Facebook Twitter

საქმე №ას-1232-2021 18 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ჯ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ბ.ჯ–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ლ–ძის, თ.მ–ისა (შემდგომში – თავდაპირველი მოპასუხეები) და მ.ფ–ძის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 4700 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 26 სექტემბერს შპს „ს.კ.ს–თან“ (შემდგომ – შპს) რომლის ფაქტობრივ მფლობელს მოპასუხე წარმოადგენდა, გაფორმდა №6826 სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება 12 თვის ვადით. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ოდენობა შეადგენდა 4700 აშშ დოლარს. მოპასუხეების მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავედ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი 4700 აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხეების პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მისი დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 4 700 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 992-ე მუხლით და განმარტა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

7. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც გამოწვეულია მოპასუხის ქმედებით, ამ უკანასკნელს ეკისრება.

8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ფინანსური ზიანი, აპელანტის არამართლზომიერი ქმედებით იყო გამოწვეული.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.

11. უპირველესად, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში წარმოდგენილ, კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დასტურდება, რომ მოპასუხემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. ბრალდებულებმა შპს დაარეგისტრირდა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხის მიღება და მათი ინვესტირება წარმოადგენდა. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორს თავდაპირველი მოპასუხეები წარმოადგენდნენ. შპს-ს საქმიანობას, ფაქტობრივად, სრულად დამფუძნებლის მეუღლე – მოპასუხე წარმართავდა. შპს-ს დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მოპასუხის წაქეზებითა და დამფუძნებლის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლის გარეშე, გასცა სესხები, როგორც თავად მოპასუხის, ასევე, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული არამომგებიანი საწარმოების სასარგებლოდ. სულ სესხის სახით მოპასუხეს მსესხებელთა მიერ გადაეცა 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გ–ს“ – 38 324 ლარი და 108300 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა უკან არ დაბრუნებულა. მიღებული თანხის ბრალდებულთა მიერ არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს-მ მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვეღარ უზრუნველყო და 2 343 მოქალაქეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პრეიუდიციული ძალის მტკიცებულებას არ წარმოადგენს და იგი მოსარჩელეს მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთისგან არ ათავისუფლებს, განსახილველი დავა სსსკ-ის XXXIV3 თავით დადგენილ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს წარმოადგენს, რომლის განსახილველადაც კანონი განხილვის გამარტივებულ წესს ადგენს, რა დროსაც სასამართლო ზიანის მიყენების ფაქტს დადასტურებულად მიიჩნევს და მას არსებითად აღარ აფასებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც სადავო მიყენებული ზიანი უცილობლად დასტურდება, საქმეზე ერთადერთ, შეუდავებელ მტკიცებულებას წარმოადგენს. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია და სასამართლოს წარმოუდგინა ზიანის მიყენების, დამდგარ შედეგსა და აპელანტის მიერ ჩადენილ ქმედებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულება, რომელიც საქმის მასალებში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულებით არ არის გაქარწყლებული.

13. სსსკ-ის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო იყო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2015 წლის 26 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს-ს მოსარჩელისაგან სესხის სახით გადაეცა 4 700 აშშ დოლარი. განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხეების ქმედების შედეგად დაზარალდა 2 343 ფიზიკური პირი, მათ შორის, მოსარჩელე. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სხვა პირებს შორის, დაზარალებულად ცნობილია მოსარჩელე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: სესხის ხელშეკრულებები და სალაროს შემოსავლის ორდერები, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენთან ერთად, საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე, ზიანის ის ოდენობა, რაც მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრა, დადასტურებულად ჩაითვალოს.

15. ამდენად, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც უტყუარად ადგენს დამდგარ ზიანსა და ბრალდებულად ცნობილი პირების, მათ შორის აპელანტის მიერ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებას შორის კავშირს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი აპელანტს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, სააპელაციო პალატამ გაიზიარა დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება.

16. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება მიაპყრო მოპასუხის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ წამოჭრილ საკითხს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს და სარჩელის გადაწყვეტა სწორედ ამ კანონის გამოყენებით უნდა მომხდარიყო.

17. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თავდაპირველი მოპასუხეები შპს-ს დირექტორსა და პარტნიორს წარმოადგენდნენ. ისეთ შემთხვევაში, თუ საქმეში კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ იარსებებდა, მაგრამ იარსებებდა სხვა სახის მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი შეფასებაც ზიანის შემადგენლობას შექმნიდა, მოპასუხეებად დასახელებული პირები მაინც იქნებოდნენ ზიანის ანაზღაურებაზე პერსონალურად პასუხისმგებელი პირები, ვინაიდან სამეწარმეო კანონმდებლობა პარტნიორისა და დირექტორის პასუხისმგებლობის გაჭოლვას, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის გაქარწყლებას და პირადი პასუხისმგმებლობის დაყენების სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი), თუმცა იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხედ დასახელებული პირების მიერ განხორციელებული ქმედება, თავისი შინაარსით, დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს ქმნიდა, სწორედ ამიტომ, მოპასუხე, რომელიც საწარმოს პარტნიორი ან დირექტორი არ ყოფილა, მოპასუხედ დასახელებულ სხვა პირებთან ერთად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს, ვინაიდან, როგორც განიმარტა, დავის გადაწყვეტა არა სამეწარმეო სამართლის მომწესრიგებელი, არამედ დელიქტური სამართლით მომწესრიგებელი ნორმებიდან გამომდინარე ხდება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

19. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე მუხლით და არ გაითვალისწინა, რომ კასატორი ბრალდებულია გაფლანგვის ჩადენის გამო. ამასთან, დავა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

20. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა მისი არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებზე, ამასთან, არ გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისათვის.

21. კასატორის მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი არ აკმაყოფილებს დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ სტანდარტულ ოთხ კომპონენტს, კერძოდ, ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირს. მითითებული სახის კავშირის არსებობა მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია. აღნიშნული კომპონენტებიდან ერთერთის არარსებობის შემთხვევაში კი, დაუშვებელია საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა დელიქტური სამართლით რეგულირებადი კანონის ნორმებზე დაყრდნობით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არ წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, არ ადგენს ზიანის ოდენობას. სადავო ზიანი მოსარჩელეს მიადგა შპს-ს ხელმძღვანელობის მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო. სწორედ კომპანიის ხელმძღვანელობის არასწორი ნაბიჯების გამო მოხდა შპს-დან ფულადი სახსრების მასობრივად დაბრუნება კრედიტორებისათვის, რამაც გამოიწვია კომპანიის გადახდისუუნარობა. კასატორის მიერ კომპანიისაგან თანხის სესხება შპს-ს გაკოტრების მიზეზი არ გამხდარა. აღნიშნული დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე დართული სარევიზიო აქტებით და ასახულია განაჩენში, სადაც მითითებულია, რომ კასატორის მიერ ნასესხების თანხის დაბრუნების შემთხვევაშიც კომპანია ვერ გადაურჩებოდა გაკოტრებას. შესაბამისად, კასატორის ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში მოსარჩელის მიერ მიღებულ ზიანთან, რომელიც მან განიცადა შპს-ში თანხის შეტანით.

22. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომლის მიხედვითაც სააპელაციო პალატამ მოპასუხეს დააკისრა პროცენტი. მოსარჩელეს არ გააჩნდა იმის გარანტია, რომ იგი მოვალისაგან აღნიშნულ სარგებელს მიიღებდა. მითითებული მსჯელობა ეწინააღმდეგება სსკ-ის 992-ე მუხლს.

23. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ კომპანიის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებელი შპს-ს დირექტორი იყო, მოპასუხე კი მოქმედებდა საკუთარ ინტერესებში. შესაბამისად, მოპასუხე მოცემულ დავაში არასათანადო მხარეს წარმოადგენდა.

24. სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავა უნდა გადაეწყვიტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

28. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დასტურდება, რომ მოპასუხემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. ბრალდებულებმა შპს დაარეგისტრირდა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხის მიღება და მათი ინვესტირება წარმოადგენდა. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორს თავდაპირველი მოპასუხეები წარმოადგენდნენ. შპს-ს საქმიანობას, ფაქტობრივად, სრულად დამფუძნებლის მეუღლე – მოპასუხე წარმართავდა. შპს-ს დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მოპასუხის წაქეზებითა და დამფუძნებლის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლის გარეშე, გასცა სესხები, როგორც თავად მოპასუხის, ასევე, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული არამომგებიანი საწარმოების სასარგებლოდ. სულ სესხის სახით მოპასუხეს მსესხებელთა მიერ გადაეცა 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გ–ს“ – 38 324 ლარი და 108300 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა უკან არ დაბრუნებულა. მიღებული თანხის ბრალდებულთა მიერ არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს-მ მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვეღარ უზრუნველყო და 2 343 მოქალაქეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

29. 2015 წლის 26 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების მიხედვით, შპს-ს მოსარჩელისაგან სესხის სახით გადაეცა 4 700 აშშ დოლარი. განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხეების ქმედების შედეგად, სხვა პირებთან ერთად, დაზარალდა მოსარჩელეც. 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, სხვა პირებს შორის, დაზარალებულად ცნობილია მოსარჩელეც.

30. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 992-ე მუხლი და დელიქტურ ვალდებულებად უკანონოდ შეაფასა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, ასევე არასწორად დააკისრა პროცენტის გადახდა. კასატორმა მიიჩნია, რომ მოპასუხე მოცემულ დავაში არასათანადო მხარეს წარმოადგენდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავა უნდა გადაეწყვიტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

36. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)

37. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

40. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

41. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

43. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დამტკიცების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

44. საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად ზემდგომი ინსტანციის სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

45. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას შეეხება, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლოს დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმები არ უნდა გამოეყენებინა, რამდენადაც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ამ დავებისათვის დადგენილ სტანდარტულ კომპონენტებს არ აკმაყოფილებს. სასამართლოს განჩინება სესხის ხელშეკრულებას ემყარება, შესაბამისად, აღნიშნული ურთიერთობაც სწორედ ამ ნორმებიდან გამომდინარეობს და მას არავითარი კავშირი არ აქვს დელიქტურ ვალდებულებასთან. განაჩენის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე დააბრუნებდა ნასესხებ თანხებს, მსესხებელი მაინც ვერ გადაურჩებოდა გაკოტრებას. აღნიშნული ადასტურებს, რომ კასატორის ქმედებას არ გააჩნია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელისთვის დამდგარ შედეგთან. მსესხებლის კრედიტორების მოთხოვნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს უნდა დაეყრდნოს და ზიანი გამჭოლი პასუხისმგებლობით მხოლოდ თავდაპირველ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ.

46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია სააპელაციო პალატის მხრიდან სსკ-ის 992-ე მუხლის არასწორად გამოყენების შესახებ დაუსაბუთებელია და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.

47. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან - სსკ-ის 992-ე მუხლი, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი.

48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე, სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან.

49. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.

50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, წარმოშობის საფუძვლების მიხედვით, განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი(ე.წ. „გენერალური დელიქტი“).

51. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

52. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. არაქონებრივი ზიანი ეტიმოლოგიურად მორალური ზიანის იდენტურია. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

53. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა.

54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი;) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

56. ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალის სამართლებრივი კატეგორია განასკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (დოლუს) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობისელემენტებია (იხ. საქმე №ას-862-2019 26 ივლისი, 2019 წელი).

57. დელიქტიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს შემდეგი საფუძვლებიდან - სსკ-ის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე მუხლი (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით), 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება). პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა ((გენერალური დელიქტი) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი) (სუსგ №ას-769-737-2016, 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016წ.; სუსგ №ას-1426-2018, 11.04.2019წ.).

58. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (№4075.სსმ1, №76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“ (შდრ. სუსგ №ას-638-605-2014, 22 აპრილი, 2016).

59. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომლის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია, რომ მოსარჩელემ მოახდინა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად წარადგინა სესხის ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლის ორდერები, რაც სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენთან ერთად, სააპელაციო პალატამ სადავო ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის საკმარისი მტკიცებულებებად მართებულად შეაფასა.

60. ამდენად, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც უტყუარად ადგენს დამდგარ ზიანსა და ბრალდებულად ცნობილი პირების, მათ შორის აპელანტის მიერ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებას შორის კავშირს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი კასატორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, სააპელაციო პალატამ გაიზიარა დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება.

61. წინამდებარე საკასაციო საჩივარი დასაშვებად ვერ იქნება ცნობილი ვერც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატას კასატორი არასათანადო მოპასუხედ უნდა ეცნო. გასაჩივრებული განჩინებით მართებულად მიეთითა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო კანონმდებლობა პარტნიორისა და დირექტორის პასუხისმგებლობის გაჭოლვას, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის გაქარწყლებას და პირადი პასუხისმგმებლობის დაყენების სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს. რადგან მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხეთა ქმედებები დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობებს შეიცავდნენ და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნებოდნენ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავდაპირველ მოპასუხეებთან ერთად, მოპასუხეც მოსარჩელის მიმართ სადავო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად კანონიერად მიიჩნია, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

62. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

63. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

64. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-1166-2021, 21 დეკემბერი, 2021 წელი, საქმე №ას-357-2021, 30 ნოემბერი, 2021 წელი, საქმე №ას-725-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი, საქმე №ას-747-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი, საქმე №ას-748-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი).

65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე