თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი (შეგებებული სარჩელის ავტორი) - ლ.ი–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ე.ძ–რი
განმცხადებლის მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე.ძ–რმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ლ.ი–ისა და შპს „კ–ის“ მიმართ და მოითხოვა სესხის ნაწილში 2018 წლის 4 მაისის №1/5 საშუამავლო სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად ჩათვლა და ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის ბათილად ცნობა. მანვე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ე.ძ–რის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე; ყადაღა დაედო შპს „კ–ის“ (ს/კ ......) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი - მერსედეს ბენც სპრინტერ, სანომრე ნიშანი - ....., ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - WD3PE8CCXA..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - AQ0728810 - გაცემული 20/05/2019.
ლ.ი–მა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ე.ძ–რის მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 4 მაისის №1/5 სასესხო ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად ცნობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ლ.ი–ის სასარგებლოდ გირავნობის უფლების რეგისტრაცია ავტომობილზე (MERCEDES-BENZ SPRINTER, სანომრე ნიშანი - ...., გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - WD3PE8CCXA....), ე.ძ–რისთვის ლ.ი–ის სასარგებლოდ სესხის - 5000 აშშ დოლარის, სესხის პროცენტის - 250 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ძ–რის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღიარებულ იქნა ე.ძ–რის საკუთრების უფლება მოძრავ ნივთზე - მერსედეს-ბენც სპრინტერი, სანომრე ნიშანი - ....., ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - WD3PE8CCXA.....; ე.ძ–რის სარჩელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ჩათვლისა და ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ლ.ი–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ.ი–ისა და ე.ძ–რს შორის არსებული ურთიერთობა აღიარებულ იქნა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებად და დადგენილ იქნა, რომ შსს მომსახურების სააგენტოში ლ.ი–ის სასარგებლოდ უნდა დარეგისტრირდეს გირავნობის უფლება ავტომობილზე - მერსედეს-ბენც სპრინტერი, სანომრე ნიშანი - ....., ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - WD3PE8CCXA.....; ე.ძ–რს ლ.ი–ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ერთი თვის სარგებლის - 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და პირგასამტეხლოს - 2150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; ე.ძ–რს ლ.ი–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 0,05%, ყოველდღიურად, 2020 წლის 13 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ე.ძ–რმა, შესაბამისად, ე.ძ–რის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რის გამოც ე.ძ–რმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მისი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით ე.ძ–რის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინება და ყადაღა მოეხსნა შპს „კ–ის“ სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას (საიდენტიფიკაციო ნომერი - WD3PE8CC....). აღნიშნული განჩინება ლ.ი–მა საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ე.ძ–რის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კი ლ.ი–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ძ–რმა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ლ.ი–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2022 წლის 21 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ.ი–მა, რომელმაც განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ე.ძ–რი ცნობილ იქნა სადავო ავტომანქანის მესაკუთრედ, არსებობს საფრთხე, რომ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებას გაასხვისებს, რაც სამომავლოდ შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს, აეკრძალოს ე.ძ–რს სატრანსპორტო საშუალების გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა, სატრანსპორტო საშუალების საზღვარგარეთ გაყვანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ი–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტსაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროული, სწრაფი და სათანადო აღსრულება წარმოადგენს. ხსენებული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საპროცესო გარანტიას კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება ქმნის. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია. იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯ.მ–ი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით, რომლითაც უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს უზენაესმა სასამართლომაც, იმავე კოდექსის 372-ე და 399-ე მუხლების საფუძველზე.
ხსენებული კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეები ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლში, რომლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დაკმაყოფილდა ლ.ი–ის შეგებებული სარჩელი, მოპასუხის - ე.ძ–რის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ქნა, რომ შსს მომსახურების სააგენტოში ლ.ი–ის სასარგებლოდ უნდა დარეგისტრირდეს გირავნობის უფლება ე.ძ–რის კუთვნილ ავტომობილზე (საიდენტიფიკაციო ნომერი - WD3PE8CCXA…..); ამასთან, ე.ძ–რს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის გადახდაც. ამრიგად, ლ.ი–ი არსებითად დაინტერესებულია, რომ არ მოხდეს სადავო ნივთის გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა ან საზღვარგარეთ გაყვანა, რათა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების (შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების) შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება მარტივად და დროულად იყოს შესაძლებელი. ამასთან, უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების შინაარსზეც და მიიჩნევს, რომ კასატორისთვის (მოპასუხისთვის) სადავო სატრანსპორტო საშუალების გასხვისების, უფლებრივად დატვირთვის ან საქართველოდან გაყვანის აკრძალვა არ წარმოადგენს მის უფლებებში არათანაზომიერ ან გაუმართლებელ ჩარევას.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მართალია, ე.ძ–რის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, რადგან საკასაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი ლ.ი–ის მიერ და მისი უფლებების დაცვა საჭიროებს დროულ რეაგირებას - საკითხის გადაწყვეტა არ უნდა გადაიდოს მისი პროცესუალური მოწინააღმდეგის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რადგან ამ ვადაშიც არსებობს სადავო სატრანსპორტო საშუალების განკარგვის თეორიული შესაძლებლობა. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესვლამდე ისეთი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი წესები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არის აუცილებელი, რათა გამოირიცხოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის რისკები. ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ი–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. აეკრძალოს ე.ძ–რს (პ/ნ .....) ან მის მინდობილ პირს ავტოსატრანსპროტო საშუალების (მახასიათებლები: მერსედეს-ბენც სპრინტერ, სანომრე ნიშანი - ……, გამოშვების წელი - 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი - WD3PE8CCXA…..) გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა, საზღვარგარეთ გაყვანა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე