საქმე №ას-873-2021 30 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ.გ–ვი (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ა–ვა (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ.გ–ვი (შემდგომ - ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და გ.ა–ვა (შემდგომ - ძირითად სარჩელში მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე) 2010 წლის 12 ოქტომბერს დაქორწინდნენ.
2. მხარეები 2018 წლის ბოლოდან ერთად აღარ ცხოვრობენ.
3. შეგებებული სარჩელის ავტორს დაქორწინებამდე ეკუთვნოდა: 1700 ლარად ღირებული ოქროს სამაჯური (17 გრამი), 2000 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი (20 გრამი), 5-5 გრამი ორი ოქროს ბეჭედი, ღირებული 1000 ლარად.
სასარჩელო მოთხოვნა:
4. ძირითადმა მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ძირითად სარჩელში მითითებული მოპასუხის წინააღმდეგ და მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა მოითხოვა.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
5. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა ძირითადი მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა (მოსარჩელემ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი სხვა მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში შეგებებული სარჩელი გაიხმო, იხ. 2019 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 187).
6. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მშობლებმა დაქორწინებამდე აჩუქეს მას სადავო მოძრავი ნივთები, რომლებიც დაოჯახების შემდეგ მეუღლის ოჯახში წაიღო და ინახავდა ყოფილი დედამთილი, შეგებებული სარჩელით მოპასუხის დედა.
7. შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით, სახლიდან გამოგდების შემდეგ კუთვნილი ნივთები არ გამოატანეს, რაც სარჩელის აღძვრის წინაპირობა გახდა.
შესაგებელი ძირითად სარჩელზე:
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა შემდგომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა ცნო.
შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე:
9. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სახლში არ იმყოფებოდა, როდესაც შეგებებული სარჩელის ავტორი შვილებთან ერთად მისი ოჯახიდან წავიდა და სადავო მოძრავი ნივთებიც თან წაიღო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2021 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2010 წლის 12 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის №21201030362) შეწყდა; შეგებებული სარჩელიც დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელით მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილ იქნა შეგებებული სარჩელის ავტორის კუთვნილი წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული მოძრავი ნივთები. ამასთან, დადგინდა, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროს სადავო ნივთები არ აღმოჩნდება შეგებებული სარჩელით მოპასუხის მფლობელობაში, ამ უკანასკნელს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრება მათი ღირებულება - 4700 ლარი.
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13. სააპელაციო სასამართლომ, 2007 წლის 28 დეკემბრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაგებლის წარდგენის სავალდებულო ხასიათსა და დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შედავებას ეხება, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ას-664-635-2016) და აღნიშნა, რომ აპელანტს არც სადავო ნივთების იდენტიფიკაცია, არც ღირებულება, კუთვნილება და არც თანაცხოვრების პერიოდში მათი ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, ზემოხსენებული ფაქტებს აპელანტი არც საქმის მომზადების ეტაპზე არ შესდავებია, რისი გათვალისწინებითაც, ზემოაღნიშნული ფაქტების შესახებ აპელანტის შედავება დაუშვებელია და სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად მიიჩნევა. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, მოწინააღმდეგე მხარემ სადავო ნივთების კუთვნილებისა და მათი ღირებულების დასადასტურებლად სასამართლოს მოწმეთა ჩვენებები, ფოტოსურათები და ინდივიდუალური აუდიტორის დასკვნა წარუდგინა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სრულყოფილად არის შეფასებული, აპელანტს კი ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ გარემოება, რომ სადავო ნივთები ეკუთვნოდა მოსარჩელეს და მათ მოპასუხე ფლობდა, დამტკიცებულად მიიჩნევაა, ამიტომ ვალდებულების შეწყვეტის, ე.ი. მოსარჩელისათვის ნივთების დაბრუნების მტკიცების ტვირთი აპელანტს ეკისრებოდა.
14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ აპელანტმა შესაგებელში მითითებული ფაქტები ვერ დაამტკიცა. სასამართლოს განმარტებით, სხდომაზე დაკითხულ არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს სადავო ნივთები დაუბრუნა ან ამ უკანასკნელმა ისინი აპელანტის სახლიდან წაიღო; თავისი პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი აპელანტს სასამართლოსათვის არც წარუდგენია და არც მიუთითებია, რისი გათვალისწინებითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, გაიზიარეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომელიც სარჩელს არაფრით უკავშირდება.
17. კასატორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კასატორი საქართველოში არ იმყოფებოდა იმ პერიოდში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე კასატორის ოჯახიდან რამდენიმე ეტაპად საკუთარი ნივთები, მათ შორის - სადავო სამკაულები წაიღო.
18. კასატორის განმარტებით, გაუგებარია, რატომ ჩათვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემობის დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებად მხარეთა ერთად ცხოვრების ფაქტი და არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იმაზე მეტი ნივთი გაიტანა კასატორის ოჯახიდან, ვიდრე ეკუთვნოდა. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
24. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და არც შესაგებლით არ არის შედავებული, რომ სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. კასატორის შესაგებელიცა და საკასაციო პრეტენზიაც ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ იგი სადავო მოძრავი ნივთებს არ ფლობს, კერძოდ, მისი საზღვარგარეთ ყოფნის დროს მოწინააღმდეგე მხარე შვილებთან ერთად მისი ოჯახიდან წავიდა და სადავო ნივთებიც თან წაიღო.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების საგანს შეადგენს ის გარემოებები, რომლებიც პროცესუალურ სამართალურთიერთობებში წარმოადგენს სამართლებრივ ფაქტებს. ამასთან, ფაქტების მითითების ტვირთი და მტკიცების ტვირთი თანაარსებობს. სწორედ ამიტომ, თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს მის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და, თუ სადავო გახდება, დაამტკიცოს ისინი.
26. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავო მოძრავი ნივთების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად შეგებებული სარჩელის ავტორი უთითებს, რომ მშობლებმა დაოჯახებამდე სადავო მოძრავი ნივთები აჩუქეს. მხარეები 2010 წლის 12 ოქტომბერს დაოჯახდნენ, რის შემდგომაც, სადავო ნივთები წაიღო მოპასუხის ოჯახში, სადაც ამ უკანასკნელის მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და სადავო ნივთებს ინახავდა სწორედ მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) დედა, რომელმაც სახლის დატოვებისას ნება არ დართო, სადავო ნივთები თან წაეღო.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ნივთებს მხარეთა ქორწინების განმავლობაში სწორედ მოპასუხის ოჯახი ფლობდა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების თანახმად: ,,საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. შესაგებელი (პასუხი) უნდა აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების არაეფექტიანად და არაკვალიფიციურად განხორციელება, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (საქმე №ას-664-635-2016), შესაბამისად, ვინაიდან, დგინდება მხარეთა ქორწინების პერიოდში სადავო უძრავი ნივთების კასატორის ოჯახის მიერ ფლობის ფაქტი, სწორედ ამ უკანასკნელზე გადავიდა მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ კასატორის ოჯახიდან სადავო მოძრავი ნივთები წაიღო, რაც ამ უკანასკნელმა ვერ დაადასტურა, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
28. ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელემ სადავო ნივთების კუთვნილებისა და მათი ღირებულების დასადასტურებლად სასამართლოს მოწმეთა ჩვენებები, ფოტოსურათები და ინდივიდუალური აუდიტორის, დ.რ–ძის დასკვნა წარუდგინა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სრულყოფილად არის შეფასებული, კასატორს კი ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ მოუპოვებია.
29. პალატა მიუთითებს, რომ მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის სადავოდ გამხდარი წინაპირობა, კასატორის (აპელანტის) მიერ სადავო ნივთების ფლობა, კანონიერად დაადგინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ და ამ უკანასკნელის ზოგადი ხასიათის შედავება ვერ აქარწყლებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებსა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობების არსებობას ვერ ამტკიცებს.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორის მიერ სათანადო წესით უარყოფილი არ ყოფილა.
31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე №ას-1251-2018, 2019 წლის 8 თებერვლის განჩინება; №ას-656-2020, 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება; №ას-276-2020, 2020 წლის 1 ივლისის განჩინება).
33. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.გ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. რ.გ–ვს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 12001080978) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ხალილი გუსეინოვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 11616980179 / გადახდის თარიღი 20.09.2021), 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე