24 იანვარი, 2022 წელი,
საქმე №ას-513 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჭ.ბ–ბი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ „ს.მ–ის“ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით განხორციელდა სს „რ–ის“, სს „გ.კ–ის“, სს „ლ–ის“, სს „ძ–ის“, სს „შ–ის“, შპს „ა–ის“, სს „ს.გ.ს.ე–იისა“ და შპს „ა.ე–ის“ ერთ საზოგადოებად შერწყმა. ამის შედეგად შეიქმნა სს „ე–ია ..“, რომელიც ყველა ზემოაღნიშნული საწარმოს უფლებამონაცვლეა. ხსენებული რვა სუბიექტის შერწყმისას, მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.
2. 2010 წლის 11 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, კრედიტორი) და სს „ე–ია ..-ის“ გაკოტრების მმართველს შორის, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 (ორას შვიდი მილიონ სამასოთხმოცდაორი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, მათ შორის, შპს „ჭ.ბ–ბის“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოვალე) დავალიანების - 5 046 181.59 ლარის მოთხოვნის უფლება.
3. მოპასუხეს, როგორც აბონენტს, 2006-2007 წლებში მოხმარებული ე.ე–იის გამო, სს ,,ს.გ.ს.ე–იის“ მიმართ ჰქონდა დავალიანება - 5 046 181.59 ლარი.
4. 2010 წლიდან დღემდე, მოპასუხეს არანაირი გადახდა არ უწარმოებია.
5. 2019 წლის 27 დეკემბერს, კრედიტორმა სასამართლოში სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ, ზემომითითებული თანხის - 5 046 181.59 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
6. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 129.1 მუხლის საფუძველზე (სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს) სარჩელი ხანდაზმული იყო. აქვე სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 130-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, სარჩელი სასამართლოში წარედგინა არაუგვიანეს 2010 წლისა, რადგან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანება 2006-2007 წლებში წარმოიშვა.
8.2. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება იმავე მდგომარეობაში გადაეცა, როგორშიც იგი ძველი მფლობელის ხელში იყო (სსკ-ის 198.1 და 198.2 მუხლები). აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოთხოვნის უფლების ახალ მფლობელზე გადაცემის შემთხვევაში, არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისა და მისი თავიდან ათვლის საფუძველი.
8.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო სამართალურთიერთობაზე სსკ-ის 128.3 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო. აღნიშნული პრეტენზიის საპასუხოდ სასამართლომ განმარტა, რომ კანონის ხსენებული ნორმა ზოგადი ხასიათისაა, ამავე კოდექსის 129.1 მუხლით კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების მიმართ სპეციალური ხანდაზმულობის ვადაა (3 წელი) დადგენილი, რაც მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.1. საკასაციო საჩივრის საფუძველი ისაა, რომ მოსარჩელის, როგორც კრედიტორის მოთხოვნის უფლება, სანივთოსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოიშვა, რის გამოც მასზე სახელშეკრულებო მოთხოვნათა მიმართ დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გავრცელება არასწორია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად ეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
14. განსახილველ საქმეზე, დავის საგანია, მოპასუხისათვის ე.ე–იის გადაუხდელობის შედეგად წარმოშობილი დავალიანების, 5 046 181,59 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება.
15. სააპელაციო სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, რაც სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით ახსნა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას და, ამავე მოსაზრების დასასაბუთებლად, გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილ მსჯელობას, სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლოც.
16. პალატის განსჯით, სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი გარემოებები, კერძოდ:
1). სსიპ „ს.მ–ის“ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით განხორციელდა სს „რ–ის“, სს „გ.კ–ის“, სს „ლ–ის“, სს „ძ–ის“, სს „შ–ის“, შპს „ა–ის“, სს „ს.გ.ს.ე–იისა“ და შპს „ა.ე–ის“ ერთ საზოგადოებად შერწყმა. ამის შედეგად შეიქმნა სს „ე–ია ..“, რომელიც იყო ზემოაღნიშნული საწარმოების უფლებამონაცვლე. ხსენებული რვა სუბიექტის შერწყმისას, მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.
2). 2010 წლის 11 მარტს, მოსარჩელეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და სს „ე–ია ..-ის“ გაკოტრების მმართველს შორის, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 (ორას შვიდი მილიონ სამასოთხმოცდაორი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, მათ შორის, მოპასუხის დავალიანების - 5 046 181.59 ლარის მოთხოვნის უფლება.
3). მოპასუხეს, როგორც აბონენტს, 2006-2007 წლებში მოხმარებული ელექტროე–იის გამო, სს ,,ს.გ.ს.ე–იის“ მიმართ გააჩნდა დავალიანება - 5 046 181.59 ლარი.
4). 2010 წლიდან დღემდე, მოპასუხეს არანაირი გადახდა არ უწარმოებია.
5). ზემომითითებული თანხის - 5 046 181.59 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით, მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2019 წლის 27 დეკემბერს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემომითითებული გარემოებების მიმართ კასატორს (მოპასუხე) დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
რაკი დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში მოხმარებული ე.ე–იის გამო წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, კრედიტორმა (მოსარჩელე) სარჩელი სასამართლოში 2019 წელს აღძრა, ამიტომ აღნიშნული სარჩელი წარუმატებელია (სსკ-ის 129-ე მუხლი).
17. პალატა აღნიშნავს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის კუთხით სწორი დასკვნის გასაკეთებლად, ამოსავალია, საქმეზე დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:
1). სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება (2006-2007 წლებში მოხმარებული ელექტროე–იის გამო წარმოშობილი დავალიანება), მოპასუხეს, როგორც აბონენტსა და სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ე–ო კ–ას“, როგორც ე.ე–იის მიმწოდებელს შორის არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავალიანებაა. აღნიშნული დავალიანების მოპასუხისათვის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს აქვს გადაცემული, შესაბამისად, მითითებული დავალიანების მოპასუხისათვის მოთხოვნის უფლებით, სწორედ ეს უკანასკნელია აღჭურვილი.
2). სსკ-ის 198.1 (მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ), 199.1 (მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა გარეშე მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი) და 199.2 (მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი) მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეს, მოპასუხის დავალიანების მოთხოვნის უფლება იმავე მდგომარეობაში გადაეცა, როგორშიც იგი ძველი კრედიტორის ხელში იყო. ეს იმას გულისხმობს, რომ მოთხოვნის უფლების ახალ მფლობელზე გადაცემის შემთხვევაში, არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისა და მისი თავიდან ათვლის საფუძველი.
ერთ-ერთ ანალოგიურ საქმეზე, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ: „ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. აღნიშნული ეხება ასევე მოვალის შესაგებელს კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, კერძოდ, ვალდებულებაში კრედიტორის ან მოვალის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება ვალდებულებაში პირთა შეცვლის მიუხედავად. ამასთან, პირთა შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კრედიტორის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის ის ვადა და მისი გამოთვლის ის წესი, რაც თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა, ამიტომ, თუ ამ უკანასკნელის მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება ასევე ახალი კრედიტორის მოთხოვნაც“ (იხ. სუსგ, №ას-229-216-2015, 8.06.2015).
ამდენად, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ახალი კრედიტორისათვის თავიდან არ იწყება, იგი განაგრძობს დენას ისე, როგორც ეს თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, 2006-2007 წლებში მოხმარებული ე.ე–იის გამო წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის 2019 წელს მიმართვა ადასტურებს, რომ აღნიშნული სარჩელი ხანდაზმულია (სსკ-ის 129-ე, 128.1, 130-ე მუხლები).
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, №ას-229-216-2015, 8.06.2015).
19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე