საქმე №ას-85-2021 24 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.წ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით გ.წ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან პირველი აპელანტი) სარჩელი შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო დარჩენილი 7 340.32 ლარის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებმა სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, დარჩა უცვლელი.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე უძრავ ნივთზე 1060.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკადასტრო კოდით ...... რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება;
3.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. დაზიანებები გამოწვეულია საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებისა და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მე-2 ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის. ბზარები გამოწვეულია სოფელ ......... რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, შენობის შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით;
3.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა 17 340.32 ლარი შეადგინა, ხოლო, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ „ა-ს-ც–ის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანებების გამოსასწორებლად აღდგენითი სამუშაოებისათვის 5 648.07 ლარია საჭირო.
4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა დელიქტური სამართლით მოწესრგებულ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ზიანი, ქმედება რომელიც იქნება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს (სუსგ Nას-72-72-2018). შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს და თუნდაც ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.;
4.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანი ნაწილობრივ მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებებითაც იყო გამოწვეული;
4.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 415-ე მუხლი უნდა იქნეს გამოყენებული, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამდენად, დასახელებული მუხლი ზიანის მიყენებისას ითვალისწინებს არა რომელიმე მხარის ბრალის გამორიცხვას, არამედ შერეული ბრალის არსებობას, რა შემთხვევაშიც დაზარალებული ინარჩუნებს ზიანის ანაზღაურების უფლებას, თუმცა იმ ფარგლებში, რაც შეესაბამება ზიანის მიმყენებლის ბრალს;
4.3. ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 29 აგვისტოს დასკვნის თანახმად, პირველი აპელანტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. დაზიანებები გამოწვეულია მიზეზთა ერთობლიობით, ფუძე გრუნტების გაწყლიანებითა და საძირკვლების ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მე-2 ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის. ბზარები შესაძლოა გამოწვეული იყოს სოფელ ......... რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, შენობის შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით;
4.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც 2018 წლის 5 დეკემბერსაა შედგენილი, მითითებულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. დაზიანებები გამოწვეულია საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მე-2 ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის. შენობის კედელზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება (ვერტიკალური, ჰორიზონტალური დახრილი) მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოწვეულია სოფელ ......... რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, შენობის შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით;
4.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აშკარაა, რომ მეორე ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული ხასიათისაა, განსხვავებით პირველი ექსპერტიზის დასკვნისაგან (იხ. 4.3 ქვეპუნქტი), თუმცა მათში მოყვანილი დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგო არაა, ორივე მათგანი მიუთითებს დაზიანების გამომწვევ კუმულატიურ მიზეზებზე, კერძოდ, სახლის დაზიანებები ფუძე გრუნტების გაწყლიანებით, საძირკვლების ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებითა და მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებითაა გამოწვეული. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელი საკუთრების დაზიანება ნაწილობრივ მოპასუხის ქმედებით იყო გამოწვეული, ანუ მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს. სააპელაციო სასამართლომ წერილობით დოკუმენტაციებზე დაყრდნობით განმარტა, რომ გვირაბის მშენებლობის სამუშაოები 2012 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა კომპანია მონიტორინგის განხორციელებას 2012 წლის ოქტომბერში შეუდგა და ფართომასშტაბიანი მონიტორინგი მხოლოდ 2013 წლის მარტის თვეში განახორციელა. ამასთან, საქმის მასალებში არსებული „ე–ის“ დასკვნები 2017 წლითაა დათარიღებული, შესაბამისად, სასამართლოს ვერ ექმნება გონივრული ვარაუდი. რომ აღნიშნული დასკვნა სრულად ასახავს გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანების კვლევას;
4.6. სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილებას (მასშიგანხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით), რომლის თანახმადაც ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავსი მასშტაბური ხასიათის მშენებლობის წარმოებას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდეგ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება;
4.7. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მოპასუხის ბრალეულობა იკვეთებოდა, თუმცა შესაფასებელი იყო, რა რაოდენობის ზიანის ანაზღაურება უნდა დაჰკისრებოდა მას;
4.8. სააპელაციო სასამართლომ, ექსპერტიზის დასკვნებისა და წარდგენილი ხარჯთაღრიცხვების ერთობლივად გამოკვლევით დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევვაში გამოკვეთილია შერეული ბრალი;
4.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას იმგვარ ფაქტებზე მითითება (შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა) წარმოადგენდა, რომლითაც, მსგავსად დინამიური დატვირთვებისა, უძრავ ქონებაზე იდენტური დაზიანებების მიყენების დამტკიცება შეეძლო. ამგვარი გარემოებების არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ კომპანია „ე–ის“ დასკვნას სასამართლომ მიუთითა, რომ იგი ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას შეეხება და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ არის მიღებული. შესაბამისად აღნიშნული დასკვნა ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას იმის შესახებ, რომ გვირაბის მშენებლობისას განხორციელებულმა დინამიურმა დატვირთვებმა (მრავალჯერად აფეთქებებს) ექსპლუატაციის დროს, სხვადასხვა გარემოებებთან ერთად, იმ ტიპის დაზიანებები გამოიწვია, რაც მოსარჩელის (პირველი აპელანტის) უძრავ ქონებას აღენიშნება;
4.10. ზიანის მოცულობის განსაზღვრასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, ზიანის ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ, არის შესაძლებელი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა 17 340.32 ლარი შეადგინა, ხოლო, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ „ა-ს-ც–ის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანებების გამოსასწორებლად აღდგენითი სამუშაოებისათვის 5 648.07 ლარია საჭირო. ნათელია, რომ ამ მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთშეუსაბამოა;
4.11. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ იყო განპირობებული მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებებით, ხოლო აღნიშნული აფეთქებების შედეგად დამდგარი ზიანი 10 000 ლარად მართებულად შეაფასა საქალაქო სასამართლომ. იმ პირობებში, როდესაც დაზიანებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობდა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არათანაზომიერი იყო მოპასუხის ქმედებით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი გონივრულ ოდენობამდე მართებულად შემცირდა. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მისთვის მიყენებული ზიანი - 17 340.32 ლარი, სრულად მხოლოდ მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებით იყო გამოწვეული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში იყო მხოლოდ ნაწილობრივი, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნაშიც არის ასახული. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2. კასატორის მითითებით სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი კომპანია „ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისის დასკვნა და მხოლოდ იმიტომ მიანიჭა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას უპირატესობა, რომ იგი შედგენილია 2018 წლის 5 დეკემბერს და ემყარება გამოსაკვლევი ობიექტის იმავე წლის 3 ოქტომბრით მდგომარეობის შესწავლას;
5.3. კასატორის განმარტებით, სასამართლო შპს „ა-ს-ც–ის“ მიერ გაცემულ დასკვნას მიიჩნევს სავარაუდოდ, ეყრდნობა ექსპერტიზის ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების შედეგად შედგენილ დასკვნას და მიუთითებს, რომ მასში კატეგორიულადაა მითითებული სახლის დაზიანების მიზეზები, მაშინ როცა აფეთქებითი სამუშაოებიც და მიწისძვრაც ორივე სეისმური მოვლენებია და ერთი და იმავე შედეგით მთავრდება;
5.4. კასატორის მითითებით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ არ გაითვალისწინა ჩატარებული სამუშაოების გავლენის შეფასება, რომელიც საქართველოს რკინიგზის დაკვეთით კომპანია „ა–მა“ მოამზადა. ხოლო კომპანია „ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისის საპროექტო დასკვნით კი დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით;
5.5. კასატორის მითითებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 აგვისტოს N004738517 დასკვნა, არ ეხება მოსარჩელის ქონებას, იგი შედგენილია, ვინმე ვარვარა წიქარიშვილის შეკვეთითი, თავად დასკვნა კი, ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს, დაუსაბუთებელია და აგებულია ვარაუდზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მისი ბრალი ზიანის დადგომაში, არ დასტურდება. ამასთან, სადავოა ზიანის ოდენობაც.
10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 415.1-ე (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად მართებულად შეაფასა. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თაობაზეც ვრცლად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტებს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ N ას-809-776-2016, 04.04.2017წ) .
12. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.სუსგ Nას-72-72-2018, 15.02.2018).
13. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა.
14. „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი) - იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე, შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
16. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულებების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც საქმეში წარმოდგენილ დასკვნებს გააქარწყლებდა.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ (კასატორმა) მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის (იხ. ამ განჩინების 4.4 ქვეპუნქტი) გასაბათილებლად, კომპანია ,,ე–ის“ 2017 წლის ივლისის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება და იმავე კომპანიის 2018 წლის 8 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის კვლევის ობიექტს წარმოადგენს გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ აფეთქებით სამუშაოებს შეეძლო თუ არა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი 2017 წლის ივლისის კვლევა შეეხება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს და სწორედ მასში ასახულ ანგარიშს ემყარება 2018 წლის 8 თებევრლის დასკვნაც.
18. საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ წარდგენილ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებს, მოცემული დავის საგნის მიმართ არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ გამოკვლეულა და მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედების დაკვირვება არ განხორციელებულა, ასევე შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა არ მომხდარა, მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, არ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნისა და გასაბათილებლად. მოცემული დასკვნით ხაზგასმულია, რომ მოსარჩელის უძრავი ქონება მდებარეობდა ზემოქმედების ზონის გარეთ, მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი, რაც ავტომატურად არ ადასტურებს და უტყუარად არ გამორიცხავს უძრავ ქონებაზე მის მოქმედებას (შეად: სუსგ Nას-11-2019, 24.05. 2019წ.).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით კასატორს სასამართლოსათვის შეეძლო წარედგინა მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში სამუშაოების (აფეთქებების) ჩატარებისას მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის.
20. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, 2017 წლის ივლისის დასკვნა სრულად ვერ ასახავს გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანების კვლევას.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხეს, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ზიანის ოდენობასთან მიმართებით გააქარწყლებდა, არ წარუდგენია სასამართლოსათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის (კომპანიის) პრეტენზია, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებითაც, დაუსაბუთებელია.
22. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯერებითა და სსკ-ის 415-ე მუხლზე მითითებით ,,თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი“ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, დამდგარი ზიანი, ნაწილობრივ, მოპასუხის ქმედებითაა გამოწვეული, შესაბამისად, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს, რაც მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის, 10 000 ლარის, დაკისრების საფუძველია.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შეად. სუსგ-ებს: N ას-482-2019, 31.05.2019; N ას-280-280-2018, 18.07.2018; N ას-189-189-2018, 23.03.2018; N ას-1052-2019, 20.12.2019წ; N ას-1388-2019, 26.03.2020წ; N ას- 204-2020, 24.06.2020წ).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური