Facebook Twitter

საქმე №ა-65-შ-1-2021 02 თებერვალი 2022 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.გ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - დიდი ბრიტანეთის, ქ. ლონდონის, საოჯახო სასამართლოს (სასამართლოებისა და ტრიბუნალების სერვის ცენტრი) 2021 წლის 26 ივნისის უპირობო განკარგულება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

დიდი ბრიტანეთის, ქ. ლონდონის საოჯახო სასამართლოს (სასამართლოებისა და ტრიბუნალების სერვის ცენტრი) 2021 წლის 26 ივნისის უპირობო განკარგულებით მოსარჩელე მ.გ–ესა და მოპასუხე თ.გ–ნს (დაბადებული: 02.01.1982წ., ქ. თბილისში, პ/ნ ...., საქართველოს მოქალაქე) შორის განმცხადებლისა და მოპასუხის სულ მცირე ორი წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრებისა და განქორწინების თაობაზე გამოვლენილი ნების შესაბამისად, შეთანხმებული იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. განქორწინების თაობაზე უპირობო განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ანდერძით მემკვიდრეობასა და მეურვის დანიშვნაზე.

2022 წლის 10 იანვარს, თ.გ–ნმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დიდი ბრიტანეთის, ქ. ლონდონის, საოჯახო სასამართლოს (სასამართლოებისა და ტრიბუნალების სერვის ცენტრი) 2021 წლის 26 ივნისის უპირობო განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული უპირობო განკარგულებით ირკვევა, რომ საქმის განხილვა დისტანციურად გაიმართა, სადაც მხარეთა დასწრება, თუ ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეწინააღმდეგებიან, სავალდებულო არ იყო.

ამასთან ირკვევა, რომ მხარეები სათანადო წესით ინფორმირებულნი იყვნენ საქმის მოსმენის შესახებ. აპოსტილით დამოწმებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და საბოლოოა.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტაციას ერთვის, დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი თ.გ–ნი არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით თ.გ–ნის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის, ქ. ლონდონის საოჯახო სასამართლოს (სასამართლოებისა და ტრიბუნალების სერვის ცენტრი) 2021 წლის 26 ივნისის უპირობო განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ თ.გ–ნის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის, ქ. ლონდონის საოჯახო სასამართლოს (სასამართლოებისა და ტრიბუნალების სერვის ცენტრი) 2021 წლის 26 ივნისის უპირობო განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის, ქ. ლონდონის საოჯახო სასამართლოს (სასამართლოებისა და ტრიბუნალების სერვის ცენტრი) 2021 წლის 26 ივნისის უპირობო განკარგულებით მოსარჩელე მ.გ–ესა და მოპასუხე თ.გ–ნს შორის ქორწინება შეწყდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

პალატა აქვე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. სუსგ: საქმე №ა-4110-შ-117-2021, 2021 წლის 05 ოქტომბერი, ასევე იხ: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, ქ. ლონდონის, საოჯახო სასამართლოს (სასამართლოებისა და ტრიბუნალების სერვის ცენტრი) 2021 წლის 26 ივნისის უპირობო განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.გ–ნის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის, ქ. ლონდონის საოჯახო სასამართლოს (სასამართლოებისა და ტრიბუნალების სერვის ცენტრი) 2021 წლის 26 ივნისის უპირობო განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთის, ქ. ლონდონის საოჯახო სასამართლოს (სასამართლოებისა და ტრიბუნალების სერვის ცენტრი) 2021 წლის 26 ივნისის უპირობო განკარგულება (საქმე #ZZ21D25623) მ.გ–ესა და თ.გ–ნს (პ/ნ ......) შორის, განქორწინების თაობაზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თ. ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ა. ძაბუნიძე