Facebook Twitter

საქმე №ას-527-2021 29 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ი–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ი–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ი–ვი (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და ნ.ი–ვა (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) 1989 წლის 25 იანვარს დაქორწინდნენ.

2. მხარეებს ქორწინების განვალობაში ოთხი შვილი შეეძინათ, რომლებიც წინამდებარე დავის განხილვის პერიოდში სრულწლოვნები არიან.

3. მხარეები 2020 წლის 30 იანვრიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მოსარჩელემ 2020 წლის 30 იანვარს საქართველოს საზღვარი თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაკვეთა, ხოლო მოპასუხე ცხოვრობს მარნეულში, ...... ქუჩა №31-ში.

სარჩელის საფუძვლები:

.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ კომფლიქტის გამო შეუძლებელია მათი თანაცხოვრება.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არასდროს ყოფილა მეუღლის მიმართ უპატივცემულო, დაქორწინების დღიდან მთელი თავისი ცხოვრება მოსარჩელეს მიუძღვნა და დღესაც ოჯახის ერთგულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 1989 წლის 25 იანვარს (სააქტო ჩანაწერი №11) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, რისი გათვალისწინებითაც, საქმეს განიხილავდა არსებითად, მოწინააღმდეგე მხარის დასწრების გარეშე.

9. სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1127-ე მუხლის მესამე ნაწილისა და იმავე კოდექსის 1106-ე მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტს უნდა ემტკიცებინა ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის დამადასტურებელი გარემოებები (მაგალითად: მხარეთა შორის კომუნიკაცია, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციის შეცვლა, პოზიციების დაახლოება და ა.შ). სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავსი მტკიცება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ განხორციელებულა, უფრო მეტიც, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ერთ წელზე მეტია, რაც საზღვარგარეთ იმყოფება, ამასთან, ამ პერიოდში მხარეებს შორის რაიმე ფორმით კომუნიკაციასთან დაკავშირებით აპელანტს არც კი მიუთითებია.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მისი შუამდგომლობა.

13. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის ნორმები, მაშინ, როდესაც მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მისი შუამდგომლობა.

19. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

20. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

21. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

22. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.

23. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, რომ დააკმაყოფილოს სარჩელი (სააპელაციო საჩივარი), მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის/სააპელაციო საჩივრის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას- 664-635-2016, 02.03.2017წ; პ.202).

24. მოცემული კუთხით კასატორის პრეტენზიის შეფასებისას საყურადღებოა მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) მიერ მითითებული გარემოებების ძირითადი შინაარსი, ის მთავარი ფაქტები, რომლებსაც სარჩელი ემყარება, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის წარდგენის წინაპირობა გახდა ის გარემოება, რომ ხანგრძლივი უთანხმოების გამო, მხარეთა შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ გამოსწორება შეუძლებელია.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნტის თანახმად, განქორწინება ქორწინების შეწყვეტის საფუძველია. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.

26. სსკ-ის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

27. სსკ-ის 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით. მათი თანხმობა წარმოადგენს როგორც დაქორწინებისათვის აუცილებელ პირობას სსკ-ის 1107-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ისე - შემდგომში, აუცილებელ პირობას ოჯახის შენარჩუნებისათვის. სწორედ მეუღლეთა თანხმობაში პოულობს გამოხატულებას ნებაყოფლობითი ქორწინების პრინციპი.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახს განიხილავს, როგორც ნებაყოფლობით კავშირს და, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს (იხ. სუსგ-ები: №ას-1831-2019, 2018, 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება; №ას-813-2019, 2020 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-472-2021, 2021 წლის 14 ივლისის განჩინება).

29. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 20116 წლის 15 ივლისის განჩინება). მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ №ას-1753-2018, 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება).

30. საკასაციო პალატის მითითებით, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებელი ქორწინების საფუძვლად მიიჩნევს, მხოლოდ ნებაყოფლობით კავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი, არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა, სხვა შემთხვევაში, ქორწინება არ ჩაითვალება ნამდვილად.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის ხანგრძლივი უთანხმოების მოტივით მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას. ამასთან უდავოა, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ეს გარემოებები კი გამორიცხავს აპელანტის მოთხოვნის იურიდიულ მართებულობას და მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მის დაკმაყოფილებას, შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობდა, რაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად იმსჯელა.

32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (შდრ. სუსგები: №ას-103-2020, 2020 წლის 29 ივნისის განჩინება; №ას-483-451-2017, 2017 წლის 31 ივლისის განჩინება, №ას-449-2020, 2021 წლის 30 მარტის განჩინება), კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ი–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ნ.ი–ვას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ტ.ქ–ვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება №1 / გადახდის თარიღი 11.06.2021), 70% - 105 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე