Facebook Twitter

საქმე №ას-607-2021 18 თებერვალი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.ხ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.ჩ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი ან აპელანტი) სარჩელი:

1.1. ა.ხ–ნს (შემდეგში: მოპასუხე, გამყიდველი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

1.2. მოსარჩელეს მოპასუხისთვის 10 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა:

2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ქ. თბილისში, ........ ქუჩა, N6 შესახვევში მდებარე უძრავი ქონება (მიწის საკადასტრო კოდი N .........) მოსარჩელის სახელზე ირიცხებოდა.

3.2. უძრავი ქონების გასხვისების მიზნით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 3 სექტემბერს ხელშეკრულება (უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება - ბეს ხელშეკრულება) გაფორმდა. მოპასუხემ მოსარჩელისგან ბეს სახით 10000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი დაადასტურა. დარჩენილი თანხა 215000 აშშ დოლარი მყიდველს 2018 წლის 16 ნოემბერს უძრავი ქონების ნასყიდობის საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა გადაეხადა. შესაბამისად, უძრავი ქონების ნასყიდობის საბოლოო ხელშეკრულება მხარეებს შორის არაუგვიანეს 2018 წლის 16 ნოემბრისა დაიდებოდა.

3.3. ხელშეკრულების დადებისას მინდობილობის საფუძველზე, გამყიდველს ნ.ი–ძე წარმოადგენდა. ხელშეკრულება სანოტარო წესით შედგენილი არ იყო, ნოტარიუსთან მხოლოდ ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმდა.

3.4. გამყიდველმა მყიდველისგან 10000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი დაადასტურა.

3.5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.

3.6. მოპასუხესა და ა.გ–ვას შორის 2018 წლის 9 ნოემბერს გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო და ა.გ–ვა თბილისში, ........ ქუჩა, შესახვევი N6-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ N ....) მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

4. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა გადახდილი თანხის - 10 000 აშშ დოლარის ავანსად მიჩნევის თაობაზე არ გაიზიარა და დაადგინა, რომ მოსარჩელემ სადავოდ ქცეული თანხა „ბეს“ სახით გადაიხადა.

5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო ხელშეკრულების მე-6 პუნქტის შინაარსზე, რომლის თანახმად, ამ შეთანხმებით გამყიდველის მიერ მიღებული 10 000 აშშ დოლარი წარმოადგენს „ბეს“, რომელიც საბოლოო ხელშეკრულების დადების დროს ნასყიდობის საგნის მთლიან ანგარიშში ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველმა არ შეასრულა პირობა, თანხა მყიდველს უბრუნდება ორმაგად, ხოლო, თუ მყიდველი უარს განაცხადებს საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე, მის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა მას უკან არ უბრუნდება და ეს თანხა გამყიდველს რჩება.

6. მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) მტკიცებით, მხარეთა შორის სადავოდ მიჩნეული გარიგება არ წარმოადგენდა „ბეს“ ხელშეკრულებას, არამედ იგი, როგორც ეს სადავო მტკიცებულების სათაურშიც იყო მითითებული, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება იყო და სადავო თანხა ავანსის სახითაა მიღებული.

7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 52-ე მუხლზე „ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან“ დაყრდნობით ყურადღება გაამახვილა უშუალოდ სადავო გარიგების შინაარსზე, სადაც მხარეებმა ყველა ის სამართლებრივი ელემენტი გაითვალისწინეს, რომელიც „ბეს“ ახასიათებს, რადგან ხელშეკრულების მე-6 პუნქტში ფაქტობრივად სრულად აისახა „ბეს“ სამართლებრივი ბუნება. კერძოდ, მხარეებმა უზრუნველყოფის თანხა გამოსახეს მისი ფულადი ეკვივალენტით, გამყიდველის მიერ სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში მიღებული თანხის ორმაგად დაბრუნების ვალდებულება გაწერეს, ხოლო მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში „ბე:-ს უკან დაბრუნება გამორიცხეს. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის ანგარიშში, სადავო ხელშეკრულების მე-4 პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დარჩენილი თანხა 215 000 აშშ დოლარი მყიდველმა გამყიდველს ხელშეკრულების გაფორმების დროს უნდა გადასცეს, რაც მოწმობს „ბე“ს სამართლებრივი ბუნებისათვის დამახასიათებელი „ღირებულებაში ჩათვლის“ კომპონენტის გამოვლენასაც.

8. საქმეზე დადგენილი გარემოებების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 423-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ „ბე“-ს სახით გადახდილი 10 000 აშშ დოლარის ორმაგად გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

9. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სადავოდაა მიჩნეული „ბე“-ს სახით გადაცემული თანხის ორმაგად უკან დაბრუნება, უპირველესად, „ბე“-ს მიმცემი პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების ფაქტი უნდა დადგინდეს, ხოლო, ასეთის დადგენის შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ბრალეული შეუსრულებლობის ფაქტი უნდა შემოწმდეს.

10. საქმეში წარდგენილი ხელშეკრულებიდან დადგინდა, რომ ნასყიდობის საბოლოო ხელშეკრულება 20 დღეში დაიდებოდა, არა უგვიანეს 2018 წლის 16 ნოემბრისა და მყიდველს (მოსარჩელეს) დარჩენილი თანხა 215000 აშშ დოლარი 2018 წლის 16 ნოემბერს უნდა გადაეხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დადების 20-დღიანი ვადა 2018 წლის 3 სექტემბრიდან, ანუ მხარეთა შორის ხელშეკრულების ხელმოწერიდან და არა მისი სანოტარო წესით დამოწმებიდან (2018 წლის 26 ოქტომბრიდან) უნდა გამოითვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში ხელშეკრულებაში მითითებული კონკრეტული თარიღი - 16 ნოემბერი, აზრს დაკარგავდა (26 ოქტომბრიდან 20 დღე სცდება 16 ნოემბერს, რომელიც მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადად შეთანხმდა).

11. დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ნოემბერს, ანუ მოდავე მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმების საბოლოო ვადის ამოწურვამდე, მოპასუხესა და ა.გ–ვას შორის გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო და ეს უკანასკნელი უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გამყიდველის მიერ უძრავი ქონების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე გაყიდვით, როდესაც აპელანტს თანხა უნდა მოეძიებინა და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, მან მოსარჩელეს სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შესაძლებლობა მოუსპო. ამასთან, საქმის მასალებში მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აპელანტს გამყიდველმა ახალი კლიენტის მოძიების, ფინანსური სახსრების გადაუდებელი საჭიროების წარმოშობის ან/და სხვა ისეთი ობიექტური გარემოებების თაობაზე შეატყობინებდა, რაც გამყიდველს უძრავი ქონების ვადაზე ადრე გაყიდვას აიძულებდა. სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნით, ძირითადი ხელშეკრულება მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) ბრალით ვერ დაიდო, რაც „ბე“ - ს ორმაგად უკან დაბრუნების სამართლებრივ შემადგენლობას ქმნის.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის (10 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში) დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

18. განსახილველ შემთხვევაში კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სადავო თანხა ავანსის სახით იქნა გადახდილი და სადავო გარიგებით მხარეების მიერ ყველა ბესათვის დამახასიათებელი სამართლებრივი ელემენტის გათვალისწინებაზე სასამართლო უსაფუძვლოდ მიუთითებს. კასატორის მტკიცებით, სადავო ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა, რადგან არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში და იგი სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

19. სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს, გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება.

20. სსკ-ის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას მიეკუთვნება და ქონებრივი ხასიათის მქონე მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს. ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე გადასცემს მეორეს და რითაც დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ბეს სამართლებრივი მომავალი დამოკიდებულია ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულების სამართლებრივ ბედზე და, შესაბამისად, არ არსებობს ბე ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების გარეშე. ამ გარემოებას განაპირობებს ბეს აქცესორული ხასიათი, რომლითაც ბე უშუალოდ დაკავშირებულია ძირითადი, უზრუნველყოფილი ხელშეკრულების არსებობასა და მის ნამდვილობასთან.

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მკაფიოდ არის განსაზღვრული ბეს საგანი. ბეს საგანს წარმოადგენს მხოლოდ ფულადი თანხა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების საგნად დაუშვებელია სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი სხვა ქონების გამოყენება. სამოქალაქო კოდექსით არ არის დადგენილი ბეს შესაძლო ოდენობა და მის მოცულობას მხარეები ურთიერთშეთანხმებით ადგენენ. ხელშეკრულების მხარეებს ევალებათ ბეს ოდენობის განსაზღვრა სახელშეკრულებო კეთილსინდისირების პრინციპის დაცვით (იხ. დამატებით: Gottwald, in MüKo BGB, 5. Aufl., 2009, § 336,Rn.2)

23. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ბე უმთავრესად წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის ნაწილს (როდესაც ბე იანგარიშება ხელშეკრულების ფასში), ბეს მოცულობა უნდა იყოს ნაკლები ხელშეკრულებით გადასახდელი სრული თანხის ოდენობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა ვალდებულების უზრუნველყოფა, არამედ ვალდებულების შესრულება იარსებებდა. ბე მხარეთა შეთანხმების შედეგია. ბეს შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობენ ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების მხარეები, კერძოდ, ძირითადი ვალდებულების მოვალე, როგორც ბეს მიმცემი და ძირითადი ვალდებულების კრედიტორი, როგორც ბეს მიმღები. სამოქალაქო კოდექსი არ აწესებს ბეს შეთანხმების სავალდებულო ფორმას. შესაბამისად, ბეს შესახებ შეთანხმება შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირი, ასევე, წერილობითი ფორმით. იურიდიული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ორივე შემთხვევაში ბე საჭიროებს ძირითადი ხელშეკრულებისათვის დაწესებული ფორმის დაცვას.

24. ბეს უზრუნველყოფითი ფუნქცია ემსახურება, როგორც ბეს მიმცემი, ასევე, ბეს მიღები მხარის სამართლებრივი ინტერესების დაცვას. აღნიშნული მოსაზრების საფუძველია გვაძლევს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ბეს მომწესრიგებელ ნორმათა შინაარსი, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის დროს ბეს სამართლებრივი რეგულირების წესი. ბე ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებაა, როგორც ბეს მიმცემზე, ასევე - ბეს მიმღებზე, რათა მათ ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ, კერძოდ, ბეს ორმაგი უზრუნველმყოფი ხასიათი აქვს. იგი ბადებს უზრუნველმყოფ და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ეფექტს ხელშეკრულების ორივე მხარისათვის. ბეს მიმცემმა იცის, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკარგავს ბეს თანხას. ბეს მიმღებს კი, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბეს ორმაგად უკან დაბრუნება მოუწევს.

25. ქართულ სინამდვილეში ბე, გადახდის ფუნქციასაც ასრულებს. ბეს ერთი მხარე გადასცემს მეორეს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა ბეს მიმცემი არ კარგავს ბეს თანხას. ბეს მიმცემის მიერ ვალდებულების შესრულების და ძირითადი ვალდებულების საგნისა და ბეს საგნის იდენტობის შემთხვევაში, ბე ჩაითვლება ვალდებულების შესრულების ანგარიშში. აღნიშნული დებულება ხაზს უსვამს იმას, რომ ბე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების საგანს აღმატებული რაიმე დამატებითი ვალდებულება არ არის. ბეს მიმცემს, ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, არ წარმოეშობა რაიმე დამატებითი შესრულების ვალდებულება (იხ. დამატებით: ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 251).

26. იმისათვის, რომ ბე დარჩეს ბეს მიმღებს, აუცილებელია ხელშეკრულების დარღვევა ბეს მიმცემის მიერ. თუმცა, მხოლოდ თვითონ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი არ არის ბეს დატოვების საკმარისი საფუძველი. აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა ბეს მიმცემის ბრალითაც იყოს გამოწვეული (სსკ-ის 423-ე მუხლი). ბეს პირობები შეიძლება დაირღვეს პირადად ბეს მიმცემის, მისი კანონიერი წარმომადგენლისა ან იმ პირის მიერ, რომელსაც იგი იყენებს საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად. თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაში ბეს მიმცემს ბრალი არ მიუძღვის, ბეს მიმღებმა ბე უკან უნდა დააბრუნოს (იხ.სუსგ.ასN- ას-1476-2019, 7.02.2020წ).

27. ავანსის ცნება კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუმცა ამ სამართლებრივ ინსტიტუტს ფართო გამოყენება აქვს პრაქტიკაში. ავანსი არის ფულადი თანხის გადახდა, რომელიც ხორციელდება უკვე დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად, მაშინ როდესაც ბე ადასტურებს ხელშეკრულების დადებას. ავანსი არ ატარებს აგრეთვე იმ უზრუნველყოფის საშუალების ფუნქციას, რომელიც დამახასიათებელია ბესთვის (იხ. დამატებით: ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ.252.) (იხ. სუსგ-ები: Nას-1166-2019, 6.04.2019წ; Nას-287-2020, 16.09.2020წ.).

28. ერთერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა - სამართლის დოქტრინაში განვითარებული მოსაზრების თანახმად, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია სპეციალური ფორმა, მაშინ მხარის მიერ გადახდილი თანხა შეიძლება ჩაითვალოს ავანსად, მაგრამ არა ბედ, რადგან ხელშეკრულების დადება წარმოშობს არა ბეს, არამედ ხელშეკრულების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ფორმასავალდებულო ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება ფულის გადახდით დადასტურდეს. განსახილველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მხარეებს შორის დამოუკიდებელი ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ბეს ხელშეკრულება არ შეიცავს ნასყიდობის გარიგებისთვის დამახასიათებელ ისეთ არსებით პირობას, როგორიცაა -ნასყიდობის ფასი. განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სადავო თანხა არ შეიძლება, შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 421-ე-423-ე მუხლების საფუძველზე გადაცემულად. ვინაიდან მხარეთა შორის საბოლოოდ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, ხოლო მოპასუხემ სამომავლო ნასყიდობის საგანი გაასხვისა, იგი ვალდებულია, მოსარჩელეს მიღებული თანხა დაუბრუნოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) (იხ. სუსგ Nას-428-2019, 29.07.2019წ)

29. მართალია, კოდექსით არ არის განსაზღვრული „ბე“-ს ოდენობა და იგი შესაძლოა, დაექვემდებაროს გარიგების მონაწილეთა შეთანხმებას სსკ-ის 319-ე მუხლიდან გამომდინარე, თუმცა, ხელშეკრულების მხარეებს ევალებათ „ბე“-ს ოდენობის განსაზღვრა სახელშეკრულებო კეთილსინდისირების პრინციპის დაცვით.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობებსა და დასკვნას და დამატებით მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სადავო გარიგების, კერძოდ, მე-6 პუნქტის შინაარსის, ნასყიდობის საგნის ღირებულების - 225 000 აშშ დოლარისა და მოპასუხისთვის გადაცემული თანხის ოდენობის - 10 000 აშშ დოლარის გათვალისწინებით, სსკ-ის 421-423-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე სადავოდ ქცეული თანხა მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებად უნდა იქნეს მიჩნეული და არა - ავანსად, როგორც ამას კასატორი ამტკიცებს.

31. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის ფარგლებში განმარტავს, რომ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას (სსკ-ის 323-ე მუხლი), ამასთან, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება წინარე ხელშეკრულებაზეც (სსკ-ის 327.3-ე მუხლი). მოხმობილი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ უძრავი ნივთის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება წერილობით ფორმას საჭიროებს, სხვა დათქმა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად გაფორმებული „ბე“-ს ხელშეკრულებაც წერილობითი ფორმის უნდა იყოს, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. აქედან გამომდინარე, 2011 წლის 27 დეკემბრის ბეს ხელშეკრულება ნამდვილია. ხელშეკრულება ნამდვილია ვალდებულებითსამართლებრივი თვალსაზრისით. მართალია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს (სსკ-ის 3111-ე მუხლი) და, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მესამე პირთათვის იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა, ეს ვალდებულება სანივთოსამართლებრივი ვალდებულებაა, გამიზნული კონკრეტული პირის საკუთრების უფლების დადასტურებისათვის, რისი შეუსრულებლობაც უძრავ ქონებაზე წერილობით დადებულ გარიგებას ბათილად ვერ აქცევს (იხ. სუსგ Nას-875-817-2017, 21.03.2018წ, პ. 18.2). ამრიგად, კასატორის პრეტენზიები (იხ. მე-19 პუნქტი) მოსარჩელის მიერ მისთვის გადაცემული თანხის, ავანსად მიჩნევისა და სადავო ხელშეკრულების ბათილ გარიგებად ცნობის თაობაზე არ არის გაზიარებული მათი უსაფუძვლობის გამო.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

33. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ხ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.ხ–ნს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ.მ–ძის (პ/ნ .....) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1574 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 15 ნოემბერი), 70% – 1101.8 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე