Facebook Twitter

საქმე №ას-1111-2020 24 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.კ–ვა (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ბ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე), ი.მ–ძე (მოპასუხე)

მესამე პირი - ბ.ყ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ.კ–ვასა (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, გამსესხებელი, აპელანტი, კასატორი) და ი.მ–ძეს (შემდეგში: მსესხებელი) შორის 2010 წლის 8 აპრილს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 6 000 ევრო, 6 თვის ვადით, 2010 წლის 8 ოქტომბრამდე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუთაისში, ........ (შემდეგში: იპოთეკით დატვირთული (სადავო) ქონება).

2. სადავო ქონებაზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 19 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბ.ყ–ნის (შემდეგში: მესამე პირი) საკუთრების უფლება.

3. მსესხებელმა, 2016 წლის 30 დეკემბრის ხელწერილით, დაადასტურა, რომ 2010 წლის 8 აპრილს გამსესხებლისგან მიიღო 6 000 ევრო, ექვსი თვის ვადით. იმავე დღეს, ასევე ისესხა 4 000 ევრო. მოპასუხის მიმართ ვალი ჯამში შეადგენდა 10 000 ევროს. ასევე, გამსესხებლის მიმართ გააჩნდა ვალი 25 000 აშშ დოლარის ოდენობით.

4. გამსესხებელსა და მსესხებელს შორის 2018 წლის 26 სექტემბერს შედგა ვალის გასტუმრების შესახებ აქტი, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა, 2010 წლის 8 აპრილს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელს გადასცა 150 ევრო. ამავე აქტის თანახმად, დარჩენილ ნაწილს 5 820 ევროს დააბრუნებდა 2018 წლის 5 ოქტომბერს.

5. მესამე პირსა და ს.ბ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, მესამე პირის უფლებამონაცვლე) შორის, 2019 წლის 4 ოქტომბერს, დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სადავო ქონებაზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრების უფლება. უძრავი ქონება კვლავ დატვირთული იყო შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. სარჩელის მოთხოვნა

6.1. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, სესხის ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობა და სადავო ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო.

8. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

8.1. შეგებებული სარჩელის ავტორმა, მესამე პირისთვის 7 224 ევროს დაკისრება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სადავო ქონების რეალიზაცია მოითხოვა.

9. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია (მესამე პირი)

9.1. მესამე პირის განმარტებით, ის არასათანადო მოპასუხეა, ამასთან, არსებულ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს მხოლოდ მსესხებელი წარმოადგენდა.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოთხოვნა აღიარებულ იქნა ხანდაზმულად და გაუქმდა სადავო ქონებაზე, გამსესხებლის სასარგებლოდ არსებული იპოთეკის უფლება.

11. გამსესხებლის სააპელაციო საჩივარი

11.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამსესხებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, უფლებამონაცვლედ დადგენის შესახებ 2020 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმებაც მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

12.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

12.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მსესხებელს 2010 წლის 8 აპრილს მიღებული თანხა, რომელიც იმავე წლის 8 ოქტომბერს უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 26 სექტემბრამდე არ დაუბრუნებია, გასათვალისწინებელია, რომ 2018 წელს მხოლოდ 150 ევრო დააბრუნა.

12.4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სესხის მიღებიდან და შემდეგ ვალდებულების დარღვევის მომენტიდან, 8 წელი იყო გასული, მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რის გამოც, საფუძვლიანი იყო უძრავ ქონებაზე იპოთეკის გაუქმების შესახებ მოთხოვნაც.

12.5. სააპელაციო სასამართლომ, უფლებამონაცვლეობის შესახებ აპელანტის პრეტენზიაზე განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს თავდაპირველად მესამე პირი წარმოადგენდა, ხოლო შემდეგ მოსარჩელე, ამდენად, უფლებამონაცვლედ დადგენის შესახებ გასაჩივრებული განჩინებაც კანონიერი იყო, რის გამოც არ არსებობდა გაუქმების საფუძველი.

13. აპელანტის საკასაციო მოთხოვნა

13.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო 2010 წლის 8 ოქტომბრამდე. უდავო იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მსესხებელმა ნაწილობრივ შეასრულა, ხოლო, დარჩენილ ნაწილზე არსებობდა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი.

13.3. დაუსაბუთებელი იყო აგრეთვე უფლებამონაცვლედ დადგენის შესახებ განჩინება, ვინაიდან, მოსარჩელემ მესამე პირისგან გადახდის განვადებით შეიძინა სადავო ქონება.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ვადიანი ხელშეკრულება, წერილობითი ფორმით (იხ. სსკ-ის 623-ე-624-ე მუხლები), ხოლო, ამავე ხელშეკრლებიდან გამომდინარე გამსესხებლის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იხ. სსკ-ის 286-ე მუხლი). იპოთეკის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების მესაკუთრე სესხის გადაცემიდან რამდენჯერმე შეიცვალა.

21. სარჩელზე თანდართული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოვალეს ვალდებულება 6 თვის ვადაში უნდა შეესრულებინა. ამდენად, 2010 წლის 8 აპრილს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა 2010 წლის 8 ოქტომბერსვე. გამსესხებელი, სწორედ 2010 წლის 8 ოქტომბრიდან იყო უფლებამოსილი მოეთხოვა ვალდებულების შესრულება, ამ ვადის დადგომისთანავე იწყება მისი მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის ვადაც, რომელიც ჯამში სამ წელს შეადგენდა (იხ. სსკ-ის 128.1, 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, 130-ე მუხლები).

22. აღსანიშნავია, რომ სარჩელის მოთხოვნას სწორედ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულად ცნობა და ამავე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება წარმოადგენდა, რაც, მიუხედავად იმისა, რომ ქონების მესაკუთრე პირად მოვალეს არ წარმოადგენდა, საფუძვლიანი იყო დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. სსკ-ის 291-ე მუხლის პირველი ნაწილი და 292-ე მუხლის პირველი ნაწილი).

23. აღსანიშნავია, რომ კასატორი შესაგებელში უთითებს სესხის ხელშეკრულების ვადაზე, რაც თანხვედრაშია ხელშეკრულებაშივე, ვალდებულების შესრულების თარიღთან, ამდენად, მისი მოთხოვნის უფლება, სწორედ ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეში წარმოიშვა.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება ძირითადი, ხოლო, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების შესახებ აქცესორულია (იხ. სსკ-ის 153.1-ე მუხლი), რაც ძირითადი მოთხოვნის არსებობაზეა დამოკიდებული. ამდენად, ვინაიდან ძირითადი მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რაც მოსარჩელის მოთხოვნით დადგინდა, გამოირიცხება იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ მოთხოვნის არსებობაც.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მსესხებელი იყო ი.მ–ძე, ხოლო, მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შეიძინა მესამე პირმა, რომელმაც შემდეგში მიყიდა მოსარჩელეს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მსესხებელი სულ სხვა პირია, ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია, არ არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

26. საკასაციო სასამართლო, აგრეთვე უფლებამონაცვლეობის შესახებ კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ სადავო ქონებაზე მესაკუთრის ცვლილებამ განაპირობა საპროცესო უფლებამონაცვლეობაც, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ.კ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ლ. მიქაბერიძე