Facebook Twitter

საქმე №ას-196-2019 2 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჭ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შვილთან ურთიერთობის წესის შემდეგნაირად განსაზღვრა: კვირაში ორი დღე, თვის პირველსა და მესამე კვირაში შაბათ-კვირას, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო მეორე და მეოთხე კვირაში _ სამშაბათსა და ოთხშაბათს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ბავშვის ცხოვრების წესის დაურღვევლად. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში ბავშვთან მამის ურთიერთობის ბავშვის ნდობით აღჭურვილი პირის თანხლებით განსაზღვრა

დავის საგანი – შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა.ჭ–იამ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.კ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 27 ივნისს დაბადებულ შვილთან _ მ. ჭ–ასთან ურთიერთობის შემდეგი წესის განსაზღვრა: წაიყვანოს შვილი სახლში ყოველი კვირის პარასკევს დღის 16:00 საათიდან კვირა საღამოს 19:00 საათამდე; ზამთრის არდადეგებზე, ყოველი წლის 7 იანვარს დღის 14:00 საათიდან 19 იანვრის საღამოს 18:00 საათამდე; ზაფხულის არდადეგებზე, 1 ივლისის დღის 10:00 საათიდან 20 აგვისტოს საღამოს 18:00 საათამდე; ბავშვის სრულწლოვანებამდე კვირის დანარჩენ დღეებში ჰქონდეს შეუზღუდავად შვილის ნახვის უფლება მისი ცხოვრების რეჟიმის დაურღვევლად, ხოლო, შვილის დაბადების დღესა და აღდგომის დღესასწაულზე, დღის 16:00 საათიდან მეორე დღის 16:00 საათამდე მიეცეს შვილის სახლში წაყვანის უფლება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები 2011 წლიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ იტალიაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 27 ივნისს, შეეძინათ შვილი. მოპასუხესთან თანაცხოვრება შეწყვეტილია, არასრულწლოვანი შვილი კი, აღსაზრდელად იმყოფება მოპასუხესთან იტალიაში. მოსარჩელეს სურს ყველაფერი გააკეთოს, რათა შვილი აღზარდოს ფიზიკურად, გონებრივად და ზნეობრივად. იზრუნოს მისი სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, შვილის უპირატესი ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ აღნიშნული შეუძლებელია, რადგან შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს მოპასუხე. მოსარჩელე ორი წლის განმავლობაში ზრდიდა შვილს, რადგან მეუღლე მუშაობდა. დაძაბული ურთიერთობის გამო, თვითონ ჩავიდა გერმანიაში, მიიღო ლტოლვილის სტატუსი და უხდიდნენ 350 ევროს. საჩუქრებს უგზავნიდა ცოლ-შვილს, მაგრამ მოპასუხე შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს.

2. მოპასუხის/არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მოძალადე მეუღლეა, რის გამოც იტალიაში ნასამართლევია. ის მოპასუხემ გამოიყვანა ციხიდან იტალიის დატოვების პირობით. ძალადობდა ცოლ-შვილზე, არის ამორალური, კრიმინალი და ალკოჰოლზე დამოკიდებული. ოჯახში ძალადობის გამო, გაფრთხილებული იქნა, რომ განმეორების შემთხვევაში ჩამოერთმეოდა მშობლის უფლება და ბავშვი გადაეცემოდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;

2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების 2017 წლის 20 თებერვლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის ოჯახის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები დამაკმაყოფილებელია. ოჯახს შეუძლია, ბავშვს შეუქმნას მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო. სააგენტომ გასცა რეკომენდაცია, ორივე მხარემ გაითვალისწინოს მხოლოდ შვილის ინტერსები. მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი არ უნდა აისახოს ბავშვზე და ამ უკანასკნელს უნდა შეექმნას განვითარებისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნება დაერთო მოსარჩელეს, ურთიერთობა იქონიოს 2013 წლის 27 ივნისს დაბადებულ შვილთან ყოველი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე ნახვის უფლებით, ისე რომ არ დაირღვეს ბავშვის ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების წესი.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესის განსაზღვრა: 2 დღე, თვის პირველი და მესამე კვირის შაბათსა და კვირას დღის 12:00 საათიდან 17:00 საათამდე; თვის მეორე და მეოთხე კვირის სამშაბათსა და ოთხშაბათს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბავშვის ცხოვრების წესის დაურღვევლად; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში ბავშვთან მამის ურთიერთობა განისაზღვროს დედის მხრიდან ბებიის ან ბავშვის ნდობით აღჭურვილი სხვა პირის თანხლებით, რათა მას არ ჰქონდეს დაუცველობისა და შიშის გრძნობა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შვილთან ურთიერთობის წესის შემდეგნაირად განსაზღვრა: კვირაში ორი დღე, თვის პირველსა და მესამე კვირაში შაბათ-კვირას, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო მეორე და მეოთხე კვირაში _ სამშაბათსა და ოთხშაბათს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ბავშვის ცხოვრების წესის დაურღვევლად; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში ბავშვთან მამის ურთიერთობის ბავშვის ნდობით აღჭურვილი პირის თანხლებით განსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრა არასრულწლოვან შვილთან. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთქმული შეფასებები და დასკვნები, დადგენილად მიიჩნია, რომ მამა-შვილისათვის ურთიერთობის ყოველდღიური რეჟიმის დაწესება (ყოველი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე ნახვის უფლებით, ისე რომ არ დაირღვეს ბავშვის ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების წესი) შეესაბამებოდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია კანონის მოთხოვნები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს, რომლებიც ძირითადად არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების კვლევას და არააღსრულებადი გადაწყვეტილების მიღებას შეეხება. კასატორის განმარტებით, არასრულწლოვანი ხდება 6 წლის, ხოლო იმ დროისათვის, როდესაც გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ის იქნება სკოლის მოსწავლე და განსაზღვრული რეჟიმი მამა-შვილის ურთიერთობისა შეუძლებელი აღმოჩნდება, გამოიწვევს მხარეთა შორის კონფლიქტს და სასამართლოსათვის კვლავ მიმართვის აუცილებლობას. ურთიერთობის წესზე მსჯელობისას სასამართლოს არ გამოუკვლევია ის საკითხი, თუ სად უნდა განხორციელდეს მშობლისა და შვილის შეხვედრა, რადგანაც ბავშვი ხან იტალიაში და ხან საქართველოში იმყოფება. სააპელაციო განხილვის ეტაპზე სასამართლომ ჩართო დავაში სოციალური მუშაკი, თუმცა, მისი არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ იზიარებდა საქმეში არსებულ დასკვნას და ის ფაქტიც არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე სხდომაზეც კი კონფლიქტური იყო, შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკა, თუმცა, არ ირკვევა განსახილველი დავა და გამოყენებული პრაქტიკა ერთსა და იმავე ფაქტებს ემყარება თუ არა. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა აპელანტის განმარტებებს და აღნიშნა, თითქოს მხარე მხოლოდ იმას ხდიდა სადავოდ, მამა-შვილის ურთიერთობა წარმართულიყო ნდობით აღჭურვილი პირის თანხლებით თუ მის გარეშე.

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.2.1. 2013 წლის 27 ივნისს დაბადებული მ. ჭ–ას მშობლები არიან ა.ჭ–ია და ი.კ–ძე. მ. ჭანტურია ცხოვრობს დედასთან იტალიაში, ქალაქ სალერნოში;

1.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების 2017 წლის 20 თებერვლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის ოჯახის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები დამაკმაყოფილებელია. ოჯახს შეუძლია ბავშვს შეუქმნას მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო. გაცემულია რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, მიზანშეწონილია, ორივე მხარემ გაითვალისწინოს მხოლოდ შვილის ინტერესები. მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი არ უნდა აისახოს ბავშვზე და ბავშვს უნდა შეექმნას განვითარებისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო;

1.2.3. არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა _ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტმა განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, აუცილებელია მისი ურთიერთობა როგორც დედასთან ისე _ მამასთან;

1.2.4. საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მათ შორის იტალიის ქალაქ სალერნოს მოსამართლის განკარგულებით ირკვევა, რომ 2014 წლის თებერვალ-მარტიდან ამავე წლის 17 ოქტომბრამდე მოსარჩელე თითქმის ყოველდღე ნასვამ მდგომარეობაში სცემდა მეუღლე ი.კ–ძეს მძიმე ნივთების გამოყენებით, ხელით და ა.შ., ემუქრებოდა სიკვდილით. ამ ძალადობებს ესწრებოდა მათი ერთი წლის შვილი და ტიროდა;

1.2.5. საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განჩინებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 მარტს ი.კ–ძე იმყოფებოდა იტალიაში, ხოლო არასრულწლოვანი მ. ჭ–ია ქ.ქუთაისში. შვილს საბავშვო ბაღში სანახავად მიაკითხა მამამ, რომელმაც სცადა სააბავშვო ბაღიდან მისი უნებართვოდ გაყვანა. აღნიშნულმა ბავშვში გამოიწვია სტრესი და საფრთხე შეუქმნა, როგორც მის სიმშვიდეს, ასევე ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობას. ამ ქმედების გამო, სასამართლო გადაწყვეტილებით ა.ჭ–იას აეკრძალა მ. ჭ–თან 20 დღით იმ ადგილებში მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა;

1.2.6. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2017 წლის 31 იანვრის დასკვნის თანახმად, მ. ჭ–ას კოგნიტური განვითარება ასაკის შესაბამისია. საუბრობს ორ ენაზე, როგორც ქართულად ასევე _ იტალიურად, უყვარს ზღაპრებისა და ლექსების მოსმენა, მოსწონს თანატოლებთან თამაში. ბავშვის ემოციური მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია... ბავშვმა სოციალურ მუშაკთან საუბარში დაადასტურა დედის მონათხრობი და აღნიშნა, რომ მამა სცემდა დედას, თვითონ კი მაგიდის ქვეშ იმალებოდა.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასებისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენის გარეშე გამოიტანა, ასევე, ანგარიშგასაწევია მისი პოზიცია გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობასთან დაკავშირებით. საკითხის სწორად შეფასების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლზე, რომლითაც გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მოხმობილი ნორმა ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

1.3.2. მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე _ ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.

1.3.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოებების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე და 1202-ე მუხლებით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები). მხედველობაშია მისაღები გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხის შეფასებისათვის ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომელიც მოითხოვს იმის დადგენას, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (Havelka and Others v. the Czech Republic, საჩ. ნომ. 23499/06, § 62, 2007 წლის 21 ივნისი; Haase v. Germany, საჩ. ნომ. 11057/02, § 97, ECHR 2004-III (extracts)).

1.3.4. განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალების შეფასების პარალელურად სააპელაციო პალატამ დაადგინა რა მამა-შვილის ურთიერთობის შესაძლებლობა ყოველდღიურ ფორმატში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების საპირისპიროდ, სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, ურთიერთობის მყისიერი და ინტენსიური დაწყება ფსიქოლოგიურ სტრესს მიაყენებს თუ არა არასრულწლოვანს. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ოთხი წლის ასაკის ბავშვის ნაამბობი ოჯახში ძალადობის თაობაზე, რომელიც მისი ერთი წლის ასაკში განხორციელდა, შესაძლოა მართლაც არ წარმოადგენდეს არასრულწლოვნის გააზრებულ მონათხრობს, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც ბავშვისათვის ცნობილია ძალადობის ფაქტის თაობაზე, ხოლო თავად ძალადობა წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში უპირობოდ დასაგმობ ქმედებას, უნდა გამოინახოს გზა ბავშვის მხრიდან ამ ფაქტის გააზრების და მამის მიმართ არასასურველი დამოკიდებულების ეტაპობრივად შეცვლისათვის. ამ კუთხით სპეციალისტის (ფსიქოლოგის) მონაწილეობა, მისი ჩართულობის აუცილებლობა, მამა-შვილის ურთიერთობის სურათის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის გაანალიზება წარმოადგენს საკითხის გადაწყვეტის უალტერნატივო გზას.

1.3.5. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, წინამდებარე განჩინებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველგვარი რისკი, რომელიც არასრულწლოვნის ნორმალურ განვითარებას შეიძლება შეეხოს, უნდა გამოირიცხოს. ამ მხრივ სასამართლოს მხედველობაში აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა: ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური გამოცდილებაც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands). ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების განქორწინებამდე ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ (inter alia, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130). კოვნენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. „ოჯახური ცხოვრების პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo-Tekle and Others v. the Netherlands, 2005 წლის პირველი დეკემბერი). კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს. ამ კონტექსტში, მე-8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების ეფექტურ „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან, და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელონ შესაბამისი ქმედებები. ეს ასევე ეხება იმ შემთხვევებს, სადაც ბავშვებთან კონტაქტთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული დავები წარმოიშობა მშობლებსა და/ან ბავშვების ოჯახის სხვა წევრებს შორის. თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლუტური ხასიათის. მშობლის იმ ბავშვთან ხელახალი გაერთიანება, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს სხვა პირებთან ერთად, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ამგვარი მომზადების ხასიათი და მასშტაბი დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, თუმცა, ყველა დაინტერესებული მხარის გაგება და თანამშრომლობა ყოველთვის იქნება ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. ეროვნულმა ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ამ სფეროში ძალდატანების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, რადგან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და განსაკუთრებით ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია, შექმნას სამართლიანი ბალანსი. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს. მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). სააპელაციო სასამართლომ პრეცედენტული სამართლის გამოყენებისას იხელმძღვანელა ამ უკანასკნელი საქმითაც, თუმცა, არ გაითვალისწინა ის საკითხი, რომ ხსენებულ საქმეზე საკვანძო საკითხს წარმოადგენდა არა მამის მცდელობა, დაებრუნებინა შვილი, არამედ _ შვილის სურვილი, ეცხოვრა იმ გარემოში, სადაც ის იყო ინტეგრირებული. ამ უკანასკნელ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასრულწლოვანთა მიმართ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია მათი მამისათვის გადაცემა იმ პირობებში, როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ დეიდასთან და მათ, მტრული დამოკიდებულების გამო, არ ჰქონდათ სურვილი მამასთან საცხოვრებლად გადასვლის, რომელმაც მოიხადა სასჯელი (პირობითი მსჯავრი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა), ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისაგან თავის დასაღწევად ჩართული იყო ე.წ „მეტადონის პროგრამაში“, ასევე აღარ აღენიშნებოდა პიროვნული აშლილობის ნიშნები. ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე კვლევას.

1.3.6. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩასატარებელი სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უნდა გააცნობიეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ დაკისრებული მოვალეობანი. მან ეფექტური გზით უნდა გაწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისათვის. ამგვარად კი, ვერ იქნება განხილული წინამდებარე საქმეზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები, ვინაიდან საუკეთესო ინტერესის დადგენისათვის უპირატესი პიროვნული ურთიერთობები, ბავშვის მიჯაჭვულობა ერთ-ერთ მშობელთან, მისი მეორე მშობლის გარემოში ინტეგრაციის საკითხის გადაჭრა უნდა იყოს და არა მშობლის საცხოვრისის ფორმალური აღწერა. ამ მიზანს არ პასუხობს საქმეში წარმოდგენილ დასკვნებში ასახული უზოგადესი ხასიათის რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვნის ჰარმონიული განვითარებისათვის სასურველია მისი ორივე მშობელთან ურთიერთობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოციალურმა სამსახურმა, როგორც არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა მოცემულ დავაში არ გაატარა ეფექტიანი ღონისძიებები სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის ხელშესაწყობად, საქმეში არ მოიპოვება ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც დინამიკაში დააკვირდებოდა მამა-შვილის ურთიერთობას და სრულყოფილ სურათს მისცემდა სასამართლოს იმისა, თუ რამდენად პოზიტიურად აისახება ბავშვის განვითარებაზე მამასთან ურთიერთობა, თავის მხრივ, ეს საკითხი არ გამხდარა ქვემდგომი სასამართლოების კვლევის საგანიც, რაც გადაწყვეტილების არასაკმარის დასაბუთებაზე მეტყველებს. საქმეზე _ „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ამგვარი წარმომადგენლობა შეაფასა უარყოფითად, ევროსასამართლოს განმარტებით, სამსახური ფორმალურად ჩაერთო სამართალწარმოებაში მხოლოდ სააპელაციო ეტაპიდან, გამოტოვა რა, გაურკვეველი მიზეზების გამო, პირველ ინსტანციაში საქმის მთლიანი განხილვა. სააპელაციო სამართალწარმოებაში მისი ჩართვის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტომ და მისმა შესაბამისმა რაიონულმა განყოფილებამ მიიღო „დაინტერესებული მხარის“ სტატუსი, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე დებულებას „დაინტერესებული მხარის“ სტატუსთან და/ან მის შემდგომ საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გაურკვეველი რჩება, თუ როგორ შეძლო სოციალური მომსახურების სააგენტომ ეფექტურად წარმოედგინა ბავშვების ინტერესები, როცა მას არ გააჩნდა ფორმალური პროცედურული როლი ამ საქმეში. ბავშვების ინტერესების წარდგენის მიზნით მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი შესაბამისი რაიონული განყოფილების დანიშვნა, სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1200-ის § 2-ის შესაბამისად. მაგრამ ისევ გაურკვეველი რჩება, თუ ზუსტად რას გულისხმობს წარმომადგენლობის ეს ტიპი. პრაქტიკულად, სამართალწარმოების ორ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა წარმომადგენელი ბიჭებს მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვდა ერთადერთი მიზნით, მოემზადებინათ რამდენიმე ანგარიში ბიჭების საცხოვრებელ პირობებთან და მათ ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბიჭების მონიტორინგისა და მათთან სანდო ურთიერთობის დამყარების მიზნით ადგილი არ ჰქონია რეგულარულ და ხშირ კონტაქტს ბიჭებთან. ამ კონტექსტში გათვალისწინებულ უნდა იქნას ევროპული კონვენცია ბავშვთა უფლებების განხორციელების შესახებ, რომელიც არ არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ, მაგრამ წარმოადგენს შესაბამისი პრინციპების ინტერპრეტაციის სასარგებლო ინსტრუმენტს. ზემოთხსენებული კონვენციის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ წარმომადგენლის მოვალეობაა, იმოქმედოს სათანადო წესით ბავშვის სახელით, რაც გულისხმობს ბავშვისთვის ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდებას, ბავშვის შეხედულებების დადგენას და სასამართლო ხელისუფლების წინაშე მათ წარდგენას.

1.3.7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუბრუნდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში გაჟღერებულ იდეას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს (იხ. მაგ: CASE OF S.L. AND J.L. v. CROATIA, განაცხადი N13712/11, 7 მაისი 2015 წელი, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი) და ამ კონცეფციის ფარგლებში ერთმანეთისგან გამიჯნავს შეპირისპირებულ სიკეთეებს, რომელთა კონკურენციაც წინამდებარე განჩინებით განსჯის საგანს წარმოადგენს. შეპირისპირებული სიკეთეები შემდეგია: ა) მამის „ოჯახური ცხოვრების“ პატივისცემის უფლება; ბ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი. ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევა შეფასებას ექვემდებარება ე.წ „პროპორციულობის _ სამართლიანი წონასწორობის ტესტით“ (ე.წ „მიხედულების ზღვრის თეორიის“ თანახმად, ჩარევის პროპორციულობის დასადგენად შეფასებას ექვემდებარება სადავოდ ქცეული უფლების/თავისუფლების ბუნება; სუბიექტის მიმართ ამ უფლების მნიშვნელობა; ქმედების ხასიათი; ჩარევის გამართლების ხარისხი და ევროპის საბჭოს ქვეყნების მხრიდან სადავო საკითხზე აშკარა კონსენსუსის არსებობა). „ოჯახური ცხოვრების“ უფლების დადგენის მიზნით პრეცედენტულ სამართალში განმარტებულია, რომ სახეზე უნდა იყოს მშობლისა და შვილის სოციალური ინტეგრაცია და შეჩვევის ინტენსიური ხასიათი, რაც ამავდროულად ემსახურება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს _ იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში.

1.3.8. გარდა ზემოხსენებულისა, პალატა ასევე ეთანხმება კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების თაობაზე. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს და იზრდება დედასთან, ის ხშირად იმყოფება საზღვარგარეთ. ეს საკითხი დაადგინა სააპელაციო პალატამაც, თუმცა, აპელანტის პრეტენზიის საპირისპიროდ აღნიშნა, რომ იტალიაში მოსარჩელის დარჩენის შეუძლებლობის შემთხვევაში ავტომატურად შემცირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული მშობლისა და შვილის ურთიერთობის პერიოდი, რაც არა საკითხის გადაწყვეტაზე, არამედ _ მის ღიად დატოვებასა და შემდგომი დავების წარმოშობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოში დანიშნული ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ იქნა მტკიცებულება _ ცნობა არასრულწლოვნის სკოლაში მიყვანის თაობაზე, რომელიც პალატამ ინკვიზიციურობის პრინციპის ფარგლებში დაურთო საქმეს, თუმცა, იმის გამო, რომ საქმე წინამდებარე განჩინებით არ სრულდება, ამასთან, რომ არ დაირღვეს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საპროცესო პრინციპები (სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლები) და მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს პოზიცია ხსენებულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე შეფასებას არ აძლევს მას და მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი საქმის არსებითად გადაწყვეტის დროს უნდა შეაფასოს სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათი (სსსკ-ის 266-ე მუხლი) ვლინდება არა მხოლოდ სასამართლო პროცედურების დასრულებაში, არამედ, მიღებული გადაწყვეტილება დარღვეული/სადავო უფლების ეფექტიანი დაცვის საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, რათა გადაწყვეტილებით საბოლოოდ აღმოიფხვრას სამართლებრივი ურთიერთობის ხარვეზი და მიღებული სიკეთე ეფექტიანი და ხელმისაწვდომი იყოს მისი სუბიექტებისათვის. სხვაგვარად სამართალწარმოების მიზანი ვერ იქნება განხორციელებული, ხოლო დარღვეული უფლება _ აღდგენილი, შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს არა მხოლოდ უფლების საკითხი, არამედ _ მისი შემდგომი განხორციელების რეალური შესაძლებლობა.

1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, საქმეს ხელახლა განსახილვად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული მსჯელობის გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და შემდგომ განსაზღვროს ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობის წესი მასთან.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.კ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე