საქმე №ას-706-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ძე, ა.ბ–ძე, დ.ბ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.გ–ძის (შემდეგში: გამყიდველი, მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი ა.ბ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი აპელანტი), ა.ბ–ძისა (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) და დ.ბ–ძის (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან მესამე აპელანტი) წინააღმდეგ, გარიგების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და ა.ბ–ძეს (შემდეგში: მყიდველი) შორის 2005 წლის 10 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (ნოტარიუსი დ.ხ–ლი რ#1-4883) უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ქუთაისი, ......., ფართი 30,64 კვ.მ, დამხმარე ფართი - 28.02 კვ.მ, საერთო ფართი 58,66 კვ.მ, ს/კ ...... (შემდეგში: უძრავი ქონება) და ეს ქონება აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით შეიცვალა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა სამართლებრივი საკითხები:
3.1. მოსარჩელემ, 2005 წლის 10 ივნისს, გაყიდა და მყიდველმა 4 000 ლარად იყიდა უძრავი ქონება, მყიდველმა გადაუხადა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად. ნასყიდობის საგანს მყიდველი დაიკავებდა გამყიდველის გარდაცვალების შემდეგ, ე.ი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემას გამყიდველისაგან მყიდველი არ მოითხოვდა გამყიდველის სიცოცხლეში და გამყიდველს უფლება ექნებოდა სიცოცხლის ბოლომდე ეცხოვრა გაყიდულ ბინაში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ ნასყიდობის საგნის მყიდველი მესაკუთრედ აღირიცხებოდა საჯარო რეესტრში. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მხარეებს წაუკითხა ეს ხელშეკრულება. მხარეებმა წაიკითეს ეს ხელშეკრულება და მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს მას;
3.2. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება აღირიცხა მყიდველის საკუთრებად;
3.3. მყიდველი 2018 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა. მისი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მეუღლე - პირველი მოპასუხე და შვილები - მეორე და მესამე მოპასუხეები;
3.4. მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობს;
3.5. მოსარჩელის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად მას ნება არ გამოუვლენია და არც ნასყიდობის თანხა მიუღია. მისი მტკიცებით, გარიგების დადებისას მოატყუეს, შეიყვანეს შეცდომაში, მოტყუებითა და შეცდომით მოაწერინეს ხელი სადავო ხელშეკრულებაზე;
3.6. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მას სურდა არა ნასყიდობის, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება, ამასთან, მას ნასყიდობის საფასური არ მიუღია... სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სასამართლოს შეკითხვებზე მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი განათლებით ექთანია; ნოტარიუსი, რომელმაც ხელი მოაწერინა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე არის თაღლითი, იგი მოატყუეს, თუმცა მეორე დღესვე გაიგო რაზედაც მოაწერინეს ხელი, რისი ჭამა და სმა, იქეთ აჭმევდა და ასმევდა ამ ოჯახს. იცოდა, რომ სახლი აღარ იყო მის სახელზე ... იმ წუთში გაიგო, რომ სახლი აღარ იყო მის სახელზე, ელოდებოდა, როდის გაუფორმებდნენ სახლს ისევ თავის სახელზე...
3.7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 81-ე მუხლსა და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოტყუების საფუძლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (შეადრ. სუსგ-ები: Nას-182-171-2014, 16.06.2014; Nას-1117-1051-2015, 20.01.2016);
3.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე როგორც მართლწინააღმდეგობის, ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს აწევს, რომელმაც დამაჯერებელი და დასაშვები მტკიცებულებებით უნდა შეძლოს ამის დამტკიცება;
3.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელემ, გარდა თავისი განმარტებისა და ერთი მოწმისა (რომელიც მისი ნათესავია-რძალი, ბიძაშვილის მეუღლე. ეს ფაქტი მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა), სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებაის წარდგენა სასამართლოსთვის ვერ შეძლო. შესაბამისად, სასამართლოში არ იქნა წარდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო ხელშეკრულების შედგენისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის, სააპელაციო სასამართლომ არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია;
3.10. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 69-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმადაც გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს არასოდეს გაუხდია სადავოდ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხელშეკრულების შინაარსი, რასაც ხელს აწერდა, მისთვის უცნობი იყო, ან ნოტარიუსმა სხვა ტექსტი წაუკითხა, ან საერთოდ არ წაუკითხა საქმის მასალებში არ მოიპოვება;
3.11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართელოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ნოტარიუსი კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი მოთხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს;
3.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გარიგების სანოტარო წესით დამოწმება ერთ შემთხვევაში გულისხმობს გარიგების შინაარსის დადასტურებას, სხვა დროს კი ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებას. გარიგების შინაარსის დადასტურება ნიშნავს მისი შესაბამისობის დადასტურებას, ხომ არ არის კანონსაწინააღმდეგო ხელშეკრულების პირობები, ნოტარიუსმა დოკუმენტის ტექსტი მხარეებს უნდა გააცნოს (წაუკითხოს), ამის შემდეგ გარიგების მხარეები ხელს აწერენ დოკუმენტს, რასაც ნოტარიუსი ამოწმებს. ხელმოწერის დამოწმებისას კი ნოტარიუსი ადასტურებს ამა თუ იმ პირის მიერ ხელის მოწერის ფაქტის ნამდვილობას. ასეთ შემთხვევაში გარიგების შინაარსი არ ფასდება;
3.13. სპეციალური კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია, სანოტარო მოქმედებების შესრულებისას სანოტარო მოქმედებების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედებების შესრულებას. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, კონსულტაციის გაწევის ვალდებულება ამ შემთხვევაში უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ნოტარიუსი ვალდებულია მხარეებს (განსაკუთრებით სამართლებრივად გამოუცდელ მხარეს) წაუკითხოს ხელშეკრულება და განუმარტოს თავიანთი უფლება-მოვალეობები, აგრეთვე მიუთითოს სამართლებრივ შედეგებზე;
3.14. მოსარჩელე პროფესიით ექთანია, კონკრეტული განათლების მქონე და გარიგების დადების დროს ის დაახლოებით 60 წლის იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლოს არ შეექმნა რწმენა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას უძრავი ქონების გამყიდველი მოტყუვდა და არ იცოდა ხელს რას აწერდა;
3.15. სპეციალური კანონის 50-ე მუხლის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დაკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი;
3.16. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ 2005 წლის 10 ივნისს ნოტარიუს დ. ხ–ს მიმართეს მყიდველმა და გამყიდველმა, მოითხოვეს მათ შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა და მისი სანოტარო წესით დადასტურება. ნოტარიუსმა დაადგინა გარიგების შინაარსი, მხარეთა ქმედუნარიანობა, განუმარტა მხარეებს მათი უფლებები, რის შემდეგაც შეადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება და წაუკითხა მხარეებს. მხარეებმა წაიკითხეს წინამდებარე ხელშეკრულება და განაცხადეს, რომ სურდათ ხელშეკრულების დადება სწორედ ამ პირობებით, რაც მასში მითითებული იყო. მხარეებმა მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას, რის შემდეგაც ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი მას;
3.17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ხელშეკრულებით ნოტარიუსის მიერ მოხდა არა ხელშეკრულების ნამდვილობის, არამედ გარიგების შინაარსის დადასტურება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე გაეცნო იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც ხელი მოაწერა. ამის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე იყო;
3.18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც ხელი შეუშალა მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში, თუმცა ვერ წარადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ვერანაირი სახის მტკიცებულებები. ამგვარი მოცემულობის პირობებში, ცხადია, არ არსებობდა ამ საფუძვლებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები;
3.19. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცურ ხასიათზე მითითების საპირწონედ, ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 56-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება);
3.20. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში მიიჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმებაზე“, მათ საერთო მიზანზე, რომ დაფარონ სხვა გარიგება, თუმცა ასეთი მტკიცებულება მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი;
3.21. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცალსახად და ნათლადაა მითითებული, რომ მყიდველმა გამყიდველს ხელშეკრულების დამოწმებამდე სრულად გადაუხადა ნასყიდობის თანხა. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა მყიდველის საკუთრებად, ამასთან, ნასყიდობის საგანს, მხარეების შეთანხმებით, მყიდველი დაიკავებდა გამყიდველის გარდაცვალების შემდეგ, ე.ი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემას მყიდველი გამყიდველისაგან არ მოითხოვდა გამყიდველის სიცოცხლეში და გამყიდველს უფლება ექნებოდა, სიცოცხლის ბოლომდე ეცხოვრა გაყიდულ ბინაში. შესაბამისად საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარეები გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებული. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გარკვეული პირობით, რომელიც მყიდველის მიერ დღემდე კეთილსინდისიერად სრულდება, ვინაიდან, მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს სადავო ბინაში. გამყიდველმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გარიგების შინაარსი მისთვის მაშინვე გახდა ცნობილი. მაშინვე იცოდა, რომ სახლი მის სახელზე აღარ იყო;
3.22. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულობის საკითხზეც, რაც სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის დამატებითი საფუძველია. სსკ-ის 129-ე მუხლი არ აწესებს მოტყუებით და შეცდომით დადებული გარიგების შეცილების სპეციალურ ვადას. ეს საკითხი მოწესრიგებულია სსკ-ის 79-ე და 84-ე მუხლებით, რომლის თანახმადაც შეცდომით დადებული გარიგებისას შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობინების მომენტიდან ერთი თვის ვადაში (სსკ-ის 79.1-ე მუხლი); ხოლო მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ (სსკ-ის 84-ე მუხლი);
3.23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.04.2021წ. სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ 10.06.2005წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღესვე გაიგო, თუ რაზე ჰქონდა ხელი მოწერილი (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი, 11:56-11:57სთ). შესაბამისად, გამყიდველისათვის 11.06.2005წ-დან გახდაცნობილი შეცილების საფუძვლების არსებობის შესახებ;
3.24. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რადგანაც მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მხოლოდ 12.02.2019 წელს მიმართა მის მიერ დარღვეულია შეცილების უფლების ერთთვიანი (შეცდომის შემთხვევაში) და ერთწლიანი (მოტყუების შემთხვევაში) ვადები, რაც სსსკ-ის 79-ე და 84-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვის და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;
3.25. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არც სსკ-ის 56-ე მუხლით გარიგების ბათილად ცნობას, არც უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სსკ-ის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები და მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო, 10-წლიანი ვადა, რაც სადავო ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის აღძვრამდე, ასევე, გასულია.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა;
4.2. კასატორის მითითებით სააპელაციო ეტაპზე პროცესის დისტანციურად მიმდინარეობისას მოკლებული იყო კომუნიკაციის ეფექტურ შესაძლებლობას, ვერ არკვევდა ტელეფონით როგორ უნდა ესაუბრა. ამას დაემატა ისიც, რომ პროცესის მსვლელობისას მისი ადვოკატის ოთახში შევიდა სხვა ადვოკატი, რომელმაც სცადა კასატორის წყობიდან გამოყვანა, მისი დაბნევა, რის გამოც არ მიეცა სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა.
4.3. კასატორის მითითებით მოსამართლემ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, სადავო გარიგებით მოხდა თუ არა სხვა, კერძოდ სამისდღეშიო რჩენის გარიგების გადაფარვა ნოტარიუსისა და მყიდველის მიერ. კასატორის განმარტებით წარმოუდგენელია მყიდველს საკუთარი შვილისათვის ეყიდა ბინა, რომელსაც შესაძლოა იგი 40 წლის შემდგომ დაუფლებოდა, რადგანაც გარიგების დადებისას მოსარჩელე 67 წლის იყო და შეიძლებოდა მას 100 წლამდეც კი ეცოცხლა.
5. კასატორი ყურადღებას ამახვილებს გარიგების ფასზეც, მისი მტკიცებით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ქუთაისის პრესტიჟულ უბანში 2005 წელს 94 კვ.მ ბინის ფასი არ იქნებოდა 4000 ლარი მაშინ, როცა იმ პერიოდში მსგავსი ბინების საბაზრო ღირებულება 40 000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
6. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო ეტაპზე მოსამართლემ სსკ-ის 50-ე, 52-ე, 56-ე, 81-ე, 477-ე, 941-ე, 949-ე და 950-ე მუხლებზე დაყრდნობით არ გაითვალისწინა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ მიმართავდნენ მხარეები მათ მიერ გამოვლენილ ნებას; მყიდველი გარიგების დადების შემდგომ არ დაუფლებია ნასყიდობის საგანს, რის გამოც აშკარაა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნება იყო თვალთმაქცური და მისი მეშვეობით დაიფარა სამისდღეშიო რჩენის გარიგება.
7. კასატორის განმარტებით იგი აწ გარდაცვლილ მყიდველს შეუთანხმდა, რომ გადასცემდა მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, მის გარდაცვალებამდე მისივე ცხოვრების უფლებით, ხოლო ამის შემდეგ მყიდველს ექნებოდა ქონების განკარგვის უფლებამოსილება, სანაცვლოდ კი მყიდველს და მისი ოჯახის წევრებს უნდა მოევლოთ კასატორისათვის სიცოცხლის ბოლომდე. მხარის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული ფაქტი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება ნასყიდობის ხელშეკრულებით სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გადაფარვის საკითხს, რა დროსაც მას მოტყუებით დაადებინეს გარიგება. კასატორი მიუთითებს ნასყიდობის ფასის არაადეკვატურობასა და სააპელაციო სასამართლოში საკუთარი პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობის შეზღუდვაზე.
12. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 664-635-2016, #ას-516-2021).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ძიება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობასა და მათ ლოგიკურ მიმდევრობას ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე 2019 წლის 12 თებერვალს აღძრული სარჩელით 2005 წლის 10 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას ითხოვს. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მის მოტყუებასა და ნამდვილი ნების მყიდველისათვის სასურველი ნებით გადაფარვაზე მიუთითებს. ამ ყველაფერს კი საკუთარ ახსნა-განმარტებასა და მოწმის, რომელიც მისი ნათესავია, ჩვენებას აფუძნებს. კასატორი არ პასუხობს მოპასუხეთა მიერ შესაგებელშივე დაყენებულ ხანდაზმულობის საკითხს და მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ფასის არაადეკვატურობამ ნასყიდობის საგანთან მიმართებით ცალსახა გახადა, რომ იგი სადავო უძრავ ქონებას ამ ფასად არ გაჰყიდდა.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 81-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მყიდველის მიერ მისი მოტყუების გამო გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მტკიცების ტვირთზე.
15. სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება შეჯიბრებითობის პრინციპს (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონი ადგენს მხარის ვალდებულებას, თვითონვე განსაზღვროს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპის გამოხატულებაა თავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დათქმა, სარჩელში ფაქტობრივი გარემოებების მითითების, ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისა და მოთხოვნის ფორმირების თაობაზე (სუსგ N ას-1170-1125-2016).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
17. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების დამტკიცება.
18. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების არსებობის სარწმუნო მტკიცებულების გზით დადასტურება, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტმა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რითაც მოატყუა მოსარჩელე და გარიგება მოტყუებით დაადებინა.
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა გარიგების მოტყუებით დადების ფაქტი (იხ. ამ განჩინების 3.9, 3.10, 3.14, 3.16, 3.21, 3.23 ქვეპუნქტები).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორმა, გარდა საკუთარი განმარტებებისა და ერთი მოწმის ჩვენებისა (რომელიც კასატორისავე ნათესავია-რძალი, ბიძაშვილის მეუღლე). ვერც ფაქტობრივ ნაწილში წარადგინა დასაბუთებული და სარწმუნო მტკიცება, ისევე, როგორც - შესატყვისი მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცებდა გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს. მეტიც, მან არაერთხელ მიუთითა, რომ რას მოაწერა ხელი გარიგების დადების მეორე დღესვე შეიტყო.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მყიდველმა გამყიდველს სრულად გადაუხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება აღირიცხა მყიდველის საკუთრებად, ამასთან გამყიდველი გაყიდულ ბინაში დღემდე ცხოვრობს. შესაბამისად დაცულია ის პირობები, რომლებზეც მხარეები გარიგებით შეთანხმდნენ. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოცემულ შემთხვევაში შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა არ იკვეთება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დგინდება მხარეთა ნება, ხელშეკრულებაში განსხვავებული შინაარსი ჩაედოთ.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ კასატორმა მეორე დღესვე შეიტყო, თუ რა გარიგებას მოაწერა რეალურად ხელი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შეეძლო იგი დროულად გაეხადა სადავო და შესაბამისი საპროცესო წინაპირობების დაცვით სასურველი შედეგისთვის მიეღწია (იხ. ამ განჩინების 3.24-3.25 ქვეპუნქტები). გარიგების დადებიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია თითქმის 13 წელი, სარჩელის ხანდაზმულობა შესაგებლითვე გახადეს სადავო მოპასუხეებმა, თუმცა მოსარჩელეს მისი გაქარწყლება არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ უცდია.
23. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, ნასყიდობის საგნის არარეალურ ფასზე, ე.წ. ფასთა დისპროპორციაზე ქონების რეალურ ღირებულებასა და გასხვისებით მიღებულ თანხას შორის, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი გარემოება, სხვა ფაქტების დადგენის გარეშე, ხელშეკრულების ბათილად ცნობის კანონით დადგენილ საფუძვლად არ არის მიჩნეული (შეად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება N ას-664-635-2016, 02.03.2017 წ.).
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც კასატორმა პირველ ინსტანციის სასამართლოში არ წარადგინა და საკასაციო საჩივარს დაურთო.
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, არც ახალი მტკიცებულებების წარდგენა და არც საქმეში უკვე დაცული დოკუმენტების განმეორებით მიღება არ დაიშვება (შეად. სუსგ N ას-605-2020, 23.04.2021 წ.).
26. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ მას სააპელაციო სასამართლოში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მიეცა. საკასაციო სასამართლო გაეცნო სააპელაციო სასამართლოში, 2021 წლის 6 აპრილს დისტანციურ რეჟიმში, გამართულ სხდომის ოქმს, სადაც 11:54:46 წუთზე მოსამართლე მოსარჩელეს მიმართავს, რომ მას ხედავს და მისი ხმა ესმის. ამავე სხდომაზე მოსარჩელემ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი განმარტება გააკეთა, მისი განმარეტბით მას გარიგება არც კი უნახავს... შემდეგ განაცხადა, ხელი რომ მოაწერა, მეორე დღეს მიხვდა რაც მოხდა... სხდომის ოქმის მიხედვით მოსარჩელე პასუხს სცემს მოსამართლის კითხვებს, მოსარჩელეს საუბარში რამდენჯერმე ჩაერთო მისივე წარმომადგენელი, რომელსაც მოსამართლემ დაუყოვნებლივ მიუთითა, რომ ხელი არ შეეშალა მოსარჩელისათვის საუბრის დროს. სხდომის ოქმში არ ისმის სხვა მესამე პირის ხმა, რომელიც სავარაუდოდ, კასატორის პრეტენზიის თანახმად, ამ უკანასკნელზე ზემოქმედებდა და არ აძლევდა პოზიციის გამოხატვის საშუალებას. სხდომის ოქმის მიხედვით მოსარჩელე სასამართლოს „ონლაინ“ სხდომას ერთვებოდა მის მიერვე დაქირავებული ადვოკატის ოფისიდან, ადვოკატთან ერთად.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დასძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური