Facebook Twitter

საქმე №ას-746-2021 14 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ვა (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – თ.ლ–ძე, თ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ.ქ–ვამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა სასამართლოს მ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“), თ.ლ–ძისა და თ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, „მესამე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა ზიანის - 3000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 02.06.2016 წელს მოსარჩელესა და შპს ''ს.კ.ს–ოს''(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მსესხებელი“, „კომპანია“) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა 3000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლის დარიცხვით. სესხის სარგებელი, ისევე როგორც სესხის ძირითადი თანხა, მსესხებელს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.

2.2. მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017წ. განაჩენით.

3. პირველმა და მესამე მოპასუხემ სარჩელი არ ცნეს, მეორე მოპასუხეს კი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის - 3000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021წ. განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

6.1. მოსარჩელემ 02.06.2016 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიას 3000 აშშ დოლარი გადასცა. აღნიშნული ხელშეკრულება 6 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლის დარიცხვის პირობით, დაიდო.

6.2. მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია. კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა დანაშაულებრივი გზით გაფლანგეს ნასესხები თანხები.

6.3. მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით. დაზარალებულთა სიაში მოსარჩელის რიგითი ნომერია N1706.

6.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 31.07.2017 წლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს, სასჯელი სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდათ, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელითაა მოთხოვნილი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხეთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, პალატის შეფასებით, დავა დელიქტური სამართლის ნორმებით უნდა მოწესრიგებულიყო. შესაბამისად, დელიქტის ნორმების განსახილველი დავისათვის მისადაგების არარელევანტურობის თაობაზე აპელანტის შედავება პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

6.5. პალატის შეფასებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ თანხა მოწინააღმდეგე მხარეთა განზრახი, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო ვერ დაიბრუნა, იძლეოდა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სესხად გაცემული და დაუბრუნებელი თანხა დაკვალიფიცირებულიყო „ზიანად“. პალატის გასჯით, თუკი სესხი სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მოპასუხეებად დასახელებული პირების იმგავრი ქმედების გამო არ დაბრუნდა, რომელსაც კრედიტორებისთვის ზიანის მიყენების საერთო მიზანი და განზრახვა სდევდა თან, აღნიშნული პირველ მოპასუხეს სხვა მოპასუხეებთან ერთად დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე მოსარჩელესთან პასუხისმგებელ პირად აქცევდა.

6.6. სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო პალატის პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ე.ი. ისეთ ფაქტადაა მიჩნეული, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. სასამართლომ, დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და სსსკ-ის 30917 (ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება, ასევე, დაერთოს, უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა) მუხლები და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით მოითხოვა:

7.1. კასატორი არ იზიარებს დავის დელიქტური სამართლის ნორმებით მოწესრიგების თაობაზე ქვემდომი ინსტანციის სასამართლოთა სამართლებრივ დასკვნებს. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს დელიქტური პასუხისმგებლობის დამდგენ წინაპირობებს. კერძოდ, კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს. დელიქტური პასუხისმგებლობის წანამძღვრებიდან (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი) ერთ-ერთის არარსებობისას, კი დელიქტური ნორმებით გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დელიქტის არსებობასა და ზიანის ოდენობას ადგენს.

7.2 კასატორის მითითებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის თანახმად, მსესხებელი კომპანია დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად და მას გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებები კრედიტორების წინაშე. განაჩენში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ პირველი მოპასუხე დააბრუნებდა ნასესხებ თანხებს, მსესხებელი მაინც გაკოტრდებოდა. კასატორის მოსაზრებით, მსესხებლის კრედიტორების მოთხოვნა უნდა დაეყრდნოს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონს და ზიანი გამჭოლი პასუხისმგებლობით უნდა დაეკისროს მხოლოდ მეორე და მესამე მოპასუხეებს. კასატორი არასწორად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია მატერიალური ზიანი. დაკავების დროს შესასრულებელი არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება, სესხის ხელშეკრულებების შესრულების ვადა ჯერ არ იყო დამდგარი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი კრედიტორებისთვის ზიანის მიყენებას და პირველი მოპასუხის ქმედებას შორის.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სასამართლოების მხრიდან კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან - სსკ-ის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე მუხლი (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით), 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).

12. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019).

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 31.07.2017წ. განაჩენზე, რომლითაც მსესხებლის დამფუძნებელი (მესამე მოპასუხე), დირექტორი (მეორე მოპასუხე) და ფაქტობრივი მმართველი (პირველი მოპასუხე) ფიზიკურ პირთა, მათ შორის მოსარჩელის, კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.05.2018წ. განაჩენით (ტ.1, ს.ფ. 78-201). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.2018წ. განჩინებით მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად (ტ.1, ს.ფ.294-298).

14. განაჩენის თანახმად, მსესხებლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. მის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა მესამე მოპასუხე, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა მეორე მოპასუხე. მსესხებლის საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა მესამე მოპასუხის მეუღლე - პირველი მოპასუხე, ანუ კასატორი. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, მსესხებელი აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში მსესხებელმა მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, მსესხებლის დირექტორმა (მეორე მოპასუხემ), რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, პირველი მოპასუხის წაქეზებით და მესამე მოპასუხის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად პირველი მოპასუხის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით პირველ მოპასუხეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "გ–ზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და პირველმა მოპასუხემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, მსესხებელმა ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება (ტ.1, ს.ფ.78-201). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.05.2018წ. განაჩენში, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, აღნიშნულია, რომ პირველი მოპასუხე რეალურად იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი (ტ.1, ს.ფ.202-293).

15. პალატა მიუთითებს, რომ 24.09.2010წ. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020), მოპასუხეს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.

16. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).

17. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული თანხა უნდა იქნეს მიჩნეული.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2021 წლის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია