საქმე №ას-798-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.შ–ი (მოსარჩელე)
მოპასუხეები - დ.მ–ა, გ.მ–ა
მესამე პირი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2021წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.01.2018 წლის გადაწყვეტილებით ს.შ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ნ.მ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), დ.მ–ასა და გ.მ–ას (შემდეგში ტექსტში ეპირველ მოპასუხესთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.01.2019 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ……., მე-20 კორპუსი, ბინა №18 (ს/კ: №……) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ქონება“), გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.11.2019 წლის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
6. 20.01.2020 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.01.2019 წლის გადაწყვეტილებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი.
7. 15.06.2021 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.01.2019 წლის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება. განმცხადებლის მითითებით, მან მიმართა ისნის რაიონის გამგეობას სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული პრივატიზაციის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება უნდა შეჩერდეს პირველი მოპასუხის განცხადებასთან დაკავშირებით გამგეობის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ტ.2, ს.ფ.159,160).
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2021 წლის განჩინებით პირველი მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოებების გამო:
8.1. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 432-ე მუხლით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით და მიუთითა, რომ წარმოდგენილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, ადგილი არ აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების არცერთ საფუძველს. შესაბამისად, განცხადება დაუსაბუთებელია.
8.2. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა შემდეგი: საქმის მასალებით დადგენილია და საბოლოო გადაწყვეტილებაშიც აისახა ის გარემოება, რომ პირველმა მოპასუხემ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა მოსარჩელის მიმართ გაცემული თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 27.12.2012 წლის №352 განკარგულება და №3209 საკუთრების უფლების მოწმობა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 19.12.2013 წლის №2884 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის ადმინისტრაციული საჩივარი; მხარეს განემარტა, რომ მას არ გააჩნდა არანაირი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მისი, როგორც კანონიერი მოსარგებლის უფლებას სადავო ფართზე; საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ პირველმა მოპასუხემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 27.12.2012 წლის №352 განკარგულების და №3209 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით; სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2016 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამრიგად, პირველი მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში ამჯერად წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული საკითხი - სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილობის თაობაზე უკვე იყო ადმინისტრაციული დავის საგანი და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2016 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის (პირველი მოპასუხის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2021 წლის განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონიერება, რომლითაც პირველ მოპასუხეს უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე.
13. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.01.2019 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა (იხ. ტ.2, ს.ფ. 94-106). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.11.2019 წლის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (იხ. ტ.2, ს.ფ. 137-144). შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.01.2019 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და 20.01.2020 წელს მისი აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.2, ს.ფ. 151). პირველი მოპასუხე სწორედ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერებას ითხოვს.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სსსკ ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას (სსსკ-ის 432-ე მუხლი: საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს). გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მიზანია, არ აღსრულდეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ საფუძვლით გასაჩივრებულია და არსებობს თუნდაც ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ იგი გაუქმდეს (სუსგ №ას-433-2019, 19.04.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, არ დგას საქმეზე წარმოების განახლების საკითხი.
16. სხვა შემთხვევები, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება, განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით (სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში).
17. პირველი მოპასუხე სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლად იმ გარემოებაზე უთითებს, რომ მან განცხადებით მიმართა ისნის რაიონის გამგეობას სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული პრივატიზაციის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება, შეფასდეს არც სსსკ-ის 432-ე მუხლის შინაარსის შესაბამის, არც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით და არც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების სხვა რომელიმე წინაპირობად. სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ პირველი მოპასუხის მოთხოვნა ვერ დარეგულირდება ვერც სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) და „ი“ (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ) ქვეპუნქტებით, ვინაიდან საპროცესო მოქმედება, რომლის გატარებასაც წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში მოითხოვს მხარე, არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას (შდრ. სუსგ №ას-1150-1096-2014, 27.01.2015წ.). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა პირველი მოპასუხის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Mutishev and Others v. Bulgaria, no. 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000) (სუსგ №ას-499-2021, 29.06.2021წ.).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2021წ. განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია