საქმე №ას-1110-2021 7 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჯ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ.ჯ–ვამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2021 წლის 9 დეკემბერს მ.ჯ–ვამ წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ.ჯ–ვას შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2022 წლის 3 თებერვალს სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ სს „ს.ბ–ი“ უარს ამბობს მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებებით სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი და მ.ჯ–ვას შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია ასევე, რომ კასატორი სს „ს.ბ–ი“ უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო რაც შეეხება მ.ჯ–ვას შეგებებულ საკასაციო საჩივარს, იგი უნდა დარჩეს განუხილველი სსსკ-ის 379-ე მუხლის შესაბამისად, სს „ს.ბ–ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი იმპერატიული შინაარსისაა, რაც მისი სხვაგვარი გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად შეგებებული საკასაციო საჩივრის არსიდან, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულად არის დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან. სწორედ ამის გამო, თუკი საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარი კარგავს თავის დანიშნულებას და ძირითადი საკასაციო საჩივრის ბედს იზიარებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1277-2020, 18 დეკემბერი, 2020 წელი).
საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს (სს „ს.ბ–ი“) განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე სს „ს.ბ–ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით სს „ს.ბ–ის“ მიერ 2021 წლის 10 აგვისტოს N37849 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და სს „ს.ბ–ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, აღნიშნულ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;
2. მ.ჯ–ვას შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. კასატორს - სს „ს.ბ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით სს „ს.ბ–ის“ მიერ 2021 წლის 10 აგვისტოს N37849 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი;
6. მ.ჯ–ვა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
7. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი