Facebook Twitter

საქმე №ას-441-2020 20 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.გ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.გ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), სესხის აღების შესახებ ხელწერილის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მოსარჩელის მოთხოვნა

1.1. ლ.გ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა სასამართლოს ო.გ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 1500 აშშ დოლარის დაკისრება.

1.2. მოსარჩელის განცხადებით, 2012 წლის 19 ნოემბერს მოპასუხემ მისგან ისესხა 1500 აშშ დოლარი სამი თვით, 2013 წლის 19 თებერვლამდე, თუმცა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დღემდე არ დაუბრუნებია თანხა, რაც მის წინააღმდეგ სარჩელის წარდგენის საფუძველი გახდა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არანაირი ვალი მოსარჩელის მიმართ არ გააჩნდა. აღნიშნული ხელწერილი დაწერილი იყო მოტყუებით და იძულებით.

3. შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია

3.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 19 ნოემბრის ხელწერილის, როგორც მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა. შეგებებული სარჩელის ავტორმა სადავოდ გახადა ხელწერილზე მისი ხელმოწერის ნამდვილობაც.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

4.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

5.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 19 ნოემბერს დადებული ხელწერილი.

6.2. სააპელაციო პალატამ შეაფასა მოპასუხის პრეტენზია ხელწერილის დადებისას მის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 19 ნოემბერს დადებული ხელწერილი სესხის აღებას არ უკავშირდებოდა. მოპასუხეს აღნიშნული თანხა სესხად რეალურად არ მიუღია და იგი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადის გაგრძელებას ემსახურებოდა.

6.3. სასამართლომ შეაფასა საქმეში წარდგენილი 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო მოპასუხესა და იპოთეკარ რ.წ–ს შორის და რომლის შესაბამისად, მოპასუხეს ორი თვით გადაეცა 2160 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად კი, იპოთეკით დაიტვირთა ქ. ხაშურში, .......... ქუჩაზე მდებარე 497.00 კვ. მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა ნაგებობებით.

6.4. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2018 წლის 8 მაისს მოსარჩელესა და ო.გ–ძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზე, ქ. ხაშურში, .......... ქუჩაზე მდებარე 497.00 კვ. მ მიწის ნაკვეთის ნაწილი საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს. ამავე ხელშეკრულებით, ხსენებული უძრავი ქონება მოსარჩელეს 13 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაეცა, ხელშეკრულება 6 თვით დაიდო და მხარეებმა მასში ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა გაითვალისწინეს.

6.5. 6 თვის გასვლის შემდგომ, 2012 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელწერილი, სადაც მიეთითა, რომ მოპასუხემ სამი თვით ისესხა 1500 აშშ დოლარი.

6.6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე-54-ე, ამავე კოდექსის 625-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან მოპასუხეს ხელწერილში მითითებული თანხა არ მიუღია (ხოლო სასესხო ვალდებულების წარმოშობისთვის თანხის გადაცემა აუცილებელი წინაპირობაა), აღნიშნული ხელწერილი სასესხო ვალდებულების წარმოშობის თაობაზე ნების გამოვლენას არ შეიცავს, რაც მას სსკ 50-ე-54-ე მუხლების თანახმად, ბათილ გარიგებად აქცევს და მოპასუხეს სამართლებრივი ვალდებულებაც აღარ წარმოეშობოდა.

6.7. სასამართლომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პროცესუალურ წესზეც მიუთითა და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე ხელწერილში მის მიერ გამოვლენილი ნებისა და თანხის მიღების ფაქტს ხდიდა სადავოდ, მოსარჩელეს ეკისრებოდა ამ გარემოების დამტკიცების მოვალეობა, რაც მან ვერ შეძლო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ხოლო შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7.2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და არასწორად დაასკვნა, რომ ხელწერილში არ იყო გამოხატული მოპასუხის ნება. საკასაციო საჩივრის ავტორისთვის გაურკვეველია, სხვაგვარად როგორ უნდა დადასტურებულიყო ვალდებულების არსებობა, როცა არსებობდა სადავო ხელწერილი.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად

8.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ საფუძვლიანია, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელი და ასევე უარყოფილი იქნება მოპასუხის შეგებებული სარჩელი.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, შეაფასებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.

11. კასატორის მოსაზრებით, სადავო საკითხის (მოპასუხის მიერ ხელწერილში გამოხატული ნების ნამდვილობის) შეფასებისას სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და არასწორად დაასკვნა, რომ სადავო ხელწერილში არ იყო გამოხატული მოპასუხის ნება სესხის სახით თანხის მიღების შესახებ.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტლებაშია მითითებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

15. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

16. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

17. ამასთან, სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქმეში წარდგენილი 2012 წლის 19 ნოემბრის ხელწერილით არ დასტურდებოდა მხარეთა შორის არსებული სასესხოსამართლებრივი ურთიერთობა, რაც მოპასუხეს მოსარჩელისთვის თანხის გადახდის ვალდებულებას დააკისრებდა.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

20. მოსარჩელის მტკიცებით, მასსა და მოპასუხეს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს სამი თვით ასესხა 1500 აშშ დოლარი, რაც, მისივე მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელწერილით დასტურდება.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის სადავოა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სსკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან (მის აბსტრაქტულ კომპონენტებთან).

22. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

23. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების საკითხი, საკასაციო პალატამ განმარტა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.).

24. ამასთან, საგულისხმოა, რომ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით. ამავე დროს, უდავოა, რომ ხელშეკრულების ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს და სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, როგორიცაა მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ.სუსგ №ას-398-371-2017, 6 ივნისი, 2017 წელი).

25. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე თანხის მოპასუხისთვის გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად სადავო ხელწერილზე მიუთითებს, საკასაციო სასამართლო შეაფასებს აღნიშნული ხელწერილის შინაარსს. კერძოდ, ხელწერილში მითითებულია შემდეგი: „მე ო.გ–მა, 2012 წლის 19 ნოემბერს ვისესხე 1500 (ათასხუთასი) დოლარი სამი თვის ვადით, 2013 წლის 19 თებერვლამდე“. თუმცა აღნიშნული ხელწერილით არ ირკვევა, ნამდვილად გადასცა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო თანხა. მოსარჩელეს არც სხვა რაიმე მტკიცებულება (როგორიცაა მაგ. სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი და ა.შ) წარუდგენია სასამართლოსთვის, რაც სასესხო თანხის მსესხებლისთვის გადაცემის ფაქტს დაადასტურებდა.

26. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთი (თანხის მიღების შესახებ) სათანადოდ ვერ გასწია, არ არსებობდა სადავო თანხის გადახდაზე უფლებამოსილ პირად მოპასუხის მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი. კასატორს (მოსარჩელეს) მოთხოვნის ამ ნაწილში არც საკასაციო სასამართლოში წარუდგენია იმგვარი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

27. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოპასუხის შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ, საკასაციო პალატა ამ ნაწილში იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

28. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე და იგი საკუთარ პრეტენზიას მხარეთა შორის დადებულ სესხის ხელწერილზე მითითებით ამყარებდა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და სადავო სესხის ხელწერილის, როგორც მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობა მოითხოვა. გამომდინარე იქიდან, რომ წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სადავო ხელწერილის ბათილად აღიარების მოთხოვნის განხილვისას, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს (ამ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორს) და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი - დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, გამართლებულია იურიდიული ინტერესის ნამდვილობით (იხ. სუსგ საქმე Nას-839-805-2016, 06.03.2017 წ.).

29. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

30. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

31. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ არ დაკმაყოფილდა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელეს წაერთვა უფლება სადავო ხელწერილის საფუძველზე მოეთხოვა მოპასუხისთვის თანხის გადახდა, აზრს კარგავს აღნიშნული ხელწერილის ბათილობის მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელიც. ვინაიდან, ის იურიდიული ინტერესი, რისი მიღწევაც შეგებებული სარჩელის ავტორს სურდა სადავო ხელწერილის ბათილად ცნობით, უკვე მიღწეულია ძირითადი სარჩელის უარყოფით. შესაბამისად, სადავო ხელწერილის ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სსსკ-ის 393-ე მუხლი), რაც, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველია.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

35. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან როგორც სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მხარეთა მიერ სხვადასხვა ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

36. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, ქ. ხაშურში, ...... მდებარე უძრავ ქონებას (ს/კ: ......).

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ლ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტები და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

1. ო.გ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3. ლ.გ–ძისა და ო.გ–ის მიერ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში; ო.გ–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში; ლ.გ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

4. გაუქმდეს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, ყადაღა მოეხსნას ო.გ–ის (........) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ხაშურში, ........, მიწის საკადასტრო კოდი: ........;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე