საქმე №ას-1190-2021 22 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ.ა–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.პ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. რ.ა–ძემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.პ–ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, მოპასუხისათვის 50 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო შუამავლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე ვალდებული იყო, მისი გაწეული შრომის შედეგად, მოეხდინა მხარეებს შორის სამომავლო გარიგების დადების უზრუნველყოფა. მოპასუხე კომპანიამ იკისრა ვალდებულება, შუამავლისთვის გადაეხადა გასამრჯელო, რომლის წინაპირობად, ასევე, მოიაზრებოდა შპს „პ.გ.ე.რ–სთვის“ (შემდგომ - შპს) უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივაიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემა და მის საფუძველზე შპს-სა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება.
3. მოსარჩელემ მუთითა, რომ არსებობს გასამრჯელოს მიღების ყველა პირობა, რომლის შესრულება სავალდებულო იყო შუამავლისთვის. მოპასუხემ მიიღო სარგებელი, მოსარჩელის მიერ გაწეული შუამავლობის შედეგად, კერძოდ, დაიდო ხელშეკრულება, რომელიც გრძელვადიანი ინვესტიციაა და უკავშირდება მოპასუხის დიდ ფინანსურ სარგებელს. მიუხედავად მოსარჩელის როლისა ხელშეკრულების დადებისათვის, მოპასუხე ცდილობს, თავი აარიდოს ნაკისრ ვალდებულებას - 50 000 აშშ დოლარის გადახდას.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში შპს-სთან განიხილავდა გოლფის მოედნის მშენებლობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, თუმცა ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დადებულა. გარიგება უნდა გაფორმებულიყო 2015 წლის 25 იანვრამდე, რაც არ განხორციელდა და მოსარჩელემ მოთხოვნის უფლება დაკარგა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი გაურკვეველი შინაარსის შემცველია და არავითარი კავშირი არ გაააჩნია მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შებოჭილია სააპელაციო საჩივრის ფარგლებით ანუ ამ საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში ნათლად და გარკვევით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რას მოითხოვს აპელანტი, როგორია მისი მოთხოვნის შინაარსი (სსსკ 368-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლოს შეუძლია შეამოწმოს გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული დასაბუთება. რადგან სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივრის ფარგლებით ანუ აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით, მას შეუძლია გადაწყვეტილების ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთებულობა შეამოწმოს მხოლოდ სააპელაციო მოთხოვნასთან მიმართებაში. ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სააპელაციო საჩივარში იმის ნათლად ჩამოყალიბება, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და რით საბუთდება აპელანტის მოთხოვნა (სამოქალაქო პროცესუალური სამართლი მე-2 გამოცემა, თენგიზ ლილუაშვილი).
8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებზე და მხოლოდ ზოგადად აღნიშნა, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა. მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა პირნათლად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულის დასტურად მხარემ მიუთითა სააპელაციო საჩივარზე დართულ ვიდეოჩანაწერზე, რომლის მიღების თაობაზეც აპელანტს სასამართლო სხდომაზე არ უშუამდგომლია და განმარტა, რომ არ თვლიდა საჭიროდ აღნიშნული მტკიცებულების საქმეზე დართვას.
9. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 377-ე მუხლის დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, აპელანტმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა და განმარტა გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განმარტებულ ახსნა-განმარტებაზე, სადაც აპელანტმა განმარტა გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებები.
10. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება, რომელიც გამომდინარეობს შუამავლის მეშვეობით მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულების დადებაში. აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 744-ე მუხლი.
11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2014 წლის 10 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო შუამავლობის ხელშეკრულება, რომლის 2.1. პუნქტის მიხედვით, შუამავალმა იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო კომპანიასა ( მოპასუხე) და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმება არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა.
12. ამავე ხელშეკრულების 3.5. პუნქტის მიხედვით, ვინაიდან ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით .....) კომპანიის მიერ გოლფის მოედნის მშენებლობის შესახებ, შუამავალს არ წარმოექმნებოდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს მიღების უფლება, ხოლო კომპანიას - გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება თუ: ა) შპს-ს მიერ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ არ გამოიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულება, ან აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შპს-ს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არ დაიდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს-ს საკუთრების უფლებით არ გადაეცემოდა უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ......) და ბ) შუამავალი ვერ უზრუნველყოფდა ამ ხელშეკრულების 2.1. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას შპს-ს და კომპანიას შორის.
13. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ შუამავალი ვერ უზრუნველყოფდა გარიგების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კომპანიას და მესამე პირს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას, წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტდა მოქმედებას.
14. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის #2376 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა #1, საერთო ფართით - 78 კვ.მ, (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...... პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს-ს.
15. მოპასუხესა და შპს-ს შორის დადებული 2015 წლის 30 აპრილის „განზრახულობის წერილის“ თანახმად, შპს-ს, როგორც დამკვეთს და მოპასუხეს, როგორც შემსრულებელს შორის, 2015 წლის 21 აგვისტოს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად: „დამკვეთი აშენებს 18 ორმოს მქონე გოლფის მოედანს 72 დარტყმითა და არაუმეტეს 6.200 მეტრი სიგრძით, რომელიც მდებარეობს მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი: ..... (შემდგომში გოლფის მოედანი). შემსრულებელი დამკვეთს უწევს მომსახურებას, კერძოდ, „გოლფის მოედნის სამშენებლო მომსახურებები“ 2015 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი განზრახულობის წერილის შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულება მოიცავს 2015 წლის მაისიდან 20 აგვისტომდე პერიოდს. „განზრახულობის წერილის“ თანახმად, შესრულებული სამუშაოს თანხაა 566 210.48 აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით, რაც შეადგენს 1 311 706.41 ლარს. მხარეები თანხმდებიან, რომ დაწყებიდან დღემდე დამკვეთმა შემსრულებელს სამუშაოებისთვის გადაუხადა ავანსის სახით 944 931.06 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რომელშიც შედის 5.05.2015 წლის ავანსის სახით გადახდილი 318 600 აშშ დოლარი - 739 821.06 ლარი და მეორე ავანსი გადახდილი 27.05. 2015წ. - 90 000 აშშ დოლარი - 205.110 ლარი. აქედან გამომდინარე, დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის გადასახდელი თანხა შეადგენს 157 610.48 აშშ დოლარს, 21.08.2015 წ. არსებული ეროვნული ვალუტის კურსით, რაც შეადგენს - 366 775 35 ლარს.“
16. 24.08.2015 წლის საგადასახადო დავალების თანახმად, შპს-ს მიერ მოპასუხის ანგარიშზე ჩაირიცხა 366 775 35 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია: „გოლფის მოედნის მშენებლობა, 2015 წლის 21 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი.“
17. 20.03.2017 წლის შპს აუდიტური კონცერნი „ც–ას“, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, შპს-ს მიერ 22.09.2016წ. - 31.12.2016წ. პერიოდში „ნასყიდობის ხელშეკრულების“ 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 6 211 741 ლარს, დღგ-ს გარეშე. 10.10.2016 წლის შპს აუდიტური კონცერნი „ც–ას“, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, შპს-ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 21 სექტემბრისა, ამავე ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 6 656 808 ლარს, დღგ-ს გარეშე.
18. 30.04.2015წ. ინვოისის თანახმად, გადამხდელი შპს-ს მიერ მიმწოდებელ მოპასუხის მიმართ გადახდილ იქნა 90 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის დასახელებაში მითითებულია: „წინასწარ გადასახდელი თანხა. 2015 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი განზრახულობის წერილის 1.3.11. მუხლის მიხედვით, გოლფის მოედნის დიზაინისა და მშენებლობის შესრულებისთვის“.
19. 30.04.2015წ. ინვოისის თანახმად, გადამხდელი შპს-ს მიერ მიმწოდებელ მოპასუხის მიმართ გადახდილ იქნა 318 600 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის დასახელებაში მითითებულია: „პირველი ავანსი 18-ორმოიანი გოლფის მოედნის მშენებლობისთვის, გარდაბანში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი: ......წ. ხელშეკრულების 1.3.6. პუნქტის შესაბამისად.“
20. 21.08.2015 წლის სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: .... შესრულებული სამუშაოების აქტის თანახმად, სადაც დამკვეთია შპს, ხოლო შემსრულებელი - მოპასუხე, შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 566210.48 აშშ დოლარს.
21. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კვლევის საგანს წარმოადგენდა, დაიდო თუ არა მოპასუხესა და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და მართებულია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა გაწეული შუამავლობის შედეგად თანხის დაკისრების თაობაზე.
22. აპელანტმა სასამართლო სხდომაზე მოპასუხესა და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად მიუთითა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის #2376 განკარგულებაზე, მოპასუხესა და შპს-ს შორის დადებული 2015 წლის 30 აპრილის „განზრახულობის წერილზე“, 2015 წლის 21 აგვისტოს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე, 24.08.2015 წლის საგადასახადო დავალებაზე, 30.04.2015წ. ინვოისებზე და აუდიტორის დასკვნებზე, სადაც მითითებულია განხორციელებული ინვესტიციის შესახებ და განმარტა, რომ აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში განხილვით დასტურდება, რომ მოპასუხესა და შპს-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ამასთან, მიუთითა, რომ ხელშეკრულების 2.1. პუნქტში გათვალისწინებული ვადა, რომლითაც შუამავალი იღებდა ვალდებულებას, უზრუნველეყო მოპასუხე კომპანიასა და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმება არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა, დაკავშირებული იყო მთავრობის მიერ განკარგულების გამოცემასთან და არა კონკრეტულად მოპასუხესა და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების დადებასთან.
23. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, სასამართლომ სწორად განსაზღვროს და მოახდინოს ხელშეკრულებაში გამოხატული მხარეთა ნების შეფასება ხელშეკრულების 2.1. 3.5. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით.
24. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან, შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე - ნების გამომვლენი და ნების მიმღები - მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. (სუსგ ას-1117-2020)
25. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე (შეადრ: სუსგ-ები №ას-425-425-2018,18 თებერვალი, 2021, პპ:46-49; №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
26. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების განმარტების, ანუ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრულობისა და გასამრჯელოს სამართლიანობის შეფასების გზით უნდა ემსჯელა. მოპასუხე სადავოდ ხდიდა გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას. ამ თვალსაზრისით, სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, რა შემთხვევაში წარმოეშობოდა ხელშემკვრელ მხარეს - მოპასუხეს აღნიშნული გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება და შემდგომ, განხორციელებულია თუ არა მისი შესრულების (გადახდის) წინაპირობები.
27. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შუამავლობის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, შუამავალი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კომპანიასა და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმება, არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა. ამავე ხელშეკრულების 3.5. პუნქტის მიხედვით, ვინაიდან ხელშეკრულების 2.1. მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით .....) კომპანიის მიერ გოლფის მოედნის მშენებლობის შესახებ, შუამავალს არ წარმოეშვება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს მიღების უფლება, ხოლო კომპანიას გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება თუ: ა) შპს-ს მიერ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ არ გამოიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულება, ან აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შპს-ს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არ დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს-ს საკუთრების უფლებით არ გადაეცემა უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ......) და ბ) შუამავალი ვერ უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულების 2.1. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას შპს-ს და კომპანიას შორის. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ შუამავალი ვერ უზრუნველყოფს გარიგების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კომპანიას და მესამე პირს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას, წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას.
28. სსკ-ის 90-ე მუხლის მიხედვით, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო მოპასუხესა და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების დადება და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მხარეთა შორის გაფორმებული შუამავლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს ანაზღაურება.
29. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ იურიდული შედეგი - მოპასუხესა და შპს-ს შორის დადებულიყო ნარდობის ხელშეკრულება მოსარჩელეს/აპელანტს გასამრჯელოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას არ წარმოუშობდა, რამეთუ ხელშეკრულების სწორი განმარტების შემთხვევაში, მოსარჩელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშვებოდა შეთანხმებული გასამრჯელოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ კომპანიასა და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმდებოდა არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა. სწორედ „გონივრული განსჯის“ საფუძველზე ხელშეკრულების სადავო 2.1. 3.5. და 4.2. პუნქტებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისათვის გასამრჯელოს ანაზღაურების გადახდა იკისრა იმ პირობით, რომ მოპასუხესა და შპს-ს შორის დადებულიყო ნარდობის ხელშეკრულება არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა.
30. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის #2376 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა #1, საერთო ფართით - 78 კვ.მ., (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...... პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს-ს, თუმცა მხოლოდ აღნიშნული არ იყო საკმარისი პირობა შუამავლისათვის გასამრჯელოს ანაზღაურებისთვის, ვინაიდან ხელშეკრულების 3.5. პუნქტი მოიცავდა როგორც შპს-ს მიერ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემას ან აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შპს-სა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას, ასევე, შპს-ს საკუთრების უფლებით უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ......) გადაცემას და ამ ხელშეკრულების 2.1. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში (არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა) ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას შპს-სა და კომპანიას ( მოპასუხე) შორის.
31. საქმის მასალების თანახმად კი დადგინდა, რომ მოპასუხესა და შპს-ს შორის „განზრახულობის წერილი“ დადებულია 2015 წლის 30 აპრილს. აღნიშნულის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2015 წლის 21 აგვისტოს, საგადასახადო დავალება, რომლითაც შპს-ს მიერ მოპასუხის ანგარიშზე ჩაირიცხა 366 775 35 ლარი, „გოლფის მოედნის მშენებლობისთვის, 2015 წლის 21 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით, განხორციელებულია 24.08.2015 წელს, შპს-ს მიერ მიმწოდებელ მოპასუხის მიმართ 90 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი განზრახულობის წერილის 1.3.11. მუხლის მიხედვით, გოლფის მოედნის დიზაინისა და მშენებლობის შესრულებისთვის“ და 318 600 აშშ დოლარი, „პირველი ავანსი 18 ორმოიანი გოლფის მოედნის მშენებლობისთვის, გარდაბანში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი: ...... 29.04.2015წ. ხელშეკრულების 1.3.6. პუნქტის შესაბამისად“ გადახდილ იქნა ინვოისების თანახმად - 30.04.2015 წელს, ამასთან, აუდიტორული დასკვნებით განხორციელებული ინვესტიციის პერიოდია 22.09.2016წ. - 31.12.2016წ. და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 21 სექტემბერი.
32. აღნიშნული დოკუმენტების ერთობლიობაში განხილვით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს-სა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 30 აპრილს შედგა ე.წ. განზრახულობათა წერილი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა მითითებულ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება, 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრულ 2015 წლის 25 იანვრამდე, არ დადებულა. შესაბამისად, მოსარჩელემ 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და მოსარჩელეს/აპელანტს არ გააჩნია ამავე გარიგებით განსაზღვრული გასამრჯელოს მოთხოვნის უფლება, ვინაიდან ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ შუამავალი ვერ უზრუნველყოფს გარიგების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კომპანიას და მესამე პირს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას, წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას.
33. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
34. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა მოთხოვნასთან დაკავშირებით ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის დაწყებისათვის დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 130-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესები. აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, კომპანიის მიერ შუამავლისათვის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად და ბოლო გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 25 დეკემბერს, მოთხოვნის წარმოშობის სამწლიანი ვადა უნდა აითვალოს 2015 წლის 25 დეკემბრიდან, ხოლო ვინაიდან სარჩელი აღძრულია 2018 წლის 30 აპრილს, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
35. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სსს-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
36. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
37. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 744-ე და 52-ე მუხლებით, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი დაადგინა სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ხოლო სწორად დადგენილი ფაქტები სამართლებრივად არასწორად შეაფასა. შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძვლები.
38. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ შუამავლობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის უძრავი ქონება არ წარმოადგენდა იმ პირის საკუთრებას, რომელთან ერთადაც მოპასუხეს გოლფის მოედნის მოწყობის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. დამკვეთს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები გადაეცა მხოლოდ შუამავლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, რაც გასამრჯელოს მიღების პირობას წარმოადგენდა. შესაბამისად, 2014 წლის 19 დეკემბერს მიწა, რომელზეც მოსარჩელეს გოლფის მოედანი უნდა აეშენებინა, უკვე შპს-ს საკუთრებაში იყო. ამდენად, ხსენებული ვალდებულება შესრულდა 2015 წლის 25 იანვრამდე, რაც სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია. აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის მთავარ საფუძველს.
39. კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია, რომ შუამავლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწის ნაკვეთის გადაუცემლობა გასამრჯელოს მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება იყო და შპს-სათვის უძრავი ქონების გადაცემის ფაქტის დადგენა, უკვე ადასტურებდა შუამავლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნის უფლების 2014 წლის 19 დეკემბრიდან წარმოშობას.
40. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ წარმოადგენდა 2015 წლის 25 იანვრამდე შუამავლობის ხელშეკრულებით სანარდო შეთანხმების გაფორმება აუცილებელ და უპირობო საფუძველს სადავო თანხის ანაზღაურების მოთხოვნისათვის. მარტოოდენ თარიღზე მითითება და მხარის შეუქცევად ინტერესად თარიღის წარმოჩენა, საზიანო იყო ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების პროცესისათვის.
41. კასატორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ 2015 წლის 25 იანვრის შემდეგ ვალდებულების შესრულების მიმართ ინტერესი დაკარგა. აღნიშნული, ერთი მხრივ, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, მეორე მხრივ კი, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო, რადგან უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად (სსკ-ის მე-8 მუხლი). რეალურად სადავო ურთიერთობის ყველა მხარემ მიიღო სასურველი შედეგი, მოსარჩელის გარდა.
42. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო მოთხოვნა არ წარმოშობილა 2014 წლის 19 დეკემბრის მთავრობის განკარგულების გამოცემის გზით, რადგან საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 30 აპრილის „განზრახულობის წერილი“, 2015 წლის 21 აგვიტოს მიღება-ჩაბარების აქტი, 24 აგვისტოს საგადახდო დავალებები, 30 აპრილის ინვოისები და აუდიტორული დასკვნები, ცალსახად ადასტურებდნენ მოპასუხესა და შპს-ს შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს და ნარდობის ურთიერთობის არსებობას. აღნიშნული 2 ნარდობის ხელშეკრულება ვერ დაიდებოდა მთავრობის განკარგულების არარსებობის პირობებში, რაც უშუალოდ მოსარჩელის მონაწილეობით იქნა მიღებული.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
44. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
46. 2014 წლის 10 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო შუამავლობის ხელშეკრულება, რომლის 2.1. პუნქტის მიხედვით, შუამავალმა იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო კომპანიასა და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმება არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა.
47. ამავე ხელშეკრულების 3.5. პუნქტის მიხედვით, ვინაიდან ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით .....) კომპანიის მიერ გოლფის მოედნის მშენებლობის შესახებ, შუამავალს არ წარმოეშობოდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს მიღების უფლება, ხოლო კომპანიას - გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება თუ: ა) შპს-ს მიერ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ არ გამოიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულება, ან აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შპს-ს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არ დაიდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს-ს საკუთრების უფლებით არ გადაეცემოდა უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ......) და ბ) შუამავალი ვერ უზრუნველყოფდა ამ ხელშეკრულების 2.1. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას შპს-ს და კომპანიას შორის.
48. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ შუამავალი ვერ უზრუნველყოფდა გარიგების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კომპანიას და მესამე პირს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას, წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტდა მოქმედებას.
49. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის #2376 განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა #1, საერთო ფართით - 78 კვ.მ (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..... პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს-ს.
50. მოპასუხესა და შპს-ს შორის დადებული 2015 წლის 30 აპრილის „განზრახულობის წერილის“ თანახმად, შპს-ს, როგორც დამკვეთს და მოპასუხეს, როგორც შემსრულებელს შორის, 2015 წლის 21 აგვისტოს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად: „დამკვეთი აშენებს 18 ორმოს მქონე გოლფის მოედანს 72 დარტყმითა და არაუმეტეს 6.200 მეტრი სიგრძით, რომელიც მდებარეობს მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი: ..... (შემდგომში გოლფის მოედანი). შემსრულებელი დამკვეთს უწევს მომსახურებას, კერძოდ, „გოლფის მოედნის სამშენებლო მომსახურებები“ 2015 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი განზრახულობის წერილის შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულება მოიცავს 2015 წლის მაისიდან 20 აგვისტომდე პერიოდს. „განზრახულობის წერილის“ თანახმად, შესრულებული სამუშაოს თანხაა 566 210.48 აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით, რაც შეადგენს 1 311 706.41 ლარს. მხარეები თანხმდებიან, რომ დაწყებიდან დღემდე დამკვეთმა შემსრულებელს სამუშაოებისთვის გადაუხადა ავანსის სახით 944 931.06 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რომელშიც შედის 5.05.2015 წლის ავანსის სახით გადახდილი 318 600 აშშ დოლარი - 739 821.06 ლარი და მეორე ავანსი გადახდილი 27.05. 2015წ. - 90 000 აშშ დოლარი - 205.110 ლარი. აქედან გამომდინარე, დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის გადასახდელი თანხა შეადგენს 157 610.48 აშშ დოლარს, 21.08.2015 წ. არსებული ეროვნული ვალუტის კურსით, რაც შეადგენს - 366 775 35 ლარს.“
51. 24.08.2015 წლის საგადასახადო დავალების თანახმად, შპს-ს მიერ მოპასუხის ანგარიშზე ჩაირიცხა 366 775 35 ლარი, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია: „გოლფის მოედნის მშენებლობა, 2015 წლის 21 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი.“
52. 20.03.2017 წლის შპს აუდიტური კონცერნი „ც–ას“, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, შპს-ს მიერ 22.09.2016წ. - 31.12.2016წ. პერიოდში „ნასყიდობის ხელშეკრულების“ 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 6 211 741 ლარს, დღგ-ს გარეშე. 10.10.2016 წლის შპს აუდიტური კონცერნი „ც–ას“, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, შპს-ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 21 სექტემბრისა, ამავე ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 6 656 808 ლარს, დღგ-ს გარეშე.
53. 30.04.2015წ. ინვოისის თანახმად, გადამხდელი შპს-ს მიერ მიმწოდებელი მოპასუხის მიმართ გადახდილ იქნა 90 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის დასახელებაში მითითებულია: „წინასწარ გადასახდელი თანხა. 2015 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი განზრახულობის წერილის 1.3.11. მუხლის მიხედვით, გოლფის მოედნის დიზაინისა და მშენებლობის შესრულებისთვის“.
54. 30.04.2015წ. ინვოისის თანახმად, გადამხდელი შპს-ს მიერ მიმწოდებელ მოპასუხის მიმართ გადახდილ იქნა 318 600 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის დასახელებაში მითითებულია: „პირველი ავანსი 18-ორმოიანი გოლფის მოედნის მშენებლობისთვის, გარდაბანში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი: ...... 29.04.2015წ. ხელშეკრულების 1.3.6. პუნქტის შესაბამისად.“
55. 21.08.2015 წლის სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ..... შესრულებული სამუშაოების აქტის თანახმად, სადაც დამკვეთია შპს, ხოლო შემსრულებელი - მოპასუხე, შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 566210.48 აშშ დოლარს.
56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით;
57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის საფძველზე.
60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
61. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).
62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 744-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ.
63. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
64. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს შუამავლობის ხელშეკრულების თავისებურებაზე.
65. შუამავლობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობის განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურება. ( იხ. დამატებით: თ. ნინიძე, საქართველოს სამოქალქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, 744-ე მუხლი, თბ., 2001, გვ.441). საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადებაა. შუამავლობა სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს წრმოადგენს, რომელიც ოფერტისა და აქცეპტის სამართლებრივ საფუძვლებზეა დამყარებული. ( იხ. დამატებით: Roth, in MüKo.BGB, § 652, Rn.44.) შუამავლობა ანაზღაურებადი საქმიანობაა. შუამავალს ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ დაიდება ძირითადი ხელშეკრულება შემკვეთსა და მესამე პირს შორის.( იხ. დამატებით: სერგი ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, 744-ე მუხლი, ველი 4, 8, 2016, www.gccc.ge).
66. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ შუამავლობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის უძრავი ქონება არ წარმოადგენდა იმ პირის საკუთრებას, რომელთან ერთადაც მოპასუხეს გოლფის მოედნის მოწყობის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. დამკვეთს სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები გადაეცა მხოლოდ შუამავლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, რაც გასამრჯელოს მიღების პირობას წარმოადგენდა. შესაბამისად, 2014 წლის 19 დეკემბერს მიწა, რომელზეც მოსარჩელეს გოლფის მოედანი უნდა აეშენებინა, უკვე შპს-ს საკუთრებაში იყო. ამდენად, ხსენებული ვალდებულება შესრულდა 2015 წლის 25 იანვრამდე, რაც სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია. აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის მთავარ საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია, რომ შუამავლობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწის ნაკვეთის გადაუცემლობა გასამრჯელოს მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება იყო და შპს-სათვის უძრავი ქონების გადაცემის ფაქტის დადგენა, უკვე ადასტურებდა შუამავლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნის უფლების 2014 წლის 19 დეკემბრიდან წარმოშობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ წარმოადგენდა 2015 წლის 25 იანვრამდე შუამავლობის ხელშეკრულებით სანარდო შეთანხმების გაფორმება აუცილებელ და უპირობო საფუძველს სადავო თანხის ანაზღაურების მოთხოვნისათვის. მარტოოდენ თარიღზე მითითება და მხარის შეუქცევად ინტერესად თარიღის წარმოჩენა, საზიანო იყო ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების პროცესისათვის. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო მოთხოვნა არ წარმოშობილა 2014 წლის 19 დეკემბრის მთავრობის განკარგულების გამოცემის გზით, რადგან საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 30 აპრილის „განზრახულობის წერილი“, 2015 წლის 21 აგვიტოს მიღება-ჩაბარების აქტი, 24 აგვისტოს საგადახდო დავალებები, 30 აპრილის ინვოისები და აუდიტორული დასკვნები, ცალსახად ადასტურებდნენ მოპასუხესა და შპს-ს შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს და ნარდობის ურთიერთობის არსებობას. აღნიშნული 2 ნარდობის ხელშეკრულება ვერ დაიდებოდა მთავრობის განკარგულების არარსებობის პირობებში, რაც უშუალოდ მოსარჩელის მონაწილეობით იქნა მიღებული (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პპ: 39-42).
67. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი იქნა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეუფასებლობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [სსსკ-ის 105-ე, 407.1, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი].
68. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა მალტის წინაღმდეგ - Carmel Saliba v. Malta, N 24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; § 73). როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს (ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ, Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A N 303-B; § 28), შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვებათ გამოიკვლიონ მხარეთა ძირითადი არგუმენტები (ბუზესკუ რუმინეთის წინააღმდეგ -Buzescu v. Romania, N 61302/00, § 67, 24 მაისი 2005, § 67. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ - Donadzé v. Georgia, N 74644/01, § 35, 7 მარტი, 2006.)
69. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
70. საკასაციო პალატა განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ შუამავლობის ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს, ამიტომაც მასზე ვრცელდება სსკ-ის 319-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების თავისუფლების სამართლებრივი ინსტიტუტი და შესაბამისად, მხარეთა უფლებამოსილება, თავად, საკუთარი შეხედულებისამებრ გაწერონ ხელშეკრულების შინაარსი. მიუხედავად აღნიშნული დათქმისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ხელშეკრულების კანონის საფუძველზე შეზღუდვის შესაძლებლობასაც, კერძოდ, მხარეებს ხელშეკრულებაში არ შეუძლიათ გაწერონ ისეთი დათქმა, რაც შუამავალს უფლებამოსილებას მიანიჭებს, შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების არდადების მიუხედავად, მოითხოვოს შუამავლობისათვის გათავლისწინებული გასამრჯელო ( კურტაჟი).
71. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება.
72. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელსეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ( შდრ: ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019); ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, უფლება აქვთ დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103).
73. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება, შუამავლისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს გადახდის წინაპირობებთან მიმართებით.
74. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში, ყურადღებას გაამახვილებს საქმეში განთავსებულ 2014 წლის 10 დეკემბრით დათარიღებულ მოდავე მხარეთა მიერ ხელმოწერილი შუამავლობის ხელშეკრულების (იხ. ტ.1.ს.ფ. 17-20) ცალკეულ პუნქტებზე, კერძოდ, ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1.4 პუნქტის თანახმად, გასამრჯელო ესაა წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება კომპანიას (მოპასუხე) წარმოექმნება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში; მუხლი 2.1 - შუამავალი ( მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს კომპანიასა და შპს „პ.გ.ე.რ“-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმება არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა; ამავე ხელშეკრულების 3.5. პუნქტის მიხედვით, ვინაიდან ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით ......) კომპანიის მიერ გოლფის მოედნის მშენებლობის შესახებ, შუამავალს არ წარმოექმნებოდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს მიღების უფლება, ხოლო კომპანიას - გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება თუ: ა) შპს-ს მიერ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ არ გამოიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულება, ან აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შპს-ს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არ დაიდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს-ს საკუთრების უფლებით არ გადაეცემოდა უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ......) და ბ) შუამავალი ვერ უზრუნველყოფდა ამ ხელშეკრულების 2.1. მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას შპს-ს და კომპანიას შორის. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ შუამავალი ვერ უზრუნველყოფდა გარიგების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კომპანიას და მესამე პირს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას, წინამდებარე ხელშეკრულება წყვეტდა მოქმედებას (იხ. ტ.1.ს.ფ.18).
75. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს ხელშეკრულების არსებითი პირობებისა და ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამების განმარტების შესახებ.
76. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 327 I მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები ყველა მის არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ რას მოიზრებს ხელშეკრულების არსებითი პირობა (essentialia negotii). სსკ-ის 327 II მუხლის მიხედვით, „არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ“. ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი იშვიათი გამონაკლისის გარდა, (რადგან თითოეული ტიპის ხელშეკრულებას აქვს კანონით გაწერილი „მინიმალური შინაარსი“, რომლესაც ქმნიან ის პირობები, რომლებზეც შეთანხმების გარეშე ხელშეკრულება არ დაიდება), არ განსაზღვრავს. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები, რომელზეც მხარეთა შეთანხმების მიღწევის გარეშე, ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება. (შდრ: ეკატერინე ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 327, ველი 7,8, 2019წ.).
77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების სფეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.
78. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
79. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
80. ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის.
81. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
82. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს.
83. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.
84. ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა.
85. ხელშეკრულების გამონათქვამების სხვადასხვანაირობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას გაგებული. გამონათქვამთა საგულდაგულო შერჩევის მიუხედავად, დოკუმენტი ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება აღქმული მისი წამკითხველების მიერ. გამონათქვამების შინაარსის დადგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების საერთო ტექსტით ან ხელშეკრულების იმ ნაწილებით, რომლებიც განსამარტავ გამონათქვამებს შეიცავენ.
86. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (იხ. სუსგ 23.02.2015 საქმე №ას-1144-1090-2014).
87. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება შეფასებას საჭიროებს იმ გარემოების დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მოპასუხეს სადავო თანხის - 50000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ვალდებულება მხარეთა შორის დადებული შუამვალობის ხელშეკრულების საფუძველზე, რადგან მითითებული შეთანხმება შეიცავდა გარკვეული პირობის დადგომის შესახებ დათქმას, რომლის დადგომასაც მხარეებმა სადავო ვალდებულების წარმოშობა დაუკავშირეს.
88. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროს მნიშვნელობა და მისი ზემოქმედება სამართლებრივ ურთიერთობებზე ვალდებულებით სამართალშიც ვლინდება, განსაკუთრებით კი ვალდებულების შესრულებასთან კავშირში. ვალდებულების დროულად შესრულება ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს. „სამოქალაქო კანონმდებლობა დროის ფაქტორს უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას, ასევე იმ მოქმედებათა შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით (იხ. თ. ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, თბ., 2005, გვ.31.).
89. შესრულების მოთხოვნის მომენტს წარმოადგენს დრო, რომლის დადგომის შემდეგაც კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესრულების მოთხოვნის მომენტი პასუხობს კითხვაზე, თუ როდიდან აქვს კრედიტორს მოთხოვნის უფლება. ამ მომენტის დადგომას ახლავს სამი ფაქტორი: 1) შესრულების მოთხოვნამდე – შესრულების ვალდებულება არსებობს, მაგრამ კრედიტორს, როგორც წესი, არა აქვს მისი მოთხოვნის უფლება. ამდენად, გარკვეულ მომენტამდე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მხოლოდ იგულისხმება – იგი სავარაუდოა; 2) როგორც კი დადგება ვალდებულების შესრულების ვადა, კრედიტორს ეძლევა უფლება, შეარჩიოს ვალდებულების შესრულების მომენტი; 3) ხანდაზმულობის ფაქტორი – რადგანაც კრედიტორის მოთხოვნის უფლებაც არ არის უვადო და მასზე მოქმედებს ხანდაზმულობის ზოგადი წესები. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ თვით კრედიტორის მოთხოვნა გახდეს ვადაგასული. ხანდაზმულობის ამოწურვის შემდეგ კრედიტორს არა აქვს უფლება მოითხოვოს ვალდებულების იძულებითი შესრულება (იხ. სახელშეკრულებო სამართალი (ავტორთა კოლექტივი), თბ., 2014, გვ.397.)). შესრულების დრო მოვალისათვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, თუ როდიდან ხდება იგი ვალდებული განახორციელოს შესრულება.
90. სამოქალაქო სამართალში შესრულების ვადები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ასეთ ვადებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ არა მარტო ხანგრძლივობისა და განსაზღვრულობის ხარისხის მიხედვით, არამედ მათი წარმომშობი წყაროს სამართლებრივი ბუნების მიხედვითაც. შეიძლება განვასხვაოთ ვალდებულების შესრულების ა) სახელშეკრულებო; ბ) კანონისმიერი; გ) სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ განსაზღვრული; დ) ცალმხრივი ნებით დადგენილი; და ე) გარემოებებიდან გამომდინარე ვადები (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ვალდებულების შესრულება, თბ., 2006, გვ.55).
91. ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს განსაზღვრავენ ვალდებულების სუბიექტები. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს საკუთარი ნებისა და თავიანთი ინტერესების შესაბამისად შეუძლიათ დაადგინონ შესრულების დრო კონკრეტული ვალდებულებისთვის, რომელიც უკვე წარმოშობილია ან მომავალში წარმოიშობა მათ შორის (in diem obbligatio). ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვალდებულების შესრულების დრო მიეკუთვნება ხელშეკრულების არსებით პირობებს.
92. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრულობის მიხედვით, განასხვავებენ განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებებს. თავის მხრივ, ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრულობის ხარისხი შესაძლებლობას იძლევა შესრულების ვადები დაიყოს შემდეგნაირად: ა) ზუსტად განსაზღვრული დრო; ბ) ვადა, განსაზღვრული ვალდებულების პირობებით ან ვალდებულების არსიდან გამომდინარე; გ) გონივრული ვადა.
93. ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანამედროვე სახელშეკრულებო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების აუცილებლობის შესახებ დებულებები განმტკიცებულია, როგორც საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების პრინციპებში (მე-6.1.1. მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი), აგრეთვე ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მე-7:102-ე მუხლის პირველ ქვეპუნქტში და გაეროს ,,საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის შესახებ” ვენის კონვენციის 33-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტში.
94. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების დრო შეიძლება განისაზღვროს დროის გარკვეული პერიოდით. ამ შემთხვევაში ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დროს ამ მონაკვეთის განმავლობაში. რადგან დროის ნებისმიერ პერიოდს გააჩნია როგორც ვადის დაწყების, ისე დასრულების მომენტი, ამიტომაც მნიშვნელოვანია დროის შესაბამისი ფარგლების დადგენა.
95. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების დრო შეიძლება განისაზღვროს იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც მომავალში უნდა დადგეს. გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ვალდებულებას განსაზღვრავენ დროის ზუსტად განსაზღვრული პერიოდით, თუმცა კი, ამ პერიოდის ათვლის დაწყებას უკავშირებენ გარკვეულ გარემოებას, რომელიც, მათი აზრით, მომავალში აუცილებლად დადგება. სსკ-ის 368-ე მუხლის თანახმად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როცა ეს პირობა დგება.
96. როგორც წესი, ხელშეკრულების მხარეები ხელშეკრულების დადებისთანავე იწყებენ მის შესრულებას, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგების დადგომას მხარეები უკავშირებენ განსაზღვრული გარემოებების არსებობას. ვინაიდან ხელშეკრულების (გარიგების) შედეგების დადგომა ამ გარემოებების არსებობაზეა დამოკიდებული, სამოქალაქო სამართალი ასეთ გარიგებებს პირობით გარიგებებს უწოდებს (იხ. დამატებით: ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011.).
97. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ან გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე. გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა შეიძლება რამდენიმე პირობაზე იყოს დამოკიდებული. ეს პირობები შეიძლება იყოს როგორც კუმულატიური, ასევე ალტერნატიული. კუმულატიური პირობის დროს აუცილებელია ყველა იმ პირობის არსებობა, რომელიც მოთხოვნის უფლების წარმოშობის პირობად არის დასახელებული. ალტერნატიული პირობის შემთხვევაში გარიგების ნამდვილობისათვის საკმარისია ერთ-ერთი რომელიმე პირობის დადგომა.
98. გარიგება პირობით დადებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნამდვილობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ე.ი. ისეთ მოვლენაზე, რომელიც მომავალში უნდა დადგეს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, დადგება თუ არა ეს მოვლენა სინამდვილეში. იურიდიულ ლიტერატურაში სამართლიანად არის აღნიშნული, რომ პირობის სამართლებრივი ინსტიტუტი კერძო ავტონომიის ღირსშესანიშნავი საშუალებაა. იგი გარიგების მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადადონ იმით, რომ იგი დაუკავშირონ რაღაც მოვლენას, რომლის დადგომაში მეორე მხარეც იქნება დაინტერესებული. ( იხ. დამატებით: ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011.).
99. ვადა და პირობა იმითაც ემსგავსება ერთმანეთს, რომ მათი მეშვეობით ხდება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დროში გაშლა. ამასთან, არც ვადა და არც პირობა არ განსაზღვრავს ხელშეკრულების კანონიერ ძალას (როდესაც პირობით გარიგებებზეა საუბარი, იგულისხმება სსკ-ის 90-98-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები და არა გარიგების ნამდვილობის პირობები). ეს ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება არსებობს მათგან დამოუკიდებლად: ვადა და პირობა განსაზღვრავს მხოლოდ ვალდებულების შესრულების მომენტს. გარიგების შედეგის დადგომის განმსაზღვრელი პირობა შეიძლება მხარეების მიერ ფორმულირებული იყოს როგორც პოზიტიურად (ე.ი. დადებითი შინაარსი), ისე ნეგატიურად (ე.ი. უარყოფითი შინაარსი). პირობის შინაარსი პოზიტიურია, თუკი გარიგების შედეგი დამოკიდებულია პირობის დადგომაზე. პირობის შინაარსი იქნება ნეგატიური, თუკი გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, რომ პირობა არ დადგეს. ( იხ. დამატებით: თ.ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, თბ., 2005, გვ. 37).
100. თეორიულ-სამართლებრივი თვალსაზრისით, პირობა, მისი იურიდიული შინაარსიდან გამომდინარე, სხვადასხვა ნიშნის მიხედვით კლასიფიცირდება, თუმცა, საკანონმდებლო რეგლამენტაციის თვალსაზრისით, პირობათა კლასიფიკაცია რამდენიმე ნიშნის მიხედვით ხდება, მათ შორისაა პოზიტიური პირობა, რომელიც სსკ-ის 93-ე მუხლშია განმარტებული. ნორმის პირველი ნაწილი პირობის დადგომას შეთანხმებული ვადით განსაზღვრავს, ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, პირობა ძალადაკარგულად მიიჩნევა და შესაბამისად, გარიგებაც არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, რაც შეეხება ნორმის მეორე ნაწილს, მის აღწერილობით ნაწილში გადმოცემულია შემდეგი: თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ პირობა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დროს. პირობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს მიჩნეული, როცა აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა უკვე შეუძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-1223-1182-2016, 19 მაისი, 2017 წელი). ამდენად, პირობით ვალდებულებაში მოიაზრება ისეთი ვალდებულება, რომელიც ერთდროულად სამომავლო და უცნობი მოვლენის დადგომის შემთხვევაში წარმოიშობა და რომლის დადგომა ან დაუდგომლობა მხარეთა ნებაზე არ არის დამოკიდებული (იხ. სუსგ საქმე № ას-647-647-2018, 21 ოქტომბერი, 2019 წელი).
101.განსახილველ საქმეში გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოდავე მხარეთა შორის შუამავლობის ხელშეკრულება დაიდო გასამრჯელოს გადახდის გადადების პირობით. ეს პირობები იყო კუმულატიური, ანუ აუცილებელი იყო მოთხოვნის უფლების განხორციელებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის დადგომა.
102. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.4.; 2.1.; 3.5. და 4.2. პუნქტების შინაარსის, სსკ-ის 52-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გონივრული განსჯის საფუძველზე განმარტების შედეგად, სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულების მხარეებმა მოსარჩელისათვის 50 000 აშშ დოლარის გადახდის პირობად დათქვეს, კომპანიასა (მოპასუხე) და შპს-ს შორის ნარდობის ხელშეკრულების გაფორმება არაუგვიანეს 2015 წლის 25 იანვრისა. შესაბამისად, დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სადავო ვალდებულების შესრულება, გარიგების შედეგებისადმი ინტერესს რატომ უკარგავდა მოპასუხეს.
103.საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის ვერც ის არგუმენტი, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 2015 წლის 25 იანვრამდე, რაც კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ არასწორად არ დაადგინა.
104.საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
105. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
106. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ ( იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).
107.საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. სასამართლო ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.
108. თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთებულობა.
109.იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებასდა ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
110.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის გასაზიარებელი კასატორის მიერ წინამდებარე განჩინების პ. 42-ში აღნიშნული საკასაციო პრეტენზია.
111. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
112. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
113. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
114. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
115. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
116. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 19 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ რ.ა–ძეს (პირადი №……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 19 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე