Facebook Twitter

საქმე №ას-1073-2021 11 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.ჯ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ტ.ჯ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, "აპელანტი" ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – „მოპასუხე“, „სამინისტრო“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 10.09.2020წ. დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №596 ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ №MIA 9 20 03043336 გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა.

2. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

3. სამინისტრომ მოსარჩელის მიმართ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მისთვის 10.09.2020წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №596 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - 1139,60 ლარის გადახდის დაკისრება.

4. მოსარჩელემ/შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 300 ლარის ოდენობით.

6. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე და 365-ე მუხლებით და ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელეს ჰქონდა ორი მოთხოვნა - ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ პირგასამტეხლოს თაობაზე და არ გაითვალისწინა მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობის თაობაზე, რომელიც არაქონებრივი ხასიათის არის. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არაქონებრივი დავა უფრო მაღალი ღირებულებისაა, დავის საგნის ღირებულება სასამართლოს სწორედ ამ უკანასკნელი მოთხოვნიდან უნდა განესაზღვრა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის (სააპელაციო საჩივრის ფასი) ღირებულება არ შეესაბამება კანონით დადგენილ ოდენობას.

15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი არეგულირებს დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - გადასახდელი თანხით.

17. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირგასამტეხლოს სახით მას დაეკისრა 300 ლარის გადახდა. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 300 ლარს.

18. კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო საჩივარი შეიცავს არაქონებრივი ხასიათის მოთხოვნასაც (მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტის (გასვლის) შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას) და სწორედ ამ მოთხოვნიდან უნდა მომხდარიყო დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ საქმე №1155-1032-2010, 06 იანვარი, 2011 წელი; №ას-1384-1306-2012, 26 ნოემბერი, 2012 წელი).

20. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას - ხელშეკრულების შეწყვეტის (გასვლის) უკანონოდ ცნობის შესახებ საფუძვლად უდევს ქონებრივ-სამართლებრივი ინტერესი, კერძოდ, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება, შესაბამისად, განსახილველი დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

22. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 300 ლარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

23. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება - თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს არ არის აბსოლუტური. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მაგალითად, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი), გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), შეზღუდვას აწესებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლიც, რომელიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობად განსაზღვრავს მის ღირებულებას ქონებრივ-სამართლებრივ დავებში.

24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Ionescu v. Romania, №. 36659/04, §23-§36, 01 ივნისი, 2010 წელი; Vasilchenko v. Russia, №. 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Cecchetti v. San Marino, №. 40174/08, §28-§33, 09 აპრილი, 2013 წელი).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

26.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ტ.ჯ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. ზამბახიძე