15 თებერვალი 2022 წელი
საქმე№ა-459-შ-15-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ვ. ასული ა–ნა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 2-1424/2021/2)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-1424/2021/2) მოიშალა გ.გ–ძეს და ტ.ვ. ასულ ა–ნას შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 2012 წლის 14 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერით №77201230225.
2. 2022 წლის 07 თებერვალს გ.გ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა: რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საქმის განხილვის თარიღის დროისა და ადგილის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული მოსარჩელე გ.გ–ძე სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა მან განცხადება წარადგინა, რომლის მიხედვით სასარჩელო მოთხოვნას მხარს უჭერდა. მოპასუხე ტ.ვ. ასული ა–ნამ სასამართლო სხდომაზე განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნები აღიარა და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია. ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მხარეთა შორის ქონების გაყოფაზე დავა არ არსებობს და არასრულწლოვანთა საცხოვრებელ საკითხზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 28 ოქტომბერს. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 თებერვლის განჩინებით გ.გ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ გ.გ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
9. რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები.
10. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
11. დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.გ–ძესა და ტ.ვ. ასულ ა–ნას შორის მოიშალა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 2012 წლის 14 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით №77201230225. დადგენილია, რომ საქმის განხილვაში ორივე მხარის პოზიცია იქნა განხილული და განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 28 ოქტომბერს.
12. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნული კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-1424/2021/2) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარის ლენინსკის რაიონის №2 სასამართლო ნაწილის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2-1424/2021/2), რომლითაც მოიშალა გ.გ–ძესა და ტ.ვ. ასულ ა–ნას შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ 2012 წლის 14 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით №77201230225.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია