საქმე №ას-888-2021 26 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,ო.ნ–ჯი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ.კ. ბ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „კ.-კ. ბ.ჯ–იასა“ (შემდგომ - მოსარჩელე, გამყიდველი, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „ო.ნ–ჯს“ (შემდგომ - მოპასუხე, მყიდველი, კასატორი) შორის, 2017 წლის 1 იანვარს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა აიღო ვალდებულება, მიეწოდებინა და საკუთრებაში გადაეცა მყიდველისათვის ხელშეკრულების დანართი №2-ში აღნიშნული პროდუქცია შეკვეთილი ოდენობით და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და წესით, ხოლო მყიდველმა აიღო ვალდებულება, მიეღო პროდუქცია და გადაეხადა მისი საფასური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2017 წლის ბოლოს კი პირობები გადაიხედებოდა.
3. მხარეთა შეთანხმებით, 2017 წლის 25 იანვარს, ხელშეკრულების დანართ №3-ში ცვლილებები შევიდა, რომელიც დაკავშირებული იყო ახალ სავაჭრო ობიექტებთან.
4. მოსარჩელესა და შპს ,,კ. კ. დ–იას“ შორის, 2017 წლის 1 სექტემბერს, გაფორმდა გენერალური დ–ისა და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ შპს ,,კ.კ. დ–ას“ მოპასუხის მიმართ 2017 წლის 1 ოქტომბრის ვითარებით, მოთხოვნის უფლება დაუთმო. დ–ის ხელშეკრულების მიხედვით (რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე შეკვეთების შესაბამისად, პროდუქციას მიყიდდა შპს ,,კ.კ. დ–ას“, რომელიც პროდუქციას შეიძენდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
5. მოსარჩელემ 2017 წლის 11 სექტემბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოთხოვნის დათმობისა და დ–ის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ შეატყობინა, ამასთან, განუმარტა, რომ 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, 00:01 საათის ვითარებით, ნებისმიერი ფულადი ვალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით უნდა გადაეხადა შპს ,,კ.კ. დ–ის“ მიმართ და ეს უკანასკნელი მოპასუხის სისტემაში მიმწოდებლად მოსარჩელის ნაცვლად უნდა ყოფილიყო მითითებული.
6. მოპასუხემ 2018 წლის 28 მაისის წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ ამავე წლის 28 ივნისიდან ცალმხრივად წყვეტდა მხარეთა შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ვინაიდან ვერ შესრულდა 2017 წლის 1 იანვარს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა მხარეების მიერ 2018 წლის თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმების შესახებ.
7. მოსარჩელე 2018 წლის 7 ივნისის წერილით არ დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული შეწყვეტის არცერთი საფუძველი არ შექმნილა, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებით - 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
8. 2018 წლის 15 ივნისს, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ ანგარიშსწორების წესის დარღვევის საფუძველზე ერიცხება (0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) პირგასამტეხლო - 2658.99 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით - 955 970 ლარისა და ანგარიშსწორების წესის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს - 2658.99 ლარის დაკისრება.
მოპასუხის პოზიცია:
10. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის ბოლოს უნდა გადაეხადათ 2018 წლის პირობებისთვის, თუმცა, მხარეთა შორის გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, 2018 წლის სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რაც გახდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების მიზეზი.
11. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელეს მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში უნდა მიეწოდებინა მოპასუხისათვის პროდუქცია და არ არის დადგენილი ამ უკანასკნელის ვალდებულება, საერთოდ შეესრულებინა შეკვეთა, რისი გათვალისწინებითაც, არ ვლინდება სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
12. მოპასუხის მითითებით, არ დასტურდება მის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც პირგასამტეხლოს მისთვის დაკისრებასაც გამორიცხავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2018 წლის 1 ივნისიდან 2018 წლს 31 დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება - 955 970 ლარი, ასევე პირგასამტეხლო - 2658.99 ლარი დაეკისრა.
15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულება ვადაზე ადრე არამართლზომიერად შეწყვიტა.
16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2018 წლისათვის ხელშეკრულების სხვაგვარ პირობებზე შეუთანხმებლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობად. ამასთან, მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების არსებობაზე არ მიუთითებია, რაც განსაზღვრულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტში.
17. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ იკვეთებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლის ყველა წინაპირობა.
18. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის თანახმად, 2018 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის პროდუქციის მიწოდების შემთხვევაში მიუღებელი სავარაუდო შემოსავალი 955 970 ლარია, რომლის გასაქარწყლებლად მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული თანხა ის მიუღებელი შემოსავალია, რასაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯების გამოკლების გათვალისწინებით, მოსარჩელე 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიიღებდა.
19. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარდგენილია 2017 წლისა და 2018 წლის მაისის ჩათვლით არსებული ყოველდღიური საფინანსო მონაცემები, რომლითაც დგინდება, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვევა რამდენჯერმე: 2.8.2017-2.27.2017 წელს; 4.12.2017-4.27-2017 წელს; 5.19.2017-5.29.2017 და 7.26.2017-7.30.2017 წელს, რამაც მითითებულ პერიოდზე ჯამურად არსებული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 2658.99 ლარი, რაც პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე ანაზღაურებას ექვემდებარება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
21. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა ემტკიცებინა, რომ კასატორის მიერ შეკვეთის განუხორციელებლობის შედეგად, ვერ შეძლო პროდუქციის გასხვისება და პროდუქციის გასხვისების შეუძლებლობის გამო, ზიანი მიადგა. მოწინააღმდეგე მხარეს ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარუდგენია.
22. კასატორის მითითებით, ზიანთან მიმართებით მოწინააღმდეგე მხარემ მხოლოდ აუდიტის ანგარიში წარადგინა, რომელიც სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა. დასკვნას საფუძვლად უდევს მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიწოდებული ციფრები. მოწინააღმდეგე მხარე კი, მხოლოდ ზეპირად განმარტავს ციფრების წარმომავლობას.
23. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა აუდიტის ანგარიში, რამდენად არის მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დასკვნა მომზადებულია 2018 წლის 1 ივნისისიდან იმავე წლის 30 დეკემბრის პერიოდის მიხედვით, მაშინ როდესაც ხელშეკრულება მოქმედებდა და შეკვეთები ხორციელდებოდა 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
24. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების №1 დანართი ითვალისწინებდა ე.წ. თვიურ რეტრობონუსს, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გადაეხადა შესყიდული პროდუქციის ჯამური 14%-ით, ასევე - ქსელში შემოსვლის გადასახადი, რომელიც გადანაწილებული იყო თვეში 12500 ლარით და მარკეტინგული გადასახადი. დასკვნაში არც რეტრობონუსი და არც ქსელში შემოსვლის გადასახადი არ ფიქსირდება, ეს კი გულისხმობს, რომ დასკვნა მომზადებულია არამხოლოდ არასწორი მეთოდოლოგიით, არამედ არასწორი გაანგარიშებით.
25. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების მოქმედების პირობებშიც კი, შესაძლებელია კასატორს მოწინააღმდეგე მხარისათვის საქონელი არ შეეკვეთა. მეტიც, ხელშეკრულების მოქმედების რომელიმე ეტაპზე ან მის შეწყვეტის დროს კასატორისათვის შეუძლებელი იყო, ევარაუდა ის ზიანი, რასაც მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს, ვინაიდან ამ შემოსავლის უზრუნველყოფა კასატორის სახელშეკრულებო ვალდებულებას არ წარმოადგენდა, რადგან მას არ ჰქონდა განსაზღვრული ოდენობით შეკვეთების სახელშეკრულებო ბოჭვა. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ხელშეკრულება არ შეიცავდა ამგვარ დათქმას, ხოლო უშუალოდ შეთანხმება ეფუძნება ნების გამოვლენის სახელშეკრულებო თავისუფლებას.
26. კასატორის განმარტებით, მხარეები არიან გამოცდილი მეწარმე სუბიექტები და, თუ მოწინააღმდეგე მხარეს სურდა კასატორის დავალდებულება კონკრეტული ოდენობის შეკვეთაზე, ამგვარი ვალდებულება ხელშეკრულებით უნდა განსაზღვრულიყო. სხვა მხრივ, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ კასატორს ვალდებულება წარმოეშვა არა ნასყიდობის ხელშეკრულების, არამედ მოწინააღმდეგე მხარის ბიზნესგეგმის ან კომერციული ინტერესის საფუძველზე.
27. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არამართლზომიერად შეწყდა. მხარეებმა 2017 წელს გამოხატეს ნება, ეთანამშრომლათ 2018 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა 2018 წლის კომერციულ პირობებზე შეთანხმების დათქმით. უდავოა, რომ ხელშეკრულების მოქმედებისათვის აუცილებელია მის არსებით პირობებზე შეთანხმება, ასევე - მხარეთა მოლაპარაკებების საფუძველზე უდავოა, რომ მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე მისი არსებითი პირობაა. სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რამდენად შეიძლება მხარე შებოჭილი იყოს სახელშეკრულებო პირობებით, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების დროს მისი ნება პირობების გადახედვაზე იყო უდავო.
28. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ 2017 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2017 წლის 11 სექტემბრის შეტყობინებით, მოწინააღმდეგე მხარემ ნებისმიერი ფულადი ვალდებულება, რომელიც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, სს ,,კ. კ. დ–ას“ დაუთმო. ამ ნაწილში სასამართლოს უნდა შეეფასებინა მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგები და ისე ემსჯელა მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილებაზე პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
29. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
32. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
33. საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ მხარეთა შორის, 2017 წლის 1 იანვარს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა (მოსარჩელემ) აიღო ვალდებულება, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიეწოდებინა და საკუთრებაში გადაეცა მყიდველისათვის (მოპასუხისათვის) ხელშეკრულების დანართი №2-ში აღიშნული პროდუქცია შეკვეთილი ოდენობით და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და წესით, ხოლო მყიდველმა აიღო ვალდებულება, მიეღო პროდუქცია და გადაეხადა მისი საფასური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების დანართით განისაზღვრა, რომ 2017 წლის ბოლოს სახელშეკრულებო პირობები გადაიხედებოდა.
34. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს სწორედ მოპასუხის მიერ 2018 წლის 28 ივნისიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით წარმოშობილი ზიანისა და 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანგარიშსწორების წესის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება წარმოადგენს.
35. მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა საქონლის რეალიზაცია და მოგების მიღება. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კი, მოსარჩელეს ამგვარი შესაძლებლობა არ მიეცა და მან განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. (იხ. მ. თოდუა/ ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37.).
37. ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
38. უნდა აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორად/დამატებით მოთხოვნებს და იწვევს ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის უარყოფითი შედეგების დადგომას (შდრ. ჰ.ბოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ.33). ზიანის ანაზღაურება მოთხოვნა წარმოიშობა, მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა. პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობაში, არაჯეროვნად შესრულებაში ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევაში. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას.
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (შდრ. სუსგ №ას-32-2021, 2021 წლის 23 აპრილი; №ას-1843-2018, 2019 წლის 5 მარტი; №ას-167- 163-2016, 2016 წლის 1 ივლისი).
40. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. იმავე კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (სუსგ-ის №ას-630-593-2012, 11 ივნისი, 2012 წელი; №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-344-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი).
41. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან ზიანის მიყენების ფაქტს მოსარჩელე უკავშირებდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოებას, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა დადგინდეს კასატორის მხრიდან მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება.
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას. ვალდებულების დარღვევა ობიექტური მაშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ორმხრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო.
43. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 1 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2017 წლის ბოლოს პირობები გადაიხედებოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სწორედ იმაზე მითითებით შეწყვიტა 2018 წლის 28 ივნისიდან ხელშეკრულება, რომ მხარეებმა 2018 წლის სახელშეკრულებო პირობები ვერ შეათანხმეს.
44. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერების შესახებ და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, განსაზღვრული იყო ორი წლით - 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და ხელშეკრულება მხარეებს 2017 წლის ბოლოს ანიჭებდა 2018 წლის ხელშეკრულების პირობების გადახედვის შესაძლებლობას. უდავოა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა 2018 წლის სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკება, თუმცა ვერ შეთანხმდნენ, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხელშეკრულების ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების 7.3 პუნქტით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობები განისაზღვრა (რომლის თანახმად, ხელშეკრულება ერთ-ერთი მხარის განცხადებით შეიძლება შეწყდეს ვადამდე, შემდეგ შემთხვევებში: ა) მყიდველმა ან გამყიდველმა შეწყვიტა ან შეაჩერა თავისი საქმიანობა; ბ) გამყიდველი დაარღვევს თავის მოვალეობებს; გ) მყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების განხორციელების ვადას გადააცილა 14 დამუშაო დღეზე მეტი ვადით (ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი მოთხოვნის გადაცემიდან 14 სამუშაო დღის ვადის გასვლის შემდეგ)), თუმცა კასატორს ხელშეკრულების შეწყვეტის არცერთ სახელშეკრულებო წინაპირობაზე არ მიუთითებია და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერება არ დაუსაბუთებია, ისევე როგორც, იმ გარემოებაზე, თუ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რა გარემოება შეიცვალა, რამაც გავლენა მოახდინა მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე და ხელშეკრულების რა პუნქტი საჭიროებდა გადახედვასა და შეთანხმებას. გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობა 2018 წელსაც - 6 თვე 2017 წლის პირობებით გაგრძელდა, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის არგუმენტის გაზიარების საფუძველი, სახელშეკრულებო ურთიერთობის მართლზომიერად შეწყვეტის შესახებ არ არსებობს.
45. საკასაციო პალატა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის გათვალისწინებით, ყურადღებას ამახვილებს იმ ინტერესზე, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა ვალდებულების შესრულების მიმართ და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის, ხელშეკრულების საგანს გარკვეული პროდუქციის მოპასუხისათვის მიყიდვა წარმოადგენდა და სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა ინტერესი სწორედ მოგების მიღება იყო, რაც ქმნის ობიექტურ სურათს იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხისათვის ცნობილი და სავარაუდო იყო მოსარჩელის მოლოდინი, რომ იგი პროდუქციის გაყიდვით შემოსავალს მიიღებდა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მისი ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა მოპასუხეს, შესაბამისად, დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 955 970 ლარის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის არარსებობის პირობებში მისაღები შემოსავალია, ანუ სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში მოსარჩელის მიერ მისაღები სავარაუდო შემოსავალი.
46. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანის ოდენობა ეფუძნება აუდიტორულ ანგარიშს, რისი გამაბათილებელი მტკიცებულებაც კასატორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
47. ზემოაღნიშნული აუდიტორულ დასკვნა ეფუძნება მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქციის ასორტიმენტსა და მოცულობას, რაც იყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე. ამასთან, გამოკლებულია პროდუქციის თვითღირებულება, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები და 2017 წლის 1 იანვარს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი მარკეტინგული მომსახურების ღირებულება.
48. კასატორი გარკვეულ საკასაციო პრეტენზიებზე მითითებით სადავოს ხდის ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ ანგარიშს, რასთან დაკავშირებითაც პალატა მიუთითებს დისპოზიციურობის პრინციპზე და აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ აუდიტორულ ანგარიშს კასატორი, გარდა საკუთარი განმარტებისა, ვერ აბათილებს რაიმე სახის ობიექტური მტკიცებულებებით, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, თუკი კასატორი არ ეთანხმებოდა მიუღებელი შემოსავლის ოდენობას, რომელიც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში არსებობულ დინამიკას ემყარებოდა (ანგარიშით გათვალისწინებულ იქნა (გამოკლებულ იქნა) პროდუქციის თვითღირებულება, ტრანსპორტირებისა და მარკეტინგული მომსახურების ხარჯებიც), მას უნდა წარედგინა შესაბამისი მტკიცებულება, რითაც ეჭვქვეშ დადგებოდა მიუღებელი შემოსავლის სავარაუდო ოდენობა, თუმცა კასატორს მსგავსი არაფერი დაუდასტურებია, რისი გათვალისწინებითაც მისი პრეტენზიები მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ ანგარიშთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, შესაბამისად, აუდიტორულ ანგარიშში მითითებული თანხა უნდა მივიჩნიოთ იმ შემოსავლად, რასაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯების გამოკლების გათვალისწინებით მოსარჩელე 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიიღებდა.
49. კასატორის პრეტენზიით, შეკვეთები სრულდებოდა 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიში, რომელიც მომზადებულია 2018 წლის 1 ივნისიდან იმავე წლის 30 დეკემბრის პერიოდის მიხედვით სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა. ყოველივე ზემოაღნიშნულს, საკასაციო პალატა არ იზიარებს, ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ კასატორმა, მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე აცნობა, მკვეთრად შეამცირა შეკვეთის მოცულობა, მაშინ, როდესაც, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, შეკვეთების მოცულობის მკვეთრი ვარდნა მანამდე არცერთხელ არ გამოვლენილა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა ხელშეკრულების დადებიდან 18 თვიან შეკვეთების დინამიკისა და კასატორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უკანასკნელ პერიოდში პროდუქციის მინიმუმამდე შემცირების გამომწვევი მიზეზების დაუსახელებლობით მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავალი, სწორედაც, რომ 2018 წლის 1 ივნისიდან უნდა აითვალოს.
50. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებული არ იყო, საქონლი შეეკვეთა, რისი გათვალისწინებითაც, მისთვის შეუძლებელი იყო დამდგარი ზიანი ევარაუდა. აღნიშნულსაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთ თვეში კასატორი წინასწარი გათვლებით 2017 წლის განმავლობაში 5 000 000 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენას გეგმავდა. ამასთან, 2017 წლის 25 იანვარს ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმებით, მოსარჩელეს 2017 წელს სულ 111 სავაჭრო ობიექტზე უნდა გაეკეთებინა ოპერირება. უდავოა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მოქმედების პერიოდში, კასატორი აქტიურად იძენდა მოწინააღმდეგე მხარის პროდუქციას, რასაც საქმეში წარმოდგენილი ცხრილი ადასტურებს, რომლის თანხმად, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით მოპასუხისათვის მიწოდებულია 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი და გადახდილია 8 669 277.37 ლარი. 2017 წლის შეკვეთებით დგინდება, რომ კასატორი ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების პროდიუქციას იძენდა, რაც შენარჩუნებული იყო 2018 წლის ივნისამდე (მოპასუხემ მხოლოდ მაშინ შეამცირა შეკვეთა, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყვიტა). საქმეში წარდგენილია 2018 წლის 2 თებერვლისათვის მოპასუხის შეთავაზება პროდუქციის ღირებულების თაობაზეც, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია თანხების ჯამური ღირებულებაც, რაც ადასტურებს მოპასუხის მიერ მომდევნო წლის შეკვეთებისა და პროდუქციის ღირებულების დაანგარიშების შესაძლებლობას და იმის განჭვრეტას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა რა ზიანს მოუტანდა მოწინააღმდეგე მხარეს. ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატის მიერ გამოტანილი დასკვნით, ისინი საკმარისია ვარაუდისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, არამართლზომიერად ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სავარაუდო შემოსავალი დაკარგა. კასატორს მტკიცებულება, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიუღებელი შემოსავლის სავარაუდო მიღებას დააბრკოლებდა, არ წარმოუდგენია სასამართლოში.
51. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობით უდავოდ დასტურდება მოპასუხის მიერ არამართლზომიერი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის ელექტრონულ წერილზეც (ტ.1, ს.ფ. 235), სადაც მხარეთა შორის პროდუქციის ღირებულებაზეა საუბარი და მოპასუხე სხვა წინადადებებთან ერთად მოსარჩელეს სთავაზობს ყოველ გახსნილ მაღაზიაზე პირველი (სტანდარტული) შეკვეთის უსასყიდლო მიწოდებას, რითაც დგინდება, რომ მხარეებისთვის ცნობილი და შეთანხმებულია ე.წ. სტანდარტული შეკვეთების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ამასთან, საქმეში წარდგენილი ხელშეკრულების №3 დანართით დგინდება, რომ პროდუქცია წინასწარ დამტკიცებული გრაფიკით მიეწოდებოდა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ზემოაღნიშნულ გარემოებას. გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებაში ვერ ჩაიწერებოდა მინიმალური მოთხოვნებისა თუ შეკვეთის შესახებ კონკრეტული შეთანხმება, რადგან აღნიშნული ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად (1. აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შემდგომ – შეთანხმება), კერძოდ: ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); ბ) წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება; დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; ე) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალული შეთანხმება ბათილია, თუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი გამონაკლისები), ბათილობის საფუძველია. პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ, თუკი მოპასუხეს მინიმალური შეკვეთების ვალდებულება არ ჰქონდა და, მისი მტკიცებით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ისედაც შეეძლო არ განეხორციელებინა შეკვეთა, გაურკვეველია ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მისი ქმედება, რისი გათვალისწინებითაც კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
52. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ კასატორის მიერ შეკვეთის განუხორციელებლობის შემდეგ, მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ პროდუქციის გასხვისება, რითაც ზიანი მიადგა. პალატა ამ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელე მეწარმე სუბიექტია, რომელიც პროდუქციას სერიულად აწარმოებს და ეწევა მის რეალიზაციას (ე.წ. პროფესიონალი მოვაჭრე), შესაბამისად, რაკი მოსარჩელემ დაამტკიცა მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებით მისაღები მოგება, კერძოდ, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მისი ქონება ვერ გაიზარდა დაგეგმილი ოდენობით, სხვა გაყიდვებიდან მიიღო თუ არა მოგება, მტკიცების საგანში არ შედის და მხედველობაში არ მიიღება.
53. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეში სწორად განმარტა როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ისე - თავად მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საკითხი და მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის არამართებულობის შესახებ კასატორის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები სრულად შეესაბამება აღნიშნულ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
54. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, შეფასებასა და დასკვნებს პირგასამტეხლოს კასატორისათვის დაკისრების თაობაზეც და განმარტავს, რომ სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების შესააბამისად, მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე, კერძოდ, სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე (სსკ-ის 319.1 მუხლი) ვადამოსული დავალიანებისა და ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. საქმეში წარდგენილია 2017 წლისა და 2018 წლის მაისის ჩათვლით არსებული ყოველდღიური საფინანსო მონაცემები, რომლის თანახმად, კასატორმა სახელშეკრუებო ვალდებულება რამდენჯერმა დაარღვია, რამაც სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე კასატორისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა წარმოშვა. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების ფარგლებში და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ კანონიერია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაც, რასთან დაკავშირებითაც კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
55. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
57. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
58. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
60. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №1308-2018, 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება; №ას-948-2019, 2021 წლის 27 მაისის განჩინება; საქმე №ას-587-2021, 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება).
61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
62. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ო.ნ–ჯის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,ო.ნ–ჯს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადასახადო დავალება 0 / გადახდის თარიღი 09.08.2021), 70% - 5600 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე