Facebook Twitter

საქმე №ას-1365-2020 17 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,ჰ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ქ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ქ–სა (შემდგომ - მოსარჩელე, გამსესხებელი, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს ,,ჰ.ჯ–ას“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, მსესხებელი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2018 წლის 6 სექტემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამსესხებელმა მსესხებელს 137 603 ლარი ასესხა. მსესხებელი ვალდებულებას იღებდა, დაებრუნებინა სესხად აღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და გადაეხადა საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიური 2%, წლიური 24%.

2. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ მსესხებელი ვალდებული იყო, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა დაებრუნებინა კრედიტორისათვის ეტაპობრივად ბანკის გადახდების შესაბამისად, ხოლო 2.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი უზრუნველყოფდა გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად ჩარიცხვას არა უგვიანეს თვის 15 რიცხვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსესხებელს მოუწევდა გამსესხებლის ანგარიშზე ბანკის ჯარიმის/პირგასამტეხლოს გადახდაც. მსესხებელი ვალდებული იყო, გამსესხებელს წინაშე შეესრულებინა ვალდებულება 10 კალენდარული თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება აღნიშნულ დროში არ დაიფარებოდა, მსესხებელს დაეკისრებოდა დარჩენილი თანხის 7% ჯარიმის გადახდა (ხელშეკრულების 2.5. მუხლი).

3. კომპანიის 22.05.2018 - 16.01.2019 წლების ანგარიშის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 6 სექტემბერს, კომპანიას ერიცხება კრედიტი - 35 000 ლარი და ოპერაციის შინაარსს წარმოადგენს დამფუძნებლის - მოსარჩელის სესხი. ამონაწერი დამოწმებულია 2019 წლის 3 ოქტომბერს კომპანიის ბუღალტერის, ნ. ჩაჩუას მიერ.

4. საქმეში წარდგენილი საგადახდო დავალებების თანახმად (18.12.2018 წლის, 16.11.2018 წლის, 16.10.2018 წლის, 20.05.2019 წლის, 19.04.2019 წლის, 18.04.2019 წლის, 16.04.2019 წლის, 12.04.2019 წლის, 21.03.2019 წლის, 21.03.2019 წლის, 22.02.2019 წლის, 15.02.2019 წლის, 15.02.2019 წლის, 15.01.2019 წლის საგადახდო დავალებები), დასტურდება მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტების ნაწილის დაფარვა.

5. კომპანიის მიერ 2019 წლის 2 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად, გამსესხებლისათვის დაბრუნებულია 2018 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი და პროცენტი, ჯამურად 44 522 ლარი.

6. კომპანიის მთავარი ბუღალტრისა და კლინიკური მენეჯერის ხელმოწერებით დამოწმებული 2019 წლის 8 ივლისის ცნობის თანახმად, 2018 წლის 6 სექტემბერს კომპანიისათვის მოსარჩელის მიერ სს „ს.ბ–დან“ აღებული სესხი შეადგენს 35 000 ლარს. ამ თანხიდან კომპანია 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით მოსარჩელისათვის სესხს ფარავდა, დღეის მონაცემებით, კომპანიას გადასახდელი აქვს 21 208 ლარი. 2018 წლის 7 სექტემბერს კომპანიისათვის მოსარჩელის მიერ აღებული სესხი სს ,,თ.ბ–დან“ შეადგენს 109 417 ლარს. ამ თანხიდან კომპანიას მოსარჩელისათვის დასაფარი აქვს 90 671.38 ლარი.

სარჩელის საფუძვლები:

.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის - 111 706 ლარისა და ჯარიმის - 7819 ლარის (სასარჩელო მოთხოვნდა დაზუსტდა 2019 წლის 3 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე) მოპასუხისათვის დაკისრება.

8. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ სესხის ხელშეკრულებაზე და განმარტა, რომ მსესხებელი თავდაპირველად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ასრულებდა, თუმცა მალევე შეწყვიტა გადახდა, რის გამოც დავალიანება წარმოეშვა.

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული სესხის ოდენობა გამსესხებელს რეალურად არ გადაუცია. კომპანიამ მხოლოდ 35 000 ლარი ისესხა, რაც სრულად დაფარულია, ხოლო 102603 ლარი მოსარჩელემ კომპანიის ანგარიშზე შეიტანა, როგორც კომპანიის დამფუძნებლის შენატანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 119 525 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 623-ე და 624-ე მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი სესხის დაბრუნების საგადახდო დავალებების, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერისა და კომპანიის 2019 წლის 8 ივლისის ცნობის შესაბამისად, ასევე - საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთერთშეჯერება/გაანალიზების საფუძველზე დგინდებოდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს 137 603 ლარი ასესხა.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ 102603 ლარი კომპანიაში შეტანილია მოსარჩელის, როგორც დამფუძნებლის მიერ, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ თანხის შეტანის შედეგად მისი წილობრივი მონაწილეობა გაიზარდა ან თანხის მიღების შემდგომ შეიცვალა პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა. არ წარდგენილა რაიმე სხვა დოკუმენტიც, რაც შენატანის განხორციელების აუცილებლობის თაობაზე მოსარჩელის მიერ ვალდებულებას დაადასტურებდა.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის თანხის გადაცემის ფაქტი და ეს ფაქტი თავად მოპასუხე კომპანიის მხრიდანაც დადასტურებულია 2019 წლის 8 ივლისის ცნობით, კომპანიის ანგარიშის ამონაწერითა და საგადახდო დავალებებით, იგულისხმება, რომ არსებობს მოპასუხისგან ამ თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო, თუ მითითებული თანხის გადაცემით არ წარმოშობილა მისი დაბრუნების ვალდებულება, ეს ფაქტი მოპასუხეს/აპელანტს სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად, მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია 2019 წლის 7 სექტემბერს კომპანიის ანგარიშზე შეტანილი თანხა - 102 603 ლარი სესხად. ეს თანხა წარმოადგენდა დამფუძნებლის შენატანს, რაც მოწინააღმდეგე მხარეს დღემდე სადავოდ არ გაუხდია.

18. მოწინააღმდეგე მხარეს კომპანიის წილის შეძენისათვის თანხა არ გადაუხდია, შესაბამისად, ვალდებული იყო, კომპანიაში გარკვეული თანხა შეეტანა.

19. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარეს შეეძლო, 2019 წლის 7 სექტემბრის საგადახდო დავალების დროს დანიშნულებაში თანხის კომპანიისათვის სესხება მიეთითებინა, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან კომპანიას, პროცენტიანი თანხის სესხება რომ ნდომებოდა, ამას თავად იზავდა საბანკო დაწესებულებისათვის მიმართვით.

20. სასამართლო მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნო, რაც ეწინააღმდეგება უტყუარ მტკიცებულებას 2019 წლის 7 სექტემბრის საგადასახადო ქვითარს, სადაც მითითებულია, რომ თანხა წარმოადგენდა მოსარჩელის, როგორც კომპანიის დამფუძნებლის შენატანს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

26. საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება) (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი). სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი).

27. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 6 სექტემბერის სესხის ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს 137 603 ლარი ასესხა. მსესხებელი ვალდებულებას იღებდა დაებრუნებინა სესხად აღებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და გადაეხადა საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიური 2%, წლიური 24%. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა დაებრუნებინა კრედიტორისათვის ეტაპობრივად ბანკის გადახდების შესაბამისად, ხოლო 2.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი უზრუნველყოფდა გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად ჩარიცხვას არა უგვიანეს თვის 15 რიცხვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსესხებელს მოუწევდა გამსესხებლის ანგარიშზე ბანკის ჯარიმის/პირგასამტეხლოს გადახდაც. მსესხებელი ვალდებული იყო გამსესხებელს წინაშე შეესრულებინა ვალდებულება 10 კალენდარული თვის ვადაში, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა ვალდებულების აღნიშნულ დროში დაფარვა, მსესხებელს დაეკისრებოდა დარჩენილი თანხის 7%-ის ოდენობით ჯარიმის გადახდა (ხელშეკრულების 2.5. მუხლი).

28. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიისათვის თანხის გადაცემა სადავო არ არის, მოპასუხე სადავოდ ხდის სამართლებრივი ურთიერთობის რაობას და მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხიდან - 102 603 ლარს კომპანიაში მოსარჩელის შენატანად მიიჩნევს. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ კომპანიას მხოლოდ 35 000 ლარი ასესხა, რომელიც დაბრუნებულია, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

29. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარადგინა სასამართლოს მიერ დადგენილი იმ გარემოების წინააღმდეგ, რომ მხარეთა შორის სესხის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა და მოსარჩელემ მოპასუხეს 102 603 ლარი (35 000 ლარის გარდა) სწორედ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გადასცა.

31. საქმეში წარდგენილი 2018 წლის 6 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სწორედ 137603 ლარის მსესხებლისათვის გადაცემა, რომელსაც ეს უკანასკნელი საქმეში წარდგენილი საგადახდო დავალებებისა და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, გარკვეული პერიოდულობით ფარავდა. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარდგენილი კომპანიის მთავარი ბუღალტრისა და კლინიკური მენეჯერის ხელმოწერებით დამოწმებული კომპანიის 2019 წლის 8 ივლისის ცნობაზეც, რომლის შინაარსის თანახმად, 35 000 ლარის გარდა, კომპანიისათვის მოსარჩელის მიერ აღებული სესხი სს ,,თ.ბ–დან“ შეადგენს 109 417 ლარს. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიერ კომპანიისათვის ჩარიცხული თანხა მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას - 137603 ლარს ემთხვევა, შესაბამისად, ის, რომ 102 603 ლარი სხვა დანიშნულებისაა, ვიდრე სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელმაც ეს გარემოება სარწმუნოდ ვერ დაადასტურდა.

32. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენიზასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 102603 ლარი წარმოადგენდა, მოსარჩელის, როგორც დამფუძნებლის კომპანიაში შენატანს, მიუთითებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს როგორ შენატანების მოთხოვნის (,,გ“ ქვეპუნქტი), ასევე ახალი/დამატებითი შენატანის გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (,,ზ“ ქვეპუნქტი). 46 მუხლის 21 მუხლის თანახმად კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატენების სრული ოდენობის განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდომა წარმოიშვას.

33. საგულისხმოა, რომ კასატორს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, რომელი შენატანის შეუტანლობის საფუძვლით (თავდაპირველი, თუ შემდგომში დადგენლი შენატანის შეუტანლობით) გამორიცხავდა სასესხო ურთიერთობის არსებობას, ამასთან, კასატორის სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ კომპანიის წესდებით განსაზღვრული შენატანის განუხორციელებლობას, ისევე როგორც კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელისათვის შენატანის მოთხოვნა ან ახალი/დამატებითი შენატანის გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდა დადგინდებოდა, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.

34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მარტოოდენ პრეტენზიის გაცხადება, სამართლებრივად წონადი მტკიცებულებების არქონის პირობებში, საკასაციო პალატას არწმუნებს, რომ მოპასუხემ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე საქმის განხილვის ვერცერთ სტადიაზე ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ დაძლია მოსარჩელის არგუმენტები და ვერ დაამტკიცა, რომ გამსესხებლის მიერ კომპანიისათვის ჩარიცხული თანხა სესხის სახით არ მიუღია.

35. საკასაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ საგადახდო ქვითრის დანიშნულებაში მითითებულია - ,,დამფუძნებლის შენატანი", წინამდებარე განჩინების 33-ე პუნქტში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სესხის ხელშეკრულების საგანია კონკრეტულად ის თანხა, რაც მსესხებელს გადაეცა.

36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოიშვა, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, კრედიტორმა მსესხებლის სახელზე სესხის სახით თანხა გასცა, რომლისთვისაც გათვალისწინებულ იქნა როგორც პროცენტი, ასევე - პირგასამტეხლო (ვალდებულების შეუსრულებლობისათვის). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განხორციელებულია მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, აღნიშნული მოპასუხეს წარმოუშობს თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

37. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, მისი დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მართებულია.

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-896-2019, 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება; №ას-301-2021, 2021 წლის 25 ივნისის განჩინება, №ას-488-2021, 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება).

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 5 976.25 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 1792.9 ლარის გადახდა (5 976.25 ლარის 30%).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ჰ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს ,,ჰ.ჯ–ას“ (ს/კ ......) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით (საქმე №ას-1365-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 30%-ის 1792.9 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე