საქმე №ას-1251-2021 11 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ს.მ–ვი, ფ.მ–ვი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–კო (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.მ–კომ (შემდგომში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ( შემდგომში - თავდაპირველი მოპასუხე), ს.მ–ვის და ფ.მ–ვის ( შემდგომში - მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს “G”-ის პარტნიორთა წილები დაარეგისტრიროს შპს “G”-ის 29.05.2018 წლის პარტნიორთა კრების ოქმის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N180634325, 01.06.2018წ.) საფუძველზე შემდეგი სახით: ი.მ–კო - 99,99015%, ს.მ–ვი - 0,004925%; ფ.მ–ვი - 0,004925% (იხ.დაზუსტებული სარჩელი, ტ.II, ს.ფ. 213-237).
2. მოსარჩელის განმარტებით, შპს „G-ი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და მისი პარტნიორები არიან: ი.მ–კო -67%, ს.მ–ვი -16.5% და ფ.მ–ვი-16.5%. ფ.მ–ვი საწარმოს პარტნიორი გახდა 2018 წლის 22 ნოემბრიდან კ.მ–თან გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
3. 2018 წლის 17 იანვარს შპს “G”-ის პარტნიორთა კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების კაპიტალის 1 000 000 ლარით გაზრდის თაობაზე, რის შედეგადაც, საწარმოს კაპიტალის ოდენობამ შეადგინა 1 000 200 ლარი. 2018 წლის 3 მაისს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა დამატებითი შენატანების განხორციელების ზღვრული ვადა 2018 წლის 10 ოქტომბრიდან გადმოტანილ იქნა 2018 წლის 10 მაისამდე. ი.მ–კოს მიერ 2018 წლის 10 მაისამდე დროის პერიოდში განხორციელდა საკუთარი 67% წილის პროპორციული - 670 000 ლარის დამატებითი შენატანები საზოგადოების კაპიტალში. დანარჩენ პარტნიორებს - ს.მ–ვსა და კ.მ–ს, საწარმოს კაპიტალში დამატებითი შენატანები არ განუხორციელებიათ. 2018 წლის 29 მაისის საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - საზოგადოებაში პარტნიორთა წილების გადანაწილების შესახებ მათ მიერ დადგენილ ვადებში ფაქტობრივად განხორციელებული შენატანების პროპორციულად, რომლის თანახმადაც დადგინდა წილების ახალი თანაფარდობა: ი.მ–კო - 99,99015%, ს.მ– - 0,004925%; კ.მ–ი - 0,004925%.
4. ს.მ–ვისა და კ.მ–ის მიერ პარტნიორთა საერთო კრების 2018 წლის 3 მაისისა და 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებები - საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა დამატებითი შენატანების განხორციელების ზღვრული ვადის გადმოტანისა და დადგენილ ვადაში შენატანის შეუტანლობის გამო, პარტნიორთა შორის წილების ახალი თანაფადრობის დადგენის შესახებ, გასაჩივრდა სასამართლოში, თუმცა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტებმა უარი თქვეს სარჩელზე. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ სარჩელზე წარმოება შეწყვიტა. ასევე, დადგენილია 2018 წლის 17 იანვრის შპს “G”-ის პარტნიორთა კრების ოქმის კანონიერება, ვინაიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, კ.მ–ისა და ს.მ–ვის სასარჩელო მოთხოვნა - აღნიშნული კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელემ საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორთა წილების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 14 მაისს №B19054646 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ნაცვლად პარტნიორთა წილების არსებული ოდენობებისა - ი.მ–კო - 67%, ს.მ–ვი - 16.5% და კ.მ–ი - 16.5%, მოითხოვა წილების შემდეგი სახით დარეგისტრირება: ი.მ–კო - 99,99015%, ს.მ–ვი - 0,004925%; ფ.მ–ვი-0,004925%. მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა მისი მოთხოვნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 15 მაისს მიიღო №B19054646/3 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და განმცხადებელს მოეთხოვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტაციის წარდგენა, რომლითაც დადგინდებოდა 16.5% წილის მფლობელი კ.მ–ის და 16.5%წილის მფლობელი ს.მ–ვის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება (კაპიტალში შენატანი), ვალდებულების შესრულების ვადა და ფორმა. ასევე, იყვნენ, თუ არა პარტნიორები ინფორმირებულები აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადისა და ფორმის თაობაზე. ამასთან, უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა კაპიტალში შენატანის შეუტანლობის ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება ი.მ–კოს მიერ გასაჩივრდა 2019 წლის 20 მაისს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 20 ივნისის №216280 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო №B19054646/4 გადაწყვეტილებით №B19054646 განცხადებაზე წარმოება შეწყვიტა. ი.მ–კომ მარეგისტრირებელი ორგანოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2019 წლის 18 ივლისს, თუმცა, ადმინისტრაციული ორგანოს 2019 წლის 1 აგვისტოს №271118 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ი.მ–კოს მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილ იქნა სრულყოფილი დოკუმენტაცია კ.მ–ისა და ს.მ–ვის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების (საწესდებო შენატანის), ვალდებულების შესრულების ვადისა და ფორმის, ასევე, აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადისა და ფორმის შესახებ პარტნიორთა ინფორმირებულობისა და საწესდებო კაპიტალში შენატანის შეუტანლობის თაობაზე. ამდენად, არსებობდა საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორთა წილების ცვლილების რეგისტრაციის შესახებ №B19054646 განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. თავდაპირველი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის კანონიერი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პარტნიორთა შეთანხმება, რომელიც ეხება პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებას, მის ხმის უფლებას, საჭიროებს ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას. ი.მ–კოს მიერ ერთპიროვნულად იქნა მიღებული გადაწყვეტილებები,რომლებიც შეეხებოდა საწარმოს კაპიტალის გაზრდას სოლიდური თანხით, საწესდებო კაპიტალში შენატანის შეტანის ვადის განსაზღვრას, პარტნიორთა შორის წილების განაწილებას. წარმოდგენილი კრების ოქმებით დგინდება, რომ ს.მ–ვსა და კ.მ–ს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამდენად, მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი, ერთპიროვნულად მიეღო ასეთი გადაწყვეტილებები.
8. მოპასუხეების ს.მ–სა და ფ.მ–ვის წარმომადგენლებმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, მოსარჩელის მიერ 17.01.2018წ.-ის, 03.05.2018წ.-ის და 29.05.2019წ.-ის შპს “G”-ის პარტნიორთა კრებები, ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მათზე მიღებული გადაწყვეტილებებიც არის უკანონო.
9. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ 17.01.2018წ.-ის პარტნიორთა კრებაზე, მოსარჩელემ დანარჩენი პარტნიორების წილების მითვისების მიზნით, ყოველგვარი ფაქტობრივი დასაბუთებისა და პარტნიორთა თანხმობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება შპს “G”-ის საწესდებო კაპიტალის 1000000 ლარით გაზრდის თაობაზე, თითქოსდა ვაშლის შესანახი სამაცივრე კომპლექსის მშენებლობის მიზნით. ასევე, საწესდებო კაპიტალში შენატანების შეტანის ვადის 01.10.2018წ.-მდე განსაზღვრასთან დაკავშირებით. ს.მ–ვისა და კ.მ–ის მიერ მოთხოვნილ იქნა 5 დღიანი ვადა, რათა დეტალურად გაცნობოდნენ საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზანშეწონილობის საკითხს, ვინაიდან კრებაზე არ იყო წარმოდგენილი კაპიტალის გაზრდის მართლზომიერებისა და კომერციულად მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც ზეპირი ფორმით გაკეთდა რაიმე სახის განცხადება აღნიშნულ საკითთხთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაურკვეველია, სამაცივრე კომპლექსის მშენებლობის თუ რა აუციელებლობა არსებობდა. 03.05.2018წ.-ის პარტნიორთა კრებაზე მოსარჩელემ ერთპიროვნულად, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალში შენატანის შეტანის ვადის 01.10.2018წ.-დან 10.05.2018წ.-მდე შემცირების თაობაზე და პარტნიორებს მოსთხოვა შენატანის განხორციელება 7 დღეში. 29.05.2019წ.-ის პარტნიორთა კრებაზე მოსარჩელემ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოახდინა ს.მ–ვისა და კ.მ–ის წილების ფაქტობრივი მითვისება და საკუთრ თავზე გადაფორმება. ამდენად, მოსარჩელის მიერ დანარჩენი პარტნიორების ინტერესების უგულებელყოფითა და მოქმედი სამეწარმეო კანონმდებლობის დარღვევით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან, საწესდებო კაპიტალში შენატანის შეტანის ვადის შემცირებასთან და პარტნიორთა შორის წილების განაწილებასთან დაკავშირებით. ს.მ–ვსა და კ.მ–ს, არ გამოუხატავთ თანხმობა პარტნიორთა კრებაზე განხილულ არცერთ საკითხზე. შესაბამისად, კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა შპს “G”-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს“G”-ის პარტნიორთა წილები დაარეგისტრიროს შპს“G”-ის 29.05.2018 წლის პარტნიორთა კრების ოქმის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N180634325) საფუძველზე შემდეგი სახით: ი.მ–კო - 99,99015%, ს.მ–ვი - 0,004925% და ფ.მ–ვი -0,004925%.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხეების მიერ. აპელანტმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14. შპს “G” (შემდეგში - საწარმო) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია (რეგისტრაციის თარიღი: 06.12.2012წ.). საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ: ვ.მ–კო (50.5%), შ.ა–ვი (16.50%) და კ.მ–ი (33%). დღეის მდგომარეობით პარტნიორები არიან: ს.მ– - 16.5%, ფ.მ–ვი -16.5% და ი.მ–კო - 67%. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი - ი.მ–კო - მოსარჩელე.
15. საწარმოს წესდების 3.2 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს: ა) პროდუქციის წარმოება, მათ შორის მებაღეობა, მებოსტნეობა, სასათბურე მეურნეობა და ნერგების გამოყვანა; ბ) პროდუქციის რეალიზაცია, გადამუშავება და ექსპორტი; გ) საკონსულტაციო, სადისტრიბუციო საქმიანობა და მომსახურების გაწევა; დ) საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციები; ე) კომერციული საქმიანობა; ვ) სამრეწველო და არასამრეწველო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა;ზ) სავაჭრო,საშუამავლო საქმიანობა და სხვ.
16. საწარმოს წესდების 6.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ პარტნიორთა შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელებულიყო დამატებითი შესატანის ვალდებულება, როგორც საწესდებო კაპიტალში, ისე მის გარეთ (სარეზერვო ფონდით). წესდების 7.2 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორი ვალდებულია შეიტანოს კაპიტალში შენატანი დადგენილი წესის შესაბამისად.
17. საწარმოს წესდების 8.1 მუხლის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. პარტნიორთა კრების კომპეტენციას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მიეკუთვნება: სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა (8.2.1); წილთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია (8.2.2); წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა (8.2.3); ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს (8.2.6); შესატანის გადახდის მოთხოვნა(8.2.13); საზოგადოების წესდებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის თაობაზე(8.2.18). მითითებულ საკითხებზე პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით (8.3პუნქტი). პარტნიორთა საერთოკრებაზე, პარტნიორებს აქვთ მათი წილის პროპორციული ხმათა რაოდენობა (8.6 პუნქტი).
18. 2018 წლის 17იანვარს საწარმოს პარტნიორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (რეგისტრაციის თარიღი:18.01.2018წ. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N180050669) საწარმოს კაპიტალის 1000000 ლარით გაზრდის თაობაზე დაგეგმილ ვაშლის შესანახი სამაცივრე კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. საწესდებო კაპიტალში პარტნიორების მიერ შესაბამისი შენატანების შეტანის ზღვრული ვადა დადგინდა 01.10.2018წ.-მდე. კ.მ–სა და ს.მ–ვს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
19. 2018 წლის 3 მაისს საწარმოს პარტნიორთა კრებაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (რეგისტრაციის თარიღი:01.06.2018წ. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N180634324) საწარმოს საწესდებო კაპიტალში პარტნიორების მიერ შესაბამისი შენატანების შეტანისათვის ზღვრული ვადის 2018 წლის 10 მაისამდე განსაზღვრის თაობაზე. კ.მ–სა და ს.მ–ვის წარმომადგენელს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
20. 2018 წლის 29 მაისს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით (რეგისტრაციის თარიღი:01.06.2018წ. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N180634325) პარტნიორებს შორის წილები გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით: ი.მ–კო - 99,99015%, ს.მ–ვი - 0,004925% და კ.მ–ი - 0,004925%. ამასთან, კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწარმოს საწესდებო კაპიტალის 3 000 000 ლარამდე გაზრდისა და გადახდის ვადის 2018 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვრის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით კ.მ–სა და ს.მ–ვს უარი ეთქვათ მათი კუთვნილი წილების 150 000 – 150 000 დოლარად შეძენაზე. კ.მ–ისა და ს.მ–ვის წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
21. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/103-18) კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი ი.მ–კოს მიმართ საწარმოს წესდების 8.3, 12.2, 12.3 მუხლების ბათილად ცნობისა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
22. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/300-18) კ.მ–ისა და ს.მ–ს სარჩელი შპს “G”-ის და ი.მ–კოს მიმართ შპს „G-ის“ 2018 წლის 18 იანვარს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
23. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/592-18) კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი შპს “G”-ის და ი.მ–კოს მიმართ შპს “G”-ის 2018 წლის 3 მაისის კრების ოქმის, დამოწმებული ნოტარიუს ნ.ხ–ას მიერ 01.06.2018 წელს და შპს “G”-ის 2018 წლის 29 მაისის კრების ოქმის, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ 01.06.2018 წელს, ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით (საქმე N2ბ/7424-18) გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ფ.მ–ვის (კ.მ–ის უფლებამონაცვლის) და ს.მ–ვის სარჩელზე წარმოება შეწყდა სარჩელზე უარის თქმის გამო. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
24. 2019 წლის 14 მაისს ი.მ–კომ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორთა წილების ცვლილების რეგისტრაცია და ნაცვლად არსებულისა (ი.მ–კო - 67%, ს.მ– - 16.5%; კ.მ–ი-16.5%), წილების შემდეგი სახით დარეგისტრირება: ი.მ–კო -99,99015%, ს.მ–ვი-0,004925%; ფ.მ–ვი - 0,004925%.
25. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №B19054646/3 გადაწყვეტილებით, ი.მ–კოს განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს მოეთხოვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტაციის წარდგენა, რომლითაც დადგინდებოდა 16.5% წილის მფლობელი კ.მ–ის და 16.5% წილის მფლობელი ს.მ–ვის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება (საწესდებო შენატანი), ვალდებულების შესრულების ვადა და ფორმა. აგრეთვე, ვალდებულების შესრულების ვადისა და ფორმის შესახებ პარტნიორთა ინფორმირებულობა. ამასთან, უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა კაპიტალში შენატანის შეუტანლობის ფაქტი. მარეგისტრირებელი ორგანოს №B19054646/3 გადაწყვეტილებაზე ი.მ–კოს მიერ 2019 წლის 20 მაისს წარდგენილ იქნა N2252563/17 ადმინისტრაციული საჩივარი,რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის N216280 გადაწყვეტილებით არდაკმაყოფილდა, ხოლო, 2019 წლის 24 ივნისის №B19054646/4 გადაწყვეტილებით 2019 წლის 14 მაისის №B19054646 განცხადებაზე წარმოება შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 ივნისის №B19054646/4 გადაწყვეტილება ი.მ–კოს მიერ გასაჩივრდა 2019 წლის 18ივლისს, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 1 აგვისტოს №271118 გადაწყვეტილებით №333512/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
26. ი.მ–კომ 30.01.2018წ.-დან 10.05.2018წ.-მდე პერიოდში საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეიტანა სხვადასხვა ოდენობის თანხა, ჯამში 670000 ლარი. ს.მ–ვსა და კ.მ–ს 2018 წლის 3 მაისის საწარმოს პარტნიორთა კრების ოქმით დადგენილ ვადაში-2018 წლის 10 მაისამდე, საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანები არ განუხორციელებიათ. მათ მიერ შენატანების შეტანა არც აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მომხდარა.
27. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,მეწარმეთა შესახებ’’საქართველოს კანონით (შემდეგში - სპეციალური კანონი).
28. სპეციალური კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. ამავე მუხლის 51 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება, მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ანალოგიურ დათქმას შეიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბერს N241 ბრძანებით დამტკიცებული ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი განსაზღვრულია სპეციალური კანონის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. [ტერმინი ,,დაინტერესებული პირი’’კანონში გამოიყენება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით], კერძოდ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის,,ზ’’ პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.
29. სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება საწარმოს სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილებასთან მიმართებით.
30. მოპასაუხეები/აპელანტები ს.მ–ვი და ფ.მ–ვი სადავოდ ხდიან იმ გარემოებას, რომ არ არსებობდა საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და ამდენად, 2018 წლის 17 იანვრის პარტნიორთა კრებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ 2018 წლის 17 იანვარს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება -საწარმოს კაპიტალის 1000000 ლარით გაზრდის თაობაზე, განპირობებული იყო დაგეგმილი ვაშლის შესანახი სამაცივრე კომპლექსის მშენებლობით. შესაბამისად, არსებობდა პარტნიორების მხრიდან საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანების განხორციელებისა და ასეთი შენატანების შეტანის ვადის განსაზღვრის აუცილებლობა.
31. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 106-ე მუხლის “ბ“ პუნქტით (მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ).
32. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (საქმე N2/300-18), რომლის 3.2.8 პუნქტით დადგენილია, რომ საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ვ.მ–კო (50.5%), შ.ა–ვი (16.50%) და კ.მ–ი (33%). კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი შპს “G ”-ის და ი.მ–კოს მიმართ საწარმოს 2018 წლის 18 იანვარს ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ დამოწმებული 2018 წლის 17 იანვრის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების 3.2.8 პუნქტით დადგენილია, რომ „საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით საწარმოს დომინანტი პარტნიორის მიერ გამოხატული ნება იყო ნამდვილი, რამეთუ საჭიროება იმისა, რომ აშენებულიყო ახალი სამაცივრე კომპლექსი დადასტურებულია, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილია საწარმოს 2016 წლის 3 ოქტომბრის და 2017 წლის 9 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმები, სადაც სამაცივრე კომპლექსის აშენების მიზნით კრებას ერთხმად ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება პარტნიორთა მიერ შენატანების გაზრდასთან და საწარმოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში გადაყვანისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.“
33. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საწარმოს კაპიტალის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საწარმოს კაპიტალს დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სამართლებრივ-ურთიერთობებში ბრუნვისა და ბიზნესის განვითარების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ურთიერთობები კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტით უნდა ხასიათდებოდეს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციის მიზნებისათვის გარკვეული გარანტიების შექმნას მოითხოვს. სწორედ ამგვარი გარანტიის შექმნას ემსახურება მესამე პირებთან ურთიერთობაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი. საზოგადოების კაპიტალის ერთ-ერთი და მთავარი ფუნქცია მესამე პირების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. შესაბამისად, საზოგადოების კაპიტალის ფუნქცია მესამე პირებისათვის ერთგვარი გარანტიის შექმნაა, ზოგადად, კრედიტორისათვის გაცილებით მისაღებია იმ საწარმოსთან ურთიერთობა, რომელსაც უფრო მეტი კაპიტალი აქვს, უფრო მეტი ქონება გააჩნია, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და სავსებით გასაგებია, რომ საზოგადოების შესაძლო არარენტაბელური საქმიანობის შემთხვევაში, კრედიტორს გაცილებით დიდი ალბათობა აქვს დიდი ქონებიდან დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, ვიდრე მცირე სახსრებიდან. ამიტომ შეიძლება ითქვას,რომ სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალი კაპიტალური საზოგადოების სიმყარის გარანტიასაც წარმოადგენს.
34. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას, მართებულად გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ 2016 წლის 3 ოქტომბრის კრებაზე საწარმოს პარტნიორების ი.მ–კოს, კ.მ–ისა და ს.მ–ვის მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდისა და შენატანების განხორციელების ბოლო ვადად 10.01.2018 წლის დადგენის თაობაზე. 2017 წლის 9 ნოემბრის კრებაზე პარტნიორების ი.მ–კოს, კ.მ–ისა და ს.მ–ვის მიერ, ასევე, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში გადაყვანისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა სამაცივრე კომპლექსის აშენება ვაშლის ხანგრძლივი შენახვისათვის. 2017 წლის 10 ნოემბერს საწარმოს დირექტორმა-კ.მ–მა შესაბამისი განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
35. 2020 წლის 27 იანვარს საწარმოს დირექტორის - ი. მ–ოსა და ბუღალტერის - ტ. უ–ოს მიერ გაიცა N01 ცნობა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 27 იანვრის მდგომარეობით საწარმოს მიერ საკუთარი ვაშლის მოსავლის მარნეულში მდებარე შპს ე.პ.დ. &ა–ს კუთვნილ სამაცივრე კომპლექსში შენახვაზე (2018 წლიდან დღემდე დროის პერიოდში) გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს -80615.76 ლარი,ხოლო 2019 წელს -98150.4ლარი, სულ 178766.16 ლარის ოდენობით.
36. 2018 წლის 12 სექტემბერს საწარმოს დირექტორის - ი.მ–კოსა და ბუღალტერის - ტ.უ–ოს მიერ გაცემული N14 ცნობის შესაბამისად, საწარმოს მიერ, ვაშლის შესანახი სამაცივრე კომპლექსის მშენებლობისათვის განკუთვნილი სამშენებლო მასალებისა და მეტალო კონსტრუქციების, ასევე ტექნოლოგიური მოწყობილობა-დანადგარების შეძენა-ტრანსპორტირებაზე წინასწარ იქნა გადახდილი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხების ნაწილი -266642.58ლარი და 114 348.75 ევრო, რამაც საერთო ჯამში ეროვნულ ვალუტაში შეადგინა 596 042.05 ლარი. აღნიშნული თანხების გაწევის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები წარმოდგენილია საქმეში (ტ.II,152-159). 2020 წლის 30 სექტემბერს ი. მ–სა და ბუღალტერის - ტ. უ–ოს მიერ გაცემული N2 ცნობის თანახმად, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საწარმოს მიერ საკუთარი ვაშლის მოსავალს მარნეულში შპს ე.პ.&ა-ს კუთვნილ სამაცივრე კომპლექსში შენახვაზე (2018 წლიდან დღემდედროისპერიოდში)გაწეულიქნაშემდეგიხარჯები: 2018 წელს - 80 615.76 ლარი, ხოლო 2019 წელს - 98 150.4ლარი, 2020 წელს-123663 ლარი.სულ ხარჯი შეადგენს - 302429.16 ლარს.
37. ამდენად, მითითებული მტკიცებულებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელს კ.მ–ისა და ს.მ–ვის მიერ გამოვლენილ იქნა ნება საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებობდა ვაშლის შესანახი სამაცივრე კომპლექსის აშენების აუცილებლობა, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მოპასუხეთა/აპელანტთა მოსაზრება,რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზანი მხოლოდ პარტნიორთა წილის შემცირება იყო და რომ კანონით გათვალისწინებული კაპიტალის გაზრდის საჭიროება არ არსებობდა
38. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სპეციალური კანონის 46.21 მუხლზე, რომელიც არეგულირებს საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში, შესაბამისი შენატანის შეუტანლობისას წარმოშობილ ურთიერთობას. ასეთ დროს, ერთ-ერთი პარტნიორის მიერ დამატებითი შენატანის გადაუხდელობამ შესაძლებელია, გამოიწვიოს კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ხელახლა გადანაწილების საჭიროება, სხვა პარტნიორების მიერ განხორციელებული დამატებითი შენატანების წილების პროპორციულად, შედეგად კი, იმ პარტნიორის წილის შემცირება, რომელსაც დამატებითი შენატანი არ შეუტანია (იხ. სუსგ. Nას-3243-2021, 29.06.2021წ.).
39. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 29 მაისის კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწარმოს საწესდებო კაპიტალის 3 000 000 ლარამდე გაზრდისა და გადახდის ვადის 2018 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვრის თაობაზე, რაც წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ გარიგებას.
40. სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, შესაბამისად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ან მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ. მრავალმხრივი გარიგების გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება არა გამოვლენილ ნებათა კონსესუსის საფუძველზე, არამედ გამოვლენილ ნებათა უმრავლესობის მიერ. გადაწყვეტილების მიღების პირობები და პროცედურა ჩვეულებრივ კანონით განისაზღვრება. მაგალითად, პარტნიორების საერთო კრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდება მეწარმეთა შესახებ კანონის საფუძველზე. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების, როგორც მრავალმხრივი გარიგების თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ მას მბოჭავი და სავალდებულო ძალა აქვთ იმ პირთათვისაც, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ ამ გადაწყვეტილების მიღების, მაგალითად, კენჭისყრაში მონაწილეთა უმცირესობა(შდრ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 50, ველი 14, თბილისი, 2017, 290-291). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც (44-ემუხლი). პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და წესდებით. საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი წესდებით. საწარმოში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის147-ედა 152-ემუხლები).
41. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატებით ფუნქციონირების წინაპირობა თავად ამ საზოგადოებაში პარტნიორთა უფლებებისა და საწარმოს ინტერესების პატივისცემაა. ამ მოვალეობათა პატივისცემისა და დაცვის სამართლებრივ საფუძველს პარტნიორთა შორის დადებული გარიგება (წესდება) წარმოადგენს, რომლითაც ისინი საზოგადოების დაფუძნებაზე თანხმდებიან. საწარმოს ეფექტური საქმიანობის საფუძველი ის არის, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული შეთანხმებების კეთილსინდისიერად შესრულების, მათი განუხრელი დაცვისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპი(იხ. ირაკლი ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, თბილისი, 2013, გვ.157; სუსგ Nას-324-2021, 29.06.2021წ.).
42. განსახილველი დავის ფარგლებში ასევე უმნიშვნელოვანესია, შეფასდეს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხიც, რამდენადაც დავა შეეხება საწარმოს დომინანტ და მინორიტარ პარტნიორებს და მათ მიერ უფლება-მოვალეობათა რეალიზაციის კანონიერებას (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად). საკორპორაციო სამართალში უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სპეციალური კანონი იცნობს „დომინანტი პარტნიორის“ ცნებას და 3.8. მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, დომინანტ პარტნიორად ან პარტნიორთა ჯგუფად მიიჩნევა პირი/ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე. ,,მინორიტარი პარტნიორის’’ ცნებას კანონი პირდაპირ არგვთავაზობს, თუმცა, მის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს ზემოხსენებული ნორმა იძლევა - არ შეუძლია დამოუკიდებლად გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგებზე.
43. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტის თანახმად, თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის 52 პუნქტის შესაბამისად, თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია.
44. სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამგადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ან/და არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.
45. სპეციალური კანონის შესაბამისი ნორმები არ ადგენენ მითითებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების რაიმე სავალდებულო წესს (ხმათა ოდენობას). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში გადაწყვეტილების, მათ შორის საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ოდენობის განსაზღვრა, კანონმა მიანდო თავად საზოგადოების პარტნიორებს, რომელთა მიერ დადგენილი წესები ასახულია წესდებაში.
46. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ამდენად, სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, შესაბამისად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს.
47. საწარმოს წესდების 6.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ პარტნიორთა შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელებულიყო დამატებითი შესატანის ვალდებულება, როგორც საწესდებო კაპიტალში, ისე მის გარეთ (სარეზერვო ფონდით). წესდების 7.2 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორი ვალდებულია შეიტანოს კაპიტალში შენატანი დადგენილი წესის შესაბამისად. კომპანიის წესდების 8.1 მუხლის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. პარტნიორთა კრების კომპეტენციას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მიეკუთვნება: სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა (8.2.1); წილთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია (8.2.2); წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა (8.2.3); ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს (8.2.6); შესატანის გადახდის მოთხოვნა (8.2.13); საზოგადოების წესდებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის თაობაზე (8.2.18). ზემოთმითითებულ საკითხებზე პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით (8.3პუნქტი). პარტნიორთა საერთო კრებაზე, პარტნიორებს აქვთ მათი წილის პროპორციული ხმათა რაოდენობა (8.6 პუნქტი).
48. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც საწარმოს კაპიტალი შეადგენდა 200 ლარს (წესდების 6.1პუნქტი), საწესდებო კაპიტალის გაზრდა საჭიროებდა პარტნიორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებას და საწარმოს წესდება იმგვარ დათქმას, რომ სადავო საკითხების გადაწყვეტას ესაჭიროება ყველა პარტნიორის თანხმობა,არ შეიცავს.
49. დადგენილია, რომ საწარმოს პარტნიორთა კრების 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით (რეგისტრაციის თარიღი: 18.01.2018წ. სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N180050669) განისაზღვრა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდა 1000000 ლარამდე. ასევე, შენატანების შეტანის ზღვრულ ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბერი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N2/300-18) კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი შპს“G”-ის და ი.მ–კოს მიმართ შპს“G”-ის 2018 წლის 18 იანვარს ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ დამოწმებული კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. 2018 წლის 3 მაისის პარტნიორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შენატანის შეტანის ვადის შემცირების შესახებ და შენატანის განხორციელების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 10 მაისი. აღნიშნულ სხდომაზე, საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.უდავო გარემოებად შეფასდა, რო მკ.მ–სა და ს.მ–ვს საწესდებო კაპიტალში შენატანი არ განუხორციელებიათ, ხოლო ი.მ–კომ შეიტანა თავისი წილის პროპორციული შენატანი. აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდა 2018 წლის 29 მაისის პარტნიორთა კრებაზე წილების გადანაწილება. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის 3000000 ლარამდე გაზრდისა და შენატანის განხორციელების ვადის განსაზღვრის შესახებ.
50. სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებანუარიანია, თუ მას ესწრება/ესწრებიან ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი/პარტნიორები. კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. მე-9 პუნქტის მიხედვით, კი, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამგადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ან/და არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.
51. 2018 წლის 3 მაისს და 2018 წლის 29 მაისს პარტნიორთა კრებაზე განხილული საკითხები წარმოადგენს ისეთ საკითხებს, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას. აღნიშნული საკითხების განხილვას, კი, სპეციალური კანონიოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ესაჭიროება ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილება, რაც იმთავითვე არ გულისხმობს მოცემული გადაწყვეტილების ერთხმად მიღების ვალდებულებას.
52. უდავო გარემოებად შეფასდა, რომ 2018 წლის 3 მაისის და 2018 წლის 29 მაისის პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ყველა პარტნიორი (ი.მ–კო წარმომადგენლებთან ერთად, ხოლო ს.მ–ვი და კ.მ–ი წარმომადგენლის მეშვეობით). ასევე, უდავოა, რომ ს.მ–ვსა და კ.მ–ს საწარმოს საწესდებო კაპიტალში 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით შენატანი არ განუხორციელებიათ, ხოლო ი.მ–კომ შეიტანა თავისი წილის შესაბამისი შენატანი. 2018 წლის 29 მაისის კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარტნიორებს შორის წილების შემდეგნაირად გადანაწილების შესახებ: ი.მ–კო-99,99015%, ს.მ–ვი - 0,004925%; ფ.მ–ვი-0,004925%. მოსარჩელემ საკითხს პარტნიორებს შორის წილების აღნიშნული სახით განაწილების თაობაზე მხარი დაუჭირა, დანარჩენი პარტნიორების წარმომადგენელი, კი, არ დაეთანხმა ამას.
53. საგულისხმოა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/103-18) კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი ი.მ–კოს მიმართ შპს “G”-ის წესდების 8.3, 12.2, 12.3 მუხლების ბათილად ცნობისა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან,ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/592-18) კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი შპს “G”-ის და ი.მ–კოს მიმართ შპს “G”-ის 2018 წლის 3 მაისის კრების ოქმის, დამოწმებული ნოტარიუს ნ.ხ–ას მიერ 01.06.2018 წელს და შპს G”-ის 2018 წლის 29 მაისის კრების ოქმის, დამოწმებული ნოტარიუს ნ.ხ–ას მიერ 01.06.2018 წელს, ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8აპრილის განჩინებით (საქმეN2ბ/7424-18) გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ფ.მ–ვის (კ.მ–ის უფლებამონაცვლის) და ს.მ–ვის სარჩელზე წარმოება შეწყდა სარჩელზე უარის თქმის გამო და განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება. ამდენად, შპს “G”-ის 2018 წლის 3 მაისისა და 2018 წლის 29 მაისის კრების ოქმებს ფ.მ–ვი და ს.მ–ვი სადავოდ ვეღარ გახდიან, რაც მიუთითებს აღნიშნული ოქმების იურიდიულ ძალმოსილებას.
54. სპეციალური კანონით დადგენილი არ არის საზოგადოების მიერ კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიული მოთხოვნა. კანონის ისეთი ინტერპრეტაცია, რომლითაც დადგინდება აქციონერთა მიერ სააქციო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიული წესი, შეიძლება გახდეს კაპიტალური საზოგადოების განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორი, ვინაიდან აქციონერი, რომელსაც არ შესწევს უნარი განახორციელოს დამატებითი შენატანი ან შეავსოს განუთავსებელი აქციები მისი წილის პროპორციულად, უმრავლეს შემთხვევაში, ხმას მისცემს მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგ თავისი პროცენტული წილის შესანარჩუნებლად, რაც, საბოლოო ჯამში, დააზიანებს კაპიტალური საზოგადოებების განვითარების პროცესს. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, უმთავრესია, რომ აქციონერები არ იქნენ ჩაყენებულნი არათანაბარ მდგომარეობაში და თანაბრად მიეცეთ თავიანთი ქონებრივი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.(.სუსგ #ას-1101-1037-2015, 27.09.2016).
55. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორთა კრების 17.01.2018 წლის, 03.05.2018 წლისა და 29.05.2018 წლის გადაწყვეტილებები იმთავითვე არ წარმოშობდა პარტნიორის რეგისტრირებული უფლების გაუქმებას, საზოგადოებაში წილის დაკარგვას და პარტნიორის უპირობოდ გარიცხვას. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებები არც კ.მ–ის (ახლა უკვე, ფ.მ–ვის) და ს.მ–ვის ხმის უფლებაზე მოახდენდნენ (მოახდენენ) გავლენას, ვინაიდან ისინი, წილების ახალი თანაფარდობით განაწილებამდეც მინორიტარულ მდგომარეობაში იყვნენ. შესაბამისად, ი.მ–კოს გააჩნდა მოცემული სარჩელით სადავოდ გამხდარ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დადგენილია შპს “G”-ის საწესდებო კაპიტალის გაზრდის აუცილებლობა, რაც განპირობებული იყო დაგეგმილი ვაშლის შესანახი სამაცივრე კომპლექსის მშენებლობით.
56. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხეთა მიერ. კასატორები მოთხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას.
57. კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელემ - დომინანტმა პარტნიორმა თავისი დომინანტური მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, ამ და სხვა დავების ფარგლებში მთელი მისი მოქმედება ემსახურებოდა პარტნიორთა წილების დე-იურე მითვისებას, მოცემულ დავამდე მათ წილს ის დე-ფაქტო დაეუფლა.
58. კასატორთა მოსაზრებით, არასწორად არის განმარტებული სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 52 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია. სპეციალური კანონის 91 მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. საწარმოს წესდების 6.3 მუხლი „პარტნიორთა შეთანხმებით შეიძლება განხორციელებულ იქნეს დანატებითი შენატანი როგორც საწესდებო კაპიტალში, ისე მის გარეთ (სარეზერვო ფონდში).“ კასატორები მიუთითებენ, რომ პარტნიორები კრებაზე არ შეთანხმებულან. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო, მხოლოდ 2016 წლის კრების ოქმებზე მითითებით ახერხებს სადავო 2018 წლის ოქმების „კანონიერებაზე“ მითითებას, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელესა და მოპასუხეებს, ვინაიდან 2016-2017 წლებში პარტნიორთა ციტირებული კრების გადაწყვეტილებები არავის შეუსრულებია და ის არავისათვის არ გამხდარა შესასრულებლად სავალდებულო. მათი შეუსრულებლობა არ წარმოადგენს დავის საგანს. მიუხედავად ამისა, სწორედ მათი შეუსრულებლობა ჩაუთვალა მოსამართლემ კასატორებს დარღვევად ოღონდ, სხვა ოქმის, კერძოდ სადაოდ გამხდარი 2018 წლის ოქმის დარღვევად. ასეთი მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან. კასატორთა მოსაზრებით, დაუშვებელია, რომ არასავალდებულო აქტების შეუსრულებლობა (იმ აქტების, რომელიც არც მოსარჩელეს შეუსრულებია და არც მოპასუხეს) დასჯადი გახდეს ზოგიერთი პარტნიორისათვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - კასატორთათვის.
59. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 2017 წლის ნოემბრიდან ი.მ–კომ მკვეთრად შეცვალა დამოკიდებულება პარტნიორთა მიმართ და თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით უხეშად და უკანონოდ ერეოდა მოპასუხეთა საქმიანობაში. 2017 წლის ნოემბრის თვიდან ორივე მოპასუხე აღმოჩნდა ფაქტობრივ იზოლაციაში კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, რაზედაც კომპანიის პარტნიორი და დირექტორი კ.მ–ი იძულებული გახდა 2018 წლის 11 იანვარს წარედგინა განცხადება საჯარო რეესტრში და მოეთხოვა თანამდებობიდან განთავისუფლება. პარტნიორთა კუთვნილი წილების მითვისების მიზნით, ი.მ–კომ ყოველგვარი ფაქტობრივი დასაბუთებისა და პარნიორთა თანხმობის გარეშე, ერთპიროვნულად, მიიღო გადაწყვეტილება შპს-ს საწესდებო კაპიტალის 1 000 000 ლარით გაზრდის თაობაზე თითქოსდა ვაშლის შესანახი სამაცივრე კომპლექსის მშენებლობის საბაბით. ამასთან, ი.მ–კომ ერთპიროვნულად და პარტნიორთა თანხმობის გარეშე განსაზღვრა შენატანების შეტანის ზღვრული ვადა 01.10.2018 წ -მდე. სადაო კრების ოქმთან მიმართებით კ.და ს.მ–ვებმა მოითხოვეს 5 დღინი ვადა რათა დეტალურად გაცნობოდნენ საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზანშეწონილობის საკითხს, ვინაიდან კრებაზე არ იყო წარმოდგენილი კაპიტალის გაზრდის მართლზომიერებისა და კომერციული მართებულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება (დოკუმენტაცია). არც ზეპირი ფორმით გაკეთებულა რაიმე სახის განმარტება (ბიზნეს-გეგმა) ე.წ სამაცივრო კომპლექსის მშენებლობის აუცილებლობის თაობაზე. წარმოდგენილი არ ყოფილა კომპლექსის პროექტი, სამშენებლო ნებართვა, ხარჯთაღრიცხვა, მოსალოდნელი მოგება-ზარალის ამსახველი რაიმე ფინანსური გაანგარიშება. საწესდებო კაპიტალის ამგვარი ზრდა მინორიტარი პარტნიორების ინტერესების გათვალისწინების გარეშე არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ და საჭიროებს უფრო დეტალურ დასაბუთებას.
60. პარტნიორთა წილების მითვისების მიზნით, ი.მ–კომ მიზანდასახულად განახორციელა მორიგი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში: 26.01.2018 წლის უკანონო ბრძანებითა და შესაბამისი ინსტრუქციით პარტნიორებს აეკრძალა საწარმოს ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება. ე.ი ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტი, მონაწილეობა და ზედამხედველობა საზოგადოებრივ საქმიანობაზე, რითაც ფქტობრივად დაეუფლა და უკანონოდ სარგებლობს საზოგადოების სრული, 100%-იანი კაპიტალით. ი.მ–კომ აღუკვეთა პარტნიორებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მესამე მუხლის მეათე პუნქტით გათვალისწინებული უფლებები. ი.მ–კომ ცინიკურად და უკანონოდ მოითხოვა კომპანიის კაპიტალში 333 000 ლარის შემოტანა 01/10/2018-მდე, მაგრამ საგანგებოდ მიღებული ბრძანებით წინსწრებით პარტნიორებს ჩამოართვა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მესამე მუხლის მეათე პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.
61. 2018 წლის 26 იანვრის მიღებული ბრძანება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, შპს-ს დაევალა შესაბამისი ქმედების განხორციელება, კერძოდ აღიარებული იქნა კ.მ–ისა და ს.მ–ვის კანონით უზრუნველყოფილი უფლება მონაწილეობა მიეღოთ კომპანიის ფუნქციონირებაში, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და კანონით უზრუნველყოფილ უფლებას ი.მ–კო არ დაეთანხმა და გაასაჩივრა გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში, რითაც მან შეუძლებელი გახადა გადაწყვეტილების აღსრულება.
62. 2018 წლის 17 იანვარს ანალოგიური მიზნით ი.მ–კომ, კრების ოქმით დადგენილი, საწესდებო კაპიტალის შეტანის ვადა 01/10/2018 დან შეამცირა 5 თვით და პარტნიორებს მოსთხოვა 7 დღეში თანხის შემოტანა და ამ მიზნით, დაადგინა ახალი ვადა - 10.05.2018 შესატანის განსახორციელებლად. მიუხედავად პარტნიორების კანონიერი მოთხოვნისა 03.05.2018 წ-ის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად ი.მ–კოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი სამაცივრო კომპლექსის მშენებლობის ბიზნეს გეგმა. პარტნიორებს არ გადასცემიათ კომპანიის საფინანსო დოკუმენტები.
63. კასატორთა მოსაზრებით, მითითება 2016 და 2017 წლის კრების ოქმებზე უსაფუძვლოა როგორც ფაქტობრივი ასევე, სამართლებრივი კუთხით ვინაიდან ამ კრებებში მიღებული გადაწყვეტილებები არცერთ პარტნიორს, მათ შორის არც მოწინააღმდეგეს, არ შეუსრულებიათ, ვინაიდან საჭიროდ არ ჩათვალეს. ამასთან, აღნიშნული ოქმების შესრულება არ წარმოადგენს დავის საგანს. დავის საგანია 2018 წლის კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. სპეციალური კანონის მიხედვით, თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. საწარმოს წესდების 6.3 მუხლის მიხედვით პარტნიორთა შეთანხმებით შეიძლება განხორციელებულ იქნეს დამატებითი შენატანი, როგორც საწესდებო კაპიტალში, ისე მის გარეთ (სარეზერვო ფონდში). „პარტნიორთა შეთანხმებას“ სადავო კრებებზე ადგილი არ ჰქონია და მითითებულის საპირისპიროს წარმოჩენა სააპელაციო პალატის მიერ, არასადავო და არავის მიერ სავალდებულოდ შესასრულებელ ოქმებზე აპელირებით, ემსახურება ფაქტობრივი გარემოებების უსწორო და უსამართლო დადგენას.
სამოტივაციო ნაწილი:
64. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
65. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაერეგისტრირებინა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შპს “G”-ის პარტნიორთა წილები შპს “G”-ის 29.05.2018 წლის პარტნიორთა კრების ოქმის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N180634325) საფუძველზე შემდეგი სახით: ი.მ–კო - 99,99015%, ს.მ–ვი - 0,004925%; ფ.მ–ვი -0,004925%, ასაჩივრებენ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა საწარმოში, თავისი დომინანტური მდგომარეობა. მან, პარტნიორთა თანხმობის გარეშე, ერთპიროვნულად, მიიღო გადაწყვეტილება შპს-ს საწესდებო კაპიტალის 1 000 000 ლარით გაზრდის თაობაზე, თითქოსდა ვაშლის შესანახი სამაცივრე კომპლექსის მშენებლობის საბაბით. მოსარჩელემ ერთპიროვნულად, პარტნიორთა თანხმობის გარეშე, განსაზღვრა შენატანების შეტანის ზღვრული ვადა. 2018 წლის 17 იანვრის სადავო კრების ოქმთან მიმართებით, კასატორებმა მოითხოვეს 5 დღიანი ვადა, რათა დეტალურად გაცნობოდნენ საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზანშეწონილობის საკითხს, ვინაიდან კრებაზე არ იყო წარმოდგენილი კაპიტალის გაზრდის მართლზომიერებისა და კომერციული მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულება (დოკუმენტაცია). არც ზეპირი ფორმით გაკეთებულა რაიმე სახის განმარტება (ბიზნეს-გეგმა) ე.წ სამაცივრო კომპლექსის მშენებლობის აუცილებლობის თაობაზე. წარმოდგენილი არ ყოფილა კომპლექსის პროექტი, სამშენებლო ნებართვა, ხარჯთაღრიცხვა, მოსალოდნელი მოგება-ზარალის ამსახველი რაიმე ფინანსური გაანგარიშება. საწესდებო კაპიტალის ამგვარი ზრდა მინორიტარი პარტნიორების ინტერესების გათვალისწინების გარეშე, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ და საჭიროებს უფრო დეტალურ დასაბუთებას.
66. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
67. საქმეზე დადგენილია, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება -მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საწარმოს პარტნიორთა წილები დარეგისტრირებულიყო საწარმოს 29.05.2018 წლის პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე შემდეგი სახით: ი.მ–კო - 99,99015%, ს.მ–ვი-0,004925%; ფ.მ–ვი-0,004925% (იხ.დაზუსტებული სარჩელი, ტ.II,ს.ფ.213-237). მოპასუხეთა მოსაზრებით, აღნიშნული კრების ოქმით შეილახა მათი, როგორც საწარმოს მინორიტარ პარტნიორთა უფლებები.
68. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რაც იმაში გამოიხატება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით;
69. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
70. ვიდრე დადგენილი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას შეუდგებოდეს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.
71. ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით „მიუკერძოებლობის“ მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება. პირველი, სასამართლო სუბიექტურად თავისუფალი უნდა იყოს პიროვნული ზრახვებისა და მიდრეკილებებისაგან. მეორე, იგი ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით, ანუ მან უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები ამ თვალსაზრისით ნებისმიერი კანონიერი ეჭვის გამოსარიცხად (იხ. გოტრინი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-III, გვ. 10-0- 31, §58; მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №38784/97, §58, ECHR 2002-I). რაც შეეხება სუბიექტურობას, მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად უნდა იქნას მიჩნეული, ვიდრე ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება (იხ. ჰაუსშიდტი დანიის წინააღმდეგ, 1989 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, სერია A №154, გვ. 21, §47; დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, №42095/98, §30, ECHR 2000-X). სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას (იხ. Case If Galstyan v, Armenia, საჩივარი no26986/0).
72. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
74. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
75. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).
76. სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
77. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უმნიშვნელოვანესია, შეფასდეს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხი, რამდენადაც დავა შეეხება საწარმოს დომინანტ და მინორიტარ პარტნიორებს და მათ მიერ უფლება-მოვალეობათა რეალიზაციის კანონიერებას. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. საკორპორაციო სამართალში უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც კაპიტალური ტიპის საზოგადოებაში „წილი“ წარმოადგენს „მფლობელობას“ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში და მასზე ვრცელდება საკუთრების ინსტიტუტიდან ნაწარმოები აბსოლუტური უფლებები (იხ. ECHR: Bramelid and Malmstrom v. Sweden (N8588/79; N8589/79; 12/12/1983)). დავის წარმოშობისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს „დომინანტი პარტნიორის“ ცნებას და 3.8. მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, დომინანტ პარტნიორად ან პარტნიორთა ჯგუფად მიიჩნევა პირი/ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე. მინორიტარი პარტნიორის ცნებას კანონი პირდაპირ არ გვთავაზობს, თუმცა, მის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს ზემოხსენებული ნორმა იძლევა - არ შეუძლია დამოუკიდებლად გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგებზე. მინორიტარი პარტნიორების უფლებების დაცვაზე მიუთითებს, მაგალითად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებამოსილებანი. სარჩელის უფლების განსაკუთრებულობა განაპირობებს სასამართლოს მხრიდან კრების გადაწყვეტილების შინაარსობრივი საფუძვლიანობის შემოწმების აუცილებლობას, რათა დადგინდეს სამეწარმეო ურთიერთობის სფეროს მიკუთვნებული სუბიექტების ქმედების მართლზომიერება, ანუ სახეზეა თუ არა მინორიტართა ინტერესების დარღვევის ფაქტი და მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო ურთიერთობის სუბიექტთა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწონის თუ არა უმცირესობაში მყოფ პარტნიორთა ინტერესებს.
78. როგორც ეს მოცემულ საქმეზეა დადგენილი, საწარმო რეგისტრირებულია შეზუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით და მისი პარტნიორები არიან მოსარჩელე - 67%, ს.მ–ვი -16.5%; ფ.მ–ვი-16.5% (ფ.მ–ვი საწარმოს პარტნიორი გახდა 2018 წლის 22 ნოემბრიდან კ.მ–თან გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე).
79. 2018 წლის 17იანვარს საწარმოს პარტნიორთა კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების კაპიტალის 1 000 000 ლარით გაზრდის თაობაზე, რის შედეგადაც, საწარმოს კაპიტალის ოდენობამ შეადგინა 1 000 200 ლარი. 2018 წლის 3 მაისს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა დამატებითი შენატანების განხორციელების ზღვრული ვადა 2018 წლის 10 ოქტომბრიდან გადმოტანილ იქნა 2018 წლის 10 მაისამდე. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 10 მაისამდე დროის პერიოდში განხორციელდა საკუთარი 67% წილის პროპორციული - 670 000 ლარის დამატებითი შენატანები საზოგადოების კაპიტალში. მოპასუხეებს - დანარჩენ პარტნიორებს, საწარმოს კაპიტალში დამატებითი შენატანები არ განუხორციელებიათ. 2018 წლის 29 მაისის საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - საზოგადოებაში პარტნიორთა წილების გადანაწილების შესახებ მათ მიერ დადგენილ ვადებში ფაქტობრივად განხორციელებული შენატანების პროპორციულად და დადგინდა წილების ახალი თანაფარდობა: ი.მ–კო-99,99015%, ს.მ–ვი -0,004925%; კ.მ–ი-0,004925%.
80. დადგენილია, რომ საწარმოს წესდების 6.3 პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელებულიყო დამატებითი შესატანის ვალდებულება, როგორც საწესდებო კაპიტალში, ისე მის გარეთ (სარეზერვო ფონდით). წესდების 7.2 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორი ვალდებულია შეიტანოს კაპიტალში შენატანი დადგენილი წესის შესაბამისად. საწარმოს წესდების 8.1 მუხლის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. პარტნიორთა კრების კომპეტენციას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მიეკუთვნება: სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა (8.2.1); წილთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია (8.2.2); წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა(8.2.3); ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს (8.2.6); შესატანის გადახდის მოთხოვნა (8.2.13); საზოგადოების წესდებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის თაობაზე (8.2.18). მითითებულ საკითხებზე პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით (8.3პუნქტი). პარტნიორთა საერთო კრებაზე, პარტნიორებს აქვთ მათი წილის პროპორციული ხმათა რაოდენობა (8.6 პუნქტი).
81. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/103-18), მოპასუხეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ი.მ–კოს მიმართ, საწარმოს წესდების 8.3, 12.2, 12.3 მუხლების ბათილად ცნობისა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბების თაობაზე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ( იხ. ტ.1.ს.ფ.92-107).
82. დადგენილია, რომ 2018 წლის 17იანვარს საწარმოს პარტნიორთა კრებაზე, მოსარჩელის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწარმოს კაპიტალის 1000000 ლარით გაზრდის თაობაზე, დაგეგმილი ვაშლის შესანახი სამაცივრე კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. საწესდებო კაპიტალში პარტნიორების მიერ შესაბამისი შენატანების შეტანის ზღვრული ვადა დადგინდა 01.10.2018წ.-მდე. მოპასუხეებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
83. დადგენილია, რომ 2018 წლის 3 მაისს საწარმოს პარტნიორთა კრებაზე მოსარჩელის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწარმოს საწესდებო კაპიტალში პარტნიორების მიერ შესაბამისი შენატანების შეტანისათვის ზღვრული ვადის 2018 წლის 10 მაისამდე განსაზღვრის თაობაზე. მოპასუხეების წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
84. დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მაისს პარტნიორთა კრებაზე მოსარჩელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით პარტნიორებს შორის წილები გადანაწილდა შემდეგი თანაფარდობით: ი.მ–კო - 99,99015%, ს.მ–ვი - 0,004925%; კ.მ–ი - 0,004925%. ამასთან, კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწარმოს საწესდებო კაპიტალის 3 000 000 ლარამდე გაზრდისა და გადახდის ვადის 2018 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვრის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით კ.მ–სა და ს.მ–ვს უარი ეთქვათ მათი კუთვნილი წილების 150 000 – 150 000 დოლარად შეძენაზე. მოპასუხეების წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
85. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ( საქმე N2/300-18), არ დაკმაყოფილდა კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი ი.მ–კოსა და შპს “G”-ის მიმართ 2018 წლის 17 იანვრის კრების ოქმის, (დამოწმებული 2018 წლის 18 იანვარს ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N180050669), ბათილად ცნობის თაობაზე (იხ.ტ1.ს.ფ.78-88). ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/592-18) კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი შპს “G”-ის და ი.მ–კოს მიმართ შპს “G”-ის 2018 წლის 3 მაისის კრების ოქმის, დამოწმებული ნოტარიუს ნ.ხ–ას მიერ 01.06.2018 წელს და შპს G”-ის 2018 წლის 29 მაისის კრების ოქმის, დამოწმებული ნოტარიუს ნ.ხ–ას მიერ 01.06.2018 წელს, ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. (იხ. ტ.1.ს.ფ.126-138). მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით (საქმე N 2ბ/7424-18) გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ფ.მ–ვის (კ.მ–ის უფლებამონაცვლის) და ს.მ–ვის სარჩელზე წარმოება შეწყდა, მოსარჩელეების მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო და განჩინება შესულია კანონიერ ძალაში( იხ. ტ.1.ს.ფ.122-124), თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება. ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ შპს “G”-ის 2018 წლის 3 მაისისა და 2018 წლის 29 მაისის კრების ოქმებს, ფ.მ–ვი და ს.მ–ვი სადავოდ ვეღარ გახდიან, რაც მიუთითებს აღნიშნული ოქმების იურიდიულ ძალმოსილებას.
86. საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
87. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
88. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.
89. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოსაქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს.2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს.3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ.4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
90. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
91. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
92. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
93. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს.კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
94. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“. ( იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4).„მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები, რომლებზეც მხარეები არ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ.დამატებით: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).
95. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
96. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებასდა ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
97. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პრეიუდიციულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე. ( იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 377).
98. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას. (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
99. სსსკ-ის 266-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვერდი 998).
100. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) - იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვერდი 999.).
101. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეიუდიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს ფაქტს, თუკი, სწორედ მას დაეყრდნო გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი (სარეზოლუციო ნაწილი). პრაქტიკულად, ეს უნდა იყოს იურიდიული შედეგის განმაპირობებელი აუცილებელი ფაქტი. მატერიალური ასპექტი ნათლად წარმოაჩენს, რომ სასამართლომ უპირობოდ არ უნდა მიიღოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიჩნეული ფაქტები, როგორც პრეიუდიციული ძალის მქონე. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი მატერიალური მხარე და გამოარკვიოს ნამდვილად ამ ფაქტს ეყრდნობა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). შემოწმება უნდა განხორციელდეს როგორც პროცესუალური (პროცესუალური წინაპირობებია: (1) კანონიერ ძალაშია თუ არა შესული სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება); (2) გამოტანილია თუ არა იგი სამოქალაქო საქმეზე; (3) იგივე მხარეები მონაწილეობენ თუ არა განსახილველ საქმეშიც, რომელთა მიმართ გამოტანილია გადაწყვეტილება (განჩინება), ასევე, მატრიალური კომპონენტების კუთხით (ესაა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსი (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ე.ი. რაც გახდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველი). მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მხარის მიერ მითითებული ფაქტი პრეიუდიციულად შეფასდეს და მტკიცების საგნიდან ამოირიცხოს. შესაბამისად, ფაქტის პრეიუდიციულად მიჩნევა სასამართლოს უფლებაა. სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება სწორედ ამ ფაქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ წარმოადგენს პრეიუდიციულ ფაქტს და ჩვეულებრივ ექვემდებარება მტკიცებას ისევე, როგორც მხარეთა მიერ შედავებული დანარჩენი ფაქტები. ასეთი მიდგომა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე, ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას და რაც მთავარია, განსაზღვრულობის პრინციპს. ივარაუდება, რომ იმ სასამართლომ, რომელმაც ერთხელ უკვე იმსჯელა მხარეებს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე და დაადგინა გარკვეული ფაქტები, სასამართლოს დასკვნები ამ ფაქტებთან მიმართებაში ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შემოწმების შედეგს. (საქმე №ას-1416-2020, 23.07.2021). შესაბამისად, თუ იგივე ფაქტები მათი შეფასება-დადგენის კუთხით კვლავ გახდებოდა სხვა სასამართლოს მიერ სხვა სამართალწარმოების პროცესში მსჯელობის საგანი, ამით სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, როგორც დასახელებული პრინციპების დაცვას, ასევე, ზოგადად მართლმსაჯულების სტაბილურობას (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 193-196.).
102. 2018 წლის 3 მაისს და 2018 წლის 29 მაისს პარტნიორთა კრებაზე განხილული საკითხები წარმოადგენს ისეთ საკითხებს, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას. აღნიშნული საკითხების განხილვას, კი, სპეციალური კანონიოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ესაჭიროება ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილება, რაც იმთავითვე არ გულისხმობს მოცემული გადაწყვეტილების ერთხმად მიღების ვალდებულებას.
103. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ 2018 წლის 3 მაისის და 2018 წლის 29 მაისის პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ყველა პარტნიორი (ი.მ–კო წარმომადგენლებთან ერთად, ხოლო ს.მ–ვი და კ.მ–ი წარმომადგენლის მეშვეობით). ასევე, უდავოა, რომ ს.მ–ვსა და კ.მ–ს საწარმოს საწესდებო კაპიტალში 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით შენატანი არ განუხორციელებიათ, ხოლო ი.მ–კომ შეიტანა თავისი წილის შესაბამისი შენატანი. 2018 წლის 29 მაისის კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარტნიორებს შორის წილების შემდეგნაირად გადანაწილების შესახებ: ი.მ–კო-99,99015%, ს.მ–ვი - 0,004925%; ფ.მ–ვი-0,004925%. მოსარჩელემ საკითხს პარტნიორებს შორის წილების აღნიშნული სახით განაწილების თაობაზე მხარი დაუჭირა, დანარჩენი პარტნიორების წარმომადგენელი, კი, არ დაეთანხმა ამას.
104. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ( საქმე №2/300-18), რომლითაც არ დაკმაყოფილდა კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი ი.მ–კოსა და შპს “G”-ის მიმართ 2018 წლის 17 იანვრის კრების ოქმის, (დამოწმებული 2018 წლის 18 იანვარს ნოტარიუს ბ.შ–ას მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N180050669), ბათილად ცნობის თაობაზე ( იხ.ტ1.ს.ფ.78-88), 3.2.8 პუნქტით დადგენილია, რომ „საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით საწარმოს დომინანტი პარტნიორის მიერ გამოხატული ნება იყო ნამდვილი, რამეთუ საჭიროება იმისა, რომ აშენებულიყო ახალი სამაცივრე კომპლექსი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით“.
105. ბოლნისის რაიონული სასაამრთლოს 2018 წლის 28 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2/103-18), კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი ი.მ–კოს მიმართ შპს “G”-ის წესდების 8.3-ე, (წესდების 8.2 -ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით), 12.2-ე (საზოგადოების რეორგანიზაცია ხორციელდება მხოლოდ პარტნიორთა კრების მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე) და 12.3-ე მუხლების (საზოგადოების ლიკვიდაცია ხდება პარტნიორთა კრების ან სასამართლო გადაწყვეტილებით) ბათილად ცნობის შესახებ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის საფუძვლით, არ დაკმაყოფილდა.
106. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/592-18) კ.მ–ისა და ს.მ–ვის სარჩელი შპს “G”-ის და ი.მ–კოს მიმართ შპს “ G”-ის 2018 წლის 3 მაისის კრების ოქმის, დამოწმებული ნოტარიუს ნ.ხ–ას მიერ 01.06.2018 წელს და შპს G”-ის 2018 წლის 29 მაისის კრების ოქმის, დამოწმებული ნოტარიუს ნ.ხ–ას მიერ 01.06.2018 წელს, ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. (იხ. ტ.1.ს.ფ.126-138). მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით (საქმე N 2ბ/7424-18) გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ფ.მ–ვის (კ.მ–ის უფლებამონაცვლის) და ს.მ–ვის სარჩელზე წარმოება შეწყდა, მოსარჩელეების მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო და განჩინება შესულია კანონიერ ძალაში( იხ. ტ.1.ს.ფ.122-124), თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება. ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ შპს “ G”-ის 2018 წლის 3 მაისისა და 2018 წლის 29 მაისის კრების ოქმებს, ფ.მ–ვი და ს.მ–ვი სადავოდ ვეღარ გახდიან, რაც მიუთითებს აღნიშნული ოქმების იურიდიულ ძალმოსილებას.
107. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების და კანონიერ ძალაში შესული ბოლნისის რაიონული სასამრთლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია წინამდებარე განჩინების პპ.58-59,62 მითითებული კასატორების პრეტენზია.
108. საკასაციო სასამართლო მისი ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს, საზოგადოების კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება, წარმოადგენს თუ არა ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის მისაღებადაც აუცილებელია ყველა პარტნიორის (აქციონერის) თანხმობა.
109. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შპს-ს პარტნიორთა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მრავალმხრივი გარიგება, რომლის თავისებურებას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება, ძირითადად, ხმათა უმრავლესობით, თუმცა აღნიშნული წესიდან, დავის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტითა და 91 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია გამონაკლისები და, პარტნიორთა ( აქციონერთა) ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, დადგენილია გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიული მოთხოვნა, ხოლო მე-3 მუხლის 52 პუნქტით კი აკრძალულია პარტნიორის/აქციონერის თანხმობის გარეშე ამავე პუნქტით განსაზღვრული ცვლილების შეტანა.
110. დავის წარმოშობისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტის თანახმად, „თუ წესდების ცვლილება ეხება პარტნიორის ხმის უფლებას, მოგებაში/ზარალში წილს ან ლიკვიდაციისას მის უფლებებს, აღნიშნული ცვლილება მიღებული უნდა იქნეს ერთხმად, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილი“. მე-3 მუხლის 52 პუნქტის თანახმად, „თუ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია“. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს“.
111. საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დავის წარმოშობისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (მე-3 მუხლის 51 და 52 პუნქტები, 91 მუხლის მე-6 პუნქტი, 54-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები) არ არსებობს პირდაპირი ჩანაწერი, რომელიც დაავალდებულებდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ყველა პარტნიორის თანხმობით. კანონმდებელმა აღნიშნული საკითხის განსაზღვრის თავისუფლება მიანიჭა თავად პარტნიორებს, რომელთა მიერ დადგენილი წესები ასახულია წესდებაში.
112. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონში პირდაპირი ჩანაწერის არარსებობის მიუხედავად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელია, წესდების ცვლილების გზით საზოგადოების კაპიტალის გაზრდა, რამდენად არის შემხებლობაში პარტნიორის ხმის უფლებასთან, მოგებაში/ზარალში მის წილთან ან ლიკვიდაციისას მის უფლებებთან („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტი); ხომ არ აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას ხომ აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტი); ამ გადაწყვეტილების შინაარსი ხომ არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა ხომ არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-9 პუნქტი).
113. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დავის წარმოშობისას მოქმედი კანონმდებლობით, დადგენილი არ არის საზოგადოების მიერ კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიული მოთხოვნა და, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 და 52 პუნქტებით, აგრეთვე, 91 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
114. კასატორების ერთ-ერთი პრეტენზია უკავშირდება იმ გარემოებას, რომ პარტნიორთა წილების მითვისების მიზნით, ი.მ–კომ მიზანდასახულად განახორციელა მორიგი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში: 26.01.2018 წლის უკანონო ბრძანებითა და შესაბამისი ინსტრუქციით პარტნიორებს აეკრძალა საწარმოს ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება. ე.ი ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტი, მონაწილეობა და ზედამხედველობა საზოგადოებრივ საქმიანობაზე, რითაც ფქტობრივად დაეუფლა და უკანონოდ სარგებლობს საზოგადოების სრული, 100%-იანი კაპიტალით. ი.მ–კომ აღუკვეთა პარტნიორებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მესამე მუხლის მეათე პუნქტით გათვალისწინებული უფლებები. ი.მ–კომ ცინიკურად და უკანონოდ მოითხოვა კომპანიის კაპიტალში 333 000 ლარის შემოტანა 01/10/2018-მდე, მაგრამ საგანგებოდ მიღებული ბრძანებით წინსწრებით პარტნიორებს ჩამოართვა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მესამე მუხლის მეათე პუნქტით გათვალისწინებული უფლებები. 2018 წლის 26 იანვრის მიღებული ბრძანება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, შპს-ს დაევალა შესაბამისი ქმედების განხორციელება, კერძოდ აღიარებული იქნა კ.მ–ისა და ს.მ–ვის კანონით უზრუნველყოფილი უფლება მონაწილეობა მიეღოთ კომპანიის ფუნქციონირებაში, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და კანონით უზრუნველყოფილ უფლებას ი.მ–კო არ დაეთანხმა და გაასაჩივრა გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში, რითაც მან შეუძლებელი გახადა გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. წინამდებარე განჩინების პ.60-61).
115. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს კასატორების მიერ წინამდებარე განჩინების პ.60-61 აღნიშნულ საკასაციო პრეტენზიებზე.
116. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
117. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
118. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
119. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.მ–ვისა და ფ.მ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ს.მ–ვსა და ფ.მ–ვს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით 02.12.2021წ.-ის N12105682885 საგადახდო დავალებით გადახდილი 300-300 (600 ლარი) ლარის 70% –თითოეულს 210 ლარი (420 ლარი);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე