საქმე №ას-424-2021 14 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება და სარჩელის განუხილველად დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ზ–ომ” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) მიმართ პირგასამტეხლოს ანგარიშში ზედმეტად დაკავებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ პირგასამტეხლო დაიანგარიშა არა სატენდერო პირობების შესაბამისად, არამედ გაზრდილი განაკვეთით, რაც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა. უმართებულოა შესრულებული სამუშაოს ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლა. დაკავებული თანხიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს 16 933.09 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.06.2020 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის - 16 933,9 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
2.2. მოპასუხეს 23.06.2020 წელს 14:00 საათზე ჩანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, 10.06.2020 წელს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა მერიის კანცელარიის სპეციალისტს. მოპასუხეს ჩაბარებული უწყებით განემარტა სსსკ-ის 230-ე მუხლით გათვალისწინებული სხდომაზე გამოუცხადებლობის პროცესუალური შედეგები.
2.3. მოპასუხე დანიშნულ დროს სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის, რისი გათვალისწინებითაც სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ცნო.
2.4. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 420-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 10.09.2020 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 23.06.2020 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1.მოპასუხეს სხდომამდე 13 დღით ადრე, საპროცესო კანონის დაცვით ჩაჰბარდა სასამართლო უწყება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ მომჩივანის არგუმენტი, რომლის თანახმად, საქმის წარმოების ელექტრონული ხარვეზის გამო, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის სასამართლო უწყების გადაცემის შიდაორგანიზაციული პრობლემის არსებობამ მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა.
3.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლომ შეამოწმა და შეფასება მისცა, თუ რამდენად ამართლებდა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას და შესაბამისი მატერიალური ნორმებიც მიუთითა.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.12.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. პალატამ სსსკ-ის 233-ე და 215.3 მუხლების დანაწესთა ფარგლებში შეაფასა მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძველი (საქმის წარმოების ელ.სისტემის ხარვეზის გამო, უწყება ვერ მოხვდა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში) და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ მოხმობილი გარემოება, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსთვის არც კი წარმოუდგენია, ვერ მიიჩნეოდა კანონით დადგენილ საპატიო გარემოებად, კერძოდ, იმ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, რომელიც გამოწვეული იყო მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზით და რაც გაამართლებდა სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობას.
5.2. სააპელაციო პალატის განსჯით, სარჩელში მითითებული გარემოებები სსკ-ის 420-ე და 629.1. მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და ამასთან, არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი სწორად დააკმაყოფილა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება და სარჩელის განუხილველად დატოვება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. საკასაციო პალატის განსჯის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შემოწმება და, ამ კონტექსტში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
11. სსსკ-ის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ. №ას-738-2019, 19.12.2019წ.).
12. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
13. საკასაციო პალატის შეფასებით, მოპასუხის აპელირება პროგრამულ ხარვეზსა და შიდაორგანიზაციული ხასიათის პრობლემებზე, რომელიც კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადაცემის დაბრკოლებაზე მიუთითებს, ვერ განიხილება ვერც უწყების სათანადო წესით ჩაბარების გამომრიცხველ და ვერც იმ ობიექტურ გარემოებად, რაც მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობას გაამართლებდა.
14. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 23.06.2020 წლის 14:00 საათზე ჩანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ უწყება 10.06.2020 წელს ჩაჰბარდა მოპასუხის კანცელარიის სპეციალისტს, რომელიც სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისათვის კორესპოდენციის ჩაბარებაზე ორგანიზაციის უფლებამოსილ წარმომადგენლად მიიჩნევა და მისთვის უწყების ჩაბარებას ორგანიზაციისათვის უწყების ჩაბარების პროცესუალურსამართლებრივი დატვირთვა აქვს (შდრ საქმე №ას-374-2019, 27.06.2019წ.).
15. შესაბამისად, უწყების კანცელარიისათვის ჩაბარების პირობებში, ნებისმიერ შიდაორგანიზაციულ პროცედურულ საკითხებზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს ეკისრება და ინფორმაციის სტრუქტურულ ერთეულებს შორის გაცვლის ხარვეზი, ცხადია, არ ათავისუფლებს მას კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისაგან, ვერ შეფასდება კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).
17. კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი, რომლის იურიდიული ინტერესი საქმეზე არ იკვეთებოდა და არსებობდა სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება და სარჩელის განუხილველად დატოვება (იხ. საკასაციო საჩივარი, ს.ფ.205-213).
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ წარმოდგენილი სარჩელი აღიარებითია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანს პირგასამტეხლოს შემცირება (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის 0.02%-მდე შემცირება) და ამ საფუძვლით ზედმეტად დაკავებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება წარმოადგენს, რაც მიკუთვნებითი მოთხოვნების სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია