, რის ხარჯებსაც ბავშვის მამა სრულად დაფარავს. მამა წუხს, რომ შვილს ვერ ნახულობს და მშობლის მოვალეობებს ვერ ასრულებს. შუამდგომლობის ავტორმა სხდომაზე განაცხადა, რომ მოპასუხეს ბავშვი რუსეთში ადრეც მიჰყავდა, ხოლო მოსამართლის კითხვაზე, იცოდა თუ არა მამამ ბავშვის ადგილსამყოფელი რუსეთში, მამამ განაცხადა, რომ მისამართი არ იცოდა, როცა რუსეთში მიდიოდა მოპასუხე, მოსარჩელე სკაიპის მეშვეობით ელაპარაკებოდა მას.
25. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა, რომ მოპასუხის ადვოკატი ბელგიაში ინფორმირებული იყო სხდომის თაობაზე, თუმცა იგი სასამართლოში არ გამოცხადდა, რადგან მარწმუნებელს ვერ დაუკავშირდა. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოს წინაშე სხდომის ერთი თვით გადადება იშუამდგომლა მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომ ბავშვის დედა უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ არ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ არასრულწლოვნის დედის ინტერესებს წარმოადგენდა ადვოკატი ს.ქ–ი და იგი უცხო ქვეყნის სასამართლოში გამართულ სხდომას ესწრებოდა და სხდომის სხვა დროისათვის გადადებაც კი იშუამდგომლა. ადვოკატმა ს.ქ–მა უცხო ქვეყნის სასამართლოში სხდომაზე განაცხადა, რომ მოპასუხე რუსეთში იმყოფებოდა, რადგან ბებია ჰყავდა მძიმედ ავად და 2018 წლის 1 აგვისტოს ბელგიაში დაბრუნდებოდა, ხოლო ბავშვი მამასთან დაბრუნდებოდა 2018 წლის 15 აგვისტოს. უცხო ქვეყნის სასამართლომ სხდომა 2018 წლის 2 აგვისტოსათვის გადადო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბელგიაში, სასამართლო აღმასრულებელმა პირადად ვერ გადასცა უწყება მოპასუხეს, ამიტომ იგი მას საფოსტო ყუთში დაუტოვა. შუამდგომლობის ავტორმა განაცხადა, ფაქტია, რომ ს.ქ–ს თავის კლიენტთან (ბავშვის დედასთან) კონტაქტი ჰქონდა, ვინაიდან მან იცოდა, თუ სად იყო მარწმუნებელი, რატომ იყო წასული და როდის დაბრუნდებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საქმის არსებითად განხილვისას მოისმინა მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
26. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმ პროცესუალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის სპეციფიკურ მოწესრიგებას ეხება და განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა სპეციალური კანონის 68-ე (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-5 ნაწილი)) და 70-ე („1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“) მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157). საკასაციო სასამართლო სწორედ ხსენებული სპეციფიკის გათვალისწინებით უარყოფს მოპასუხის შუამდგომლობებს საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩართვის, ბავშვის მოსმენისა და ფსიქოლოგის დასკვნების განხილვის თაობაზე.
27. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
28. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი აღქმულ უნდა იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხისგადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე (იხ. სუსგ #ა-667-შ-13-2021, 18.06.2021 წ.).
29. საკასაციო სასამართლომ სხდომაზე მხარეებს, უპირველეს ყოვლისა, განუმარტა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების შემოწმების პროცესუალური ფარგლები, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ე.წ. ზემდგომ ინსტანციას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილების ხელმეორედ განხილვისა და მისი დასაბუთებულობის შემოწმების თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთი დამატებითი ინსტანციით არსებითად არ იხილავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებას, არამედ მისი მსჯელობა მხოლოდ იმ საფუძვლების გარკვევით შემოიფარგლება, თუ რამდენად არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (შეად. სუსგ N ა-3968-7-107-2019, 14.02.2020წ.).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
31. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. აღნიშნული კანონის 49-ე მუხლის თანახმად კი, „მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, მშობლის მზრუნველობის ჩათვლით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე დროს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ბავშვი განეკუთვნება“.
32. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი, რადგან სპეციალური კანონის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომელიც უცხო ქვეყნის სასამართლოში გამართული სხდომის შესახებ მის, როგორც სარჩელის მოპასუხე მხარის, არაინფორმირებულობას ეხება, საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის საცხოვრებელ ადგილზე სასამართლო აღმასრულებელმა საფოსტო ყუთში დატოვა სასამართლო შეტყობინება, ხოლო მის ინტერესებს წარმოადგენს ადვოკატი ს.ქ–ი, რაც სავსებით საკმარისი და დასაბუთებულია, რადგან შუამდგომლობის მოწინააღდმეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული გარემოების საწინააღმდეგო მსჯელობის განვითარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის პოზიცია არადამაჯერებელია, იგი ვერ აბათილებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ ფაქტს, რომ მოპასუხე სათანადო წესით სრულად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების, ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაბათილების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის), თუმცა, მან ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება (შეადრ.სუსგ-ებს: N ა-2021-შ-52-2016, 21.10.2016წ; N ა-4744-შ-119-2017, 30.05.2018 წ.; N ა-5069-შ-130-2017, 26.04.2018 წ.).
34. საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვის მამის შუამდგომლობა ნაწილობრივ - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის ნაწილში - უნდა დაკმაყოფილდეს. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დავის საგანია დედისათვის მეურვეობის უფლების ჩამორთმევა, ამ გადაწყვეტილებით დადგინდა მშობლების ერთობლივი მეურვეობის შეწყვეტა და არასრულწლოვან შვილზე მეურვეობის უფლება მამას მიენიჭა. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც მეურვეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობს იმასაც, რომ ბავშვმა უნდა იცხოვროს მეურვეობის მქონე მშობელთან, ანუ მამასთან და სწორედ ამ ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის გარდა, მისი აღსრულება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შუამდგომლობის ავტორთან - არასრულწლოვანის მამასთან უნდა იცხოვროს ბავშვმა. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. (იხ: სუსგ-ები N ას-1062-996-2012, 22.01.2013წ ; N ას-53-51-2016, 06.07.2016წ; N ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ, N ას-604-563-2017, 13.10.2017წ; N ას-163-2021, 28.05.2021წ.).
35. საქართველომ 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი (კანონი N 5004), რომელიც იმავე წლის 27 სექტემბრიდან (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნების თარიღი; სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.019579) ამოქმედდა და მისი მოწესრიგების საგანია ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლების განსაზღვრა (მუხლი 2.1), ხოლო ბავშვის საუკეთესო ინტერესები განიმარტება, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით (მუხლი 3, „თ“ ქვეპუნქტი).
36. განსახილველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მამის განმარტებით, მისი ყოფილი ცოლი შვილთან ერთად „გაუჩინარდა“. მას წარმოდგენა არ აქვს, სად არიან ისინი და ამის გამო შეშფოთებულია. ყოფილი ცოლის ამჟამინდელი პარტნიორისგან შეიტყო, რომ ისინი რუსეთში უნდა იყვნენ. მოპასუხე მხარესთან დაკავშირების ყველა მცდელობა, ტელეფონით თუ სოციალური მედიის საშუალებით, ამაო გამოდგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები, რომელიც არაა ზოგადად მიუღებელი, საჭიროა დაკმაყოფილდეს. უცხო ქვეყნის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ბავშვის ძირითადი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი მამასთან განსაზღვრა. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია იმ სამართლებრივი შედეგის (გადაწყვეტილების) მიხედვით, რაც მის დადგენილებით (სარეზოლუციო) ნაწილშია ასახული და საქართველოს უზენაესი სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე ინტერპრეტაციის გზით გადმოიტანოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც სასამართლოს საბოლოო დასკვნას ასახავს. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი უთითებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც საცხოვრებელ ადგილს ეხება და მას გადაწყვეტილების ამ ნაწილის აღსრულება სურს. საკასაციო სასამართლომ შუამდგომლობის ავტორის ყურადღება იმ გარემოებაზე მიაპყრო, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების დროს არსებულ ვითარება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობის განხილვის დროს არსებული ვითარება ერთმანეთისაგან განსხვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვი ამჟამად იმყოფება საქართველოში, დედასთან, ძმასთან და მამობილთან ერთ ოჯახად ცხოვრობს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის - 2018 წლის 13 აგვისტოს, ბელგიის სასამართლოსათვის მოპასუხის წარმომდგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო, რომ ბავშვი დედასთან ერთად დროებით გაემგზავრა რუსეთში და ისინი ბელგიაში დაბრუნდებოდნენ 2018 წლის 15 აგვისტოს. უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო მისსავე ტერიტორიაზე, თუმცა, არსებული რეალობა ისაა, რომ ბელგიის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თითქმის სამი წელია გასული და ბავშვი საქართველოში ცხოვრობს.
37. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა (,,კომიტეტი”) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტრესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები (შეად. სუსგ-ას N ას-163-2021, 28.05.2021წ.).
38. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5);
39. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მამას 2018 წლიდან აღარ ჰქონია კონტაქტი შვილთან, შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, რაც, ზემოხსენებული საერთაშორისო აქტების გარდა, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-8 მუხლის პირველ ნაწილსაც ემყარება, რომელიც ადგენს ბავშვის უფლებას, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ მამისათვის ერთპიროვნულად მეურვის მინიჭების უფლებამოსილება გულისხმობს ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, რაც ფაქტობრივად შეცვლილი ვითარების გამო უნდა შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, როგორც ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის მიერ, რადგან შუამდგომლობის განხილვის ფარგლები, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არ გულისხმობს საპროცესო კოდექსით სასარჩელო წარმოებისათვის დადგენილ სამართალწარმოებას ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებათა გამოკვლევის გზით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების რევიზიას.
40. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბავშვს 2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ბინადრობის ნებართვა აქვს მინიჭებული, იგი ცხოვრობს საქართველოში, დადის ქართულ სკოლაში, ცხოვრობს დედასთან და მამობილთან ერთად, ასევე ჰყავს პატარა ძმა. ამასთან, საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ --იხ. სუსგ-ები N ას-967-916-2015, 15.12.2015წ; N ას-1141-1061-2017 17.10.2017წ; N ას-1803-2018, 06.06.2019წ.).
41. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაზე უარის თქმის წინაპირობები არ არსებობს, შესაბამისად შუამდგომლობა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე შუამდგომლობის ავტორმა განაცხადა, რომ იგი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოპასუხისათვის ალიმენტისა და ჯარიმის დაკისრების ნაწილში არ ითხოვს, რაც შეეხება ბავშვის პირადი საბუთების მოპასუხისათვის ჩამორთმევას და მოსარჩელისათვის გადაცემას, ამ ნაწილში მხოლოდ პირადობის მოწმობის გადაცემა მოითხოვა შუამდგომლობის ავტორმა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც და აღსასრულებლად მიექცა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბავშვის დედას ჩამოერთვა და ბავშვის მამას გადაეცა ბავშვის პირადობის მოწმობა.
42. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილის, საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ჰ. მ.ვ.გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ბელგიის, ანტვერპენის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო და მოზარდების საქმეთა განყოფილების 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც 2010 წლის 22 მარტს დაბადებულ ა. ვ.გ–ზე მშობლის უფლებები ერთპიროვნულად მიენიჭა მამას, ბ.ჰ. მ.ვ.გ–ს, ბ.ჰ. მ.ვ.გ–ს მიეცა უფლება, დაარეგისტრიროს შვილი - ა. ვ.გ–ი ტურნჰაუტში წმინდა პეტრეს სასწავლებელში; ტ.ს. ვ.გ–ს ჩამოერთვა და ბ.ჰ. მ.ვ.გ–ს გადაეცა ბავშვის საერთაშორისო პასპორტი, პირადობის მოწმობა და რუსეთში ბინადრობის დოკუმენტები, ა. ვ.გ–ის ძირითადი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი განისაზღვრა მამასთან - ბ.ჰ. მ.ვ.გ–თან;
3. ბ.ჰ. მ.ვ.გ–ის შუამდგომლობა, ბელგიის, ანტვერპენის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო და მოზარდების საქმეთა განყოფილების 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიექცეს ბელგიის, ანტვერპენის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო და მოზარდების საქმეთა განყოფილების 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ტ.ს. ვ.გ–ს ჩამოერთვა და ბ.ჰ. მ.ვ.გ–ს გადაეცა ბავშვის პირადობის მოწმობა;
4. ბ.ჰ. მ.ვ.გ–ის შუამდგომლობა, ბელგიის, ანტვერპენის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო და მოზარდების საქმეთა განყოფილების 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების, დანარჩენ ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე