Facebook Twitter

27 იანვარი, 2022 წელი,

საქმე №ას-732 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული ქონების დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან სამინისტრო) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) წინააღმდეგ უსაფუძვლოდ მიღებული ქონების დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. მისი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოადგენდა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე დავას, როდესაც გამოიყენება საერთო ხანდაზმულობის 10 - წლიანი და არა 3 - წლიანი ვადა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (რომლის უფლებამონაცვლე განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა) ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის მიზნით.

კასატორმა მოპასუხისგან მეორე ლოტზე - რუსთავის მე-7, მე-12, მე-14, მე-17 და 24-ე საჯარო სკოლებზე - 667 972 ლარის, მესამე ლოტზე - რუსთავის მე-13, მე-16, მე-19, მე-20 და 30-ე საჯარო სკოლებზე - 585 813,90 ლარის, მეოთხე ლოტზე - რუსთავის მე-4, მე-15, 21-ე და 22-ე საჯარო სკოლებზე - 857 216 ლარის, ხოლო მეხუთე ლოტზე - რუსთავის მე-8, 23-ე, 25-ე, 27-ე და 28-ე საჯარო სკოლებზე - 608 390 ლარის მოცულობის სატენდერო წინადადება მიიღო.

აღნიშნულის საფუძველზე, 2006 წლის 24 მაისს, მხარეებს შორის #05-53/3, #05-52/3 და #05-54/3 და #05-55/3 ხელშეკრულებები (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები) დაიდო.

5.4. მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მხარეებს შორის 2006 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა #25 მიღება-ჩაბარების აქტი რომლის საფუძველზე სამინისტრომ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით მოპასუხეს - 74 650,16 ლარის საამშენებლო მასალა გადასცა.

5.5. გადაცემული საამშენებლო მასალიდან მოპასუხეს აუთვისებელი დარჩა - 38 734.16 ლარის ღირებულების მასალა (იხ. სამინისტროს 2015 წლის 14 მაისის #459 ბრძანებით შექმნილი „სამინისტროს ბალანსზე რიცხული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საინვენიტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საინვესტიციო კომისიის 2015 წლის 18 მაისის #1 სხდომის ოქმი).

5.6. მოპასუხემ 2006 წლის დეკემბერში შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, შემკვეთმა ჩაიბარა ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები და მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულებაც აუნაზღაურა.

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 646.2 მუხლები (მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა). თუმცა, სარჩელის წარუმატებლობა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამ განაპირობა (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, სსკ-ის 144.1 მუხლი).

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები, მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელი წინაპირობებია. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).

8. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს სახელმძღვანელო კრიტერიუმი, სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა.

9. სასარჩელო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციის შემდეგ სასამართლო შეუდგება შესაგებლის შესწავლას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია რა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

11. ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე "ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ, ხანდაზმულობის ვადების მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობა გაიზიარა და განმარტა: „სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან“.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, შეამოწმოს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის დასაბუთებულობა/ხანდაზმულობა, რომელსაც მოსარჩელე და მოპასუხე სხვადასხვა სამართალურთიერთობას (შესაბამისად, სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს) უკავშირებენ: მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევისთვის დადგენილ სამწლიან ვადას უკავშირებს (სსკ-ის 129.1. მუხლი), ხოლო მოსარჩელე ამ მოსაზრების გაბათილებას იმაზე მითითებით ცდილობს, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა შესრულებით (სსკ-ის 427-ე მუხლი) და სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმა (სსკ-ის 976-ე მუხლი) წარმოადგენს.

13. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი _ „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს.

14. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა“ (იხ. სუსგ: ას -559-2019; ას- 1426-2018; ას-1322-2018). დამფუძნებელი ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა. მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება სასამართლოს მიერ, თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) შესაგებელი, ანუ ჯერ უნდა დასტურდებოდეს, რომ წარმოიშვა თავად მოთხოვნა, შემდეგ უნდა შემოწმდეს შესაგებელში წარმოდგენილი შედავების არსებითობაც და ლეგიტიმურობაც.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული ნორმების მართებულობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს: ანალოგიური სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც, კერძოდ: „განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 629.1 მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას - აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში გადაცემული, გამოუყენებელი მასალის ღირებულების ანაზღაურების შესახებ, სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი აქვს, რაზეც სპეციალური სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. რაც შეეხება კასატორის მითითებას უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია“.

16. საკასაციო სასამართლომ სხვა საქმის განხილვისას (იხ.სუსგ N1021-2019) განმარტა, რომ „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა) - (იხ. სუსგ #ას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; #ას-794-794-2018, 11.09.2018).

17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიიღო მენარდის მიერ განხორციელებული შესრულება. ასევე დადგენილია, რომ მხარეებმა თავად ხელშეკრულებაში დაადგინეს სამუშაოს შესრულებისთვის მენარდისთვის მასალის გადაცემა და ამ გადაცემას გააჩნდა სახელშეკრულებო საფუძველი - გარიგება, რომელიც არცერთი მხარის მიერ სადავოდ არაა გამხდარი, ისევე როგორც სადავო არაა ის ფაქტი, რომ გარიგება შეწყდა შესრულებით. ამდენად, ფაქტები, რომლებიც სადავო არაა, ადასტურებს, რომ მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და არ იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების (კონდიქციის) მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების წინაპირობა.

18. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სახელშეკრულებო მოთხოვნა დაექვემდებარა ხანდაზმულობას, და, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრა 3 წლით.

ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.

ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.

19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა, შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ჩაატარა ნაკისრი სარემონტო სამუშაოები. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკიდურეს შემთხვევაში 2007 წლიდან დაიწყო (სსსკ-ის მე-60 მუხლი) როდესაც დამკვეთმა სრულად მიიღო მენარდისგან შესრულებული სამუშაო. ობიექტურად, ამ დროს შემკვეთს უკვე უნდა სცოდნოდა რა ოდენობის მასალა გამოიყენა მოპასუხემ, თუმცა, სარჩელი წარდგენილია 2016 წელს, ერთმნიშვნელოვნად სამ წელზე მეტი პერიოდის გასვლის შემდგომ (სსკ-ის 129.1). ამდენად, მოპასუხეს შეუძლია სსკ-ის 144-ე მუხლის მიხედვით, უარი თქვას სამინისტროს მოთხოვნის შესრულებაზე ხანდაზმულობაზე მითითებით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე