Facebook Twitter

საქმე №ას-19-2022 11 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.მ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.კ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის – 100 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ განზრახ დააზიანა მისი კუთვნილი ავტომანქანა. მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 100 ლარს, რაც მოპასუხემ მას უნდა აუნაზღაუროს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეები არიან მეზობლები. მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობა იყო, რის გამოც მოსარჩელემ განზრახ დასდო ბრალი მოძრავი ნივთის დაზიანებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 100 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით იმ მოტივით, რომ რეალურად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენდა 1800 ლარს. შესაბამისად, აუდიტის დასკვნის ღირებულებასთან ერთად, მოპასუხეს უნდა დაეკისრო 2000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 365-ე მუხლით და მიუთითა რომ სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ზიანის სახით 2000 ლარის გადახდის დაკისრება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლებია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

8. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მხოლოდ 100 ლარის ნაწილში. ფაქტობრივად, მხარე მოითხოვდა, ავტომანქანის დაზიანების გამო, მიყენებული ზიანის - 1800 ლარის, აუდიტისათვის გადახდილი 200 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით 100 ლარის დაკისრება.

11. პირველი ინსტანციის სასამართლომ 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში იმსჯელა მოსარჩელის სურვილზე, გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნული მიზნით, საქმის განხილვაც გადაიდო და მხარეს მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა სასამართლოსათვის მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება - აუდიტის დასკვნა, თუმცა საბოლოოდ, სსსკ-ის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა არ გაუზრდია.

12. საქალაქო სასამართლოს მითითებით, წინამდებარე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 19 ივლისს, 15 საათზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას გაზრდილი ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე 1800 ლარის დაკისრებას. თავდაპირველად, მან განმარტა, რომ აღნიშნული განახორციელა წერილობით, როდესაც წარმოადგინა აუდიტის დასკვნა. საპასუხოდ მოპასუხემ განაცხადა, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეს მოთხოვნა არ გაუზრდია, რაც შეეხება მთავარ სხდომას, იგი მოთხოვნის გაზრდას არ დაეთანხმებოდა.

13. პირველის ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე სხდომაზევე შეამოწმა 2021 წლის 3 ივნისის წერილობითი განცხადება, სადაც მოთხოვნის გაზრდის თაობაზე შუამდგომლობა არ დაფიქსირებულა.

14. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მის მიერ 2021 წლის 3 ივნისს წარდგენილი მტკიცებულებების დართვის შესახებ, რომელიც ავტომატურად არ გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას და მოსარჩელეს მკაფიოდ უნდა განესაზღვრა გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა.

15. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან მოსამზადებელ სხდომებზეც იშუამდგომლა მოთხოვნის გაზრდის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ, სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნით 2021 წლის 19 ივლისის არსებითი განხილვა გადადო, შემოწმდა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომების ელექტრონული ოქმები, სადაც ასეთი შუამდგომლობა ასახული არ იყო.

16. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

17. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

18. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ №ას-506-2021, 12 ნოემბერი, 2021 წელი).

19. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

20. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა შეადგენდა 100 ლარს, თუ გაზიარებული იქნებოდა მოსარჩელის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის 2000 ლარამდე გაზრდის შესახებ (1800 ლარი - უშუალოდ ზიანის ოდენობა, ხოლო 200 ლარის - აუდიტორის მომსახურების ღირებულება), სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება მაინც არ აღემატება კანონით განსაზღვრულ 2000 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

21. რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ ადვოკატის ხარჯს - 500 ლარს, აღნიშნული თანხის ანაზღაურება მხარეს სააპელაციო საჩივრით არ მოუთხოვია და რომც მოეთხოვა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულებაში, რაზეც სსსკ-ის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი და მასში არ მოიაზრება პროცესის ხარჯები (მათ შორის: სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები). ჯერ ერთი, ასეთი დასკვნა გამომდინარეობს თავად ამ მუხლის შინაარსიდან, კერძოდ, როდესაც კანონმდებელი საუბრობს დავის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის დადგენაზე, იქვე განმარტავს, რომ შეზღუდვა შეეხება ქონებრივ-სამართლებრივი სახის სააპელაციო საჩივრებს. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის სწორედ მატერიალურ ნაწილზე. გარდა ამისა, სსსკ-ის 37.3 მუხლის მიხედვით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს და, ბუნებრივია, დავის საგნის ღირებულებაში ვერ შევა. იგი, ხსენებული ნორმით გათვალისწინებული, პროცესის ხარჯების ერთ-ერთი სახეა. პროცესის ხარჯები გამოანგარიშდება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო ეს უკანასკნელი მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით გამოითვლება, სსსკ-ის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პროცესის ხარჯი დავის საგნის ღირებულებაში არ შედის და სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშებისას დავის საგნის ღირებულებას არ ემატება. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა (შდრ. სუსგ-ები: №ას-63-2019, 19 ივნისი, 2019 წელი; №ას-230-218-2017, 28 აპრილი, 2017 წელი; №ას-1360-1585-05, 7 თებერვალი, 2006 წელი).

22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე