საქმე №ას-1214-2021 11 თებერვალი , 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "მ.ო. რ.ე–სი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს "მ.ო. რ.ე–სის" (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მ.ა–ძესა (შემდეგში: მოპასუხე ან მსესხებელი) და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 1 ივლისს საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და მოპასუხეს საკრედიტო ხაზი 13 000 აშშ დოლარზე გაეხსნა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 10 წლით განისაზღვრა, სარგებლის მაქსიმალური ოდენობა წლიური 60%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.5%-ის დარიცხვით.
3.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 12 945 აშშ დოლარი, 35 თვის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგამტეხლოს - 0.5%-ის დარიცხვით.
3.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ....., ბინა N26, 84.40 კვ.მ. ს/კოდი N .......
3.4. ხელშეკრულების 12.6 მუხლის მიხედვით, თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულებების საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ნაკისრი ვალდებულებების სრულად დასაფარად, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხის სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
3.5. ნოტარიუს ციური ბერიძის მიერ 2017 წლის 20 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მსესხებლის ვალდებულება 15 486.96 აშშ დოლარით განისაზღვრა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 12 944.08 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელი - 407.11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო კი - 2135.77 აშშ დოლარია. ამავე სააღსრულებო ფურცლით მსესხებელის საკუთრებაში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ N ..... რეალიზაცია დადგინდა.
3.6. 2017 წლის 26 ივლისს დავალიანების დასაფარად საჯარო აუქციონის გზით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. აუქციონის შედეგად ამონაგებმა თანხამ - 33 864.95 ლარი (13 655.22 აშშ დოლარი 2.48 ეროვნული ბანკის მიერ 23.10.2017 წელს დადგენილი ოფიციალური კურსი) შეადგინა.
4. სააპელაციო სასამართლოს არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ვინაიდან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ აღსრულდა, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა დარჩენილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით მხარეთა შორის არსებული საკრედიტო პროდუქტების მომსახურებისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ნაკისრი ვალდებულებების სრულად დასაფარად, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხის სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
5. სააპელაციო სასამართლომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე და მე-40 მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით აღსრულება მიზნად ისახავს კრედიტორის მიერ საკუთარი მოთხოვნის ეფექტიან დაკმაყოფილებას, რასაც ემსახურება კიდეც ქმედითი მექანიზმების დანერგვა და მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების სანოტარო აღსრულების ინსტიტუტისადმი დაქვემდებარება. მხარეთა შეთანხმების არსებობის პირობებში, კრედიტორის მიერ ნოტარიუსისათვის მიმართვის შემთხვევაში, კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილება მხარეთა შეთანხმების რევიზიისა და მის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გამოწერის გზით ნოტარიუსის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება.
6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 1 ივლისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და 2016 წლის 14 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულებით კრედიტორს უფლება ენიჭებოდა ვადამოსული შესრულების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღეძრა და სამართალწარმოება სასარჩელო წესით დაეწყო ან მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მიღების თაობაზე და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე დაეწყო მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი. კრედიტორმა აირჩია ეს უკანასკნელი გზა თავისი უფლების დასაცავად. კრედიტორის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 20 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
7. იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით უზრუნველყოფილი თანხა 12 945 აშშ დოლარს შეადგენდა. სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 15 486.96 აშშ დოლარით განისაზღვრა, დადგინდა განისაზღვრა აღსასრულებელი ვალდებულების სახეც. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა სრულად აისახა. კრედიტორი,საფინანსო დაწესებულება უფლებამოსილი იყო, არ მიემართა ნოტარიუსისათვის ან შემდგომ სადავო გაეხადა მისი გაცემა, რასაც ადგილი არ ჰქონია. სააღსრულებო ფურცელში ნათლადაა მითითებული, რომ სააღსრულებო ფურცელი მხოლოდ იპოთეკის საგნის და არა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის საფუძველს წარმოადგენდა.
8. 2016 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების 12.6 მუხლი ადგენს: თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულებების საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საკრედიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, მაშინ კლიენტს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცელში შესაძლებელი იყო მითითებულიყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეულიყო მოვალის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე. მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცელში შესწორების/ცვლილების შეტანა არ მოუთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ მასში არ არის გათვალისწინებული აღსრულების მიქცევა მოვალის სხვა ქონებაზე.
9. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, აღსრულების ეტაპზე ან სააღსრულებო ფურცელში შესაძლო ხარვეზის არსებობა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მოსარჩელე არ ითხოვს სააღსრულებო ფურცელში შესწორების/ცვლილების შეტანას, არამედ ხელმეორედ ითხოვს უკვე მოთხოვნილი თანხის დაკისრებას ახლა უკვე სასამართლო წესით, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპსა და ლეგიტიმურ მოლოდინთა დაცვის მოთხოვნას, რომელიც, თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან მომდინარეობს.
10. უდავოა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხით კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება სრულად არ დაიფარა და კრედიტორის მოთხოვნა სრულად არ იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა აღნიშნული კრედიტორს დარჩენილი თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს, ვინაიდან 2017 წლის 20 ივლისს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხეს წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე დაკისრებული აქვს.
11. სააპელაციო სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 35-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს შეეძლო, ნაწილობრივ აღსრულებული სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება მოეთხოვა, როდესაც იმავე კანონის 35-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. კრედიტორს ასევე შეეძლო ნოტარიუსისათვის/სასამართლოსათვის მიემართა და სააღსრულებო ფურცელი სადავო გაეხადა ან მასში შესწორების/ცვლილების შეტანა მოეთხოვა. ამ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ არც ერთი ზემოჩამოთვლილი უფლება რეალიზებული არ ყოფილა.
12. სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნით, მაშინ, როდესაც კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის გზით მოთხოვნილი თანხა ერთხელ უკვე დაეკისრა მოპასუხეს და კრედიტორის მხრიდან მისი უფლებების დაცვის მატერიალურსამართლებრივი მექანიზმები უკვე გამოყენებულია, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო პრეტენზიის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამედროვე საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით, უფლების შესახებ დავის გადაწყვეტის გზით.
20. კასატორის (მოსარჩელის) მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. მოსარჩელე იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული უნდა ყოფილიყო ჩანაწერი - იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგების თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მიქცეულიყო მოვალის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე, თუმცა მისი მიუთითებლობა სახელშეკრულებო შეთანხმებას არ ზღუდავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კრედიტორმა წინასწარ არ იცოდა საჯარო აუქციონზე მოხდებოდა თუ არა უძრავი ქონების იმ ფასში რეალიზაცია, რაც სრულად უზრუნველყოფდა დავალიანების დაფარვას. ერთადერთი გზა, რომლითაც დაკმაყოფილდება კრედიტორის მოთხოვნა, სასამართლოა, ვინაიდან ნოტარიუსი ვერც ახალ სააღსრულებო ფურცელს გასცემს და ვერც ცვლილებას შეიტანს მასში, რადგან მასზე სააღსულებო წარმოება დასრულებულია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები არასწორად განმარტავენ დავის საგანთან დაკავშირებულ საკითხებს, რითიც მოსარჩელის უფლებები იზღუდება.
21. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 20 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მსესხებლის ვალდებულება 15 486.96 აშშ დოლარით განისაზღვრა, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა თანხამ - 33 864.95 ლარი (13 655.22 აშშ დოლარი 2.48 ეროვნული ბანკის მიერ 23.10.2017 წელს დადგენილი ოფიციალური კურსი) შეადგინა და კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება სრულად არ დაიფარა; სააღსრულებო ფურცელი მხოლოდ იპოთეკის საგნის და არა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის საფუძველს წარმოადგენდა, ხოლო ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში მოვალის სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითვალისწინებდა სააღსრულებო ფურცელში არ მიეთითა და შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებაც სააღსრულებო ფურცლით დადგენილ ფარგლებს დაექვემდებარა.
22. საკასაციო სასამართლო სადავო საკითხთან მიმართებით სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 4-12 პუნქტები), რომ კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის გზით მოთხოვნილი თანხა ერთხელ უკვე დაეკისრა მოპასუხეს და მოსარჩელის მხრიდან მისი უფლებების დაცვის მატერიალურსამართლებრივი მექანიზმები უკვე გამოყენებულია, შესაბამისად, არ არსებობს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი წანამძღვრები და კასატორის პრეტენზიები უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ კრედიტორი მიკროსაფინანსო სესხების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირია, რომელსაც, პრეზუმირებულია, რომ გამოცდილება გააჩნია საკრედიტო ურთიერთობაში და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები თუ რისკებიც გაცნობიერებული აქვს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, სასამართლომ განმარტა, სსკ-ის 301-ე მუხლის 11-ე ნაწილისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის (გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქციით) მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, იპოთეკარს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები მოვალის მიმართ და გადახდა მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე. სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ვერ განახორციელებს, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი ამოიწერა ნოტარიუსის მიერ და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო არ არსებობს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის საგანია, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღწერილ ნორმატიულ დებულებათა გათვალისწინებით, იურიდიულად მართებული და დასაბუთებულია (იხ. სუსგ N ას-12866-1224-2014, 19. 02.2015წ.).
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "მ.ო. რ.ე–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "მ.ო. რ.ე–სს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N275777108, გადახდის თარიღი 2021 წლის 15 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე