Facebook Twitter

საქმე №ას-937-2020 1 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – დ.პ–ვა, შპს „ბ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გაჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, პარტნიორის გარიცხვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, შპს „ბ–ი“ ს/ნ: ...... (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 2015 წლის 17 დეკემბერს, რომლის იურიდიული მისამართია საქართველო, ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ...., ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა მინიჭებული აქვს დირექტორს დ.პ–ვას (შემდეგში: დირექტორი, მოპასუხე).

2. კომპანიის წესდების 2.2. პუნქტით პარტნიორთა წილები კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად: დირექტორი - 60%, მ.ჯ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) - 40%. წესდების 2.3. პუნქტის მიხედვით, დირექტორს შენატანი შეაქვს მატერიალური აქტივების სახით საწარმოს დაფუძნებიდან (რეგისტრაციიდან) 10 დღის ვადაში, რომლის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 75 000 ლარს. 2.4. პუნქტის შესაბამისად კი, მ.ჯ–ძეს შენატანი შეაქვს ნაღდი ფულის - 50 000 ლარის სახით საწარმოს დაფუძნებიდან (რეგისტრაციიდან) 3 დღის ვადაში. დადგენილ ვადაში დირექტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საწესდებო კაპიტალში თანხის შეტანას.

3. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის საფუძველზე და მხარის განმარტებებით საწარმოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა - მოსარჩელემ საწესდებო კაპიტალის შესავსებად კომპანიის ანგარიშზე დამფუძნებლის შენატანის სახით შეიტანა 39 563.00 ლარი. თანხა აიღო სესხის სახით, შპს „თ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან (სესხის თანხა - 20 700 აშშ დოლარი).

4. მოპასუხის წარმომადგენელმა წარადგინა სესხისა და იპოთეკის, ასევე საკრედიტო ხელშეკრულებები და გამსესხებელი ფიზიკური პირების განცხადებები. მისივე განმარტებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე დირექტორმა გაიღო თანხა ინვენტარის შესაძენად და თანხა გადაცემულია ე.ჩ–ისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ ე.ჩ–ე საქმეში მხარეს არ წარმოადგენს და საწინააღმდეგო მტკიცებულება პარტნიორებს არ წარმოუდგენიათ.

5. მოსარჩელის მოთხოვნა

5.1. მოსარჩელე პარტნიორმა, სარჩელი წარდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე დირექტორისთვის, კომპანიის სასარგებლოდ 39 563 ლარის დაკისრება და შენატანის შეუტანლობის გამო პარტნიორობიდან გარიცხვა მოითხოვა.

6. მოპასუხეთა შესაგებელი

6.1. მოპასუხე დირექტორის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, ხოლო, კომპანიის წარმომადგენელი, რომლისთვისაც ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხე კომპანიის დირექტორისთვის, კომპანიის სასარგებლოდ 39 563 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო, ამავე დირექტორის, პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

8. აპელანტის მოთხოვნა

8.1. მოსარჩელე პარტნიორმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ - მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვის ნაწილში გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

9.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

9.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 (შპს-ს დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ), სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

9.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო მოთხოვნასა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა თუ შეფასების საგანს კომპანიიდან პარტნიორის გარიცხვაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება წარმოადგენდა.

9.5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის შესაბამისად თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ყველა სხვა შემთხვევაში პარტნიორის საზოგადოებიდან ანუ მისთვის საკუთრების ჩამოსართმევად, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილება. მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე–3 მუხლის მე–5 პუნქტი (სადავო კრების გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოქმედი რედაქციით) ითვალისწინებს საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობას მის მიერ შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში. კერძოდ, დასახელებული ნორმით, პარტნიორი, რომელმაც გააჭიანურა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი მხარეთა შეთანხმებით.

9.6. აპელანტის განმარტებით, კომპანიას მხოლოდ ორი პარტნიორი ჰყავდა - დირექტორი და მოსარჩელე. აპელანტის განმარტებითვე საწარმოს ერთი დღეც არ უფუნქციონირებია და თანხები გაიფლანგა დირექტორის ხელშეწყობით. ამ უკანასკნელს, უნდა შეეტანა შესატანი საწარმოს დაფუძნებიდან (რეგისტრაციიდან) 10 (ათი) დღის ვადაში მატერიალური აქტივები 75 000 ლარის ოდენობით. კომპანია დარეგისტრირდა 2015 წლის 17 დეკემბერს, მას კი წესდებით ნაკისრი ვალდებულება საქმის განხილვის დროისთვისაც არ შეუსრულებია. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ის, რომ კომპანიას არც ერთი დღე არ უწარმოებია საქმიანობა როგორც საწარმოს, მათ შორის იმ მისამართებზე/ობიექტებზე, სადაც უნდა განხორციელებულიყო მისი კომერციული საქმიანობა.

9.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დირექტორს სამართავად გადაცემული ჰქონდა საზოგადოება, შესაბამისად მისი უპირველესი მოვალეობა იყო დაეცვა საზოგადოების ქონება და განეკარგა ფულადი სახსრები მიზნობივად, რათა არ მომხდარიყო საზოგადოებისათვის ზიანის მიყენება. სადავო არ არის ის გარემოება, რომ საწარმოს საქმიანობა არ განუხორციელებია, რამაც დააზარალა როგორც დამფუძნებელი (მოსარჩელე), ისე საზოგადოება, რაც გამოიწვია სწორედ დირექტორის ქმედებებმა, კერძოდ, არსებული თანხის კომპანიის ანგარიშიდან გატანამ, არამიზნობრივად ხარჯვამ და მისი მხრიდან როგორც პარტნიორზე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობამ. შესაბამისად, დირექტორი მოქმედებდა საზოგადოების საზიანოდ და ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საზოგადოების წესდებით ნაკისრი ფიდუციური ვალდებულებების დარღვევას, როდესაც მის მიერ განხორციელდა საწესდებო კაპიტალში მ.ჯ–ძის მიერ შეტანილი თანხის გატანა და გახარჯვა. გამოკვლეული მასალებით კი ვერ დადგინდა თანხის გატანის მიზნობრიობა, დირექტორის მხრიდან ასევე, არ შესრულდა წესდებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გულისხმობდა საწესდებო კაპიტალში 75 000 ლარის შეტანას მატერიალური აქტივის სახით.

9.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა პარტნიორობიდან მოპასუხის გარიცხვის თაობაზე, ვინაიდან, კრების ჩატარებისთვის პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ, მოსარჩელეს უნდა მიემართა კომპანიის დირექტორისთვის, რასაც ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა წინააღმდეგობაში იყო კანონმდებლობით დადგენილ წესთან, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ.

10. აპელანტის საკასაციო მოთხოვნა

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. კასატორის განმარტებით, კომპანია ორი პირის მიერ იყო დაფუძნებული, საიდანაც ერთ-ერთი ამავე კომპანიის დირექტორს წარმოადგენდა, შესაბამისად, მოსარჩელე ვერ მოახერხებდა კრების მოწვევას სათანადო წესით, ხოლო, ამავე წესზე მითითება და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება უკანონოდ ზღუდავს მხარის მართლზომიერ ინტერესებს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დადგინდა დირექტორის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო განხილვის საგანს, მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმება და ამავე საკითხზე ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის შეფასება წარმოადგენს.

18. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავა შეეხება შპს-ს პარტნიორობიდან პირის გარიცხვას იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა არ განახორციელა შენატანი შპს-ს საწესდებო კაპიტალში.

20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საკითხზე დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა უკიდურესი ზომაა. შესაბამისად, ასეთი ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას. პარტნიორის გარიცხვის მნიშვნელოვანი საფუძველი სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებამ აღარ უნდა ითმინოს გასარიცხი პარტნიორის კორპორაციულ-სამართლებრივი მონაწილეობა; სახელდობრ, როდესაც, მისი ქცევა შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად ართულებს საზოგადოების მიზნის მიღწევას, რაც აუტანელს გახდიდა მისი საზოგადოების რიგებში დარჩენას. საუბარია პიროვნულ თვისებებსა და ურთიერთობებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნდობის დეფიციტი, ვალდებულებების მძიმე დარღვევა, დანაშაულებრივი საქმიანობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და სხვა პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველი შეიძლება გახდეს არა ყველა სახის, არამედ იმგვარი ზიანი, რომელიც საწარმოს საქმიანობას უშლის ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში და, მაშასადამე, საფრთხის ქვეშ აყენებს მის არსებობას (შდრ. სუსგ №ას-812-1099-2009, 09.11.2009). ამდენად, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, როდესაც სახეზეა კომპანიისათვის არსებითი ზიანის მიყენება, რაც არღვევს ნდობას პარტნიორთა შორის და რის გამოც მათი ერთობლივი საქმიანობა შეუძლებელი ხდება (იხ. სუსგ №ას-ას-1203-2018, 25.04.2019).

21. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველია აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება. გარიცხვა იწვევს გარიცხული პარტნიორის საკუთრების უფლების დაკარგვას წილზე, რის გამოც საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვის კონსტიტუციურობა მოითხოვს, რომ პარტნიორი საზოგადოებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაირიცხოს. შესაბამისად, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შედეგად წილის ჩამორთმევის ავტომატური სამართლებრივი შედეგი არ დგება და არც საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების საფუძველი არ არის. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმადაც, სწორედ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიიჩნევა პარტნიორი გარიცხულად საზოგადოებიდან (შდრ. სუსგ №ას-1060-1090-2011, 21 ივლისი, 2011 წელი; №ას-556-939-06, 13 მარტი, 2007 წლი; №ას-614-951-07, 12 ოქტომბერი, 2007 წელი; სუსგ № 3კ/303-01, 9 მარტი, 2001 წელი. ასევე - შდრ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თაობაზე მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებული რეკომენდაციები და მასალები, თბ. 2009, 33-35).

22. შენატანის განხორციელება პარტნიორის ძირითადი მოვალეობაა, რომლის შეუსრულებლობა კაპიტალურ საზოგადოებაში შესაძლოა, წილის დაკარგვითა და საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვით დასრულდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში წილზე საკუთრების უფლება კონვენციით დაცულ საკუთრების უფლების ფარგლებში ექცევა (Bramelidand Malmström v. Sweden, განაცხადის N. 8588/79, 1982). საკუთრების უფლების შეზღუდვა კი, მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებშია შესაძლებელი.

23. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვის მართლზომიერი საფუძვლის არსებობა ვერ დაასაბუთა. ამდენად, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით კასატორმა ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.ჯ–ძეს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №9964755797, გადახდის თარიღი 2020 წლის 12 ოქტომბერი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე