საქმე №ას-968-2021 17 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს–ისა“ (შემდგომ - მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომ - მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) შორის, 2018 წლის 26 ივლისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მენარდე კისრულობდა ვალდებულებას, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეესრულებინა ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება 595 595 ლარს შეადგენდა.
2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლით.
3. იმავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებულ იქნა 5%. დაკავებული 5%-დან 2.5%-ის გადაიხდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5% - შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ. აღნიშნული გარანტია წარდგენილი უნდა ყოფილიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „ს.დ.ს.ზ.ს–ის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნული ვალუტით - ლარით, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას.
4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოები ვადამდე - 2018 წლის 20 დეკემბერს დასრულდა. ამავე დღეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის მიხედვით, შესრულებულად ცნეს 593 169.01 ლარის სამუშაოები, რის შემდეგაც მოსარჩელეს დაკავებული 5%-დან 2.5% - 14829.22 ლარი აუნაზღაურდა.
5. მოპასუხემ ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად 578 339.78 ლარი აანაზღაურა.
6. მხარეთა შორის, 2018 წლის 21 სექტემბერსაც, გაფორმდა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების მსგავსი ხელშეკრულება, რომლითაც მენარდეს სამუშაოები 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაესრულებინა, ხელშეკრულების ღირებულება კი 584456.72 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულებით განისაზღვრა წინამდებარე განჩინების 2-3 პუნქტებში მითითებული პირობებიც.
7. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოები ვადამდე - 2018 წლის 28 დეკემბერს დასრულდა. ამავე დღეს, მხარეებს შორის, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის თანახმად, შესრულებულად ცნეს 584435.98 ლარის სამუშაოები, რის შემდეგაც მოსარჩელეს დაკავებული 5%-დან 2.5% -14610.9 ლარი აუნაზღაურდა. მოპასუხემ წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად 569825.08 ლარი აანაზღაურა.
8. მოსარჩელეს მოპასუხისათვის საბანკო გარანტები არ წარუდგენია, ამასთან, მოპასუხეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების დღიდან საგარანტიო ვადის განმავლობაში და არც მას შემდგომ, შესრულებული სამუშაოების მიმართ (უხარისხო ან არაჯეროვანი შესრულებისათვის) მენარდისათვის რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია.
სარჩელის საფუძვლები:
.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 2018 წლის 26 ივლისისა და იმავე წლის 21 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხების - 14829.22 ლარისა და 14610.9 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
10. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს შესრულებულ სამუშაოების მიმართ რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია, ამასთან, საგარანტიო პერიოდი ამოიწურა მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული 2.5% მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია.
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, ვინაიდან მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადის დაცვით მოპასუხეს არ წარუდგინა საბანკო გარანტიები, ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის 2.5%-ის მოსარჩელისათვის დაბრუნება გამოირიცხება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 14829.22 ლარისა და 14610.9 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1 მუხლზე, იმავე კოდექსის 653-ე, 879-ე, 880.1 მუხლებსა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2-მე-3 პუნქტები) მითითებით განმარტა, რომ მოპასუხეს საგარანტიო ვადის ამოწურვამდე და მის შემდგომაც, ორივე ხელშეკრულებასთან მიმართებით შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია მენარდისათვის არ განუცხადებია. ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენის მიზანი სწორედ შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა იყო და არ შეიძლება, აღნიშნული გარანტია საჯარიმო სანქციად იქცეს, თვით საბანკო გარანტიის წარუდგენლობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველს დაკავებული ჰქონდა სამუშაოს ხარისხის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ოდენობის (ხელშეკრულების ღირებულების 2.5%) თანხები ორივე ხელშეკრულებასთან მიმართებით.
16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან გასულია საგარანტიო ვადა, აღარ არსებობს სამართლებრივი საჭიროება იმისა, რომ მოპასუხეს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაკავებული ჰქონდეს ხელშეკრულებების ღირებულებების 2.5%, მითუმეტეს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.
17. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 648-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აქვს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება. მოპასუხის დავალიანება 2018 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 14829.22 ლარს, ხოლო იმავე წლის 21 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 14610.9 ლარს, რაც სრულად ანაზღაურებას ექვემდებარება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
19. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა, კერძოდ, საფინანსო წლის დასრულებამდე 10 სამუშაო დღით ადრე საბანკო გარანტია არ წარადგინა, რაც დაკავებული ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
20. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, საქმეზე მიღებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
25. განსახიველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის ფარგლებშიც, დადებული ხელშეკრულებებისა და სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა სამუშაოს შესრულება, ხოლო მოპასუხეს - მისი მიღება და საზღაურის ანაზღაურება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები, სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე (სსკ-ის 319.1 მუხლი) შეთანხმდნენ სამუშაო ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან 5%-ის დაკავებაზე. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ დაკავებული 5%-დან 2.5% გადაერიცხებოდა მოწინააღმდეგე მხარეს, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა განხორციელდებოდა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მენარდე (მოწინააღმდეგე მხარე) წარადგენდა სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვად, შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტიას. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით, შესულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლით. ამ ვადაში შემკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაო, რომელიც თუ არ დააკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი (მოპასუხე) ან/და მისი უფლებამოილი პირი ვალდებული იყო, ეცნობებინა მიმწოდებლისათვის (მოსარჩელისათვის) შემოწმების შედეგების, დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზები.
26. მოსარჩელეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-დან 2.5% აუნაზღაურდა. სადავოა, დარჩენილი 2.5%-ის მოწინააღმდეგე მხარისათვის ანაზღაურება, რომელიც კასატორის მტკიცებით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტია შემკვეთისათვის არ წარუდგენია.
27. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია არ წარუდგენია, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, არ იკვეთება სამართლებრივი საჭიროება იმისა, რომ მას მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაკავებული ჰქონდეს ხელშეკრულების ღირებულების 2.5%.
28. სსკ-ის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტია იმავე კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას, ხოლო სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი სათანადო შესრულებად მიიჩნევს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენისრება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც შესრულებულ სამუშაოში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული (იხ. საქმე №ას-344-2019, 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება).
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენის მიზანი სწორედ შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა იყო და იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე საგარანტიო ვადა ამოიწურა 2019 წლის 20 დეკემბერს (მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2018 წლის 20 დეკემბერს და საგარანტიო ვადად განსაზღვრული იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელი), ხოლო 2018 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების შემთხვევაში - 2019 წლის 28 დეკემბერს (მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული იყო 2018 წლის 28 დეკემბერს) და მოპასუხეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების დღიდან საგარანტიო ვადის განმავლობაში და არც მას შემდგომ, მენარდისათვის შესრულებული სამუშაოების მიმართ (უხარისხო ან არაჯეროვანი შესრულებისათვის) რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია, საბანკო გარანტიის წარუდგენლობა არ შეიძლება, დაკავებული თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს და იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება სათანადოდ შესრულებულია, არ შეიძლება, გარანტიის წარუდგენლობა საჯარიმო სანქციად იქცეს და წინაპირობა გახდეს მენარდისათვის შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურებაზე უარის თქმის, რამეთუ, აღნიშნული საბანკო გარანტიის მიზანს ეწინააღმდეგება.
32. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები საბანკო გარანტიის უკან დაბრუნებას გამორიცხავს მხოლოდ ერთ შემთხვევაში (ხელშეკრულების 4.5 პუნქტი), მაშინ, როდესაც მიმწოდებელი არ ასრულებს 4.2 პუნქტის მოთხოვნებს (სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამწვეულია უხარისხო ანდა არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია, აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაო საკუთარი ხარჯით), რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ ვლინდება და არც მხარეთა შორის ყოფილა სადავო, შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს დასკვნას, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, მოპასუხისგან ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული თანხა მოითხოვოს, რისი გათვალისწინებითაც, გამოვლენილია სსკ-ის 648-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობა (შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), მენარდის მოთხოვნის უფლება წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია, რაც სამუშაოს ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების საფუძველია.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიების გაზიარების წინაპირობები.
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-344-2019, 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება; №ას-362-344-2015, 2015 წლის 31 ივლისის განჩინება).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებლია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე