Facebook Twitter

საქმე №ას-1219-2020 15 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ც.ჯ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ც.ჯ–სა (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) და სს „თ.ბ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, ბანკი) შორის 2012 წლის 22 მაისს გაფორმდა 0048.2271562.001 გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებელს საკრედიტო ხაზი გაეხსნა.

2. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებები, კერძოდ:

2.1. ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, სადარბაზო 2, სართული 8, ბინა N34; ს/კ N ......., მესაკუთრე ც.ჯ–ი პ/ნ .........;

2.2. ბანკის სასარგებლოდ დაიტვირთა აგრეთვე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ლინკოლნ ნავიგატორი 5.41, ფერი - შავი, გამოშვების წელი 2006, სარეგისტრაციო მოწმობა AV8317762, სახელმწიფო ნომერი ......

3. ხელშეკრულების ფარგლებში, 2012 წლის 23 მაისს, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 35 000 აშშ დოლარი, 3 649 დღის ვადით, კრედიტზე წლიური 17%-ის სარგებლის დარიცხვით. მხარეებს შორის გაფორმდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და რომლითაც განისაზღვრა მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობა.

4. სესხის ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0.5%.

5. მხარეთა შორის 2012 წლის 8 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება NC120906ZCR5JQ83, რომლითაც მსესხებელზე დაიშვა საკრედიტო ლიმიტი 1 070 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 2036 წლის 21 აგვისტომდე განისაზღვრა.

6. სესხის ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი, ხოლო შემდეგ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0.5%. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, მისი მოქმედების ვადა ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე განისაზღვრა.

7. ბანკმა, 2018 წლის 31 მაისს მსესხებელს გაუგზავნა შეტყობინებები 14 დღის ვადაში ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებების სრულად დაფარვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი შეწყვეტდა საკრედიტო ხელშეკრულებებს და საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავდა სასამართლოს.

8. სარჩელის მოთხოვნა

8.1. ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლის წინააღმდეგ, მოითხოვა ამ უკანასკნელისთვის 65 190.41 აშშ დოლარისა და 10 426.81 ლარის დაკისრება, ხოლო აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მოითხოვა, ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკისა და გირავნობის საგნების (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1, 2.2 ქვეპუნქტები) სარეალიზაციოდ მიქცევა.

8.2. მოსარჩელემ, მოსამზადებელ სხდომაზე, 65 190.41 აშშ დოლარის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 38 652.71 აშშ დოლარამდე.

9. მოპასუხის პოზიცია

9.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა.

11. მსესხებლის სააპელაციო საჩივარი

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

12.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

12.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შესაგებელში მოპასუხის მიერ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით განხორციელებული შედავების შემდეგ, მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელემ N2271562-2127476 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა 65 190.41 აშშ დოლარი 38 652.71 აშშ დოლარამდე შეამცირა, საიდანაც ძირი თანხა 26 879.02 აშშ დოლარი, პროცენტი - 8 447.19 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლო - 3 326.50 აშშ დოლარი იყო. კერძოდ, ბანკმა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება მხოლოდ 2016 წლის 24 აგვისტოდან 2018 წლის 24 აგვისტომდე (სარჩელის აღძვრის თარიღი) პერიოდზე ანუ 2 წელზე გაანგარიშებით მოითხოვა (ტ. 1, ს.ფ 103-122). ამასთანავე, დადგენილი იყო, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 10 426.81 ლარი იყო, საიდანაც ძირი თანხა 4816.67 ლარი, პროცენტი - 5 128.48 ლარი, პირგასამტეხლო - 481.66 ლარი იყო.

12.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 23 მაისის N2271562-2127476 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო თანდართული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების 2.9 და 2.10 პუნქტების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა სწორედ გრაფიკის დარღვევას უკავშირდებოდა. შესაბამისად, საკრედიტო დავალიანების „დაფარვის გრაფიკი“, როგორც ხელშეკრულების არსებითი პირობა, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი, 2012 წლის 23 მაისის შემდეგ 2022 წლის მაისამდე, ყოველთვიურად, თითოეულ შემთხვევაში, დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობით უნდა შეესრულებინა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობდა სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, რომელთა მიმართაც დამოუკიდებლად გავრცელდა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

12.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შედავება.

12.6. სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების 6.1. მუხლის თანახმად, როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე. ამდენად, მითითებული მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება უვადო ხელშეკრულებას წარმოადგენს. იგი, თავისი არსით, განსხვავდება ვადიანი საკრედიტო ხელშეკრულებისაგან, სადაც ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია და იგი მოიცავს, როგორც ძირი თანხის ნაწილის დაფარვას, ასევე, პროცენტისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას. განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ბარათის სპეციფიკის გათვალისწინებით, მხარეთა შორის დაიდო ისეთი სახის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რა დროსაც მსესხებელი საბანკო დაწესებულებისაგან განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, თუმცა, დროებით სარგებლობაში იღებს თანხას, რისთვისაც იხდის წლიურ საპროცენტო სარგებელს. ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა კი შეადგენს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს, წინა პერიოდში დარიცხულ პროცენტს და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამდენად, მსესხებელი საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტამდე ძირითად თანხას გამსესხებელ საკრედიტო დაწესებულებას კი არ უბრუნებს და ამით პერიოდულ ვალდებულებებს კი არ ასრულებს, არამედ აღნიშნულ თანხას კვლავ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დებს. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებით მსესხებელი სესხის თანხას განკარგავს იქამდე, სანამ ხელშეკრულება არ შეწყდება.

12.7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების შესახებ მოთხოვნების ხანდაზმულობის შესახებ, ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით არსებული მსჯელობის გათვალისწინებით.

12.8. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მხარის შუამდგომლობა მოსამართლეთა აცილების შესახებ, იმ მოტივით, რომ საქმის განმხილველ ორ მოსამართლეს ფინანსური ვალდებულება გააჩნდა ბანკის წინაშე.

13. აპელანტის საკასაციო მოთხოვნა

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2. კასატორი, განსახილველი საქმისთვის მნიშვნელობის არმქონე გარემოებების გარდა, სააპელაციო სასამართლოში გაცხადებული პრეტენზიების მსგავსად მიუთითებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ამასთან, მიღებული კრედიტი საერთოდ არ გამოუყენებია პირადი მიზნებისთვის.

13.3. კასატორის განმარტებით, უკანონო შემადგენლობამ განიხილა საქმე, ვინაიდან, მის მოწინააღმდეგე მხარესთან იყვნენ მოსამართლეები საკრედიტო ურთიერთობაში.

13.4. საქართველოს უზენაეს სასამართლო, კასატორმა შუამდგომლობებით მომართა და საქმის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემა ამასთან, საქმისწარმოების შეჩერება მოითხოვა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

20. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებს და განმარტავს, რომ კასატორის შედავება არსებითად ვალდებულების არსებობა-არარსებობას არც შეეხებოდა, არამედ ის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა, ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების საკითხს წარმოადგენს, იყო თუ არა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები ხანდაზმული.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს ბანკისგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების (იხ. სსკ-ის 867-ე მუხლი) საფუძველზე მიღებული ჰქონდა სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული იყო მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ვტომობილი.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომლებიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).

23. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ გარანტიად. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21).

24. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

25. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ.საქმე №ას-868-830-2014 19.03.2015წ.).

26. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ საქმე №ას-599-562-20101.12.2010წ.).

27. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოსათვლელად უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

28. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა (სსკ-ის 873-ე მუხლი). შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (სუსგ საქმე №ას-1432-1351-2012 20.05.2013წ., საქმე №ას-934-899-2016 14.02.2017წ.) და ხანდაზმულობის ვადის გამოთვლაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

29. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებით შესასრულებელი ის ნაწილი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადასახდელად დაეკისრა კასატორს არ იყო ხანდაზმული, ხოლო, სესხის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც ხანდაზმული იყო, ბანკმა ისედაც დააზუსტა და შეამცირა მოთხოვნა მოსამზადებელ სხდომაზე რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში სასამართლოს მიერ კასატორის ინტერესის საუარესოდ გადაწყვეტილების მიღებას.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება ძირითადი, ხოლო, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების შესახებ აქცესორულია, ისევე, როგორც გირავნობით დატვირთულ ავტომანქანაზე (იხ. სსკ-ის 153.1-ე მუხლი), რაც ძირითადი მოთხოვნის არსებობაზეა დამოკიდებული. ამდენად, ვინაიდან ძირითადი მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო, გამოირიცხება იპოთეკით დატვირთული ქონების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობაც.

31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიაზე და აღნიშნული პასუხად, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, ბარათიდან მღებული თანხების ბარათის ანგარიშზე დაბრუნების შემდეგ, კასატორს კვლავ შეეძლო სარგებლობა იმავე თანხებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ამდენად, ამ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმული ვერ იქნება და ვერც საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მსგავსად მოხდება ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

32. საკასაციო სასამართლო კასატორის იმ პრეტენზიებზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომლითაც ის მოსამართლის აცილებას, საქმისწარმოების შეჩერებასა და საქმის დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემაზე მიუთითებდა.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლის აცილების ის საფუძვლები, რომელიც მხარეს აქვს მითითებული, არ წარმოადგენს აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მით უფრო მაშინ, როდესაც დამატებით მხარეს არ მიუთითებია რაიმე არგუმენტზე, თუ რატომ შეიძლება იყოს ასეთ დროს მოსამართლე მიკერძოებული და დაინტერესებული საქმის შედეგით, ამასთან, მისივე განმარტებით აცილების საფუძვლის მქონე მოსამართლის მიერ განხილული საქმის და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, არ მიუთითებია ისეთ პრეტენზიებზე, ფაქტებსა თუ არგუმენტებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მითითებული შედეგის დადგომა სწორედ კონკრეტული მოსამართლეების, მხარესთან საბანკო ურთიერთობაში ყოფნამ განაპირობა.

34. საკასაციო სასამართლო დიდი პალატისთვის საქმის გადაცემის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის პასუხად განმარტავს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ თუ რატომ უნდა განიხილოს აღნიშნული საქმე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ საბანკო კრედიტებთან დაკავშირებული ურთიერთობები ქვეყანაში მცხოვრები უამრავი ადამიანის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ამ საქმეების გადაწყვეტა რა სამართლებრივ პრობლემსათან ან სირთულეებთანაა დაკავშირებული შუამდგომლობის ავტორს არ მიუთითებია, ამდენად აღნიშნული განცხადება დაუსაბუთებელია, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიმდინარე საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე საკითხები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკითაა განსაზღვრული, რაც დამატებით მითითებულია წინამდებარე განჩინების დასაბუთებაში.

35. კასატორის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ ასევე არ შეიცავა არგუმენტირებულ დასაბუთებას, საპირისპიროდ კი სააპელაციო სასამართლოს კანონის საფუძველზე, დავის საგნის გათვალისწინებით სწორად აქვს გადაწყვეტილი საქმის განხილვის ფორმა.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

37. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ც.ჯ–ის შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ც.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

3. ც.ჯ–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №10109632131, გადახდის თარიღი 2020 წლის 13 ნოემბერი), 6 000 ლარის 70% - 4 200 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე