საქმე №ას-786-2020 20 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - ა.ლ. (მოსარჩელე)
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს–ტი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება/ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის ფულადი კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. ახალციხეში, .... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: .....) მესაკუთრეა ა.ლ.ი (შემდგომში „მოსარჩელე“, „პირველი კასატორი“ ან „კასატორი“).
2. ქ. ახალციხეში მდებარე საკომუნიკაციო ნაგებობა - კავშირგაბმულობის ქსელი (საკადასტრო კოდი - ....) სს „ს–ტის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) საკუთრებაშია.
3. 2018 წლის 26 ივნისს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან საკომუნიკაციო ნაგებობის გადატანის მოთხოვნით, რაზეც მოპასუხემ აცნობა, რომ თუკი განმცხადებლის ინტერესში შედიოდა საკომუნიკაციო ნაგებობის გადატანა, იგი ვალდებული იყო, აღნიშნული, მოპასუხესთან შეთანხმებით, განეხორციელებინა საკუთარი ხარჯით.
4. 2019 წლის 7 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განთავსებულია მოპასუხის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, ასევე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის წინა კედლის ნაწილზე განთავსებულია მოპასუხის ე.წ. „ბოქსი“, შიგ არსებული საკომუნიკაციო ქსელებით, საჰაერო საკომუნიკაციო ქსელი მოწყობილია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თავზეც.
5. სასარჩელო მოთხოვნა:
5.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა აუცილებელი გზით სარგებლობისთვის კომპენსაციის, 10 000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
5.2. მოსარჩელის განცხადებით, მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკომუნიკაციო არხისა და ე.წ „ბოქსის“ განთავსებით ხელი ეშლება საკუთრების თავისუფლად ფლობასა და სარგებლობაში.
6. მოპასუხის შესაგებელი:
6.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული საკომუნიკაციო ნაგებობა ხელს უშლის მას საკუთრების უფლების რეალიზებაში.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის, 6000 ლარის გადახდა.
8. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:
8.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის, 600 ლარის გადახდა.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
12. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 179-ე-172-ე, 174-ე, 180-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი მოპასუხის საკომუნიკაციო ხაზების გატარების თმენისთვის ერთჯერადი კომპენსაცია, თუმცა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა კომპენსაციის ოდენობასთან (მისი გაანგარიშების ნაწილში) მიმართებით.
13. სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ - შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი.
14. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ანაზღაურება კი თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა ეხება არა მხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა, შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ., ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება არა მხოლოდ აუცილებელი გზის ფარგლებში არსებული თმენის ვალდებულება, ასევე ის შეზღუდვა, დანაკარგი, დანაკლისი, თუ ზემოქმედება, რისი თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე წარმოეშობა.
15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის მიზეზად ასახელებს საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისას არსებული ფართის შეხედულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობას, რამაც, სამომავლოდ, შესაძლოა, შეამციროს ფართის ღირებულება. სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმასაც, რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა მომავალში კომპანიის მხრიდან მისი კუთვნილი საკომუნიკაციო ხაზებისა და ნაგებობების გადატანისა და სხვაგვარად მოწყობის შესაძლებლობაზე,, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხელშეშლის აღმოფხვრის საფუძველი გახდებოდა.
16. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო ხაზები განთავსებულია მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე და მის თავზე, საჰაერო სივრცეში, ხოლო ე.წ ,,ბოქსი“ დგას საცხოვრებელი სახლის კედელთან, რაც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლას ადგილი არ აქვს, საცხოვრებელი სახლის კედელზე განთავსებული ხაზობრივი ნაგებობის არსებობა კი, მოსარჩელეს უზღუდავს რეკონსტრუქციის შედეგად საცხოვრებელი ფართის გაუმჯობესების შესაძლებლობას, თუმცა რაიმე ქონებრივი დანაკლისის საფუძველს აღნიშნული არ წარმოადგენს.
17. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებული ხელშეშლის ფარგლების და ხარისხის გათვალისწინებით, სამეზობლო თმენის ვალდებულების სანაცვლოდ გონივრული და სამართლიანი იყო, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, მოპასუხისთვის 600 ლარის დაკისრება.
18. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
18.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.
18.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
18.3. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18.4. პირველი კასატორის განცხადებით, მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო ნაგებობების მოსარჩელის საკუთრებაში განთავსებით მოსარჩელეს განუსაზღვრელი ვადით აქვს შეზღუდული საკუთრების უფლება. თმენის ვალდებულებისთვის სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის ერთჯერადად დაკისრებული კომპენსაციის თანხა კი არის სრულიად შეუსაბამო და არაგონივრული. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს მხარეთა ინტერესების თანაზომიერების დაცვის პრინციპს.
18.5. მეორე კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომელიც სამეზობლო თმენის ვალდებულებას ეხება და რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ვერ ექნებოდა, რადგან მოპასუხის ხაზობრივი ნაგებობა აშენებულია მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, რაც, თავისთავად, გამორიცხავს მისი განთავსების ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის) უკანონო ხელყოფას. ამასთან, სასამართლოს მიერ სსკ 180-ე მუხლის შეთავაზებული ინტერპრეტირება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სატელეკომუნიკაციო სფეროში მოასპარეზე სუბიექტებს იმ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან შედარებით, რომელთა საკუთრებაზე გადის აღნიშნული ნაგებობები.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
22. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, შეაფასებს მეორე კასატორის (მოპასუხის) პრეტენზიის საფუძლიანობას, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლომ სადავოსამართლებრივი ურთიერთობა არასწორად მოაქცია სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის რეგულირების ფარგლებში.
23. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სსკ 180-ე მუხლით (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს) წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე №ას-744-801-2011, 13 ოქტომბერი, 2011 წელი).
24. ამასთან, აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის „თმენის ვალდებულებას“ აკისრებს. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის კი, მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი (სუსგ საქმე №ას-803-762-2013,10 ოქტომბერი, 2014 წელი).
25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთზე) განთავსებულია მოპასუხის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, აგრეთვე, ე.წ „ბოქსი“ (შიგ არსებული საკომუნიკაციო ქსელებით) და მოწყობილია საჰაერო საკომუნიკაციო ქსელიც.
26. აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული განმარტებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ განსახილველი ურთიერთობისთვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლის ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა მის მიწის ნაკვეთზე მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო ქსელების გატარების თმენის ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს - ამავე ნორმის შესაბამისად, მოსარჩელისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.
27. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს მეორე კასატორის განმარტებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოპასუხის ხაზობრივი ნაგებობა აშენებულია მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე, აღნიშნული გამორიცხავს მისი განთავსების ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის) უკანონო ხელყოფას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში სსკ 180-ე მუხლის შესაბამისად, კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეა სწორედ ის პირი, რომლის საკუთრებაშიც განთავსებულია მოპასუხის საკომუნიკაციო ქსელები. შესაბამისად, საკუთრების შეზღუდვის ფარგლების განსაზღვრისა და დასაკისრებელი კომპენსაციის ოდენობის გამოთვლისთვის მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე მოპასუხის საკომუნიკაციო ქსელების გატარების გამო მესაკუთრის თმენის ვალდებულების ფარგლებისა და ხარისხის განსაზღვრა და არა ის, თუ როდის განთავსდა სადავო ქსელები უძრავ ქონებაში - მოსარჩელის მიერ მის შეძენამდე თუ მისი შეძენის შემდგომ.
28. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზეა სსკ 180-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, შესაბამისად, იურიდიულად საფუძვლიანია კომპენსაციის მოთხოვნაც.
29. რაც შეეხება საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრას, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს (იხ. სუსგ საქმე №ას-568-2021, 26 ნოემბერი, 2021 წელი). თმენა კი ეხება არა მხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა: შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ - ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება არა მხოლოდ აუცილებელი გზის ფარგლებში არსებული თმენის ვალდებულება, ასევე ის შეზღუდვა, დანაკარგი, დანაკლისი, თუ ზემოქმედება, რისი თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე წარმოეშობა.
30. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამასთან, შეზღუდვის კანონიერება, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოწმდება ე.წ პროპორციულობის ტესტით: იგი უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ საფუძველს, გამართლებული უნდა იყოს საზოგადოების აუცილებელი საჭიროებით და მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით არ უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-965-2019, 10 აპრილი, 2020 წელი).
31. მოცემულ შემთხვევაში, პირველი კასატორი სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას ხდის სადავოდ და აცხადებს, რომ მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო ნაგებობების მის საკუთრებაში განთავსებით მოსარჩელეს განუსაზღვრელი ვადით აქვს შეზღუდული საკუთრების უფლება. შესაბამისად, ერთჯერადი კომპენსაციის სახით თანხის დაკისრება თმენის ვალდებულებისთვის არაგონივრულია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის მითითებული პრეტენზია არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის გადასინჯვას, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია, არა საკუთრების უფლების შეზღუდვის დრო, არამედ მისი ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ექნებოდა შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში.
32. საკასაციო სასამართლო, კიდევ ერთხელ, მიუთითებს საქმის მასალებით (ადგილზე დათვალიერების ოქმითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით) დადგენილ იმ გარემოებას, რომ მოპასუხის ხაზობრივი ნაგებობა (საკომუნიკაციო ქსელები) განთავსებულია როგორც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ქვეშ, ასევე მიწის ნაკვეთის თავზე (საჰაერო სივრცეში) და საცხოვრებელი სახლის კედლის ნაწილზე (კედელზე დამაგრებულ ე.წ „ბოქსს“ უჭირავს დაახლოებით ნახევარი კვადრატული მეტრი).
33. სასამართლო ყურდაღებას მიაქცევს მხარეთა მორიგების მიზნით უზენაეს სასამართლოში ჩატარებულ სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განმარტებაზეც, სადაც იგი ადასტურებს, რომ მიწის ქვეშ გამავალი მოპასუხის საკომუნიკაციო ხაზები არანაირ პრობლემას არ უქმნის მას და ხელს არ უშლის საკუთრებით სარგებლობაში. კასატორი აქვე დასძენს, რომ საკუთრების უფლება მას, ასევე, არ ეზღუდება სახლის კედელზე განთავსებული ე.წ „ბოქსის“ გამო, თუმცა მოპასუხის კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობის (მიწისქვეშა ქსელები და კედელზე განთავსებული ე.წ „ბოქსი“) შესანახად თავის დროზე (მაშინ, როდესაც სახლს აშენებდა) საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოუწია, რისი ნაწილობრივი კომპენსირებაც უნდა მოახდინოს სასამართლომ მოპასუხისთვის გონივრული თანხის დაკისრების გზით (იხ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომის 2021 წლის 18 ნოემბრის სხდომის ოქმი, CD დისკი, 11:22:51სთ, 11:25:25-11:26:26სთ, 11:26:52- 11:26:58, 11:27:52სთ; ტ. 2. ს.ფ 122-131).
34. კასატორის ზემოაღნიშნული განმარტებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპენსაციის საკითხის შეფასებისას, სააპელაციო პალატამ მართებულად გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები). ასევე, მართებულად იხელმძღვანელა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პროცესუალური წესით (რაც გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს (სსსკ 102-ე მუხლი)) და მართებულად განსაზღვრა, როგორც მოსარჩელის თმენის ვალდებულების, ასევე მისი საკუთრების შეზღუდვის ფარგლები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაკისრებული კომპენსაცია, არსებული ხელშეშლის ხარისხის გათვალისწინებით, ადეკვატური და სათანადოა.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 270 ლარის 70% - 189 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ლ–ისა და სს „ს–ტის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა.ლ.ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2020 წლის 18 ივნისი), 270 ლარის 70% - 189 ლარი;
3. სს „ს–ტს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1592814880, გადახდის თარიღი 2020 წლის 22 ივნისი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე