საქმე №ას-1360-2021 03 თებერვალი 2022 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე.მ–ძემ (შემდეგში წოდებული "მოსარჩელე", "მოწინააღმდეგე") სს „ს–ის“ (შემდგომში წოდებული, "მოპასუხე", "აპელანტი", "კასატორი") წინააღმდეგ წარადგინა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად დარჩენილი გადაუხდელი 9 თვისა და 10 დღის ქირის გადახდის დაკისრება, რაც ჯამში 4677 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარს შეადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ე.მ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს „ს–ს“ ე.მ–ძის სასარგებლოდ 1 177 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სს „ს–მა“ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება ძალაში დარჩა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება სს „ს–მა“ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
2022 წლის 20 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
2022 წლის 26 იანვარს, კასატორმა საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე საჩივრის გახმობისა და გადახდილი ბაჟის უკან დაბრუნების თაობაზე იშუამდგომლა.
2022 წლის 28 იანვარს წარმოდგენილი განცხადებით, კასატორის წარმომადგენელმა ნ.გ–მა (რწმუნებულება თან ერთვის შუამდგომლობას) დააზუსტა 2022 წლის 26 იანვრის განცხადებაში მითითებული მოთხოვნა და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ს–ის წარმომადგენლის ნ.გ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვარის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია ასევე, რომ კასატორი სს „ს–ი“ უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIX თავი შეიცავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამავე კოდექსის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით საპროცესო კანონმდებლობის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება განახორციელა, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე სს „ს–ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სრულად უნდა დაუბრუნდეს, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „ს–ის“ მიერ 2022 წლის 06 იანვარს N445631323 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს–ის“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს და სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. სს „ს–ს“ (საიდენთიფიკაციო კოდი: .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით სს „ს–ის“ მიერ 2022 წლის 06 იანვარს N445631323 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე