Facebook Twitter

საქმე №ას-954-2021 11 თებერვალი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ფ.თ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ–ა, დ.ბ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ.თ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი:

1.1. გაუქმდა ნოტარიუს ლ.რ–ის მიერ, 2019 წლის 23 ივლისს, დ.ბ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე) მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგ. N190864322), 2019 წლის 23 ივლისს, მ.თ–ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგ. N190864281), 2019 წლის 26 აგვისტოს მოსარჩელის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგ. N191010893) და მოსარჩელე აღიარებული იქნა 2017 წლის 22 იანვარს გარდაცვლილი ზ.მ–ძის (შემდეგში: მამკვიდრებელი) შემდეგი დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ: მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ..... , ს/კ N .... და ლანჩხუთი, სოფ. ......, ს/კ ........;

1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 1019,31 (ათას ცხრამეტი) ლარის გადახდა დაეკისრათ.

1.3. მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის 18015 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა და, მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

2.1. მოპასუხეებს, თითოეულს მოსარჩელის სასარგებლოდ 1384.65 ლარის (სულ 2769.31 ლარის) გადახდა დაეკისრათ. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ 150 ლარი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელისა და მოპასუხეების მამკვიდრებელი 2017 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მხარეები მამკვიდრებლის - მეორე რიგის მემკვიდრეები არიან.

3.2. მოსარჩელემ 2009 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული რწმუნებულებით, მამკვიდრებელს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მინდობილი საკუთრება - ოზურგეთი, სოფელი ....) მართვისა და განკარგვის უფლება მიანიჭა. რწმუნებულების ძალით, მამკვიდრებელს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, განესაზღვრა უფლებამოსილება მართოს, განკარგოს, დაარეგისტრიროს, იპოთეკით დატვირთოს, გააუქმოს იპოთეკის ხელშეკრულება, გასცეს იჯარით, გააქირაოს, გაასხვისოს, შეისყიდოს, გააჩუქოს და გაცვალოს მინდობილი საკუთრება.

3.3. 2009 წლის 8 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მამკვიდრებელმა, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ოზურგეთი, ....(....) მიწის ნაკვეთი - 3000.00 კვ.მ მიწის საკადასტრო კოდი N ....., 15 000 აშშ დოლარად გაასხვისა.

3.4. 2010 წლის 4 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მამკვიდრებელმა, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ოზურგეთი, .... (....), მიწის ნაკვეთი 603.0 კვ.მ, 3015 აშშ დოლარად გაყიდა.

3.5. უძრავი ქონების ნასყიდობის 2010 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მამკვიდრებელმა 22 000 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ქუჩა ...., დაზუსტებული მიწის ნაკვეთი 418.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N .....;

3.6. ხელშეკრულების საფუძველზე, მამკვიდრებლის სახელზე საჯარო რეესტრში 2010 წლის 1 ნოემბერს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ზემოხსენებული უძრავი ქონება.

3.7. დადგენილია, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღეს მოსარჩელემ - (სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი) და მოპასუხეებმა (სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი).

3.8. ქ. ოზურგეთის, სს ,,ლ.ბ–ის“ ოზურგეთის ფილიალის, ქვემო ....... ს/ც 1 -იდან გაცემული ჯ.ხ–ძის საბანკო ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის 25 იანვარს გატანილია 2038.62 ლარი. სს ,,ს.ბ–ის“ 2017 წლის 3 აგვისტოს ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 17 თებერვალს, სს ,,ს.ბ–მა“ ნ.ხ–ძის სახელზე გასცა სესხი - 3500 ლარი.

4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელესა და მის მამკვიდრებელს შორის გაფორმებული სანოტარო აქტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 709-ე მუხლით (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულებაა.

5. საქმეში წარმოდგენილი დავალების სანოტარო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მინდობილ პირს (მამკვიდრებელს) კონკრეტული უძრავი ქონების გასხვისება დაავალა. დადგენილია, რომ მამკვიდრებელმა ორივე უძრავი ნივთი გაასხვისა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სხვა მემკვიდრეებისათვის იმ თანხის დაკისრებას მოითხოვს, რაც რწმუნებულმა მინდობილი მოქმედების შესრულების შედეგად მიიღო. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის თანახმად, რწმუნებული მოვალეა, დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე, ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.

6. სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხეების) პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხანდაზმულობის ვადის არასწორად განსაზღვრის თაობაზე გაიზიარა და აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გამოსარკვევად უნდა შეფასებულიყო მოპასუხის შედავების საფუძვლიანობა. ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს დავალების ხელშეკრულებიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის ზუსტად დადგენა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. სსსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს. კანონის მითითებული დანაწესი პრაქტიკულად ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტრებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთან, სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.

8. დადგენილია, რომ 2010 წლის 28 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მამკვიდრებელმა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ....., დაზუსტებული მიწის ნაკვეთი ფართით 418.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ....., 22 000 აშშ დოლარად შეიძინა. მოსარჩელის განმარტებით, ნასყიდობის საფასურიდან 18015 აშშ დოლარი წარმოადგენდა მის კუთვნილ თანხას, რომელიც მამკვიდრებელმა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ უფლების დარღვევის შესახებ მოსარჩელისთვის ობიექტურად ცნობილი იყო 2010 წლის 28 ოქტომბრიდან, როდესაც მამკვიდრებელმა უძრავი ნივთი შეიძინა და თავის სახელზე აღრიცხა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს სწორედ ამ დროიდან. მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით, 2017 წელს წარადგინა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ხარჯების გაწევა იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მოითხოვდა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის დაკრძალვის ხარჯების დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია მტკიცების ტვირთის გონივრული რეალიზების ფარგლებში და უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1484-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც. სსკ-ის 1334-ე მუხლის შესაბამისად, თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.

12. სააპელაციო სასამართლომ დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში (იხ. სუსგ Nას-791-748-2015,12.10.2015წ) მოხმობილ მსჯელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როდესაც დადგენილია მოსარჩელის მიერ გარდაცვლილი ბიძის დაკრძალვისა და ყველა საჭირო ხარჯის გაღების ფაქტობრივი გარემოება, უნდა განისაზღვროს იმ აუცილებელი რიტუალებისა და მათი ანაზღაურების გონივრული ოდენობა, რაც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია მიცვალებულის დასაკრძალად. უდავოა, რომ ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული. მართალია, უმეტეს შემთხვევაში რთულია მიცვალებულის დასაკრძალი პროცედურისა და მისი შესაბამისი ხარჯების ზუსტი დადგენა, მაგრამ უნდა განისაზღვროს მიცვალებულის დასაკრძალად აუცილებელი სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯის (მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯები) ანაზღაურება სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად.

13. იმის გათვალისწინებით, რომ 2002 წლის ვითარებით ხსენებული თანხების ჯამი 2500 ლარია, 2017 წლისთვის გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯის საერთო ოდენობად 5538.62 ლარის მიჩნევა სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გონივრული ოდენობაა და, მიღებული სამკვიდროს ფარგლებში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2769.31 ლარის გადახდა მართებულად დაეკისრათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეების მიერ 1019.31 ლარის გადახდის თაობაზე შეიცვალა და საბოლოოდ მოპასუხეებს (თითოეულს) 2769.31 ლარი დაეკისრათ.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის (18015 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში) დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).

20. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ- ები: N ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი; N ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი). სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული (იხ. სუსგ Nას-1973-2018, 26.02.2021წ). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამედროვე საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით, უფლების შესახებ დავის გადაწყვეტის გზით.

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაუკავშიროს მოსარჩელის მიერ სასამართლოში პირველად მიმართვის დროს (2017 წელს), როცა მხარემ მიიჩნია, რომ მისი უფლება დაირღვა და ასევე სამკვიდროს გახსნის მომენტს. კასატორის მტკიცებით: ხანდაზმულობის ვადის დენის დაკავშირება უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღთან (2010 წლის 28 ოქტომბერი) სამართლებრივ კონფლიქტში მოდის სსკ-ის 1484-ე მუხლის დანაწესთან; სააპელაციო სასამართლომ ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო იმ საკითხის გარკვევას, თუ რა წარმომავლობის და გარემოებების შედეგად არსებული თანხის დაკისრებას მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხეების მიმართ, არის თუ არა სადავო თანხა სამკვიდროში შემავალი და სამკვიდროს გახსნის შედეგად მისაღები თანხა; სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის ვადების არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს სსკ-ის 103-ე 724-ე, 729-ე, 715-ე, 1484-ე მუხლების შემადგენლობიდან გამომდინარეობს.

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნულის საფუძველზე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 709-ე მუხლის (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) საფუძველზე.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს. (შდრ. სუსგ-ები N ას-895-845-2015, 29.01.2016წ; N ას-655-611-2017, 11.07.2017წ.).

24. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი (შდრ: სუსგ N ას-1203-2018, 25.04.2019წ). სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

25. მოცემულ შემთხვევაში დავალების სანოტარო ხელშეკრულების შინაარსიდან დადგინდა, რომ მოსარჩელემ მინდობილ პირს (მამკვიდრებელს) კონკრეტული უძრავი ქონების გასხვისება დაავალა. მამკვიდრებელმა ორივე უძრავი ნივთი გაასხვისა. სარჩელით კი, მოსარჩელე სხვა მემკვიდრეებისათვის იმ თანხის დაკისრებას მოითხოვს, რაც რწმუნებულმა მინდობილი მოქმედების შესრულების შედეგად მიიღო. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს.

26. დადგენილია, რომ მოპასუხეები წარდგენილი შესაგებლით სარჩელს - 18015 აშშ დოლარის ნაწილში ხანდაზმულობის მოტივით შეედავნენ და მიუთითეს, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიან, ასევე უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ექვსწლიან ვადაზე, რაც მათი მტკიცებით, ორივე შემთხვევაში გასულია.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. სასარჩელო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციის შემდეგ სასამართლო შეუდგება შესაგებლის შესწავლას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. სუსგ Nას-1764-2018, 13.04.2020 წ).

28. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ზოგად სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, 2007, გვ. 64)

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სწორად გამოიყენა მატერიალური (709-ე, 715-ე) ნორმები და მათ საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიეთობიდან, კერძოდ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის მიმართ სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. ხანდაზმულია თუ არა სარჩელი, უნდა გადაწყდეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტის სწორად განსაზღვრის გზით, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად.

30. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 2010 წლის 28 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მამკვიდრებელმა უძრავი ქონება ს/კოდით N ...., 22 000 აშშ დოლარად შეიძინა. კასატორის მტკიცებით, ნასყიდობის საფასურიდან 18015 აშშ დოლარი მისი კუთვნილი თანხა იყო, რომელიც მამკვიდრებელმა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო.

31. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოების შესწავლის შედეგად სწორად დაასკვნა, რომ უფლების დარღვევის შესახებ მოსარჩელისთვის ობიექტურად 2010 წლის 28 ოქტომბრიდან, მამკვიდრებლის მიერ უძრავი ქონების შეძენიდან გახდა ცნობილი, თუმცა დადგენილია, რომ ამ დროიდან მამკვიდრებლის სიცოცხლეში სადავო თანხაზე მის წინააღმდეგ სასარჩელო წარმოების წესით არ უდავია და სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა სარჩელის აღძვრის დროისათვის (23.09.2019წ) ხანდაზმულია. ხოლო კასატორის პრეტენზია (იხ. 21-ე პუნქტი) რომ სასარჩელო მოთხოვნა (18015 აშშ დოლარი) სამკვიდროს მასაში შემავალი და სამკვიდროს გახსნის შედეგად მისაღები თანხაა, უსაფუძვლოა.

32. სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

33. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის ფარგლებში განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები Nას-143-136-2010, 7.10.2010წ; Nას-570-2020, 5.02.2021წ).

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

38. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე