Facebook Twitter

საქმე №ა-183-შ-7-2022

26 იანვარი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა.ბ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ო. ოღლი ვ–ვი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით (საქმე: ა-1072-შ-30-2017) დაკმაყოფილდა ა.ბ–ვას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების შესახებ; საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა და აღსასრულებლად მიექცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ვ–ს (მცხოვრებს საქართველოში, გარდაბნის რაიონი, ....... ბინა # 27) არასრულწლოვანი შვილების - ა.ა.გიზი ვ–ვასა (დაბ. 29.05.2008წ.) და ჰ.ა.ოღლი ვ–ვის (დაბ. 01.10.2009წ.) შენახვა-აღზრდისათვის ა.ბ–ვას სასარგებლოდ, დაეკისრა თითოეულ ბავშვზე 117 მანეთის (შესაბამისად, ორივეზე ერთად - 234 მანეთის) გადახდა, 14.06.2016 წლიდან, ყოველთვიურად, ბავშვების სრულწლოვანებამდე. აღნიშნულ განჩინებაზე 2017 წლის 26 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2022 წლის 18 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან განსახილველად შემოვიდა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ა.ბ–ვას საჩივარი, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესახებ და შუამდგომლობა დაკისრებული თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით ა.ბ–ვას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა და აღსასრულებლად მიექცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ. ბაქოს ხათაის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ვ–ვს (მცხოვრებს საქართველოში, გარდაბნის რაიონი, ......, ბინა # 27) არასრულწლოვანი შვილების - ა.ა.გიზი ვ–ვასა (დაბ. 29.05.2008წ.) და ჰ.ა.ოღლი ვ–ვის (დაბ. 01.10.2009წ.) შენახვა-აღზრდისათვის ა.ბ–ვას სასარგებლოდ, დაეკისრა თითოეულ ბავშვზე 117 მანეთის (შესაბამისად, ორივეზე ერთად - 234 მანეთის) გადახდა, 14.06.2016 წლიდან, ყოველთვიურად, ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამ განჩინების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი. საკასაციო სასამართლოს განჩინება და სააღსრულებო ფურცელი რუსულენოვან თარგმანთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 27 ივნისს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდეგში სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მეორე ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა, რომელსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რითაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განახორციელა მის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქცია. რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას და გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების კონტროლს, აღნიშნული საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება და თანახმად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილების მე-3 მუხლის მეორე ნაწილის „მ“ ქვეპუნქტისა, განეკუთვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის კომპეტენციას.

ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილებების (განჩინებების) აღსრულების კომპეტენცია გააჩნია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. წარმოდგენილ მასალებში პრეტენზია მიმართულია სწორედ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი არასწორად არის შემოსული საქართველოს უზენაეს სასამართლოში და შემდგომი რეაგირებისათვის უნდა დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 1-ლი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7-ე მუხლის მეორე ნაწილით, 275-ე , 284-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ბ–ვას საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. წარმოდგენილი მასალები შემდგომი რეაგირებისათვის დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია