Facebook Twitter

საქმე №ას-189-2019 24 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.თ–ა

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.თ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან კერძო საჩივრის ავტორი), 2005 წლის 11 ნოემბერს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. სოხუმის მერიისა (შემდეგში: მერია) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს მისი, როგორც მესაკუთრის, უფლების რეგისტრაცია ქ. სოხუმში, ........ მდებარე უძრავ ნივთზე (სახლზე) და ამ უძრავი ნივთის თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის დავალება მოპასუხე მერიისათვის.

2. სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის განჩინების საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო იმავე სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის განჩინებით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

3. სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილი იქნა ქ. სოხუმში, ........ გასასვლელი N 21 - ში მდებარე უძრავ ნივთზე (სახლზე) მესაკუთრედ; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოსარჩელის საკუთრებად აღერიცხა ქ. სოხუმში, მე-3 გზატკეცილის გასასვლელი N 21 - ში მდებარე უძრავი ნივთი (სახლი); მოსარჩელის მოთხოვნა მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფლად ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის მოპასუხე მერიისათვის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივნისის განჩინების საფუძველზე მოცემულ საქმეზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცნობილი იქნა ქ. სოხუმის მერიის უფლებამონაცვლედ და საქმეში მესამე პირად ჩართული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) აფხაზეთის მთავრობა ჩაბმული იქნა როგორც სათანადო მოპასუხე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. მე-3 პუნქტი).

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინება მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება, შესაბამისად კასატორის (მოსარჩელის) სხვა მოთხოვნა - სოხუმის მერიისათვის მოსარჩელის კუთვნილი ქონების თავისუფლად ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოს მითითებული განჩინებით ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) მოსარჩელის ქ. სოხუმში, ......... მდებარე უძრავ ნივთზე (სახლზე) მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის საოქმო განჩინების საფუძველზე საჯარო რეესტრი არასათანადო მოპასუხედ იქნა ცნობილი მოსარჩელის იმ მოთხოვნის ნაწილში, რომელიც მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას უკავშირდება და ამ ნაწილში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მოსარჩელე ი.თ–ას მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადაეცა საგნობრივად განსჯად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის დასრულებამდე.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ი.თ–ა ცნობილ იქნა ქ. სოხუმში, მე-3 გზატკეცილის გასასვლელი N 21 - ში მდებარე უძრავ ნივთზე (სახლზე) მესაკუთრედ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის18 აპრილის განჩინებით მოსარჩელე ი.თ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ი.თ–ას სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი).

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ი.თ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ი.თ–ამ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით კასატორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქ. სოხუმში, ...... მდებარე უძრავი ნივთის (სახლის) მესაკუთრედ ი.თ–ას ცნობის ნაწილში და ქ. სოხუმის მერიისათვის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის თავისუფლად ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სოხუმში, ...... მდებარე უძრავ ნივთის (სახლის) მოსარჩელე ი.თ–ას სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2018 წლის 4 დეკემბერს განცხადებით მიმართა ი.თ–ამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი) გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას იმსჯელა მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სააპელაციო საქმეზე საქმისწარმოების შეწყვეტა და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ იმსჯელა არც ი.თ–ას და არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრებში გამოთქმულ პრეტენზიებზე. ამასთან, განმცხადებელმა ისიც მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს არ უმსჯელია არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განჩინებაში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი) მითითებულ საკითხებზე. განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მისი ქ. სოხუმში, ........ მდებარე უძრავ ნივთის (სახლის) მესაკუთრედ ცნობა.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ი.თ–ას განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დაზუსტებული განცხადების წარდგენა, რომელიც უპასუხებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 427-ე მუხლის მოთხოვნებს, მათ შორის, განმცხადებელს დაევალა საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლების დაკონკრეტება და ასეთი განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დაცვით დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.

21. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2018 წლის 24 დეკემბერს ი.თ–ამ წარუდგინა განცხადება, რომელშიც მხოლოდ ის მიუთითა, რომ მისთვის სააპელაციო სასამართლოს სპეციალისტის 29.11.2019 წლის N 2/19804 წერილით გახდა ცნობილი, რომ სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს უძრავ ქონებაზე მისი მესაკუთრედ ცნობის საკითხი, შესაბამისად, განცხადება წარადგინა ერთთვიან ვადაში - 24.12.2019 წელს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტი).

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებით ი.თ–ას განცხადება დარჩა განუხილველად სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

23. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი.თ–ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. ამის შემდეგ საქმეში წარმოდგენილია არაერთი განცხადება საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებათა აღწერითა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

25. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

26. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების, რომლითაც სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ამოუფხვრელობის გამო განუხილველად დარჩა კერძო საჩივრის ავტორის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, კანონიერება.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ეხებოდა საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძვლის დაკონკრეტებას და განცხადების ერთთვიანი ვადის დაცვით წარდგენის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენას.

28. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ Nას-1640-2018, 31.01.2019წ).

29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, აღნიშნავს, რომ „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნეს დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი N 18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 58).

30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი იმის თაობაზე, თუ რომელი საფუძვლით ითხოვს განმცხადებელი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლებას, მხარის მიერ საპროცესო უფლების მართლზომიერად განკარგვას გულისხმობს და სასამართლოს განჩინებით დადგენილი მოთხოვნების არა ფორმალურად შესრულებას, არამედ კონკრეტული წინაპირობების მითითებას და დასაბუთებას, ამასთან, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის სრულად გამოსწორებას. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სასამართლოს მიერ განცხადებაზე/საჩივარზე დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადება/საჩივარი (სუსგ-ები: N ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; N ას-1615-2019, 14.01.2020).

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ ი.თ–ას განცხადების განუხილველად დატოვება, წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტში მითითებული ნორმების გარდა, ეფუძნება სსსკ-ის 425-ე მუხლს, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების დაცვით, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

32. განცხადების/საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს განცხადების ფორმალური მხარე, კერძოდ, პასუხობს თუ არა იგი სსსკ-ის 427-ე მუხლის მოთხოვნებს, მათ შორის შეიცავს თუ არა მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამო უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება და რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა. როგორც უკვე აღინიშნა, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძველს ადგენს სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლები. ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

33. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ი.თ–ას განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის მიუხედავად, განმცხადებელმა არ დააზუსტა, თუ რომელ სამართლებრივ საფუძველს ემყარებოდა მისი მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განცხადება არ პასუხობს სსს-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მოთხოვნას. ამასთან, განმცხადებელს არც განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა აქვს დაცული. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი.თ–ას (კერძო საჩივრის ავტორი) სასარჩელო მოთხოვნა ქ. სოხუმში, ..... მდებარე სახლის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით. ამ ნაწილში წარდგენილი სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა. ამდენად, მესაკუთრედ ცნობის საკითხზე, რის გამოც მოთხოვნილია საქმის წარმოების განახლება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რომელიც საბოლოოდ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნულის თაობაზე იმთავითვე ცნობილი იყო ი.თ–ასთვის. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საფუძველს, დადგენილია, რომ განმცხადებლისთვის საქმის განხილვის იურიდიული შედეგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებიდან და არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიის 29.11.2018წ. წერილიდან. ასევე, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განმცხადებლის სხვა პრეტენზიები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით განსახილველ დავის საგანს სცილდებოდა და მათზე ვერც სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა.

34. საქმის მასალებში წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და არაერთი განცხადების პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა გასაჩივრებული სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმისათვის არაარსებითი შინაარსის გარემოებებზე და კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიებზე, რომელიც მარტოოდენ მისი მოსაზრებაა და არ უკავშირდება კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შესამოწმებელ გარემოებებს, სასამართლო არ იმსჯელებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.თ–ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური