საქმე № ას-1219-2021 20 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „თ.ს.მ.“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ლ–ი (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით), ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ლ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „თ.ს.მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, მოპასუხემ კი, შეგებებული სარჩელით ზიანის ანაზღაურება ითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა - 4665 ლარის (ხელზე მისაღები) სახელფასო დავალიანების (ივნისი -549 ლარი, ივლისი - 1725 ლარი, სექტემბრი - 1725 ლარი, ოქტომბერი - 666 ლარი) ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0,07%, რაც სარჩელის აღძვრამდე (04.12.2020წ) ივნისის დავალიანებისთვის - 56.66 ლარი, ივლისის დავალიანებისთვის - 151.20 ლარი, სექტემბრის დავალიანებისთვის - 78 ლარი, ხოლო ოქტომბრის დავალიანებისთვის - 15.64 ლარია; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული თანხის - 4665 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 4 დეკემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.
3. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, 482 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა (შემოსავლის ორდერი) და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.2. აღნიშნული განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქმეში მითითებულ მისამართზე.
4.3. 2021 წლის 11 ოქტომბერს აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
4.4. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 8 ოქტომბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის. რაც შეეხება ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებას, იგი ფოსტას 2021 წლის 9 ოქტომბერს, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჩაჰბარდა.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტის წარმომადგენელმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ვადის დაცვით წარადგინა, რაც დასტურდება საქართველოს ფოსტის მიერ გაცემული, საფოსტო გზავნილით და, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარუდგენლობა და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 8 ოქტომბერს დასრულდა. ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება თანდართული მასალებით ფოსტას ჩაჰბარდა 2021 წლის 9 ოქტომბერს, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ მან განცხადება კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა ფოსტას. ამ გარემოების დასადასტურებლად საქართველოს ფოსტიდან წარმოადგინა საფოსტო გზავნილის ასლი, რომელიც სააპელაციო სასამართლოსთვის გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ იყო ცნობილი, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი კორესპონდენცია/ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება აპელანტმა ფოსტას ჩააბარა 2021 წლის 8 ოქტომბერს, 15:37 საათზე (იხ. ს.ფ. 251).
სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
11. მითითებული ნორმის მიხედვით, თუ განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მაშინ იგი საპროცესო ვადის დაცვით შეტანილად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2021 წლის 8 ოქტომბერი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებით კი, ირკვევა, რომ მოპასუხემ საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2021 წლის 8 ოქტომბერს, 15:37 საათზე, ანუ ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ვადაში შეტანილად ითვლება, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობაა.
12. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „თ.ს.მ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე