Facebook Twitter

საქმე №ას-254-2020 24 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ. კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,კ. ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.გ–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს 2012 წლის 25 ოქტომბრისა და 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და, დავალიანების გადახდევინების მიზნით, აღსრულება მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა;

3.1 2012 წლის 25 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40929.43 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 30346.14 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 10583.29 ლარი.

3.2 2013 წლის 22 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 43183.18 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 34241.65 ლარი და საპროცენტო სარგებელი - 8941.53 ლარი.

3.3 დავალიანების გადახდევინების მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აღსრულება მიექცა.

აპელანტის მოთხოვნა:

4. მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,ბ. კ–ი“ (შემდგომ - მოსარჩელის უფლებამონაცვლე).

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 372-ე მუხლზე, ასევე, იმავე კოდექსის 92-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უფლებამონაცვლეობის საფუძველია მოსარჩელის რეორგანიზაცია, ის არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად გარდაიქმნა, შეიცვალა მისი დასახელება, იურიდიული მისამართი, ელექტრონული ფოსტა, წესდება და დირექტორი.

8. ზემოაღნიშნული საფუძვლით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის უფლებამონაცვლეობა დაადგინა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და მოსარჩელის უფლებამონაცვლეობის საკითხის ხელმეორედ გადასაწყვეტად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება, შემდეგი საფუძვლით:

10. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოსარჩელის არა რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია მოხდა უფლებამონაცვლეობის გარეშე. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომ - სპეციალური კანონი) ითვალისწინებს საწარმოს რეორგანიზაციის კონკრეტულ სახეებს, თუმცა მოსარჩელის რეორგანიზაცია რომელიმე კონკრეტული სახით არ განხორციელებულა, შესაბამისად, შეუძლებელია, გარდაქმნილიყო სხვა საწარმოდ. საწარმოს გარდაქმნა მხოლოდ რეორგანიზაციის შედეგადაა შესაძლებელი და არა ლიკვიდაციის პროცესში, როგორც ეს ფაქტობრივი მოცემულობით ვლინდება.

11. საქმეში არ მოიპოვება უფლებამონაცვლეობის რაიმე დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტი, უფლების დათმობის ხელშეკრულება, სხვა ტიპის გარიგება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის როგორც აქტივი, ისე პასივი აღიარა, მიიღო და განკარგა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ. საქმეში წარდგენილია მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრეზიდენტის განკარგულება და მინდობილობა. გასათვალისწინებელია, რომ შუამდგომლობის დაყენებისას მოსარჩელის წარმომადგენლმა განმარტა, რომ წარადგინა მოსარჩელის რეორგანიზაციის შედეგად მიღებული სუბიექტის რეკვიზიტები, თუმცა სპეციალური კანონი რეორგანიზაციას შემდეგნაირად განსაზღვრავს: საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის შეცვლა); ბ) შერწყმა (გაერთანება, მიერთება), გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), აქედან კი, არცერთი ვლინდება.

12. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ეროვნული ბანკის 2019 წლის 26 ივნისის N1052 განკარგულება და მისი მიღების საფუძვლები, კერძოდ, 2018 წლის 16 მარტის N46/04 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-9 და 91 პუნქტები. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნული პუნქტების საფუძველზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს სალიკვიდაციო აქტი, რომელიც საქმეში არ არის წარმოდგენილი, ხოლო ნორმის მითითება, რომ ,,თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისათვის საჭიროა მხოლოდ ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება“ შესრულებული არაა, კერძოდ, ვალდებულებები გასტუმრებული არაა, ეროვნულმა ბანკმა მოსარჩელის უფლებამონაცვლეს დაყადაღებული ანგარიშები გადასცა, მათ შორის, ფიზიკური პირების ანგარიში.

13. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-8 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებზეც და განმარტავს, რომ ლიკვიდაციის პროცესის დასრულება ზოგადად უკავშირდება გაუსტუმრებელ ვალდებულებებს, დაყადაღებულ ანგარიშებს, რაზეც ,,კომერციული ბანკების შესახებ“ კანონის 3711 მუხლის მე-14 პუნქტი და 3712 მუხლი აზუსტებს, რომ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით კომერციულ ბანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად დაიტანოს სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში“, თუმცა კერძო საჩივრის ავტორისათვის უცნობია განხორციელდა თუ არა ასეთი გადატანა, როდის და რა გადაწყვეტილებები დაედო საფუძვლად.

14. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ნორმათა კონკურენციის პირობებში, ეროვნული ბანკის ბრძანებასთან (განკარგულებასთან) შედარებით სპეციალურ კანონს უპირატესი ძალა ენიჭება. მართალია, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ 553 მუხლი აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკის ლიკვიდაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი იწყებს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესს ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის წესის შესაბამისად, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ, რადგან ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ლიკვიდაციის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ამ სახის სამართლებრივი ურთიერთობა მოაგვაროს საქართველოს სხვა მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობით.

15. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების დანართით 11.11 მუხლზე, ასევე, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტა, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერში არაა მითითებული ინფორმაცია, რომ იგი წარმოიშვა მოსარჩელის რეორგანიზაციის (გარდაქმნის) შედეგად, ასევე, საჯარო რეესტრს არ მიუღია მოსარჩელის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, ასევე, უცნობია საჯარო რეესტრმა თავის დროზე მიიღო თუ არა ახალი სუბიექტის (მოსარჩელის უფლებამონაცვლის) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.

16. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იურიდიული პირისათვის სახელი, იურიდიული მისამართისა და წესდების შეცვლა არ გულისხმობს, რომ იურიდიული პირის რეორგანიზაცია განხორციელდა. არაფერზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელისა და მის უფლებამონაცვლის საიდენტიფიკაციო კოდი ერთი და იგივეა. მოსარჩელის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა. ლიკვიდაციის შემდეგ საწარმოს რეორგანიზაცია იურიდიულად უაზრობაა. თავის დროზე მოსარჩელე შეიქმნა მხოლოდ საბანკო საქმიანობის წარმართვის მიზნით, ხოლო, თუკი მისი ძირითადი საქმიანობის სპეციალური უფლება შეწყდა, მას ფუნქციონირების ლეგიტიმური საფუძველი გამოეცალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებია საგანია, მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი, კერძოდ, არსებობდა თუ არა სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძველი.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა - ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).

21. პალატა განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საწარმოს ლიკვიდაცია მისი რეგისტრაციის გაუქმების (რეესტრიდან ამოშლის) წინაპირობაა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 14.8 მუხლი). შესაბამისად, ლიკვიდაციის შედეგად საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება, თავისი არსით, დაუშვებლად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას. თუმცა კომერციული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობა, მათ შორის რეორგანიზაცია (არასაბანკო სუბიექტად გარდაქმნა) თუ ლიკვიდაცია სპეციალური კანონმდებლობით წესრიდგება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ, ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 141.6 მუხლი). „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 553.1 მუხლის თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი იწყებს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

22. სადავო პერიოდში მოქმედი „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანების (შემდგომ - ბრძანება) მე-8 მუხლის 9 და 91 პუნქტების თანახმად კი, გამონაკლის შემთხვევებში ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა ბანკმა, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართვამდე, ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება გარდაქმნასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ბანკის ვალდებულებების გასტუმრებას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი მეანაბრისა და სხვა კრედიტორთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ ბანკის აქციონერთა გადაწყვეტილება. გარდაქმნის შემდგომ იგი აღარ ექვემდებარება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.

23. ამდენად, ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების გამო, სააქციო საზოგადოება, მართალია, წყვეტს საბანკო საქმიანობას და ამოიღება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეესტრიდან (ანუ უქმდება როგორც ბანკი), თუმცა არ ამოიშლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. გარდაქმნილი საზოგადოება კი, მიიჩნევა ბანკის სამართალმემკვიდრედ (იხ. სუსგ №ას-223-2019; 4 ივნისი, 2020 წელი და სუსგ №ას-1486-2019; 28 თებერვალი, 2020 წელი, სადაც ბანკის უფლებამონაცვლედ სწორედ გარდაქმნილი საწარმო იქნა მიჩნეული).

24. დადგენილია, რომ მითითებული ბრძანების საფუძველზე გამოცემული, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 26 ივნისის №1052 განკარგულებით, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მოსარჩელეს არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის თანხმობა მიეცა. საწარმო რომ გარდაიქმნა და მისი რეგისტრაცია არ გაუქმებულა, არ ამოშლილა რეესტრიდან, ადასტურებს გარდაქმნილი საწარმოს ამონაწერში მითითებული მისი რეგისტრაციის თარიღიც (2003 წლის 22 ივლისი). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა უფლებამონაცვლეობა.

25. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის მიხედვით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ბანკის სამართალმემკვიდრე სს „ბ. კ–ია“, რეესტრიდან ამონაწერში არაა მითითებული, რომ იგი წარმოიშვა ბანკის რეორგანიზაციის შედეგად, მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომრის იდენტურობა სამართალმემკვიდრეობას ვერ დაადასტურებს. პალატა მიუთითებს ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მეწარმისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი უნიკალურია. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე სააქციო საზოგადოება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული იყო საკადასტო კოდით - ...... უდავოა, რეესტრის მონაცემების თანახმად, ბანკის საიდენტოფიკაციო კოდი, მისი უფლებამონაცვლის საიდენტიფიკაციო კოდის იდენტურია. გარდაქმნილი საწარმო რომ ბანკის სამართალმემკვიდრეა ადასტურებს არა მხოლოდ მათი საიდენტიფიკაციო ნომრების იდენტურობა, არამედ რეგისტრაციის თარიღისა და რეგისტრაციის ნომრის იგივეობაც - 2003 წლის 22 ივლისი, 06/5-42. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული პრეტენზიაც უსაფუძვლოა.

26. კერძო საჩივრის ავტორი ეროვნული ბანკის მიერ ბრძანების მე-8 მუხლის 9 და 91 პუნქტების გათვალისწინებული უფლებამოსილების მართლზომიერად გამოყენებაზეც აპელირებს. პალატა განმარტავს, რომ მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების კანონიერებაზე იმსჯელოს. მისი გასაჩივრების წესი განკარგულებაშივეა მითითებული.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

გიორგი მიქაუტაძე