Facebook Twitter

08 თებერვალი 2022 წელი

№ას-850-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კერძო საჩივრის ავტორები - კ.ფ–ი

მ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.კ.ა–ი“

II კერძო საჩივრის ავტორი - ს.ს. „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - კ.ფ–ი

მ.მ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით (რომელიც უსწორობის გასწორებამდე დათარიღებული იყო 2021 წლის 25 თებერვლით) - კ.ფ–ის და მ.მ–ის სარჩელი მოპასუხე ს.ს. „ა–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1.1. მოპასუხე ს.ს. „ა–ს“ მოსარჩელე კ.ფ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 26 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (პოლისი N18012000592) 0,94 ჰა მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ......) გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურება 5447 ლარის ოდენობით; ასევე, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე (პოლისი N18012000592) 1.1 ჰა მიწის ნაკვეთიდან (ს/კ .......) გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურება 13 750 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხე ს.ს. „ა–ს“ მოსარჩელე მ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 4 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე (პოლისის N181200516) 0,54 ჰა მიწის ნაკვეთთან (ს/კ ......) დაკავშირებით სადაზღვევო ანაზღაურება 2899,43 ლარის ოდენობით.

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე როგორც მოპასუხემ, ისე მოსარჩელეებმა, სააპელაციო საჩივრები წარადგინეს 2021 წლის 15 აპრილს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით გასწორდა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობა და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღად ნაცვლად 2021 წლის 25 თებერვლისა, მიეთითა 2021 წლის 02 მარტი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით აპელანტთა სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მხარეები არ დასწრებიან, თუმცა მათთვის ცნობილი იყო მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის თაობაზე, კერძოდ, 02.02.2021წ. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელეთა წარმომადგენელი და თავად პირველი მოსარჩელე, ასევე, მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები (იხ. ტ.2, ს.ფ. 78-93). პალატის განმარტებით, საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით აპელანტებს არ მიუმართავთ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, შესაბამისად, მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან - 2021 წლის 27 მარტიდან და ამოიწურა 2021 წლის 10 აპრილს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იყო უქმე/დასვენების დღე, შესაბამისად, აპელანტებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნდათ მომდევნო პირველსავე სამუშაო დღის 2021 წლის 12 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივრები ორივე შემთხვევაში შეტანილ იქნა 2021 წლის 15 აპრილს (იხ. ტ.2, ს.ფ. 130-172; ტ.2., ს.ფ. 173-1821), კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

4.2. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61.3 და 63-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდებოდა, რომ აპელანტებმა მიმართეს სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადასაცემად და სასამართლომ ვერ უზრუნველყო მისი მხარეებისათვის ჩაბარება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (სუსგ # ას-1040-994-2013, 09.12.2013; # ას-469-469-2018, 22.06.2018). ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობები.

5. სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრები წარადგინეს მხარეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვეს. კერძო საჩივრების ავტორთა პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია არა 2021 წლის 25 თებერვალს, არამედ 2021 წლის 02 მარტს, შესაბამისად, დაცულია სააპელაციო საჩივრების შეტანის საპროცესო ვადა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივრები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია აპელანტების მხრიან დაცული იყო თუ არა სააპელაციო საჩივრების შეტანის კანონით განსაზღვრული ვადა.

10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 02 მარტის სხდომის ოქმზე (ტ.2, ს.ფ. 103-104) და ამავე სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე (ტ.2, ს.ფ. 183-185), რომლებითაც დგინდება, რომ მოცემულ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2021 წლის 02 მარტს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ამავე კოდექსის მე-60 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი აწესრიგებს ამავე კოდექსის სხვადასხვა ინსტიტუტებით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დენის დასაწყისის მომენტს და, შესაბამისად, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადებზეც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნული განმარტების საფუძველზე, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, არამედ მომდევნო დღიდან (იხ.: სუსდგ №ას-1161-1106-2014, 30.12.2014 წ., შდრ.: სუსგ. №ას-843-807-2014, 12.01.2015 წ.)

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 02 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მხარეები არ დასწრებიან, თუმცა მათთვის ცნობილი იყო მოცემულ საქმეზე გასაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ, კერძოდ, 02.02.2021წ. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელეთა წარმომადგენელი და თავად მოსარჩელე კ.ფ–ლი, ასევე, მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები (იხ. ტ.2, ს.ფ. 78-93). საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით აპელანტებს არ მიუმართავთ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, შესაბამისად, მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან - 2021 წლის 02 აპრილიდან და ამოიწურა 2021 წლის 15 აპრილს, 24:00 საათზე. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრები მხარეთა მიერ შეტანილი იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული 14 - დღიანი ვადის დაცვით - 2021 წლის 15 აპრილს (იხ. ტ.2, ს.ფ. 130-172; ტ.2., ს.ფ. 173-1821).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს. „ს.კ.ა–ის“, კ.ფ–ის და მ.მ–ის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია