Facebook Twitter

2 თებერვალი, 2022 წელი,

საქმე №ას-436-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.ზ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შპს „მ.ს.პ–კა“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ყოფილი სახაზინო საწარმოს, მ.ს.პ–კის უფლებამონაცვლეა - შპს „მ.ს.პ–კა“ (შემდეგში: დამსაქმებელი, საწარმო, პირველი მოპასუხე), რომლის 100% წილის მფლობელია სახელმწიფო.

2. საწარმოს პარტნიორთა ფუნქციას სრულად და ერთპიროვნულად ასრულებს დამფუძნებელი. საწარმოს წესდების 4.2 პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამფუძნებლის კომპეტენციაში შედის ხელმძღვანელის დანიშვნა, გამოწვევა და მისი ანგარიშის დამტკიცება, ხოლო 4.3 პუნქტის მიხედვით, დამფუძნებელი თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს წყვეტს უშუალოდ ან იმ პირის მეშვეობით, რომელსაც ბრძანებით გადასცემს შპს-ს მმართველობაში. ხსენებული წესდების 5.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმო, როგორც დამოუკიდებელი პირი, თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს, საზღვრავს სამეურნეო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და განვითარების პერსპექტივებს, რის ფარგლებშიც უფლება აქვს, საკუთარი საქმიანობიდან მიიღოს შემოსავალი და გამოიყენოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისებისათვის, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და გაფართოებისათვის, დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს უფლება აქვს, საკუთარი შემოსავლის ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს საშტატო განრიგი, თანამდებობრივი სარგოები. წესდების 7.1 პუნქტის მიხედვით, საწარმოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს და იგი ინიშნება დამფუძნებლის მიერ. დირექტორი ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის წინაშე; 7.2 პუნქტის შესაბამისად, დირექტორი უშუალოდ მართავს შპს-ს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განაგებს ქონებას და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს; 7.3. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მმართველობის მიმდინარე საქმეების შესრულება ეკისრება დირექტორს, საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ; 7.4 მუხლის თანახმად, დამფუძნებელი უფლებამოსილია მიიღოს შინაგანაწესი დირექტორისათვის, რომელშიც დაწვრილებით იქნება კომპეტენცია განსაზღვრული.

3. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, დამფუძნებელი, დამფუძნებელი სააგენტო) 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებით, საწარმოს დირექტორად დაინიშნა მ.ზ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, კასატორი), რომელსაც საწარმოში მთავარი ექიმის პოზიციაც ეკავა, რისთვისაც შესაბამის ანაზღაურებას იღებდა.

4. საწარმოში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის რევიზია ჩაატარა - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რომელმაც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობა შეისწავლა.

5. 2016 წლის 4 ივლისს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე შეადგინა მოხსენებითი ბარათი. აღნიშნულ ბარათში განმარტებულია, რომ ჩატარებული რევიზიის ფარგლებში გამოვლინდა, 2013 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დარღვევები, რის გამოც დამსაქმებელი საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა შეადგენს 18 387.21 ლარს. ზემომითითებული შემოწმებით გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დადგენილებით, დამსაქმებელი საწარმო ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა.

7. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დამფუძნებლის წინაშე დასმულიყო მოსარჩელის (საწარმოს დირექტორი) დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხი.

8. 2016 წლის 5 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წერილობით მიმართა დამფუძნებელი სააგენტოს თავმჯდომარეს და განმარტა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რევიზიის შედეგად საწარმოში გამოვლენილი დარღვევების გამო, სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევდა, მოსარჩელის (საწარმოს დირექტორი) თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვას. 2016 წლის 29 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ამავე შინაარსის რეკომენდაციით განმეორებით მიმართა დამფუძნებელი სააგენტოს თავმჯდომარეს.

9. 2016 წლის 7 სექტემბერს, დამფუძნებელმა წერილობით მიმართა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლითაც ითხოვა, რომ საწარმოს დირექტორის (მოსარჩელე) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვისათვის წარედგინათ, ამავე თანამდებობაზე დასანიშნი დირექტორის კანდიდატურა.

10. 2016 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დამფუძნებლის მოთხოვნის შესაბამისად, წარადგინა გ.ა–ის კანდიდატურა.

11. დამფუძნებელი სააგენტოს 2016 წლის 15 სექტემბერის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება), საწარმოს დირექტორობის თანამდებობიდან მოსარჩელე გათავისუფლდა და ამავე თანამდებობაზე გ.ა–ი დაინიშნა, რომლის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურებაც 750 ლარით განისაზღვრა.

12. მოსარჩელემ, როგორც საწარმოს დირექტორმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა, რომლითაც სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის 16 მაისის რევიზიის აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, საწარმოს ხსენებული სარჩელი განუხილველად დარჩა, მოსარჩელის წარმომადგენლის (დირექტორი გ.ა–ი) მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

13. დამფუძნებელი სააგენტოს მართვაშია, დამსაქმებელი საწარმოს მსგავსი პროფილის 27 დაწესებულება. 2007-2016 წლებში, აღნიშნული დაწესებულებებიდან 12 დაწესებულებაში, ანალოგიურად, საწარმოს დირექტორების შრომითი ანაზღაურება განსაზღვრული არ ყოფილა.

14. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2017 წლის 22 თებერვალს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, საწარმოს მიერ დარღვეულია „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილების მე-13 მუხლის საერთო მოთხოვნების 1-ლი, მე-2, მე-4 პუნქტები, ხოლო, ქირურგიული ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში, დამატებითი მოთხოვნების მე-2 პუნქტი. ამის გამო, საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დადგენილებით, პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა.

15. დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი აღძრა საწარმოსა და დამფუძნებლის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: დამფუძნებლის 2016 წლის 15 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა; თანამდებობაზე აღდგენა; 2007 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე მიუღებელი სახელფასო დავალიანების, 81 000 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება; საწარმოსათვის, მის სასარგებლოდ, 2016 წლის 15 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, გასული პერიოდის მიუღებელი ხელფასის, ყოველთვიურად 750 ლარის დაკისრება.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

18.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

18.2. დასაწყისში, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სადავო სამართალურთიერთობა და მისი სუბიექტები, რამდენადაც დავა შეეხებოდა, საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის - დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების მართლზომიერებას და, ამ მხრივ, შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო, მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის დეფინიციას იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნეს მოძიებული. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე პირდაპირ დათქმას არ შეიცავდა, დღის წესრიგში დადგა შემდეგი საკითხის გარკვევის აუცილებლობა: რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან იყო ეს ურთიერთობა, ყველაზე უფრო ახლოს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემული დავა, დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან სადავო სამართალურთიერთობა, თავისი ბუნებით, ყველაზე ახლოს სწორედ დავალების ხელშეკრულებასთან დგას.

სსკ-ის 709-ე, 710-ე. 720.1 მუხლების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და, გამოვლენილი ნება, მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება, მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (სუსგ, №ას-225-214-2017, 16.06.2017).

18.3. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, რადგან ეს ბრძანება დაეფუძნა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებულ რევიზიასა და მის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია სახელმწიფოს (საწარმოს პარტნიორი) ნებაზე - შეეწყვიტა დირექტორთან დადებული ხელშეკრულება, ამასთან, მხარეები ერთმანეთთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ. დამფუძნებლის მიერ, სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივი ნების გამოვლენა ნამდვილი და კანონიერი იყო, დამსაქმებელს ამის უფლებას ანიჭებდა სსკ-ის 720.1 მუხლის დანაწესი. რაკი სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, აღნიშნული იმთავითვე გამორიცხავდა განაცდური ხელფასის (2016 წლის 15 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე) ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

18.4. რაც შეეხებოდა მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი აღნიშნულ ნაწილშიც უსაფუძვლოდ მიიჩნია, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

მოსარჩელე, საწარმოს დირექტორად, დამფუძნებელი სააგენტოს 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. დასაქმებულს, ამავე საწარმოში (საავადმყოფოში), მთავარი ექიმის პოზიციაც ეკავა, რისთვისაც შესაბამის ანაზღაურებას იღებდა. საწარმოს დირექტორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში - 2007 წლიდან 2016 წლამდე, მოსარჩელეს, როგორც დირექტორს, ხელფასი არ მიუღია. საწარმოს წესდების 5.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს, როგორც დამოუკიდებელი პირი, თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს, რის ფარგლებშიც უფლება აქვს, საკუთარი საქმიანობიდან მიიღოს შემოსავალი და გამოიყენოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის. შპს-ს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს და იგი ინიშნება დამფუძნებლის მიერ. დირექტორი უშუალოდ მართავს შპს-ს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განაგებს ქონებას და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს.

წესდების მოხმობილი დანაწესის შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე, მასზე დაკისრებული ხელმძღვანელობითი უფლების რეალიზების გზით განაგებდა საწარმოს შემოსავლებს, მათ შორის, თანამშრომელთა ხელფასების გადანაწილების საკითხებს. ეს გარემოება, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. თავად მოსარჩელის განმარტებით, მას, როგორც საავადმყოფოს დირექტორს, 2007 წლიდან 2016 წლამდე, ანაზღაურება არ მიუღია. ის გარემოება, რომ, მოსარჩელე, როგორც საწარმოს დირექტორი, მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებდა, რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. უფრო მეტიც, დამფუძნებელი სააგენტოს 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებაშიც კი, რომლითაც მოსარჩელე საწარმოს დირექტორად დაინიშნა, დირექტორის ხელფასი და მისი ოდენობა გათვალისწინებული არ ყოფილა. ამდენად, საქმეში არსებული მასალებითა და თავად დასაქმებულის განმარტებით დასტურდებოდა, რომ ეს უკანასკნელი დირექტორის მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებდა, თუმცა, ანაზღაურებას იღებდა ამავე საავადმყოფოში მთავარი ექიმის პოზიციაზე მუშაობის გამო. საქმის მასალებითვე დასტურდებოდა, რომ 2007 წლიდან დავის წამოწყებამდე პერიოდში, დასაქმებულს არასდროს მოუთხოვია ანაზღაურება.

18.5. რაც შეეხებოდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიციას, რის წინაპირობასაც წარმოადგენდა საწარმოს დირექტორის თანამდებობაზე 2016 წლის 15 სექტემბერს დანიშნული გ.ამურველაშვილისათვის ხელფასის 750 ლარით განსაზღვრა, სააპელაციო სასამართლომ ხსენებული პოზიცია არ გაიზიარა, შემდეგი მოსაზრების გამო:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა გარემოებები, დისკრიმინაციული ნიშნით მოსარჩელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სასამართლოს დისკრიმინაციის ფაქტები მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. დამფუძნებელ სააგენტოს ანალოგიური მიდგომა ჰქონდა მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების ანაზღაურებასთან მიმართებით დასაქმებულის საავადმყოფოს დირექტორად მუშაობის პერიოდში, რაც დასტურდებოდა სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, რომლის შესაბამისადაც, 27 დაწესებულებიდან 12 დაწესებულებაში, სადაც დირექტორები საქმიანობას ასრულებდნენ ანალოგიურ პერიოდში, განსაზღვრული არ იყო ანაზღაურება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გაიზიარა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:

19.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საწარმოს წესდების 4.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამფუძნებლის კომპეტენციაა, ხელმძღვანელის დანიშვნა, გამოწვევა და ანგარიშის დამტკიცება. ეს გარემოება იმას ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიმართ ხელფასის დანიშვნის საკითხი დამფუძნებელს უნდა გადაეწყვიტა, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. ის გარემოება, რომ მთავარ ექიმად მუშაობისათვის მოსარჩელე ხელფასს იღებდა, არ გამორიცხავდა მოპასუხის ვალდებულებას, მოსარჩელისათვის დირექტორის ხელფასიც აენაზღაურებინა.

19.2. მოსარჩელემ, როგორც საწარმოს დირექტორმა, წესდების შესაბამისად განსაზღვრა საწარმოს საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგო. დასაქმებულმა, მისი, როგორც მთავარი ექიმის მიმართ, ხელფასი დანიშნა. მითითებული გარემოება არ გამორიცხავდა საწარმოს დამფუძნებლის ვალდებულებას, მოსარჩელისათვის ხელფასი დაენიშნა.

19.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 709-ე მუხლი და მოსარჩელესა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულება არასწორად შეაფასა დავალების ხელშეკრულებად.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

21. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნები, საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

25. საწარმოს დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში განმარტა, რომ:

დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. ეს არის თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება მეწარმეთა კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს მეწარმეთა კანონით (იხ. სუსგ: №ას-1463-2018, 27.12.2018; ას-23-23-2016, 9.03.2016).

შპს-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.

საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი. ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას შპს-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (იხ. სუსგ: №ას-1097-2018, 16.01.2019; №ას-725-693-2016, 6.04.2017).

საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ყველაზე ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან. საზოგადოების დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. სუსგ: №ას-1097-2018, 16.01.2019; №ას-302-287-2016, 15.07.2016).

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმებით მოწესრიგება მართებულია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან შესაბამისია.

26. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის, როგორც საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება დაეფუძნა საწარმოში ჩატარებულ რევიზიასა და მის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს.

ხსენებული რევიზიის ფარგლები, საწარმოში გამოვლინდა, 2013 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში (აღნიშნულ პერიოდში, საწარმოს დირექტორი, მოსარჩელე იყო), „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დარღვევები, რის გამოც საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა 18 387.21 ლარს შეადგენდა.

ამასთან, მითითებული შემოწმებით გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საწარმო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და ჯარიმის გადახდა დაეკისრა. როგორც საქმეზე გამოირკვა, სწორედ ამ გარემოებებმა შეუქმნა საწარმოს დამფუძნებელს იმის ფაქტობრივი საფუძველი, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება შეეწყვიტა.

ზემოთ მოყვანილი გარემოებების უარმყოფელი მოსაზრებები და დასკვნები კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, კერძოდ, მას დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული ფაქტები არ გაუქარწყლებია. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს, არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არ წარუდგენია, სადავო ბრძანებაში დასახელებული დასკვნის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ხსენებული ფაქტობრივი გარემოებები, საკმარისად ადასტურებდა დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას.

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, არამედ ესაა თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც ვრცელდება სპეციალური კანონის მოთხოვნები და რეგულაციები და რომელიც დირექტორს ავალდებულებს, კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით განახორციელოს საზოგადოების საქმეების გაძღოლა. აქედან გამომდინარე, დირექტორის მიერ საწარმოს პარტნიორებთან შეთავსებლობა და დაპირისპირება, კანონთან, და, ბუნებრივია, პარტნიორებთან შეუსაბამოდ მიიჩნევა. სწორედ დირექტორის უნარ-ჩვევებსა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება. ამ რისკის საკომპენსაციოდ კი, პარტნიორებს უფლება აქვთ გაათავისუფლონ დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ამ შემთხვევაზე, საქართველოს შრომის კოდექსის ამოქმედება არ შეიძლება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება (შდრ. იხ. სუსგ: საქმეზე №ას-895-845-2015, 29.01.2016). შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასმართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს ხელეწიფებოდათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია (სსკ-ის 720-ე მუხლი) (იხ. სუსგ: №ას-1463-2018, 27.12.2018).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის მოთხოვნა უსაფუძვლოა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა იგი სწორად არ დააკმაყოფილეს.

27. რაკი სადავო ბრძანების ბათილობის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია, წარმატებული ვერ იქნება მოსარჩელის მოთხოვნები - სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც ისინი მისი თანმდევი მოთხოვნებია. ამდენად, სასამართლოს მიერ სარჩელის პირველი მოთხოვნის უარყოფა, თავისთავად განაპირობებს ზემომითითებული ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

28. რაც შეეხება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერებას, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ ნაწილშიც სრულადაა გასაზიარებელი.

მოცემული საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, შემდეგი გარემოებები:

საწარმოს წესდების 5.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს, როგორც დამოუკიდებელი პირი, თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს, რის ფარგლებშიც უფლება აქვს, საკუთარი საქმიანობიდან მიიღოს შემოსავალი და გამოიყენოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის. შპს-ს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს და იგი ინიშნება დამფუძნებლის მიერ. დირექტორი უშუალოდ მართავს შპს-ს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განაგებს ქონებას და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს. წესდების ამ დანაწესის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელე, როგორც საწარმოს დირექტორი, მასზე დაკისრებული ხელმძღვანელობითი უფლების რეალიზების გზით განაგებდა საწარმოს შემოსავლებს, მათ შორის, თანამშრომელთა (მათ შორის საკუთარი) ხელფასების გადანაწილების საკითხებს. სააპელაციო პალატის მითითებით, ეს გარემოება, არც მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, უფრო მეტიც, მოსარჩელემ თავადვე განმარტა, რომ, მას, როგორც საავადმყოფოს დირექტორს, 2007 წლიდან 2016 წლამდე ანაზღაურება არ მიუღია. მოსარჩელის, როგორც საწარმოს დირექტორისათვის ხელფასის დანიშვნა, არც თანამდებობაზე ამ უკანასკნელის დანიშვნის შესახებ დამფუძნებლის 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებით არ ყოფილა გათვალისწინებული.

ამდენად, საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ, საწარმოს დირექტორის მოვალეობას მოსარჩელე უსასყიდლოდ ასრულებდა, თუმცა, ანაზღაურებას იღებდა, ამავე საწარმოში მთავარი ექიმის პოზიციაზე მუშაობის გამო. მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საწარმოს დირექტორად მოსარჩელის მუშაობის პერიოდში ანალოგიური მიდგომა დამფუძნებელი სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებითაც არსებობდა, კერძოდ, 27 დაწესებულებიდან, 12 დაწესებულებაში, დირექტორებისათვის საზღაურის გადახდა არ იყო განსაზღვრული. ამ გარემოების გამაქარწყლებელი პრეტენზია (შედავება) კასატორს საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ განიმარტა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება შესაბამისობაშია.

30. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

32. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ზ–ძეს (ს/კ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 17.07.2020წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე