Facebook Twitter

9 თებერვალი, 2022 წელი,

საქმე №ას-1160-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ჯ.ე.თ. ჯ–ფი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, მყიდველი) და შპს „ჯ.ე.თ. ჯ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება), რომლის საგანი იყო - წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული ნივთები; ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 182 021 ლარი.

2. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამყიდველისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებინა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%.

3. მოპასუხემ, მოსარჩელეს, საქონლის ნაწილი მიაწოდა, 82 დღის დაგვიანებით.

4. სასამართლოში სარჩელი აღძრა შემსყიდველმა გამყიდველის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს - 22 388.58 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს (გამყიდველი), მოსარჩელის (მყიდველი) სასარგებლოდ, დაეკისრა, ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლო - 2 100 ლარი.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხემ (გამყიდველი) დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საქონელი მოსარჩელეს (მყიდველი) ვადის დარღვევით მიაწოდა. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეთა შორის წერილობით იყო შეთანხმებული (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 477.1, 477.2, 417-418-ე მუხლები).

7.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირებულიყო, რადგან ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს, სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ: №ას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).

7.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის (იხ. სუსგ: №ას-164-160-2016, 28.07.2016; №ას-971-2019, 28.10.2019) გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაკი მოპასუხემ ხელშეკრულების ნაწილი დროულად შეასრულა, პირგასამტეხლოს გამოანგარიშება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან, კერძოდ, იმ პროდუქციის ღირებულებიდან, რომლის მიწოდების ვადაც გამყიდველმა დაარღვია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც მიაქცია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველდღიურად 0.15%, შეუსაბამოდ მაღალი იყო და დადგენილ სასამართლო პრაქტიკას არ შეესაბამებოდა. დამატებით ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ძირითადი ნაწილის მიწოდება ვადაში შეასრულა, კერძოდ, 148 295 ლარის პროდუქცია (მთლიანი ღირებულების დაახლოებით 81%) მოსარჩელეს დათქმულ დროში მიაწოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის მოცულობის, დარღვევის ვადისა და ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია. ამდენად, მას ჰქონდა ცოდნა და თავისუფალი ნება იმისა, რომ ხელშეკრულების შესაბამის პირობაზე უარი ეთქვა. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ხელშეკრულებაში მითითებულ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რაც მისი ხელმოწერით დასტურდება. აღნიშნულის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს 2 100 ლარამდე შემცირება არაპროპორციულია და სსკ-ის 420-ე მუხლის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის (მყიდველი) მოთხოვნა, მოპასუხისათვის (გამყიდველი) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 22 388.58 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას) და მოპასუხეს პირგასამტეხლოს ანგარიშში 2 100 ლარის გადახდა დაევალა. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ მოსარჩელემ გაასაჩივრა და, სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზეც საკასაციო საჩივარი ამ უკანასკნელმა შემოიტანა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში სადავოა, სარჩელის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის კანონიერება.

13. პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან.

კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).

14. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა, ე.ი. კასატორის იურიდიული ინტერესი ისაა, რომ არ მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება და მისი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.

ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მოსარჩელე (აპელანტი) დაამტკიცებდა, რომ მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არსებითად შესაბამისია ვალდებულების დარღვევის ხარისხთან და ამით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით.

მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი:

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).

ამდენად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

15. სადავო საკითხის სწორად შესაფასებლად, კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო. საქართველოს შინაგან სამინისტროს მოთხოვნაში დაფიქსირებული პირგასამტეხლოს მოცულობა ხელშეკრულების სრული ღირებულების (182 021 ლარი) გათვალისწინებითაა გაანგარიშებული. დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია შემდეგი:

ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).

16. საკასაციო პალატის შეფასებით, მოწინააღმდეგე მხარისათვის 22 388.58 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია ორი გარემოების გათვალისწინებით: პირველი - გამოიკვეთა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ძირითადი ნაწილი ვადაში შეასრულა, კერძოდ, 148 295 ლარის პროდუქცია (მთლიანი ღირებულების დაახლოებით 81%) მოსარჩელეს დათქმულ დროში მიაწოდა. მიუხედავად ამისა კასატორმა პირგასამტეხლო ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან იანგარიშა. მეორე - ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე 22 388.58 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება ცალსახად არაგონივრულია. ამ დასკვნის ჩამოყალიბებისას, პალატა მხედველობაში იღებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგ კასატორს რაიმე პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი) და საკასაციო პალატის მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას.

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა (2 100 ლარი, რაც გასაჩივრებული განჩინებით არ შეცვლილა), ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან, ვადასთან, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხთან პროპორციულია და მისი გაზრდის საფუძველი არ არსებობს.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება შესაბამისია.

18. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე