Facebook Twitter

საქმე №ა-3099-შ-79-2021 18 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით

შუამდგომლობის ავტორი – ა.მ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს № 12084/2015 გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილებზე მეურვეობის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს №12084/2015 გადაწყვეტილებით არასრულწლოვან შვილებზე - 2005 წლის 5 ივლისს დაბადებულ მ.მ–სა და 2012 წლის 8 მარტს დაბადებული ნ.მ–ზე მეურვეობის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა მხოლოდ მამას - მოსარჩელე ა.მ–ნს.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა ა.მ–ნმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს №12084/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. ხსენებული განჩინება, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები.

6. შუამდგომლობის წინააღმდეგ წერილობითი პასუხის წარდგენისათვის დადგენილი ვადის დაცვით, მოწინააღმდეგე მხარემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მითითებული საქმე იხილებოდა საბერძნეთის სასამართლოში, იგი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, შესაბამისად, სასამართლომ საქმე განიხილა მისი დასწრების გარეშე. მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ ის წინააღმდეგია ჩამოერთვას შვილებზე მეურვეობის უფლება და მოითხოვს უარი ეთქვას შუამდგომლობის ავტორს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2022 წლის 31 იანვარს გამართულ სხდომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო ა.მ–ნის შუამდგომლობის, თანდართული მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს №12084/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით - გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობა საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობაა (შდრ. საქმე №ა-2226–შ–48-2015, 10 სექტემბერი, 2015 წ.; საქმე №ა-2631-შ-65-1016, 24 იანვარი 2017 წელი).

11. მოცემულ შემთხვევაში, საბერძნეთის, თესალონიკის სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე დაუდგენელი მისამართის მქონე პირია, სარჩელის ასლი და სასამართლო უწყება სასამართლო წესის დაცვით დროულად გადაეცა თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურორს. მოსარჩელის მიერ კანონის დაცვით წარმოდგენილი 6.2.2015 წლის ათენის გაზეთის „განთიადის“ და 6.2.2015 წლის ადგილობრივი გაზეთის „თესალონიკის მედიის“ ფურცლებიდან ჩანს, რომ სარჩელის მოკლე შინაარსი გამოქვეყნდა სულ მცირე ორ ყოველდღიურ გაზეთში. სასამართლომ მოპასუხე სათანადო წესით გაფრთხილებულად მიიჩნია და საქმე მის დაუსწრებლად განიხილა.

12. მოწინააღმდეგე მხარემ როგორც წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაში, ისე საქმის ზეპირი მოსმენისას მიუთითა, რომ არ იყო მიწვეული სასამართლო განხილვაზე. ნიშანდობლივია, რომ შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო სასამართლოში 2022 წლის 31 იანვარს გამართულ სხდომაზე განმარტა, რომ მას საბერძნეთის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მოპასუხის მისამართი არ მიუთითებია, კერძოდ, სარჩელში დააფიქსირა, რომ მოპასუხის მისამართი იყო უცნობი. ამასთან, მანვე დაადასტრა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოპასუხე საქართველოში ფაქტობრივად სად ცხოვრობდა, ცნობილი იყო ტელეფონის ნომერიც, თუმცა არ იცოდა საცხოვრებლის საფოსტო მისამართი.

13. პალატა მიიჩნევს, რომ საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულებასაც ითხოვს არასრულწლოვანთა მამა, მიღებულია დედისათვის სათანადო წესით შეტყობინების გარეშე, ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომაზე არ იყო მიწვეული.

14. პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო სამართალწარმოება ეფუძნება მხარეთა უფლების სასამართლო წესით დაცვას შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, როდესაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები, მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე (სსსკ-ის მე-2, მე-4, მე-5 მუხლები). სსსკ-ის მიხედვით დადგენილი საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვის თავისებურებანი (თავი XLIII) სამართალწარმოების ინკვიზიციური ელემენტებითაც ხასიათდება. „სასამართლო აქტიურად ერთვება მტკიცების პროცესში და შეუძლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები თავისი ინიციატივითაც დაადგინოს, კერძოდ, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი საქმეების განხილვისას, სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივთ განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და, მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ, თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. კანონის ეს დანაწესი განპირობებულია საოჯახო ურთიერთობათა სპეციფიკითა და განსაკუთრებულობით (იხ. სუსგ №ას-904-944-2011, 18.10.2011). ამ საპროცესო ნორმების გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც სასამართლო კანონით დადგენილი წესით შეატყობინებს და მოიწვევს მხარეებს სასამართლო სხდომაზე. სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპის რეალიზაციის მიზნით, ქართული საპროცესო კანონმდებლობა დეტალურად ადგენს მოსარჩელის ვალდებულებას სარჩელში მოპასუხის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის მისამართისა თუ ტელეფონის ნომრის მითითების შესახებ (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი). ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სარჩელი არ რეგისტრირდება (სსსკ-ის 183-ე მუხლის „ბ“ პუნქტი), ამასთან, რეგისტრაციის შემთხვევაში, მოსამართლე უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე (სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი). მითითებული საპროცესო ნორმები ნათლად წარმოაჩენს საქართველოში დადგენილი სამართალწარმოების ძირითად პრინციპს სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რადგან საქმის ამგვარი წესით განხილვა ეწინააღმდეგება მოპასუხის უფლებას თავისი ნების თავისუფალი გამოვლენით შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოში საქმის განხილვისას (სუსგ №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი).

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos v. Spain, 23.06.1993) ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. Lobo Machado v. Portugal, 20.02.1996). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. Dilipak and Karakaya v. Turkey, 04.03.2014). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. Ozgur-Karaduman v. Germany, 26.06.2007; Zavodnik v. Slovenia, no. 21.05.2015).

16. ამდენად, სასამართლო პროცესის თაობაზე მოპასუხის ინფორმირებულობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის - შეჯიბრებითი სამართალწარმოების წინაპირობაა. ამასთან, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს ბავშვის ინტერესებს, ასევე, ეყრდნობა „ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას“, რომლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანო - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. საუკეთესო ინტერესების დაცვის ცნება თითოეული ბავშვის მიმართ მოქმედებს და უპირატესია მშობლის ინტერესზე.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს, „ბავშვის უფლებათა“ კონვენციის, საერთაშორისო კერძო სამართლის კანონისა და სსსკ-ის მოხმობილი ნორმების საფუძველზე, მიაჩნია, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც არ აკმაყოფილებს არასრულწლოვანთა მამის მოთხოვნას საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.მ–ნის შუამდგომლობა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს №12084/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე